20 წელია, რაც 8 ნოემბერს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები პროფესიულ დღესასწაულს – ბანკირთა დღეს აღნიშნავენ. წელსაც, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, ბანკირთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროფესიული დამსახურების მიხედვით ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ. ეროვნულმა ბანკმა „ლიბერთი“ ბანკის მიერ წარდგენილი გამორჩეული თანამშრომელი – დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულების ხელმძღვანელი, მანანა აკობია დააჯილდოვა.
მანანა, გილოცავთ ამ ჯილდოს!
დიდი მადლობა. მეც მინდა მივულოცო ჩემს კოლეგებს და ყველა გამარჯვებულს. ჩემთვის დიდი პატივია ეროვნული ბანკის ჯილდოს მიღება, მაგრამ კიდევ უფრო მეამაყება, რომ ამ ჯილდოზე „ლიბერთის“ გუნდმა წარმადგინა. ეს არის მართლაც დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა როგორც ჩემი თანაგუნდელების, ასევე ჩვენი მომხმარებლების წინაშე.
მანანა, ვისაუბროთ თქვენი ბექგრაუნდის შესახებ – გამოცდილება, მიღწევები, „ლიბერთისთან“ თანამშრომლობის ისტორია…
საბანკო სექტორში უკვე 20 წელზე მეტია ვმუშაობ – ოპერატორის პოზიციიდან დავიწყე და 2005 წელს პირად ბანკირად დავინიშნე. შემიძლია ვთქვა, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი პირადი ბანკირი ქვეყანაში – ეს მიმართულება საქართველოს საბანკო სექტორში სრულიად ახალი იყო. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროცესებში მომიწია მონაწილეობამ. 2009 წელს, მაშინდელ „სახალხო ბანკში“ შეიცვალა მენეჯმენტი, მე ახალ გუნდს შევუერთდი და იმ დროიდან ვხელმძღვანელობ აღნიშნულ მიმართულებას, რომელიც წლების მანძილზე ჩვენს ბანკში მზარდია, დინამიკური და ახლა უკვე დაგროვილი ქონებისა და კაპიტალის მართვის მიმართულებად იქცა. ამავდროულად, გაიზარდა მომხმარებლის მოთხოვნები, სტანდარტები და საჭიროებები.
განვმარტოთ, რას ნიშნავს დაგროვილი ქონებისა და კაპიტალის მართვის მიმართულება ან რას საქმიანობს პირადი ბანკირი?
ჩვენი სეგმენტი მაღალშემოსავლიანი მომხმარებლები არიან და პრივილეგირებულ მომსახურებასთან ერთად ექსკლუზიურ შეთავაზებებსაც მუდმივად იღებენ. ყოველდღიური დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, მათ უფრო ცოტა დრო რჩებათ პირადი მიზნებისთვის საბანკო მომსახურების მისაღებად. მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების მოთხოვნები, ისევე როგორც ცხოვრების სტილი – განსხვავებულია. შესაბამისად, ეს განაპირობებს ბანკირის აქტიურ ჩართულობას მომხმარებლის ფინანსების მართვასა და დაგეგმვაში. მომხმარებელს ჰყავს მხოლოდ ერთი საკონტაქტო ადამიანი ბანკში – თავისი ბანკირი. გამარტივებული პროცედურებით უფრო უადვილდება საბანკო ოპერაციები და სასურველი სერვისების მიღება. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებლებისთვის შექმნილი გარემო და კომფორტი ურთიერთობას ორმხრივად სასიამოვნოს ხდის.
როგორ და რა მიმართულებით ეხმარება მომხმარებელს „ლიბერთის“ პირადი ბანკირი? ვინ არის თქვენი მომხმარებელი და საზოგადოების რომელ სეგმენტთან მუშაობთ?
ჩვენი მიზანია ჩვენს მომხმარებლებსა და მათი ოჯახის წევრებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, დავეხმაროთ პერსონალურ მიზნებზე მორგებული ფინანსების მართვის სტრატეგიის შერჩევაში. გვინდა მოგვიაზრებდნენ, როგორც ბანკი მათი ოჯახისთვის და ბიზნესისთვის.
რადგან პირადი ბანკირის მომსახურება უფრო ნიშურია, აქცენტი არ გვაქვს მომხმარებლების რაოდენობაზე. ჩვენთვის მთავარია ჩვენს არსებულ და პოტენციურ კლიენტებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, ჩვენი სერვისი მათთვის იყოს განსაკუთრებული და ინდივიდუალურ მოთხოვნებზე ადაპტირებული.
ჩვენი სეგმენტი მაღალშემოსავლიანი კლიენტებია, როგორც ქართველი, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეები. სხვათა შორის, უცხოელი კლიენტების უმეტესობა აღნიშნავს, რომ პირადი ბანკირის მომსახურება საქართველოში ბევრად უფრო კომფორტული, მარტივი და ხელმისაწვდომია მათთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში, როგორც ადგილობრივი, აგრეთვე უცხოელი კლიენტებისთვისაც, ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მსხვილ ფინანსურ ოპერაციებთან გვაქვს.
ჩვენი მომხმარებლების უმეტესობასთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს და მიხარია, რომ ჩვენი კავშირი ბევრად უფრო მყარია, ვიდრე მხოლოდ ბანკირისა და მომხმარებლის ურთიერთობა. ისინი არიან ჩვენი მეგობრები და ბანკირებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვართ ჩართულები. მაქსიმალურად ვცდილობთ ისეთ საკითხებშიც კი დავეხმაროთ, რაც საბანკო მომსახურებას სცილდება – მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და აქ სურთ ქონების შეძენა. ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და იმ პროცესების შესახებ, რომელიც უნდა გაიარონ შეძენის პროცესში. გვინდა ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი მომსახურება, რომელიც მათ მოლოდინებს აღემატება.
როგორია პირადი ბანკირის მომავალი „ლიბერთიში“ და ზოგადად საქართველოში? რამდენად მაღალია საზოგადოების ცნობადობა და ინტერესი ამ სერვისის მიმართ?
პირადი ბანკირის სერვისის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ბანკინგი ზოგადად გაციფრულდა, გამარტივდა, თითქმის ნებისმიერი საბანკო სერვისის ციფრული არხებით მიწოდება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, პირადი ბანკირის მომსახურება მაინც მოთხოვნადია, რადგან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანურ ურთიერთობებს. მომხმარებლებს ესაჭიროებათ ადამიანი, რომელიც მათ მისცემს კომპეტენტურ რჩევას, დაეხმარება სწორად დაგეგმოს და მართოს საკუთარი აქტივები და ფინანსები.
რაც შეეხება მომავალს – გვინდა ჩვენი სერვისები იყოს მარტივი, გასაგები, ხელმისაწვდომი და თანამედროვე. „ლიბერთის“ ახალი სტრატეგია აქცენტს აკეთებს ადამიანზე და მის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნაზე, რასაც ეფუძნება ჩვენი მიმართულებაც.
ბოლო რამდენიმე წელია თვალნათლივ ჩანს, რომ ბანკი სწრაფად იზრდება, ვითარდება და მივდივართ უნივერსალიზაციისკენ. დაგეგმილი გვაქვს გარკვეული სახლეებიც, რასაც თქვენს მკითხველს აუცილებლად გავაცნობთ.
ფოტო: მაკა მეგრელიძე