სჯეროდათ, რომ შეუძლებელი არაფერია და თუ მოინდომებ, იშრომებ, ტრიალ მინდორზე წალკოტის გაშენებასაც შეძლებ. სჯეროდათ და აიხდინეს კიდევაც. მათთან მისულ თითოეულ სტუმარს რჩება შთაბეჭდილება, რომ ზღაპრულ გარემოში მოხვდა. სივრცეში, სადაც თითოეული აგური სიყვარულითაა ნაშენები. „OK! ბათუმის“ სტუმარი რესტორან „გარდენიესა“ და „ნინიას კოტეჯების“ მფლობელი ნინო კალანდაძეა, რომელმაც მეუღლესთან ერთად შექმნა გარემო, რაც მნახველის აღფრთოვანებას იწვევს. ერთმანეთის, ოჯახის, საქმის უპირობო სიყვარულია ის ძალა, რომელიც არასდროს გაძლევს დანებების საშუალებას – ამბობს
ნინო და იმ გზაზე გვიყვება, რომელიც იდეის სრულყოფილებად გადაქცევამდე მხარდამჭერებთან ერთად გაიარა.
„გარდენიე“ ნამდვილად არის ის ადგილი, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებებს გიტოვებს. მოგვიყევით, როგორი იყო დასაწყისი. რა გზა გამოარეთ იმ შედეგამდე, რასაც დღეს ვხედავთ?
ურთულესი გზა გამოვიარეთ. ყველაფერი დაიწყო ტრიალ მინდორზე სიცარიელით. არავის სჯეროდა, რომ ეს ადგილი შეიძლებოდა გამხდარიყო ლამაზი და სასურველი, სასიამოვნო და ზღაპრული.
მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვხედავდით ამ ადგილის სილამაზეს და პოტენციალს. საკუთარი ხელებით და ძალებით დავიწყეთ თითო-თითო აგურით შენება. არ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ყველაფერი ერთდროულად მოგვეწყო, ამიტომ ყველაფრის გაკეთება ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ. ყველა აგური ჩვენი და, რა თქმა უნდა ჩვენი, იმ მეგობრების, რომლებიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იყვნენ, ხელით არის დადებული და აშენებული. ჯერ აშენდა მხოლოდ ერთი სართული. თავდაპირველად ტრიალ მინდორზე ერთი სართული, პადონების მაგიდები და სკამები იდგა. მაქსიმალურად ვცდილობდით სიმყუდროვე და სითბო შეგვექმნა საკუთარი ძალებით, ხელებით და ასეც გამოგვივიდა. ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი გარემო უფრო დაგვეხვეწა. აშენდა მეორე სართული, დახვეწილი ინტერიერით. გავალამაზეთ ეზო, ჩვენი მომხმარებლებისთვის შევქმენით სხვადასხვა დასამახსოვრებელი ულამაზესი სივრცეები. მეორე სართული ყველა სახის ღონისძიებებს ითავსებს, იქნება ეს დაბადების დღე, პატარა ქორწილი, ნიშნობა, ნათლობა, უბრალოდ, მეგობრების შეკვეთა თუ განსაკუთრებული თარიღების აღნიშვნა.
შემდეგი ეტაპი იყო ტერასა და კოტეჯები. ყოველთვის გვქონდა სურვილი და ოცნება იმის, რომ რადგან ჩვენი რესტორანი არის ქალაქიდან მოშორებით, მომხმარებელს ჰქონოდა საშუალება, ჩვენთან ასევე, გაეთენებინა ღამე, მიეღო სრულპაკეტიანი მომსახურება და სასიამოვნოდ დაესვენა. კოტეჯების აშენების ინიციატივა მომდინარეობდა რესტორნის არსებობით და იმ ულამაზესი პანორამული ხედებით, რაც „გარდენიედან“ იშლება. ორივე დაწესებულება ერთმანეთისთვის და ერთმანეთის სამსახურში არის შექმნილი. კოტეჯში დამსვენებელს შეუძლია არ დაიტვირთოს, თავს სრული განტვირთვის საშუალება მისცეს, არ მოუწიოს თუნდაც საჭმლის კეთებაზე დროის დაკარგვამ. ამ ყველაფერთან ერთად უფრო მრავალფეროვანი გახადოს კოტეჯებში დასვენება და დატკბეს ულამაზესი ხედებით, რომელიც ჩვენი რესტორნიდან იშლება.
გარდა ულამაზესი გარემოსი, ხედების, კიდევ რა ხვდებათ აქ მოსულ ადამიანებს? რამ განაპირობა მათი თქვენდამი ნდობა და სიყვარული?
გარდა აღნიშნულისა, ჩვენს მომხმარებელს ჩვენთან დახვდება მაქსიმალურად მეგობრული პერსონალი და ოჯახი. დიახ, ოჯახი, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და თითოეულ სტუმარს ვცდილობთ თავი ისე ვაგრძნობინოთ, როგორც ოჯახში. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი კოტეჯები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან არის შექმნილი და მაქსიმალურად მორგებულია დამსვენებლების კომფორტზე. კოტეჯებს ასევე აქვს ჯაკუზი და ეზოში – აუზი, რომელიც დიდ ემოციებს იწვევს დამსვენებლებში.
რას მიიჩნევთ თქვენი წარმატების ფორმულად?
სიყვარულს თითოეული ჩვენი საქმისადმი, ოჯახის ერთობას, პოზიტიურ განწყობას, სუფთა და ლამაზ გრძნობებს და მომხმარებლებისთვის ჩვენი სერვისის 100%-ით მიწოდებას.
რა გაძლევთ ინსპირაციას, ძალას, რომელიც მუდამ სიახლისკენ გიბიძგებთ…
ჩემი ინსპირაცია და ძალა, პირველ რიგში, ჩემი ოჯახია. ერთმანეთის სიყვარული და გვერდში დგომა ოჯახის თითოეულ წევრს დაუძლეველ ძალას გვაძლევს. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვასი ძალა ასევე არის ჩვენი მომხმარებლების კომენტარები, შთაბეჭდილებები, იქნება ეს კარგი თუ ნაკლებად კარგი. თითოეულ კომენტარს და აზრს პასუხისმგებლობით, მთელი გულით და სულით ვეკიდებით.
რას მოაქვს სიმშვიდე და სიმყუდროვე თქვენში, როგორია თქვენი განტვირთვის დრო?
ჩემში სიმშვიდე და სიმყუდროვე არის მეუღლე, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ არ ვართ ცალ-ცალკე, ჩვენ ვართ ერთი მთლიანი სხეული, რომელიც ერთიანი ძალისხმევით მუშაობს, ერთი მიზნისკენ მიიწევს და მუდამ ერთმანეთის მხარდაჭერით არის დაკავებული. ყველა ადამიანს გვაქვს სისუსტის მომენტები, ყველა ადამიანს გვაქვს შიშის განცდა, როცა გარკვეულ სირთულეებთან გვიწევს გამკლავება. ზოგჯერ გვგონია, რომ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ და სწორედ ამ დროს, ჩვენ ორს შორის ერთ-ერთი აუცილებლად გამოდის როგორც ძლიერი მხარე. არ აძლევს მეორე მხარეს წაქცევის საშუალებას და მხოლოდ ფერადი, ნათელი, წრფელი ფიქრებით და მიზნებით ავსებს.
ჩვენთვის არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება, რადგან როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს საქმეს, მხოლოდ სიყვარული ამოძრავებს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის უმთავრესი არის ჯანმრთელობა, დანარჩენი ყველაფერი ჩვენს ხელთაა. რაც შეეხება ჩემი განტვირთვის დროს, ეს გახლავთ ჩემს ოჯახთან ერთად, ან ჩვენი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. სასიამოვნო და დიდი მოტივაციაა გულწრფელი ურთიერთობები, საყვარელ, ნამდვილ ადამიანებთან ერთად ყოფნა და რეალური ემოციები, რასაც ჩვენ ყოველი განტვირთვის დროს ვიქმნით.
როგორ ხედავთ თქვენს ბიზნესს სამომავლოდ. რა გეგმები გაქვთ?
ჩემი ბიზნესი, ჩემი პატარა ოჯახი მუდამ განვითარებისა და წინსვლის მოტივაციით მიიწევს მომავლისკენ. ჩვენ მივისწრაფვით მუდმივი განვითარებისკენ და ჩვენი მომხმარებლების კომენტარების, შთაბეჭდილებების და ინიციატივების საფუძველზე, სულ უფრო და უფრო ვცდილობთ განვვითარდეთ და დავიხვეწოთ. ვინც თვალს გვადევნებს, კარგად იცის და ხედავს, რომ მუდამ ფეხდაფეხ ახალ საინტერესო სივრცეებს თუ ინიციატივებს ვამატებთ ჩვენს გარემოს. გვაქვს პრეტენზია, რომ „გარდენიე“ იყოს იდეალური მომხმარებლისთვის და ამისთვის ყველა ჩვენი ძალის და ღონის მობილიზებას ვახდენთ. ამიტომ არასდროს შევწყვეტთ განვითარებას და ჩვენი მომხმარებლის გახარებას.
„გარდენიეს“ ოჯახი, გუნდი, ყოველთვის მზად არის გიმასპინძლოთ, აქციოს თქვენი დღე დაუვიწყარ დღესასწაულად და გაჩუქოთ ისეთი შთაბეჭდილება, რაც მანამდე არსად მიგიღიათ.