„ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების“. განათლება სააზროვნო თვალის ახელისთვისაა საჭირო და არა იმისთვის, რომ მხოლოდ წიგნებით ვიცხოვროთ. ლოგიკური აზროვნება, რომელიც დგას ჭეშმარიტ ღირებულებებზე − აი, რა გვჭირდება.
ჩემდა უნებურად ილიას „ოთარაანთ ქვრივი“ გამახსენდა. ადამიანი მხოლოდ წიგნებით ვერ იცოცხლებს და ვერც ცხოვრებას ვისწავლით მხოლოდ ფურცლებზე დაწერილი ტექსტით. ადამიანის არსი რაღაც სხვა არის, ყველაზე და ყველაფერზე უფრო ძლიერი − უფლის ქმნილება. განათლება სწორი ფასეულობებით, სადაც პირველ ადგილზე ღმერთის რწმენა და ადამიანური ჰუმანიზმია − ეს გადაარჩენს სამყაროს. ადამიანი, სიკეთისა და სიყვარულის გარეშე, არც განათლებული ვარგა და არც გაუნათლებელი − ორივე ერთნაირად მავნე შეიძლება იყოს კაცობრიობისთვის. ამიტომ ვიფიქროთ, ვისწავლოთ და ვეცადოთ დავრჩეთ ადამიანებად. ვრცლად განათლების საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობთ განათლების ფსიქოლოგიის დოქტორთან, პროფესორ ნატა ასათიანთან.
უპირველეს ყოვლისა, თქვენი მაგალითით დავიწყოთ: ძალიან ახალგაზრდა ასაკში გახდით სრული პროფესორი − როგორ ძალისხმევას უკავშირდებოდა ეს და რა იყო ის მთავარი მოტივაცია, რამაც გიბიძგათ ამ დაუღალავი შრომისკენ?
საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა ლექტორი გავხდი და მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მავსებდა ბედნიერებით. დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის ახალგაზრდებისთვის გაზიარებით, ვფიქრობ, ჩემი მცირედი წვლილიც შემაქვს დარგის განვითარებაში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს წინ დიდი შრომა უძღოდა. მე თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაგისტრატურა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში (UNYP), PR-ის მიმართულებით გავაგრძელე, ხოლო მოგვიანებით კვლავ ჩემს ალმა მატერს დავუბრუნდი და სწორედ თსუ-ში მომენიჭა დოქტორის ხარისხი ფსიქოლოგიაში, ხოლო სრული პროფესორი „კავკასიის უნივერსიტეტში“ გავხდი. თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდე, თუ რამ მიბიძგა ამ დაუღალავი შრომისკენ, ვიტყვი, რომ მთავარი შრომა სწორედ ახლა იწყება. აკადემიური საქმიანობა ზუსტად ამით განსხვავდება პრაქტიკული სფეროსგან − რაც უფრო უღრმავდები, მით მეტი გაქვს საკვლევი. ეს შრომატევადი პროცესია, თუმცა ყველანაირი დაღლა უფერულდება და მეტიც − ბედნიერების მომტანი ხდება მაშინ, როცა ლექციაზე სტუდენტების ინტერესით ანთებულ თვალებს უყურებ და ხედავ როგორ უყვარდებათ არჩეული პროფესია.
პროფესორობა − ეს არის საკუთარი ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა სხვებისთვის. უნდა იყოს თუ არა ეს ცოდნა სწორი ადამიანური ღირებულებებით გამყარებული იმისათვის, რომ ახალგაზრდები „სწორად“ აღიზარდონ?
ცოდნის გაზიარებაზე როცა ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ღირებულებების გადაცემაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. არავინ უნდა წარმოიდგინოს, რომ ცოდნა აბსტრაქტულია და ღირებულებებისგან დაცლილი. ყველა პროფესორი ისე ასწავლის, რა ფასეულობების სისტემაც მას აქვს. მოგეხსენებათ, მიმართულებები ცოდნაში ბევრია, ყველა მსოფლმხედველობა განსხვავდება და ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა პერსპექტივიდან სრულიად სხვადასხვაგვარად ჩანს. სწორედ ამიტომ, ლექციებზე ხშირად ვსაუბრობთ ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რაც ჩვენ კარგ მოქალაქეებად თუ პროფესიონალებად გვაყალიბებს და რაც ეთიკური გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს. ჩემს სალექციო კურსს ყოველთვის ვიწყებ ეთიკაზე საუბრით − რა არის ეთიკური ქცევა, რა გვაყალიბებს და რა შემთხვევაში ვხდებით პროფესიონალები? რა არის ის მთავარი ღირებულება, რომელსაც პირუთვნელად უნდა ვემსახუროთ? ამ თემებზე ფიქრისას ხშირად მახსენდება რეზო თაბუკაშვილის სიტყვები: „პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. ის პროფესიონალიზმი, რომელსაც შენს სამშობლოს მოახმარ“… მინდა, სწორედ ასეთი პროფესიონალები გაიზარდონ ჩემი სტუდენტები.
რამდენიმე სიტყვით სალექციო თემის მიმართულებაზეც…
სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით რამდენიმე საგანს ვასწავლი. მათ შორის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საგანია „საჯარო გამოსვლის ხელოვნება“, რომელსაც მრავალი წელია ვასწავლი და ვარ წიგნის ავტორი „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“. ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, როცა ძალიან ხშირად სრულიად უცნობი ადამიანები მწერენ, თუ როგორ დაეხმარა მათ ჩემი წიგნი გამხდარიყვნენ უკეთესი საჯარო სპიკერები, ჩაეტარებინათ გამართული პრეზენტაცია, ყოფილიყვნენ თავის თავში დაჯერებულნი და რაც მთავარია, დაეძლიათ საჯაროდ საუბრის თანმდევი შიში.
აუცილებლად უნდა შევეხო თქვენს საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა და თანამშრომლობა?
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობა ჩემთვის არ არის სამსახური, რომელიც იწყება დილით 09:00 საათზე და სრულდება საღამოს. ჩემთვის თსუ-ში მუშაობა არის წინაპირობა იმ განცდისა, რომ მე ვემსახურები ერთ-ერთ მთავარ ეროვნულ ინსტიტუციას. მოგეხსენებათ, თსუ-ს განსაკუთრებული როლი მიუძღვის საქართველოს ისტორიაში და დღეს რომ ჩვენ ქართულ მეცნიერებაზე ვსაუბრობთ, ეს დიდწილად, სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებაა. ვიდრე არ დაფუძნდებოდა ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც ქართულ ენაზე წარმართავდა სწავლა-სწავლებისა და კვლევის პროცესს, მანამდე ქართული მეცნიერება ვერ განვითარდებოდა. აღარაფერს ვამბობ თავად ივანე ჯავახიშვილის როლსა და წვლილზე ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. სწორედ ამის გათვალისწინებით, როცა ხარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი და ამ დიდ სურათს იაზრებ, ხვდები, რომ სწორ მხარეს დგახარ. ხშირად მაქვს კერძო სექტორიდან შემოთავაზებები, გაცილებით საინტერესო საჰონორარო სისტემით და სხვა უპირატესობებით, მაგრამ მაინც უნივერსიტეტის ერთგული ვრჩები და ეს განცდა, ვფიქრობ, სამუდამოა.
განათლების როლი და მნიშვნელობა კონკრეტული ადამიანებისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის…
დღეს განათლება აღიქმება, როგორც ადამიანური კაპიტალის ფორმირების მთავარი საშუალება. თავად ეს სიტყვა გვეუბნება, რომ სამწუხაროდ, ადამიანები საკუთარ თავს აღვიქვამთ, როგორც კონკურენტუნარიან პროდუქტს, რომელიც ბაზარზე უნდა გაიყიდოს. მე კი სხვაგვარად მინდა იყოს: ჩემთვის განათლება არის ადამიანის ლტოლვა მიიღოს ცოდნა, შეიმეცნოს რაიმე ახალი. ამიტომ, განათლება უნდა იყოს ადამიანის ნიჭისა და მისწრაფებების რეალიზების საშუალება. სამწუხაროდ, ჩვენ სკოლის ასაკიდანვე გვეუბნებიან, რომ ესა თუ ის კონკრეტული ნიჭი გვერდით გადავდოთ, რადგან ამ ნიჭით „ვერ ვიცხოვრებთ“ და სჯობს მოთხოვნად პროფესიას დავეუფლოთ, რათა ბაზარზე უკეთ „გავიყიდოთ“… ამ დროს ჩვენს მისწრაფებებს, ნიჭს, ინტერესებს ვღალატობთ. ამის გაცნობიერება ძალიან სევდისმომგვრელია…
განათლებას მოაქვს…
განათლებას მოაქვს თვითრეალიზაცია, თვითრეალიზება კი არის ის მდგომარეობა, საითაც უნდა ვისწრაფოდეთ. უფრო ყოფითი სიტყვებით თუ ვიტყვით, განათლებას მოაქვს კარგი სამსახური და სოციალური მობილობის შესაძლებლობა. თუ მელიტოკრატიულ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, სადაც გიფასებენ ცოდნას, მაშინ, რა თქმა უნდა, განათლებას მოაქვს ცხოვრების უკეთესი პირობები. ხოლო უფრო ზოგადად თუ შევხედავთ, როცა ქვეყანაში განათლების სისტემა კარგადაა ორგანიზებული, ეს ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას დაიკმაყოფილოს გარესამყაროს შემეცნების ლტოლვა. ორივე თვალსაზრისით, განათლება განვითარების მთავარი ქვაკუთხედია და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
მოკლედ თქვენს ოჯახსაც შევეხოთ. არაჩვეულებრივი დედის − ირმა სოხაძის, და საუკეთესო მამის − რეზო ასათიანი ქალიშვილობა… ეს დიდი პასუხისმგებლობაა? მთავარი, რაც გასწავლეს ოჯახში…
მუდამ ვამბობ, რომ არ ვიცი რით დავიმსახურე ასეთ არაჩვეულებრივ ოჯახში დაბადება და გაზრდა. ხშირად ვეცნობით გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებს, თუ როგორ შექმნეს საკუთარი თავი და როგორი self-made-ფიგურები არიან. მე მათ რიგებს არ მივეკუთვნები. თუკი რაიმეს წარმოვადგენ, ეს დიდწილად ჩემი ოჯახის დამსახურებაა. ისეთ ოჯახში გავიზარდე, ალბათ, უკეთესიც უნდა ვყოფილიყავი, ვიდრე დღეს ვარ. სადაც მივდივარ, ყველას ღიმილი ეფინება სახეზე, როცა იგებენ ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. ამ კეთილგანწყობას გაფრთხილება უნდა და ამ თვალსაზრისით, ცხადია, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
რა უნდა გაითვალისწინოს ახალგაზრდამ, რომელიც ირჩევს პროფესიას?
უნდა გაჰყვეს თავის გულისთქმას. ყველა ადამიანს აქვს რაღაცის ნიჭი. განათლება სწორედ ამ ნიჭის დახვეწას უნდა ემსახურებოდეს. ძალიან რთულია, როცა რაიმეს ნიჭი გაქვს და განათლებას სულ სხვა მიმართულებით იღებ. ამის შედეგი კი გაუთავებელი ჭიდილია საკუთარ თავთან. სწორედ ამიტომ, ყველას ყოველთვის ვურჩევ, დაანებონ ე.წ. პრესტიჟულ და კომერციულად მომგებიან პროფესიებს თავი და მოუსმინონ საკუთარ მისწრაფებებსა და ნიჭს, რისი ერთგულებაც ყოველთვის ამართლებს. კარგი სახელმწიფო არის სწორედ ის სახელმწიფო, სადაც ნებისმიერი ადამიანის მისწრაფებები და პროფესიული დახვეწა ფასდება, მიუხედავად იმისა, ეს დღეს მოთხოვნადია თუ არა ბაზარზე.
არის თუ არა განათლება იარაღი, რომელიც იგებს ყველა ომს? და თუ არსებობს აქ მისი წესები?
არსებობს კულტურული და ეკონომიკური კაპიტალი. სამწუხაროდ, ეკონომიკურ კაპიტალს ყოველთვის უფრო დიდი წონა აქვს, ვიდრე კულტურულს, რომლის მთავარი შემადგენელი სწორედ განათლებაა. გადავხედოთ მსოფლიოს, ყველგან ასეა. შესაბამისად, ეკონომიკური კაპიტალი იგებს. უფრო ზუსტად რომ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას, სამწუხაროდ, ფული იგებს ომს და არა განათლება. თუმცა, განათლება გვჭირდება, რათა არ გავხდეთ მანიპულირების მსხვერპლნი. ჩვენი დღევანდელი ინტერვიუს მთავარ იდეას რომ დავუბრუნდეთ, განათლება სამყაროს შეცნობაში გვეხმარება − რაც მეტად გვაქვს გარემოს შეცნობის წყურვილი, მით უფრო სკეპტიკურად ვუყურებთ ოფიციალური წყაროებით თუ მასობრივი კომუნიკაციის გზით მიღებულ ინფორმაციას. გვიჩნდება სურვილი მეტი გავიგოთ, დამოუკიდებლად გავაანალიზოთ მიღებული ინფორმაცია და თავად გამოვიტანოთ დასკვნები. ამ კუთხით განათლებამ, ახლის შეცნობის წყურვილმა, შესაძლოა მოიგოს ომი − ის საინფორმაციო ომი, რომელშიც დღეს მსოფლიო იმყოფება.
ტექსტი: მარიამ გაბედავა
ფოტო: ალექსეი სეროვი