ჟურნალ OK!-ის აპრილის ნომერი მრავალფეროვან, მკვეთრად განსხვავებულ, ემპათიითა და სამართლიანობის გრძნობით სავსე ახალ თაობას ეძღვნება; თაობას, რომელმაც კარგად იცის თავისი სიტყვის და თავისუფლების ფასი; თაობას, რომელიც სავსეა ემოციებით, ახალი იდეებით, აღმოჩენებით; თაობას, რომელსაც აქვს წვდომა უსაზღვრო ინფორმაციასთან და ვერავინ მოახვევს საკუთარ აზრს თავზე;
თაობას, რომელიც ცდილობს იცხოვროს აქ და ახლა; თაობას, რომელსაც სურს მოუსმინონ და გაუგონ.
ამ თაობაში ძალიან ბევრი ნიჭიერი, განსხვავებული, წარმატებული და საინტერესო ახალგაზრდაა. სიამოვნებით გაგაცნობდით ყველას, შესაძლებელი რომ იყოს. ამიტომ შევეცადე ახალი თაობის რამდენიმე საინტერესო წარმომადგენლით მომეტანა მათი ხმა თქვენამდე.
მარიამ გულედანი – 18 წლის, სტუდენტი
ჩვენი თაობა თავისუფლების სიყვარულით გამოირჩევა. სხვა თაობებსაც აქვთ ეს გრძნობა, თუმცა ჩვენ უფრო მძაფრად, რადგან გავიზარდეთ დამოუკიდებელ საქართველოში. ჩვენ მეტად ღია ადამიანები ვართ, შეგვიძლია განსხვავებული აზრის მარტივად მიღება.
სამშობლო არის ადგილი, სადაც გაიზარდე. დაბადების ადგილს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც იზრდები და ადამიანად ყალიბდები, ის ადგილია შენი სამშობლო.
თავისუფლება ჩემთვის არის, ვაკეთო რაც მინდა, ვთქვა რაც მინდა, წარმოვაჩინო ჩემი თავი როგორც მინდა ისე, რომ სხვის თავისუფლებას არ შევეხო.
ევროპაში, პირველ რიგში, თავისუფლების მაღალი ხარისხი მიზიდავს. მეორე რამ არის წესრიგი, რაც ძალიან მომწონს. ყველაფერი საათივითაა აწყობილი. ევროპელებს აქვთ იმის შეგრძნება, რომ ქვეყანა მათ ეკუთვნით. აქვთ დამოუკიდებლობის გრძნობა, მათი ტერიტორიები არ არის ოკუპირებული.
თემურიკო დიასამიძე – 22 წლის, მუსიკოსი
ჩვენ ვართ თაობა, რომელიც თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა, ეს კი ჩვენი მშობლების თაობის დამსახურებაა. მათ იბრძოლეს იმისთვის, რომ ჩვენთვის დღეს თავისუფლება მოსაპოვებელი კი არა, შესანარჩუნებელია. ჩვენი მთავარი მიზანიც ეს უნდა იყოს, შევინარჩუნოთ და არ დავთმოთ თავისუფლება. ცოტა ხნის წინ ეს დავამტკიცეთ კიდეც. ჩვენც შეგვიძლია ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, როგორც მშობლები და ოჯახის წევრები, ისეა სამშობლოც, – უპირობო სიყვარულია, ვერ შეცვლი. მოცემულობაა, რომელიც ისეთი გიყვარს, როგორიც არის.
თავისუფლებაც და სამშობლოც ყველაფერია ჩემთვის. როგორც სიყვარულს ვერ ვხსნი, ისე ვერ ვხსნი თავისუფლებას. ჩემი ყოველდღიური ცხოვრების წესია. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რაც ადამიანს გააჩნია იმიტომ, რომ თავისუფლების გარეშე ადამიანი ადამიანი არ არის.
სწორედ ეს, თავისუფლებაა ჩემთვის ევროპასთან მთავარი მაკავშირებელი, თავისუფლება და ამ თავისუფლებაზე დაფუძნებული ღირებულებები. ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ევროპა ახალი და უსაზღვრო შესაძლებლობებია.
ნატალია ყიფშიძე – 21 წლის, სტუდენტი
ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც ახალი და განსხვავებული აზრების მოსმენა და მიღება გაცილებით მარტივად შეუძლია. ეს მიმღებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, უფროს თაობას მენტალურ ჯანმრთელობასა და იდენტობასთან დაკავშირებული პრობლემების მიმღებლობა განსაკუთრებით უჭირს. მენტალურ ჯანმრთელობას სერიოზულად არ უყურებენ და ეს, ალბათ, ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია.
ევროპაში გაცილებით მიმღებლები და თავისუფლები არიან. თავისუფლებაა როდესაც არ უზღუდავ თავისუფლებას. ესაა ჩემთვის თავისუფლების მთავარი არსი. აკეთო ის, რაც გინდა მანამ, სანამ ამით სხვას არ მიაყენებ ზიანს და მის თავისუფლებას არ შეზღუდავ.
ევროპაში არის ყველაფერი ის, რაშიც ჩვენ ვართ შეზღუდულები. მე ევროპაში მიზიდავს შესაძლებლობა ვიმოგზაურო, მივიღო კარგი განათლება და ჩემს ქვეყანაში დავაბრუნო საინტერესო და კარგი იდეები, რაც, ვფიქრობ, მას აუცილებლად გამოადგება. სამწუხაროდ, რუსული პროპაგანდა ძალიან ძლიერია და ზოგიერთ ადამიანს აფიქრებინებს, რომ ევროპა ცუდია, მაგრამ ეს მხოლოდ პროპაგანდაა.
ჩემი სამშობლო ჩემთვის არის ადგილი, სადაც იბადები და სადაც არის შენი ფესვები, სადაც არ უნდა წახვიდე და ვინც არ უნდა იყო, ამას ვერ შეცვლი. მინდა ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურო და ვიცხოვრო, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვადასხვა კულტურას გავეცნო, მივიღო განათლება და ისევ აქ დავბრუნდე, რაც არ უნდა კარგი იყოს სხვაგან, მაინც აქაა ჩემი ადგილი.
ანა ნაცვლიშვილი – 16 წლის. სკოლის მოსწავლე, მოდელი
თავისუფლებაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. ამ საკითხთან დაკავშირებით იმდენი შეხედულება არსებობს, რამდენი ადამიანიც არის დედამიწაზე. თავისუფალი ადამიანი ხარ, თუ გაქვს საკუთარი აზრი მაშინაც, როცა სხვა გეწინააღმდეგება. თავისუფლება ისე არ მოდის, თუ არ იშრომე და არ გაიაზრე თავისუფლების სწორი მნიშვნელობა. თავისუფლებაა, როდესაც ვარ ბედნიერი, როდესაც არ მეშინია და თავს დაცულად ვგრძნობ ჩემს ქვეყანაში.
ჩემთვის ჩემი ქვეყანა და ჩემი სამშობლო არის სახლი. სამშობლო შეუცვლელია. რამდენ ქვეყანაშიც არ უნდა იცხოვრო თუ იმოგზაურო, შენს სამშობლოს ვერც ერთი ქვეყანა თუ ქალაქი ვერ შეგიცვლის.
საქართველოში მხიბლავს ტრადიციები და ბუნების მრავალფეროვნება, ევროპაში კი ყველაზე მეტად მიზიდავს თავისუფლება, მაღალი განათლების დონე და პროფესიონალიზმი.
ირინა ტყებუჩავა, 16 წლის – სკოლის მოსწავლე
ჩემი თაობის ადამიანები უფრო ლიბერალურები და თავისუფლებისკენ მიდრეკილები ვართ, უფრო მეტი გვაქვს მიმღებლობა და სიახლეებისკენ სწრაფვა.
თავისუფლებაა ვიყო ჩემი თავის უკეთესი ვერსია. თავისუფლება არის საკუთარი თავის გამოხატვა. გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება, რომელიც შესაძლოა არასწორი იყოს, მაგრამ შეცდომებიც ჩვენი დასაშვებია და ამ დაშვებულ შეცდომებზე სწავლაც ჩვენი არჩევანია. ჩემში ყველაზე დიდ პროტესტს სწორედ აკრძალვები იწვევს, ვითომდა შენივე კეთილდღეობით შეფუთული აკრძალვები.
ევროპა ჩემთვის არის სწორი ღირებულებები, ფასეულობები, განათლება, კულტურა. ეს მიზიდავს მე ევროპაში და შეგვიძლია მათგან ამის მაგალითი ავიღოთ. ჩვენ ერთიანობა გვაკლია, ესაა მთავარი რაც უნდა ვისწავლოთ და ამ ერთიანობით აუცილებლად წავალთ წინ. ერთმანეთთან მტრობის და ზიზღის გარეშე აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში. ამ ქვეყანას ხომ ჩვენ ვქმნით, ჩვენ კი ერთიანობის გარეშე არაფერი გამოგვივა. ჩემთვის ჩემი სამშობლო არის სიყვარული ბავშვობის, მოგონებების. სამშობლოც თავისუფლებასთან ასოცირდება, ვფიქრობ, ჩემი და ჩემი თაობის ვალდებულებაა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ხელი შევუწყოთ, წინ წავიდეს, განვითარდეს. ჩვენ ამის მიღწევა მხოლოდ განათლებითა და ერთიანობით შეგვიძლია.
სანდრო ადეიშვილი – 23 წლის, საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრებისა და ხორვატული კლუბის „მლადოსტის“ წევრი
ჩვენ თავისუფალი თაობა ვართ, შესაბამისად, ჩვენი მთავარი ღირებულებაც თავისუფლებაა. თავისუფლებაა, როდესაც შენ თავად ხარ შენი თავის უფალი და არა სხვა, როდესაც თავად აკონტროლებ საკუთარ თავს, როდესაც თავად წყვეტ და არ გიწყვეტს სხვა.
„თავისუფლება ისე არ მოდის… თავისუფლება ლომთა ხვედრია!“
როდესაც სამშობლოზე ვფიქრობ, ნოდარ დუმბაძის ჩანაწერი მახსენდება და მისი „მარადიული ბებიის“ პასუხი: „სამშობლო, ალბათ, სიცოცხლეა და ამიტომ მიდის ამ ქვეყნიდან ყველა კაცი სიცოცხლით გაუმაძღარი“.
საქართველო ჩემთვის სახლია და როგორიც არ უნდა იყოს ის, გიყვარს ადგილი, სადაც დაიბადე და გაიზარდე.
ევროპაში ცხოვრებისას მთავარი, რაც აღმოვაჩინე ისაა, რომ ძალიან ორიენტირებულები არიან პროგრესზე.
ადამიანის უფლებების დაცვა და პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ცხოვრებაზე – ესაა ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ევროპაში.
მარიამ კვაშილავა – 25 წლის, ხელოვნებათმცოდნე / ჯგუფ Glam factory-ისა და სეზონური ბიუთი ბოქსის დამფუძნებელი
ჩვენ გამორჩეული სულისკვეთების თაობა ვართ, სწორი და საღი აზრით, ვისაც ვეღარ მოატყუებ, ვეღარ დააჯერებ იმას, რაც სიმართლე არ არის. ჩვენ ვიცით როგორ გადავამოწმოთ ინფორმაცია. ჩვენი თაობის ადამიანები არიან ბევრად უფრო ცნობიერები, უფრო მიმღებლები, ზოგადად გლობალურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ჩვენი თავისუფლება. თავისუფლებაა, რომელიც ყველა გენდერს, რასას და საერთოდ, ყველა ადამიანს თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით აერთიანებს. გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებაშია თავისუფლება. იმის გადაწყვეტაში, იყო ის და აკეთო ის, რაც გინდა. არავის აქვს უფლება, შეზღუდოს სხვა ადამიანის თავისუფლება.
სამშობლო კი არის ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ყოველთვის, როდესაც სადმე მივდივარ და ვამბობ საიდან ვარ, ვივსები სიამაყით და გული მწყდება, თუ მხვდებიან ადამიანები, ვინც საქართველოზე არაფერი იცის. ვივსები ენთუზიაზმით, გავაცნო მათ ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყანა და ყოველ ჯერზე უდიდესი სიამაყე მიპყრობს.
სამშობლო ჩემი იდენტობაა.
ევროპული და დასავლური ღირებულებები ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ის სწორედ ამ თავისუფლების, დამოუკიდებლობის და დემოკრატიის იდეაზე დგას. ჩვენმა ქვეყანამ ისტორიულად ძალიან დიდი გზა განვლო ამ ფასეულობების მოსაპოვებლად და არ მინდა უკან წავიდეთ, დავკარგოთ ის შრომა და ადამიანების სიცოცხლე, რომელიც ამ ყველაფერს შეეწირა. ევროპული მომავალი ჩემი ქვეყნისთვის ნიშნავს ჩემი დის თავისუფალ მომავალს, ჩემი ძმის თავისუფალ მომავალს. ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანების თავისუფალ არჩევანს.
ნიკოლოზ კაჭარავა – 19 წლის, მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, საქართველის ხუთგზის ჩემპიონი, სტუდენტი.
ნიჭიერი და მრავალფეროვანი თაობა ვართ, ამით გამოვირჩევით. სხვადასხვა მხრივ განვითარებული თაობა ვართ, უფრო მეტი შესაძლებლობები გვაქვს, გაცილებით თავისუფლები ვართ.
თავისუფლებაა ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს, რისთვისაც ყველაფერი უნდა გააკეთო. ჭადრაკში მაქვს ეს თავისუფლება, ყოველდღიურ ცხოვრებაში ცოტათი გვაკლია.
სამშობლო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ბავშვობიდან მოყოლებული ვოცნებობ, რომ წარმატება საქართველოს სახელით მოვიპოვო. ის, რომ საქართველოს ღირსებას ვიცავ, ყველაზე დიდი სიამაყეა ჩემთვის.
ევროპა უკეთესი მომავალია, ხელმისაწვდომი განათლებაა. თუნდაც ჭადრაკი ევროპაში უფრო განვითარებულია, მეტი ყურადღება ექცევა მას და ჩემი თაობაც უფრო განვითარებულია ევროპაში.
თუ პროფესიონალი იქნები და შენს საქმეს კარგად გააკეთებ, შენს ქვეყანას აუცილებად გამოადგები, ვცდილობ ასე ვიცხოვრო.
ანასტასია კვაშილავა – 16 წლის, სკოლის მოსწავლე
ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავისი აზრი, თავისი გადაწყვეტილება და ამაში მათ წინ ვერავინ დაუდგება. ჩვენ ვიცით ჩვენი აზრის და ჩვენი თავისუფლების ფასი.
ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უფროსებს ჩვენი არ ესმით, რაც არ უნდა გავითვალისწინოთ მათი აზრი და მათი ღირებულებები, მაინც პოულობენ მინუსებს, რის გამოც შეუძლიათ გაგვაკრიტიკონ.
პირადად მე ვცდილობ ვიყო ჩემი თავი და დავიცვა ჩემი შეხედულებები, მაგრამ ასევე გავითვალისწინო უფროსი თაობის ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ როდესაც ვხვდები, რომ მათი აზრები სტერეოტიპებამდე და ჩემთვის მოძველებულ შეხედულებებამდე მიდის, ვცდილობ ზრდილობიანად ავირიდო ეს ყველაფერი.
მგონია, რომ ევროპაში ასე არ ხდება, საბედნიეროდ, მქონია შესაძლებლობა, ვყოფილიყავი გაცვლითი პროგრამით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნის ბავშვებთან ერთად და ჩემთვის ევროპა თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების და მრავალმხრივი განათლების უსაზღვრო შესაძლებლობაა.
ფოტო: ალექსეი სეროვი
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ლოკაცია: IQ STUDIO