ქართული OK!-ს სექტემბრის ნომრის მთავარი გმირი ის ადამიანია, რომელიც ქართულ საზოგადოებაში გამოჩენისთანავე საოცრად პოპულარული გახდა. გამორჩეულად წარმოსადეგი და სიმპათიური, ინტელექტუალი, ძალიან საინტერესო მოსაუბრე, სასიამოვნო იუმორის გრძნობით, რომელიც რონალდოს ასპროცენტიან გოლს ხელიდან, არა, უკაცრავად, ფეხიდან აცლის. წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრს, გიორგი გველესიანს და მის უმშვენიერეს მეუღლეს, ლინდა კიკოლაშვილს.
გიორგი, როგორი შეგრძნებაა, ითამაშო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შენი ქვეყნისთვის? გაიხსენეთ პირველი თამაში, მაშინდელი ემოციები.
(გიორგი): რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის დაუვიწყარი ემოციები, მთელი ცხოვრების ოცნება, რომელსაც დიდხანს ველოდი და მის ასასრულებლად ბევრს ვშრომობდი. ვერ აღგიწერთ ამ შეგრძნებას, ეს არის სიამაყის, სიხარულის, ზღვა ემოციების ერთობლიობა, რომელიც მაბედნიერებს. ეს განცდა მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ უფრო დიდი მიზნები დავისახო და სადამდეც ჯანმრთელობა მომცემს საშუალებას, კარიერა განვავითარო. ამისთვის ყველა შანსს და შესაძლებლობას გამოვიყენებ.
ნაკრების ბიჭებს შორის ურთიერთობაზე მოგვიყევით.
(გიორგი): ნაკრებში განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულებაა, რაც აისახება მეგობრობასა და ერთმანეთის გვერდში დგომაში, არა მხოლოდ სანაკრებო შეკრებებზე, არამედ მის გარეთაც. ყველასთან თანაბარი კომუნიკაციის შენარჩუნება ძნელია, თუმცა გვაქვს ჩვენი ჯგუფი სოცქსელში, სადაც სულ ვკონტაქტობთ. ეს მეგობრობა და ჰარმონია ქმნის ძალიან დიდ წინაპირობას, რომ წარმატებით ვიბრძოლოთ ჩვენი მიზნებისთვის.
რასთან შეგუება გიჭირთ ყველაზე მეტად ირანულ გარემოში, იქაურ ცხოვრების წესში?
(ლინდა): ყველა ქვეყანას თავისებური სირთულე აქვს და მასთან მიჩვევა რთულია. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ის, რომ არ მყავდა სანაცნობო წრე, არ ვიცოდი ენა, გამიჭირდა ჰიჯაბის ტარება. მაგრამ სადაც ხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო და მეც ასე მოვიქეცი. ახლა უკვე ბევრი მეგობარი გვყავს და შევსისხლხორცდით გარემოსთან შეძლებისდაგვარად.
თქვენ საკუთარი თვალით რეალურად უყურებთ ირანელი ქალების ცხოვრებას. ძალიან საინტერესოა თქვენი თვალით დანახული ირანელი ქალების ყოფა, ამაზე მოგვიყევით, როგორ ცხოვრობენ, როგორია იქაური წესები და მათი გავლენა ქალებზე?
(ლინდა): ირანი ძალიან დიდი და მასშტაბურია, თუმცა ყველა წესი მთელი ქვეყნის მასშტაბზე არ ვრცელდება. ორი წელია, რაც ქალები სტადიონზე დაუშვეს, ქალების ცალკე სექციაში, რაც ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩემთვის, ბუნებრივია, მათი რიგი წეს-ჩვეულებები უცხოა და მეტწილად მიუღებელი, მაგრამ იქაურ ქალებში გაყოფილია აზრი. ზოგს ძალიან მოსწონს და სიამოვნებით ემორჩილება ამ წესებს, ნაწილს – უფრო ახალგაზრდა თაობას – არ მოსწონს. არის ქალაქის უბნები, სადაც საერთოდ არ გვიკეთია ჰიჯაბი, ზოგ უბნებში კი აუცილებელია მისი ტარება. ჰიჯაბი იქ არავის უნდა. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, არავის უნდა, რომ ეკეთოს. ამას ებრძვიან იქაური ქალები. ჩემთვისაც მიუღებელია და არ ვიცი, სახელმწიფო რას ამტკიცებს ამით.
(გიორგი): ჩვენში გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ ირანში ქალები ძალიან დაჩაგრულები არიან. რა თქმა უნდა, არის გარკვეული წესები, რომელიც ზღუდავს მათ უფლებებს, მაგრამ ასევე არსებობს ბევრი კანონი, შარიათის წესები, რომელსაც არ ექვემდებარებიან და არ მისდევენ ირანელები. ჩვენ შორიდან დასკვნა გამოგვაქვს ამ კანონების არსებობიდან გამოდინარე და არა იქიდან, სრულდება თუ არა ისინი. თეირანში რომ ჩახვიდეთ, შეხვდებით ორ განსხვავებულ რეალობას. ნახავთ მაღალი დონის სილამაზის სალონებს, ბრენდულ მაღაზიებს, მოვლილ ქალებს, რომელთაც არ უკეთიათ ჰიჯაბი ზოგ უბნებში, აგრეთვე, შეხვდებით შარიათის კანონებს ზედმიწევნით დაქვემდებარებულ ქალებს. ისიც მართალია, რომ მორალის პოლიცია არსებობს, რომელიც დაიარება ქუჩებში და ქალებს მზადყოფნაში აქვთ ჰიჯაბი ჩამოსაფარებლად. ოჯახურ ცხოვრებაში კი იქ სრული მატრიარქატია.
თქვენ შორის რომელია უფრო მეტად ოჯახის მენეჯმენტში და წვრილმანი საკითხების მოგვარებაში ჩართული?
(ლინდა): ალბათ მე. ოჯახის საკითხების მოგვარებაში მე.
(გიორგი): კარგი, იყავი შენ.
თქვენი სიყვარულის და ოჯახის ისტორია მოგვიყევით.
(ლინდა): 2008 წელს გავიცანით ერთმანეთი. გიორგიმ მნახა ჩვენი საერთო მეგობრის ფოტოზე და სთხოვა, გაეცნო ჩემი თავი. ეს ისე დაგეგმეს, რომ მე არ ვიცოდი. შევხვდით თბილისის ერთ კაფეში. პირველივე შეხვედრის მერე მითხრა, რომ რამდენიმე თვეა მაკვირდება, ძალიან მოვწონვარ და გარკვეული მიზნები აქვს ჩემთან დაკავშირებით.
(გიორგი): მაშინ რთული პერიოდი მქონდა პირად ცხოვრებაში. ლინდას სოცქსელში მოვკარი თვალი და გადავწყვიტე, რომ ყველა გზა მეცადა მის გასაცნობად. შეხვედრამდე წარმოსახვაში ბევრჯერ წარმოვიდგინე როგორია ცხოვრებაში, როგორი მანერები აქვს, როგორ გამოიყურება, როგორ საუბრობს, რა სიგარეტს ეწევა, თუკი ეწევა… ჩამოვედი საქართველოში და მეგობრის დახმარებით შევხვდი. ფაქტობრივად, პირდაპირ მივახალე, რასაც მასზე ვფიქრობდი, რადგან ძალიან მცირე დროით ვიყავი საქართველოში და უნდა მომესწრო. ამან შედეგი გამოიღო. მერე ერთწლიანი ლოდინის რეჟიმმა მომიწია, რასაც ასევე გავუმკლავდი და ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია.
გიორგი, როგორი მამა ხართ? შვილებთან ურთიერთობაზე მოგვიყევით.
ჩემი პირველი პრინციპია, არ განვასხვავო შვილები ერთმანეთისგან. ვიყო მათთან თანაბრად მოსიყვარულე და მკაცრიც, როცა საჭიროა. ბალანსს ვიცავ. ზოგადად, არ მგონია, ძალიან მკაცრი მშობელი ვიყო. რაც მთავარია, მინდა სწორი დამოკიდებულებები მქონდეს შვილებთან, რომ მათ დათვური სამსახური არ გავუწიო. ვიცი ერთი რამ, ჩემი მხრიდან ზედმეტი ხელშეწყობა მათზე ცუდად აისახება. მინდა ოქროს შუალედი დავიჭირო და ზუსტად იმხელა და ისეთი მხარდაჭერა აღმოვუჩინო თითოეულ მათგანს, რამდენიც საჭიროა და ეკუთვნით. სიტყვა „ეკუთვნით“ მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ერთ შვილს მისი მიღწევების, ქმედებების, მონდომების გათვალისწინებით მეტი ხელშეწყობა ეკუთვნოდეს და მეორეს არასათანადო ქცევის გამო, ნაკლები და შეიძლება ჩემგან დიდი დოზით დახმარების გაწევამ მასზე უარყოფითი შედეგი გამოიღოს. ყველა ბავშვს თავისი ხასიათი აქვს და ვცდილობ, ბალანსი დავიცვა. ჯერ კი პატარები არიან, მაგრამ ვიცი, მალე დადგება ის მომენტი, როცა ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანები გახდებიან და დღევანდელი ბავშვური შეგრძნებები და მიდგომები ტრანსფორმირდება მათ პიროვნებებში.
(ლინდა): მგონია, რომ მორიდებით ისაუბრა საკუთარ თავზე. ვინც გიორგის იცნობს, ყველამ იცის, რომ ფანტასტიკური და საოცრად მზრუნველი მამაა. მე არ ვიცნობ სხვა მამას, ვინც თუნდაც ოჯახთან ერთად ცხოვრების პირობებში ისეთი ჩართული იყოს შვილების ცხოვრებაში, როგორც გიორგი ახერხებს დისტანციურად. ყველანაირად მონაწილეობს მათ ყოველდღიურობაში. თავისუფალი დრო თუ აქვს, მხოლოდ ბავშვებზეა გადართული. ჩვენს შვილებს ძალიან გაუმართლათ.
გიორგი, როგორია თქვენი ერთი დღე.
წელიწადში თერთმეტ-ნახევარი თვე მაქვს ვარჯიშები და ამ პერიოდის ჩემი ყოველდღიურობა ალბათ ძალიან არასაინტერესოა თქვენი მკითხველისთვის. ადრე ვდგები, ვსაუზმობ, ვვარჯიშობ, მერე ვისვენებ, ტელევიზორს ვუყურებ ან ახლობლებთან ვრეკავ. როცა თბილისში ვარ, მაინც ადრე ვდგები, ვცდილობ სახლის საქმეები გავაკეთო, რაღაცები შევაკეთო სახლში ან ეზოს, აუზს მოვუარო, ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს. საყვარელ ადამიანებს ვპატიჟებ ჩვენთან, ცეცხლს ვანთებთ, ერთად ვწვავთ მწვადს, ვსადილობთ, დროს სასიამოვნოდ ვატარებთ.
სამი სიტყვით დაახასიათეთ ერთმანეთი.
(გიორგი): უნიკალურად ლამაზი, ჭკვიანი, უმშვიდესი.
(ლინდა): სამართლიანი, კეთილშობილი, სანდო.
ლინდა, როგორი მეუღლეა გიორგი?
ძალიან ყურადღებიანია. მიუხედავად იმისა, რომ შორს არის, 24/7 კონტაქტზე ვართ და ერთმანეთის თითოეული ნაბიჯი ვიცით. ხანდახან უყვარს სურპრიზების გაკეთება. კარგი მეგობარია. პირველ რიგში, ჩემი ძალიან კარგი მეგობარია გიორგი და მერე მოდის დანარჩენი სტატუსები. მეგობრობის გარეშე ვერ შედგება პარტნიორული ურთოერთობა, მე ასე მგონია.
გიორგი, თუ არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს თქვენს ცხოვრებაზე და ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე?
(გიორგი): არა. მთელი ჩემი ცხოვრება საკუთარი დაშვებული შეცდომები და მათი გამოსწორებაა, ხან ისევ დაშვება და კიდევ ერთხელ გამოსწორება. იყვნენ ადამიანები, ვინც კარიერაში ხელი შემიწყვეს და პირიქით, იყვნენ ხელის შემშლელი ადამიანებიც, ვინც უკან დამხიეს, მაგრამ ეს ნორმალურია. საკუთარ თავთან ბრძოლაა ფეხბურთელის კარიერა. რთულია დისციპლინის, დიდხანს ერთი და იმავე რეჟიმის დაცვა, ემოციური მუხტის შენარჩუნება, რადგან ამის გარეშე ვერ გამოვა ვერაფერი. ერთხელ მოგებამ არ უნდა შეგიმსუბუქოს მოტივაცია, მუხტი უნდა შეინარჩუნო. მუდმივად საკუთარ თავთან გამარჯვება და ბრძოლაა ეს პროფესია.
რა თქმა უნდა, შეგხვედრიათ ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები. რა გზები, რა პრინციპები გაქვთ ასეთ დროს დასახული გამოსავლად?
(გიორგი): ვცდილობ, ნაკლებად ვინერვიულო იმაზე, რასაც უკვე აღარ ეშველება. ხოლო რისი გამოსწორება ან მოგვარება შემიძლია, ვცდილობ, მყისიერად მოვაგვარო. დრო სწრაფად გარბის, წლებიც მემატება, გამოცდილებას ბევრი სასიკეთო უნარი მოაქვს. კრიტიკულ სიტუაციებში ვცდილობ, შეძლებისდაგვარად პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო და სხვას საკუთარი პრობლემები ნაკლებად მოვახვიო თავს.
უკვე სექტემბერი დაგვიდგა, ყველანი სრული სვლით ვუბრუნდებით სწავლას, განათლებას, საქმეს – აქტიურ ცხოვრებას. რას ურჩევდით ახალ თაობას, მათ, ვისაც წინ დიდი მიზნები აქვთ, როგორია მიზნის მიღწევის თქვენი ფორმულა, გამოცდილების მიხედვით?
(გიორგი): მოზარდისთვის,რომელსაც უნდა წარმატებას მიაღწიოს ნებისმიერ საქმიანობაში, მნიშვნელოვანია დროულად გაიაზროს, თუ რა უნდა, რის მიღწევა სურს, რა მიზნებს და ამოცანებს უსახავს საკუთარ თავს და თუ არის ამ ამოცანების შესასრულებლად მზად, შეუძლია თუ არა ფანატიკურად შეიყვაროს ის საქმე, რასაც ხელს მოჰკიდებს. შეძლებს მარცხს და წარუმატებლობას გაუმკლავდეს?! ვინაიდან მარცხით გამოწვეული ემოციის გარდაქმნა შესაძლებელია, როგორც მოტივაციად, ასევე, ყურების ჩამოსაყრელად. ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა საკუთარ თავთან.
ლინდა, თქვენ რას საქმიანობთ?
მე ვარ Hollywood Film Academy-ს საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის მულტიფუნქციური კომპანია ლოს-ანჯელესში, რომლის ფილიალიც საქართველოში გავხსენით. ჩვენი კომპანია არის როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე ფილმების წარმოებით და დისტრიბუციით დაკავებული. ამჟამად ვმუშაობთ, რომ ამერიკული ფილმი საქართველოში გადავიღოთ. უკვე არსებობს „ფორსაჟის“ შესანიშნავი მაგალითი და იმედი მაქვს, ჩვენი პროექტიც წარმატებული იქნება. გარდა ამისა, ვიწყებ ახალ მასშტაბურ პროექტს, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული.
გიორგი, წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ნებისმიერი სამი სურვილის ასრულების შესაძლებლობა. რა იქნებოდა ეს სურვილები?
(გიორგი): პირველი სურვილი იქნებოდა ჩემი ახლობლების კარგად ყოფნა, მეორე – ჩემი ქვეყანა ყოფილიყო ერთიანი და ბედნიერი, მესამე, მოდი, ვიქნები გულწრფელი და ვიშოვიდი უამრავ ფულს.
ფოტო: ნანო თენოშვილი
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ვიზაჟი: სოფია საენკო
ტექსტი: თაკო გვაზავა