დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმი „აპრილი“ მსოფლიო კინემატოგრაფიის ავანსცენაზე ნამდვილი ფურორით გამოჩნდა. ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მიღების შემდეგ ფილმი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა მნიშვნელოვან კინოფესტივალზეა წარდგენილი. როგორც ჩვენი სტატიის ერთ-ერთი მთავარი გმირი მოგვიანებით იტყვის – ეს კოსმოსში გაფრენაა.
წარმოგიდგენთ ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და უნიჭიერეს მსახიობებს – ია სუხიტაშვილსა და მერაბ ნინიძეს, „აპრილის“ მთავარი როლის შემსრულებლებს, რომელთაც ფილმზე, ვენეციის კინოფესტივალსა და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.
ფილმის „აპრილი“ გადაღების პროცესზე მოგვიყევით. სად მიმდინარეობდა გადაღება და რამდენ ხანს? რამდენად რთული და საინტერესო იყო თქვენს როლზე მუშაობა?
(ია): მოსამზადებელი პროცესი ბევრად ადრე, 2021 წლიდან დაიწყო და იყო საკმაოდ სპეციფიკური ფორმის, რადგან სინოფსისით დაწყებული, თავად დეა გვიზიარებდა ფილმის თითოეულ შტრიხს, ისტორიას, ასე იკვეთებოდა მთავარი კონტურები. თვითონ „აპრილზე“ ბევრს ვერ მოვყვები, ცხადია. მეან-გინეკოლოგზეა ფილმი და, შესაბამისად, ხშირად დავდიოდით ვიზიტებზე ექიმებთან, ვსვამდით ბევრ კითხვას, რომლის მიხედვითაც დიალოგებში ბევრი რამ ჩასწორდა, საინტერესო დეტალები გავითვალისწინეთ, მოვისმინეთ ამ ექიმების საინტერესო ისტორიები. მესამე ეტაპზე უკვე ლაგოდეხის სამშობიაროში თავად დავესწარით ფიზიოლოგიურ და საკეისრო მშობიარობას და ძალიან მადლიერები ვართ ექიმების, ამის უფლება რომ მოგვცეს. თვალიც ეჩვეოდა ამ ყველაფერს, რადგან ეს გარემო უჩვეულო იყო. არასდროს დავსწრებივარ და მიყურებია მშობიარობისთვის აქამდე, მიუხედავად იმისა, რომ მეც დედა ვარ. შემდეგ იყო უკვე ტექნიკური ჯგუფის მოსამზადებელი პროცესი და 2023 წლის მარტში დავიწყეთ გადაღებები. მთელი ფილმის გადაღება ლაგოდეხში მიმდინარეობდა. დეას წინა ფილმიც ლაგოდეხშია გადაღებული.
თქვენს როლებზე, პერსონაჟებზე მოგვიყევით. საქართველოში ჯერ არ გვინახავს ეს ფილმი და მესმის, რომ წინასწარ ბევრი რამის თქმა არ შეგიძლიათ, და მაინც, მცირე ინფორმაციაც რომ მოგვაწოდოთ, კარგი იქნება, რადგან საქართველოში ამ ფილმზე ინტერესი უდიდესია.
(მერაბი): ფილმის სიუჟეტში საავადმყოფო ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია და ყველა პერსონაჟი, ვისაც ფილმში ვხედავთ, საავადმყოფოს პაციენტი ან თანამშრომელია. მეც ამ გუნდის წევრს ვთამაშობ, საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელიც ცდილობს, რომ არ გამჟღავნდეს ის არალეგალური მოქმედებები, რაც საავადმყოფოში ხდება, რომ არ გახდეს ხალხის განსაკითხი და არ შეეწიროს ამას მთავარი ექიმის კარიერა და საავადმყოფოს რეპუტაცია. ეს არის სიუჟეტური ფონი და ჩემი როლიც ზუსტად ამ კონტექსტშია. ამ ფილმში მოკრძალებულ როლს ვთამაშობ, გადაღების პროცესიც შეიძლება ნაკლები დოზით ვნახე, ვიდრე იამ და კახამ, მაგრამ ამას არანაირი არა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, როგორც მსახიობისა და ადამიანისთვის. მთავარია, რომ ამ ადამიანებთან ერთად ვიმუშავე. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ია ძალიან საინტერესო მსახიობია. მსახიობს სულ გინდა, ისეთ პარტნიორებთან ერთად იმუშაო, ვისთან თამაშით შენც უკეთესი გახდები. ასე რომ, იას და დეას ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ვიცოდი რა, მათი წინა ფილმის, მათი პარტნიორობის, შესაშური ურთიერთობის შესახებ რეჟისორსა და მსახიობს შორის, რაც ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული, ეს ძალიან მხიბლავდა. როცა რეჟისორი არა მხოლოდ მასალად აღიქვამს მსახიობს, არამედ აქვს მასთან ნატურალური, ადამიანური ურთიერთობა, მაშინ ჩნდება სრული ჰარმონია და ისინი ერთად ყვინთავენ ფილმის შექმნის სიღრმეებში. თვითონ დეა იმდენ პირად ისტორიებს დებს საქმეში, მარგალიტებივით აგროვებს ამბებს და კინძავს მათ ფილმებში. მინდოდა იასთან, დეასთან, კახასთან მუშაობა და გამიხარდა, რომ ჩემი ადგილიც აღმოჩნდა ასეთ პროექტში. ასე რომ, ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ, ისე ჩამოვედი და შევუერთდი გუნდს. ლაგოდეხიც შემიყვარდა, აქამდე არასდროს ვყოფილვარ იქ.
დეასთან მუშაობა როგორია? რეჟისორთან პარტნიორობასა და შემოქმედებით პროცესზე მოგვიყევით.
(მერაბი): ძალიან საინტერესო იყო, რომ, უბრალოდ, მომესმინა და გამეგო რეჟისორისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, შევძლო და გავიგო, რეჟისორს რა უნდა ჩემგან და არ მოვახვიო თავს საკუთარი იდეები. ეს შემთხვევაც ასეთი იყო. სულ ყურადღებით ვუსმენდი, რა აქვს სათქმელი, რას აკეთებს. ვიცოდი, რომ მის ფილმებში არის მინიმალისტური, დამიწებული თამაშის მანერა და ჩემთვის გამოწვევა იყო, ვყოფილიყავი ამ გუნდის წვერი ისე, რომ არავის ეთქვა, რატომ არის აქ მერაბ ნინიძე, რა შუაშიაო. მინდოდა გუნდის მაქსიმალურად ორგანული ნაწილი ვყოფილიყავი. ეს ყველაფერი მოდის დეასგან. ძალიან გამიხარდა, რომ მოუნდა, სწორედ მე ვყოფილიყავი ის ექიმი და არა სხვა რომელიმე მსახიობი. ასეთ ფილმებზე მუშაობა ფუფუნებაა, ბედნიერებაა იმ რეჟისორებთან თანამშრომლობა, ვისაც საკუთარი ხედვა აქვს, სამყაროსა და პრობლემების განსაკუთრებული აღქმა, რომელიც ყველა მეინსტრიმულ ფილმში არაა. დეა რთულ და ღრმა თემებს ეხება და შემოქმედებითი პროცესიც ასეთივე იყო. საკმაოდ მომთხოვნი რეჟისორია და ხშირად უსასრულობამდე გავდიოდით რეპეტიციებს, რომ ბოლომდე აგვეწყო პერსონაჟები, მათ შევწყობოდით. როცა საათებს უთმობ რეპეტიციას, იქიდან სხვა შინაგანი მდგომარეობით გამოდიხარ და მეორე დღეს აღარ გჭირდება იმის შეხსენება, რა უნდა გააკეთო, რადგან უკვე ხარ იმ ამბის ორგანული ნაწილი, რომელიც რეჟისორმა შექმნა. ამ ფილმის ხასიათს განაპირობებს თავად ფილმის ავტორი. ჩემთვის გადაღებებთან დაკავშირებული ყველანაირი პროცესი სასიამოვნო იყო. ეს იყო რაღაც მძიმე, რთულ ადამიანურ სიტუაციაში ჩახედვის საშუალება, რომელიც პირადად ჩვენ არ განგვიცდია რეალურ ცხოვრებაში და შევეხეთ ისეთ თემებს, რაც ძალიან მტკივნეულიც იყო იმ წუთს, როცა ვთამაშობდით. ასე რომ, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ფილმის გადაღების პროცესში გავერთეთ. გართობა არაა არც ჩვენი ცხოვრება და არც ჩვენი საქმე. ჩვენ ყველა, ვინც ამის მონაწილეები ვიყავით, ადამიანურად გავიზარდეთ ფილმის გადაღების პროცესში, დაგვემატა ახალი საფიქრალები, რაზეც მანამდე არასდროს გვეფიქრა. ეს არის საუკეთესო, რასაც ეს პროფესია გაძლევს, გაიცნო შემოქმედებითად შთაგონებული ადამიანები, ვისაც უყვართ თავიანთი საქმე და მას სერიოზულად ეკიდებიან. ამ ადამიანებთან ყოფნა იყო ჩემთვის დიდი საჩუქარი და სიამოვნება.
(ია): მე და დეა, ჩვენი პირველი ერთობლივი ფილმის „დასაწყისის“ გადაღების დროს, ფაქტობრივად, ბოლო მომენტში, 2 თვით ადრე შევხვდით ერთმანეთს. მანამდე ის 5 წელი ემზადებოდა ფილმის გადასაღებად. ორთვიანი მოსამზადებელი პროცესი კი ერთად გავიარეთ. დეას ეს ორი ფილმი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, არამხოლოდ სიუჟეტით, ემოციურ დონეზეც დიდი სხვაობაა. მსახიობებს გვაქვს ასეთი მომენტი, – შეიძლება იმდენად ემოციურად აღიქვა სცენა, რომ თამაშისას საკუთარი ინტერპრეტაციაც ჩართო, მაგრამ „აპრილში“ ხდებოდა ამ ემოციების მთლიანად დაწურვა და ისე თამაში. სხვათა შორის, სწორედ ამ თემაზე ძალიან კარგი რეცენზია გააკეთა გოგი გვახარიამ. „აპრილში“ ის მინიმალური ემოცია დაგვრჩა გადასაღებ მოედანზე, რაც დეას სჭირდებოდა. იყო სცენები, სადაც უფრო მარტივად გამომდიოდა ეს და იყო მომენტები, როცა ვფიქრობდი, რას ვერ ვაკეთებ სწორად? იქნებ რაღაც სწორად არ მესმის, ვერ აღვიქვამ? რეალურად კი ის ბოლო დუბლი იყო ამ ყველაფრის შედეგი, რასაც იქამდე გავდიოდით. არის ემოციები, რომელიც რთულად გამოსაწვევია. იყო სირთულეები, არ იყო ასე ადვილი, რომ ზუსტად მიმეგნო და ჩამეჭირა როლთან მიმართებაში ზუსტი ემოციები. რაღაცები მეგონა, მაგრამ სხვანაირად აღმოჩნდა, მუდმივი ძიების პროცესია მუშაობა. ხშირად იყო 2-3-დღიანი გადაბმული რეპეტიციები, რომლის მერეც უკვე სრულ მზადყოფნაში მივდიოდი გადასაღებად. ამით არის ეს პროფესია უცნაური მოგზაურობა, არა ლოკაციურად, არამედ ემოციურად.
(მერაბი): მე მენატრება გადაღება, სადაც ურთიერთობაა რეჟისორსა და მსახიობებს შორის, როცა რეჟისორი მომთხოვნია. რეპეტიციაზე მაშინაც სიხარულით მივდიოდი, როცა მე არ ვთამაშობდი, რათა მეყურებინა დეასა და მსახიობების ურთიერთობისთვის – რის ხარჯზე ხდებოდა ფილმის შექმნა. ასეთი პროცესები მიყვარდა სულ, რაც დავიწყე კინოში გადაღება. არის ისეთი ტიპის ფილმები, რომელსაც ითამაშებ, წამოხვალ სახლში და დაგავიწყდება და არის დეას „აპრილის“ მსგავსი ფილმები, რომელიც იმდენად ატიპური და იშვიათია, რომ ხშირად მენატრება. ის დრო, რაც ეთმობოდა ამ პერსონაჟში შესვლას, საერთო ატმოსფეროს გათავისებას, შემდეგ ოპერატორის, დეას მარჯვენა ხელის ტექნიკასა და მუშაობაზე დაკვირვებას. დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, მიხაროდა, რომ სწორედ იმასთან მქონდა შეხება, რის გამოც მიყვარს კინო და მიყვარს ჩემი პროფესია. ეს იყო ფუფუნება ჩემთვის, რადგან მე, როგორც მსახიობი, ასეთი საავტორო კინოდან მოვდივარ.
არ შეიძლება არ გკითხოთ მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის, ვენეციის კინოფესტივალის შესახებ, რომლის მონაწილეები თქვენც იყავით წელს და ყველამ ვიცით, რომ ქართულმა ფილმმა არაჩვეულებრივი ჯილდოც მიიღო. მოგვიყევით წითელ ხალიჩაზე, თქვენს მაშინდელ განწყობასა და ზოგადად, საფესტივალო გარემოზე.
(მერაბი): იმ დღეს გვიღალატა ბუნებამ, ისეთი ამინდი იყო – წვიმა და შტორმი. ბოლოს ყველა აღმოვჩნდით ერთ ოთახში, სადაც დაგებული იყო წითელი ხალიჩა და დავდიოდით წინ და უკან, რომ ფოტოგრაფებს გადაეღოთ და შემდგარიყო ფოტოსესია. ფაქტობრივად, წყალმა წაიღო წითელი ხალიჩა, რაც, უნდა ითქვას, რომ უხდებოდა ჩვენს ფილმს.
(ია): კი, ნამდვილად უხდებოდა, რადგან პირველი კადრიც ძალიან შტორმულია ფილმში. მე სულ დავსველდი. ადრე ასეთი რამ მითხრეს: ფრთხილად უნდა იყო საკუთარ სურვილებთანო. 12 წლის წინ ვენეციის კინოფესტივალზე წარდგენილი იყო რუსუდან ჭყონიას ფილმი. მე შორიდან ვუყურებდი ამ ყველაფერს და ვთქვი, მეც მინდა-მეთქი. ეს ჩამებეჭდა ძალიან გონებაში. როცა ამდენი ძალისხმევისა და შრომის შემდეგ ფილმი ასე იწყებს თავის საფესტივალო ცხოვრებას, რაღაც წარმოუდგენელი სიხარულია. პრემიერის წინ გაიმართა ფილმის ჩვენება კრიტიკოსებისა და მედიისთვის. მერე დაიგეგმა ინტერვიუები, სადაც ჟურნალისტები ძალიან ემოციურები იყვნენ და ამან გააჩინა განცდა, რომ რაღაც კარგი ელოდა ფილმს. მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ამ ყველაფრით.
(მერაბი): როცა ჩავედი, ია მომიყვა წინა დღის პრესკონფერენციაზე, იმაზე, თუ როგორ ძლიერად იმოქმედა მასზე, როცა საქართველოს დროშა დაინახა. მეც გულზე შემეხო მისი მონაყოლი და მერე მეც გადავიღე სპეციალურად ის მოფრიალე დროშა. ხანდახან გავიწყდება, იქ ვინ ხარ, საიდან ხარ და ძალიან იმოქმედა იას ამ ემოციის გაზიარებამ. განსაკუთრებული შეგრძნება იყო ქართული დროშის ვენეციაში ნახვა და იმის გაცნობიერება, რომ არა მხოლოდ ფილმს, არამედ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ.
ელოდით ჯილდოს?
(ია): ეს კითხვა აქამდეც დამისვეს და მითხრეს, თითქოს ელოდი, რომ ჯილდოს აიღებდითო. რა თქმა უნდა, ველოდი და ამ მოლოდინს მიქმნიდა თვითონ რეჟისორი. ის არის პროცესის მმართველი. რაც უფრო ძლიერია მმართველი, წინასწარი დასკვნებისა და ვარაუდების ჩამოყალიბებაც უფრო მარტივია.
ბევრი წლის წინ სულ იყო ამაზე ფიქრი და მცდელობა, რომ ერთად გვეთამაშა მე და მერაბს, ეს იყო ჩემს აუხდენელ ოცნებასავით და სულ მეუბნებოდა მერაბი, რომ რადგან აქამდე არ გამოგვივიდა, ესე იგი მომავალში რაღაც ძალიან კარგი გველისო. ეს გაგრძელდა წლები და აი, ახლა მოხდა ეს თანამშრომლობა. თან მე ძალიან მიყვარს მივლინებითი გადაღებები, როცა სწყდები რეალობას, მთლიანად ეშვები გადაღების პროცესში და გავიწყდება ირგვლივ ყველაფერი, შენი პარტნიორებისა და ფილმის გარდა.
რა არის ფილმის მთავარი სათქმელი? რის თქმა, მოყოლა სურს ამ ფილმით რეჟისორს საზოგადოებისთვის?
(ია): ფილმი ამბობს თავის სათქმელს და ამის მიხვედრას და ამოხსნას თავად მაყურებელს ვანდობ. რა თემასაც ვეხებით, ეს ჩემთვის, როგორც ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, ყველა თავისებურად იღებს და იგებს ფილმს. როცა წინა ფილმის ჩვენების შემდეგ მაყურებელთან პირისპირ დავჯექი, მე არავინ დამისვა კითხვა, ყველა თავის მდგომარეობაზე მიყვებოდა, საკუთარ თავს უკავშირებდა ფილმს და მივხვდი, რომ თითოეულ მათგანს თავისი იანა (ფილმის გმირი) ჰყავდა, ვიღაცა პიროვნულად მომიდგა, ძალიან შემეცოდეო, მითხრა, რადგან გამაიგივა პერსონაჟთან.
მოგვიყევით ამჟამად თქვენი საქმიანი ცხოვრების შესახებ, რა პროექტებში ხართ დაკავებული? სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ.
(ია): მაქვს ასეთი ცრურწმენა, თვალის ცემის მჯერა და წინასწარ არასდროს ვყვები გეგმებზე. რა თქმა უნდა, არის გარკვეული გეგმები და იმედია ყველაფერი შესრულდება. ლონდონის კინოფესტივალზეცაა წარდგენილი „აპრილი“, ბილეთების გაყიდვა დაწყებულია. სოცქსელებში ბევრი პოსტავდა და ჩემს ყურამდეც მოვიდა ამბავი, საშინელი რიგებიაო. ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთი ამბავი ხდება ფილმის ირგვლივ. დანარჩენზე მოგვიანებით მოვყვები.
(მერაბი): ისეთი პროფესია გვაქვს, რომ სულ რაღაცაზე ვმუშაობთ. რაც ფილმმა ვენეციაზე შეძლო და ახლაც როგორი კურსითაც მიდის, როგორც იტყვიან, „აკრიფა“ – პლანეტის მასშტაბით ყველა ფესტივალზეა წარდგენილი. ისე გაბრწყინდა ეს ფილმი, რომ ყველგან არის მიწოდებული, ყველა კონტინენტზე, ყველა კულტურაში. ეს არის კოსმოსში გაფრენა და ჩვენთვის რა მოხდება და ამას რა მოჰყვება, არ ვიცი. იამ, რომელიც მთავარ როლს თამაშობს, შეიძლება დღეს სულ არ იცოდეს, ხვალ რა იქნება მის პროფესიულ ცხოვრებაში, ამ ფილმის გავლენით. არის ასეთი მწერალი, სვეტლანა ალექსეევიჩი, რომელსაც დოკუმეტური პროზისთვის ნობელის პრემია მისცეს. როცა ჰკითხეს, ამ დროს რას აკეთებდიო, უპასუხა, სახლში ტანსაცმელს ვაუთოებდი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ნობელის პრემია გადმომცესო. ასეთი გულწრფელი პასუხი გასცა იმაზე, თუ რამდენად შეიცვალა მისი ცხოვრება წამებში. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობთ, ხანდახან ვენეციაშიც კი ჩავდივართ, მაგრამ ხვალ რა იქნება, არავინ იცის.
ფოტო: ნანო თენოშვილი
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ვიზაჟი: სოფია საენკო
ტექსტი: თაკო გვაზავა, თათია ხარაიშვილი
ლოკაცია: Watson photo studio