დღეს, როცა ანტიბიოტიკების რეზისტენტობა გლობალური გამოწვევაა, ფაგები და ფაგოთერაპია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატივად რჩება. ფაგოთერაპია არის მეთოდი, რომელიც იყენებს ფაგებს, ანუ „კარგ“ ვირუსებს ბაქტერიების გასანადგურებლად, ადამიანის ორგანიზმის უჯრედებზე კი გავლენას არ ახდენს. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო მედიცინის რუკაზე საქართველო ლიდერი ქვეყანაა, სადაც ფაგოთერაპია უკვე ას წელზე მეტია გამოიყენება. გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი მსოფლიოში წამყვანია ამ სფეროში. აქ უკვე მრავალი წელია იწარმოება ფაგების პრეპარატები, რომლებიც სხვადასხვა ბაქტერიულ ინფექციას ებრძვის. ბაქტერიოფაგის კლინიკა კი ინსტიტუტის სტრუქტურაში შედის და მსოფლიოში არსებულ იმ რამდენიმე სამედიცინო ცენტრს შორის ლიდერობს, რომელიც სამკურნალოდ ფაგოთერაპიას იყენებს.
როგორია ცენტრის შექმნის ისტორია და რით არის გამორჩეული საქართველო ფაგოთერაპიის მიმართულებით?
დავით სტურუა, ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის – ბაქტერიოფაგის კლინიკის დირექტორი: ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი წარმოადგენს იმ უნიკალური ხედვის გაგრძელებას, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში შექმნა ცნობილმა ექიმმა და მიკრობიოლოგმა გიორგი ელიავამ. მისი იდეა იყო ფაგებით არა მხოლოდ მეცნიერების, არამედ პირდაპირი კლინიკური პრაქტიკის განვითარება. მიზნად ჰქონდა ისეთი სამკურნალო ცენტრის შექმნა, რომელიც ბაქტერიული ინფექციების მქონე პაციენტებს გაუწევდა დახმარებას. აღსანიშნავია, რომ ეს ხედვა წლების შემდეგ რეალურად განხორციელდა: 2009 წელს ინსტიტუტის მეცნიერების მხარდაჭერით, უკვე დამოუკიდებლად და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, დაარსდა ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – ბაქტერიოფაგის კლინიკა.
დღევანდელ რეალობაში კლინიკა ლიდერის პოზიციებს იკავებს ფაგოთერაპიის მიმართულებით როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვემსახურებით როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოელ პაციენტებს – მათ შორის მათ, ვისთვისაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა შედეგს აღარ იძლევა.
საქართველო გამორჩეულია იმით, რომ ფაგოთერაპიის ტრადიცია აქ უწყვეტად ინახებოდა და ვითარდებოდა მაშინაც კი როცა დანარჩენ სამყაროში მასზე მუშაობა შეწყდა. სწორედ ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით და თანამედროვე მიდგომების ინტეგრირებით, დღეს, ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – ბაქტერიოფაგის კლინიკა წარმოადგენს იმ სივრცეს, სადაც მკურნალობის უნიკალური მეთოდები პაციენტებისთვის რეალურ გამოსავლად იქცევა.

დღეს, როცა ანტიბიოტიკების რეზისტენტობა გლობალური გამოწვევაა, როგორია ფაგოთერაპიის როლი მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში?
დეა ნიჟარაძე, ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის – ბაქტერიოფაგის კლინიკის მთავარი ექიმი: მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემა მაღალ საფრთხედ შეაფასა, ფაგები და ფაგოთერაპია ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოსავლად იქნა დასახელებული. მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო თუ სამეცნიერო საზოგადოებები აქტიურად მუშაობენ ფაგების გამოყვანასა და შესწავლაზე. ამ დროს უმნიშვნელოვანესია გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის საუკუნოვანი გამოცდილება და ამ გამოცდილებაზე დაფუძნებული ფაგოთერაპია, რომელსაც ჩვენი კლინიკა ასე წარმატებით ახორციელებს.
ჩვენ, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ძალიან ბევრი ქვეყნის წამყვანი კლინიკა მოგვმართავს. ასევე, წარმატებით თანამშრომლობს ჩვენთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისიც. ერთი სიტყვით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დარგის ლიდერები ვართ.
როგორია საზოგადოების ცნობიერება საქართველოში ფაგოთერაპიის მიმართ?
ფაგებს საქართველოში ოდითგანვე იყენებდნენ, თუმცა ევროპულ მედიცინაზე გადასვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მასზე მოთხოვნა შემცირდა. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, გაცილებით პოპულარულები ვართ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვიდრე საქართველოში, ჩვენ ხშირად გვნახავთ სხვადასხვა ევროპულ ტელევიზიებში – BBC, Reuters, ZDF, TV5, VOX და მრავალი სხვა.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს ფაგებისადმი ინტერესი გაცილებით გაიზარდა, რაც ქართველი პაციენტების რიცხვზეც აისახა.
რა დაავადებების დროს გამოიყენება ფაგოთერაპია ყველაზე ეფექტურად?
უფრო გასაგები რომ იყოს – ფაგოთერაპია გამოიყენება ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების დროს. სადაც, წესით, ნაჩვენებია ანტიბიოტიკოთერაპია. მაგალითად, ჩირქოვანი ჭრილობები, კანის ინფექციური დაავადებები, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებიდან – ცისტიტი, პროსტატიტი, ვულვო-ვაგინიტი; ყელ-ყურ ცხვირის დაავადებები – კერძოდ, სინუსიტები; სასუნთქი სისტემის დაავადებებიდან – ტონზილიტები, ფარინგიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი; საჭმლის მომნელებელი სისტემიდან – ნაწლავის დისფუნქციით მიმდინარე დაავადებები და ასე შემდეგ.
აქვე ხაზს გავუსვამდი ანტიბიოტიკებთან ფაგების პრიორიტეტულობას, როგორც იცით, მისი ხანგრძლივად მიღება არ იწვევს რაიმე გამოხატულ გვერდით ეფექტს, ვინაიდან ფაგები ჩვენი ეკოსისტემის ბუნებრივი ნაწილია და მასთან შეხება მუდმივად გვაქვს, ასევე მნიშვნელოვანია მათი როლი ჩვენი ორგანიზმის მიკრობიომში.
როგორ მიმდინარეობს ფაგების შერჩევისა და ინდივიდუალური მკურნალობის პროცესი?
ფაგოთერაპია პერსონალიზებული მედიცინის თვალსაჩინო მაგალითია. ფაგის შერჩევისას ჩვენ ვხელმძღვანელობთ ბაქტერიოლოგიური კვლევის პასუხით, სადაც ასახულია ფაგომგრძნობელობა. სწორედ მასზე დაფუძნებით ვახდენთ ფაგური პრეპარატის შერჩევას. მკურნალობის კურსი კი დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის ხასიათზე, ხანდაზმულობაზე, სირთულეზე, პაციენტის ასაკზე და ასე შემდეგ.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი კლინიკის არსებობის მანძილზე მადლიერი პაციენტების მთელი არმია დაგვიგროვდა, რომელთა არსებობა თავად საუბრობს ფაგების და ფაგოთერაპიის მაღალ ეფექტურობაზე.
უამრავი კლინიკური კვლევის საშუალებით, რომელიც დღეს ამ მიმართულებით მიმდინარეობს, ბაქტერიოფაგები და ფაგოთერაპია კიდევ ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს გვპირდება.

რას ნიშნავს თქვენთვის ბაქტერიოფაგის კლინიკის ნაწილად ყოფნა?
დავით სტურუა: ჩემთვის, უპირველესად, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და დიდი პატივია. ეს არის ადგილი, სადაც მრავალწლოვანი სამეცნიერო მემკვიდრეობა ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში ცოცხლდება და პაციენტებისთვის რეალურ შედეგებს იძლევა. ჩვენი გუნდი აგრძელებს არა მხოლოდ გიორგი ელიავას დაწყებულ საქმეს, არამედ ქმნის ახალ სტანდარტებს იმ სფეროში, რომელიც კაცობრიობისთვის, დღეს, ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულია – ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პირადად ჩემთვის ეს მხოლოდ პროფესიული საქმიანობა არ არის – ეს არის მისია, იმ გარემოში ყოფნა, სადაც ყოველდღე შეგიძლია რეალურად შეცვალო ადამიანის სიცოცხლე და უკეთესობისკენ მიმართო, რაც, უდიდეს სტიმულს მაძლევს. ეს ცენტრი აერთიანებს ისტორიას, ინოვაციასა და ადამიანურ ზრუნვას, და ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნა, ჩემთვის, ყველაზე დიდი მოტივაციაა, რომ ყოველდღიურად მაქსიმუმი გავაკეთო.
გვესაუბრეთ გუნდზე, რომელიც ბაქტერიოფაგის კლინიკას ქმნის. როგორია მათი უპირატესობები?
დავით სტურუა: ცენტრის მთავარი ძირითადი ძალა მისი გუნდის პროფესიონალიზმში, გამოცდილებასა და უნიკალურობაშია. ჩვენი ექიმები ფაგოთერაპიის სფეროში ათწლეულების განმავლობაში მუშაობენ და ისინი არა მხოლოდ მაღალკვალიფიციური კლინიკური სპეციალისტები, არამედ ფაგების გამოყენების პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ექსპერტები არიან მსოფლიოში. ფაგოთერაპია, როგორც მკურნალობის მეთოდი, მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს, ინდივიდუალურ მიდგომას და, ხშირ შემთხვევაში, ფაგების სპეციფიკურ შერჩევას. ჩვენი სამედიცინო გუნდი ამ პროცესის ყველა ეტაპს მოლეკულურიდან კლინიკურ დონემდე ფლობს.
გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ცენტრის წარმატებაში განსაკუთრებული როლი ადმინისტრაციულ გუნდს უკავია. ისინი უზრუნველყოფენ ისეთ სერვისს, რომელსაც საქართველოში და ხშირად საერთაშორისო დონეზეც იშვიათად თუ მოეძებნება ანალოგი. ჩვენი ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს პაციენტებთან სხვადასხვა ქვეყანაში, ახორციელებს ინდივიდუალურ კომუნიკაციას, ორგანიზებას უწევს მკურნალობის პროცესს, სამედიცინო ტურიზმის კომპონენტსაც კი. ყველაფერს, რათა პაციენტმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს.
ცენტრის გუნდი აერთიანებს გამოცდილ ექიმებს, ექთნებს, მეცნიერებს, ბიოლოგებს, მიკრობიოლოგებს, ტექნიკურ პერსონალსა და ადმინისტრაციას ერთ მთლიან ეკოსისტემად, სადაც თითოეული პაციენტის მდგომარეობა დეტალურად განიხილება და ინდივიდუალურად მორგებული, პერსონალიზებული მკურნალობა შეირჩევა. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა – მრავალწლიანი გამოცდილება, ერთგულება და მაღალი ხარისხის, სრულყოფილი მომსახურება.
როგორია ბაქტერიოფაგის კლინიკის სამომავლო გეგმები?
დავით სტურუა: ჩვენი მთავარი მიზანი მომავალში ფაგოთერაპიის მეთოდის კიდევ უფრო მეტად ინტეგრირებაა თანამედროვე სამედიცინო სისტემაში, როგორც ლოკალურად, ისე გლობალურად. აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ფაგოთერაპია გაჩნდეს მკაფიო გაიდლაინებში და მკურნალობის საერთაშორისო პროტოკოლებში, რაც საშუალებას მისცემს ფაგებს დაიკავონ დამსახურებული ადგილი ანტიბიოტიკრეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს იქნება უდიდესი ნაბიჯი არა მხოლოდ ჩვენი ცენტრისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიო ჯანდაცვის სისტემისთვის.
ამასთან, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების, ისე პროფესიული განათლების ამაღლება. გვჯერა, რომ ფაგოთერაპიის შესახებ სწორად მიწოდებულ ინფორმაციას, იქნება ეს პაციენტებისთვის თუ სამედიცინო პერსონალისთვის, შეუძლია უდიდესი გავლენა მოახდინოს ახალი თაობის მკურნალობის ჩამოყალიბებაზე. ვგეგმავთ აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობას: ტრენინგებს, ვორქშოფებსა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას, რათა საქართველო გახდეს ფაგოთერაპიის განვითარებისა და ცოდნის ჰაბი.
ასევე, ვგეგმავთ კლინიკური მიმართულებითაც მნიშვნელოვან გაფართოებას. ამჟამად ჩვენი ცენტრი პაციენტებს ამბულატორიული სერვისით ემსახურება, თუმცა უახლოეს მომავალში დაგეგმილია სტაციონარული განყოფილების გახსნა. ეს მოგვცემს საშუალებას მივიღოთ უფრო რთული შემთხვევები, უზრუნველვყოთ ინტენსიური მკურნალობა და დავნერგოთ კიდევ უფრო სრულყოფილი, მულტიდისციპლინური მიდგომები.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენი მიზანია ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის ჩამოყალიბება საერთაშორისო ლიდერად ფაგოთერაპიის პრაქტიკასა და ინოვაციაში, ხოლო საქართველო – ფაგოთერაპიის ერთ-ერთ მთავარ გლობალურ პლატფორმად, სადაც ინოვაცია, მედიცინა და ადამიანზე ზრუნვა ერთიანდება.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი












