ბოლო პერიოდში ადამიანები ხშირად იყვანენ ოთხფეხა შინაურ ცხოველებს, რაც, დამეთანხმებით, უდიდესი პასუხისმგებლობაა. მათი უმრავლესობა კი ჯიშიანი ცხოველის ყიდვას ანიჭებს უპირატესობას, მაშინ, როდესაც გარეთ, ქუჩასა და თავშესაფრებში ამდენი უჯიშო ძაღლია, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი მოვლა-პატრონობა. რა თქმა უნდა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შინაური ცხოველის ჯიშს, მათ ყველას ერთნაირად შეუძლიათ იყონ ჩვენი საიმედო მეგობრები. მათ ერთნაირად სჭირდებათ ყურადღება, მზრუნველობა და სწორი რაციონი. სწორედ ამ უკანასკნელის უკეთ განსაზღვრაში დაგეხმარებათ კომპანია „ზოოსტანდარტი“, რომელიც უპირველესად წარმოადგენს თანამოაზრე ადამიანების გუნდს, რომელთაც ოთხფეხა მეგობრების სიყვარული და მათზე მზრუნველობის სურვილი აერთიანებს.
კომპანია საქართველოს მასშტაბით ყველა მსურველ ზოომაღაზიასა და ვეტერინარულ კლინიკას უმაღლესი ხარისხის პროდუქციით ამარაგებს. „ზოოსტანდარტი“ ისეთი საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წამორმომადგენელია საქართველოში, როგორებიცაა MONGE (იტალიური – სუპერპრემიუმ ხარისხის მშრალი და სველი საკვები და სნექები), GRANDORF (ბელგია – სუპერპრემიუმ ხარისხის საკვები), COLLAR (უკრაინა – პრემიალური ტანსაცმელი და აქსესუარები), RIO & Little One (გერმანია – ფრინველებისა და მღრღნელების სუპერპრემიუმ საკვები), TiTBiT – (ინტერნაციონალური კომპანია – სნექები), BELLOTTA (ტაილანდი – სუპერპრემიუმ ხარისხის სველი კვება დამზადებული ოკეანის თინუსის ბაზაზე), Farm Compani (იტალია – უმაღლესი ხარისხის აქსესუარები და ჰიგიენის საშუალებები) და სხვ.
ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც დღეს ერთ დროს მიუსაფარი ძაღლების პატრონები არიან.
კახი მამულაშვილი და ოდი
წელიწადი და 8 თვეა, რაც ოდი ჩვენი ოჯახის წევრია, სახელი მარიამმა დაარქვა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ოთხფეხა მეგობრის ყოლა, აკირამ და ოდიმ სხვა თვალით დამანახვა სამყარო, ძალიან შევიცვალე, 8 თვეა, რაც ხორცს აღარ ვჭამ.
ერთხელ ლელას აკირა გასასეირნებლად ჰყავდა წაყვანილი. სახლში რომ დაბრუნდა, მითხრა, ერთი ძაღლი ვნახე ქუჩაში, თოვლში აქეთ-იქით დარბის და ვნერვიულობ, მანქანამ არ დაარტყას, სახლში უნდა წამოვიყვანოო. ვუთხარი, ეს ძაღლიც გაიზრდება და სახლში ამხელა ძაღლები არ გვინდა-მეთქი, თუმცა ლელამ ვერ მოისვენა, უნდა მოვიყვანოო. გარეთ გავედით და ორი საათი ვეძებდით, ბოლოს ისევ იმ ადგილას დავბრუნდით, სადაც ლელამ ის ძაღლი ნახა და უცებ მაღაზიიდან არ გამოცუნცულდა? ლელა რომ დაინახა, ეტყობა, იცნო და მაშინვე მიახტა. ეს არის-მეთქი? კიო. სწორედ ამ დროს ქალბატონიც გამოვიდა მაღაზიიდან, რომელმაც გვითხრა, ეს ძაღლი მაჩუქეს, მაგრამ ძალიან ჭირს მოვლა, ბევრი რამ სჭირდება და არ ვიცი, რა ვქნაო. თუ ვერ უვლით და პრობლემურია, მე წავიყვან, ხვალამდე მოიფიქრეთო, – უპასუხა ლელამ. მეორე დღეს დაგვირეკა – ქალბატონო ლელა, ჩვენ ვერ მოვუვლით და თუ გნებავთ, წაიყვანეთო. ასე აღმოჩნდა ჩვენს ოჯახში ოდი, რომელიც პატიოსანი ძაღლი გვეგონა და აღმოჩნდა „ბანდიტი“, ჩვენი მშვიდი აკირაც აიყოლია და გააგიჟა.
რა თქმა უნდა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ძაღლის ჯიშს, მათ ყველას სჭირდება ჩვენი მზრუნველობა. ოდის მერე უფრო დიდ ყურადღებას ვუთმობ ქუჩის ძაღლებს, ვცდილობ, შეძლებისდაგვარად დავეხმარო ადამიანებს, ვისაც თავშესაფარი აქვს და ცხოველებს უვლიან.
სოფო შამანიდი და დობი
დობი მომაკვდავი ლეკვი იყო, როდესაც ჩემმა ძმიშვილმა სამსახურთან იპოვა. ის თავის სამ და-ძმასთან ერთად იყო, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოვახერხეთ. ძალიან მძიმეა ქუჩაში დაბადებული ლეკვების ბედი, მათი უმეტესობა იღუპება. მას შემდეგ დობი ჩვენთან ცხოვრობს, მისმა გამოჩენამ ოჯახში დიდი აურზაური გამოიწვია – დედაჩემს, რომელიც მანამდე ერთ ძაღლს ძლივს უძლებდა (ის პირველი დიდი ქოფაკი ვინმეა), მეორე ძაღლის დანახვაზე ელდა ეცა. ფაქტობრივად, ყველაზე მეტ დროს სახლში ძაღლები სწორედ ნანი ბებოსთან ერთად ატარებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, დობი დღემდე მხოლოდ ბებოს ხელიდან ჭამს საჭმელს და თუ ნანი ბებომ ხელიდან არ აჭამა, თავის საკვებს პირს არ აკარებს. ასეთი სიყვარული აქვთ.
არ აქვს მნიშვნელობა, ჯიშიანია ძაღლი/კატა თუ უჯიშო (ამ სიტყვას ვერ ვიტან), მათი მოვლა დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ფაქტობრივად, გყავს შვილი, რომელიც არასდროს იზრდება, რომელსაც წლები უნდა აჭამო, ასეირნო, ეფერო, ეთამაშო. იმდენად დიდია სიყვარული, რომელსაც ძაღლი ან კატა გაძლევს, რომ ყველანაირი შრომა და მათზე ზრუნვა გამართლებულია. ძაღლს ან კატას იმიტომ კი არ ვიყვანთ, რომ მათზე ვფიქრობთ, პირიქით, საკუთარ თავს ვუკეთებთ საჩუქარს.
ჩემთვის გაუგებარია, რატომ იყვანს (ყიდულობს) ხალხი ჯიშიან ცხოველს, როდესაც ამდენი მიუსაფარია გარეთ. ჯიშის მიხედვით ძაღლისა და კატის არჩევა იგივეა, მეგობარი რომ გარეგნობით აირჩიო. დობის გარდა კიდევ ორი ძაღლი გვყავს სოფელში – დათო და ტობი. დათო ძალიან მოხუცია, უკვე ძლივს დადის, მაგრამ როცა მხედავს, მთელ ძალ-ღონეს იკრებს, გამორბის და მეხუტება. ტობი პატარა და შტერია, მაგრამ ვიცი, რომ საკუთარ თავზე მეტად ვუყვარვარ და მეც ვცდილობ ეს სიყვარული როგორმე დავუბრუნო. დათო თითქოს ერთი ჩვეულებრივი ქუჩის ძაღლია, სინამდვილეში კი ბევრ ჩემს ნაცნობზე უფრო ჭკვიანია – პოლიტიკაზე მაინც არ საუბრობს, თუ არ ესმის.
ნატალია (ტუსია) ბერიძე და ნენა
სახელი ჩემმა შვილმა დაარქვა, „პიტერ პენში“ მომვლელი ძაღლის, „ნენას“ პატივსაცემად. ნენამდე 15 წელი მყავდა მეტისი, რომელიც საბერძნეთში ვიპოვე და გერმანიაში ჩემთან ერთად ცხოვრობდა. შემდეგ ჩამოვიყვანე საქართველოში, 15 წლის მერე კი მესამე სართულიდან გადმოვარდა და ასე ტრაგიკულად დაგვეღუპა. ეს ამბავი ძალიან განიცადა ჩემმა შვილმა (ლეამ), ამბობდა, რომ ძაღლს აღარ იყოლიებდა, თუმცა ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ, ჩემმა მეგობარმა, ალექსანდრე კორძაიამ სოცქსელში დადო პოსტი, სოფელში ლეკვები გაჩნდნენ და ვინმეს ხომ არ უნდაო, რათა უპატრონოდ არ ყოფილიყვნენ. როცა ფოტო ვუჩვენე ლეას, ერთ-ერთი ლეკვი ძალიან მოეწონა, გაგიჟდა. გამიხარდა, ლეამ ის ტრაგიკული ამბავი რომ გადალახა, ამიტომ დაუფიქრებლად, ჩემს ქმარს არც ვკითხე, ისე მივიღე გადაწყვეტილება და ორი კვირის ლეკვი ჩამოგვიყვანეს. დღეს ლეა და ნენე უკვე დებივით არიან, გიჟდებიან ერთმანეთზე. ძალიან კარგად ერთობიან და თამაშობენ. რაც შეეხება გასეირნებას, ძირითადად ნიკა ასეირნებს. აცრები, ექიმთან ვიზიტი და გრუმინგი ჩემს მოვალეობაში შედის.
არასდროს მქონია ჯიშიანი ძაღლის ყიდვის სურვილი, ჩემთვის ჯიშს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყოველთვის ვიცოდი, თუ შინაური ცხოველი მეყოლებოდა, მიუსაფარს ავიყვანდი, ვისაც იცი, რომ შენი დახმარება, მოვლა-პატრონობა სჭირდება. ვფიქრობ, რომ მეტისები განსაკუთრებულად ჭკვიანები და მეგობრულები არიან, აქვთ საოცარი უნარი, შენ მიმართ მადლიერება გამოხატონ. ძალიან კარგი იქნება, რომ უფრო მეტმა ადამიანმა აიყვანოს ქუჩიდან თუ თავშესაფრიდან ძაღლები და ის მდგომარეობაც, რაც ახლა მიუსაფარ ძაღლებს აქვს საქართველოში, შედარებით გამოსწორდება.
ლელა ცისკარიშვილი და მოლი, ოსო და ნუსიკო
მყავს ორი ცუგა – მოლი და ნუსიკო, და ერთი კატა – ოსო. მოლი 2019 წელს შემოვიდა ჩვენთან აგარაკზე და მას მერე ჩვენი ოჯახის წევრია. შარშან ოსო ვიპოვეთ და ბოლოს ნუსიკო, რომელიც ჩემმა შვილმა ტყეში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოაჩინა. ყველაზე მეტად, ალბათ, მოლიმ შეგვცვალა, რადგან პირველი შინაური ცხოველი იყო. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ბავშვები შინაურ ცხოველებთან ერთად იზრდებოდნენ, ისინი ამით ზრუნვასა და სიყვარულს სწავლობენ, ანალოგიურად, ზრდასრულებიც ვსწავლობთ უპირობა სიყვარულს.
რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობაა შინაური ცხოველის ყოლა და ასევე, თითქოს უფრო ფაქიზი და მგრძნობიარე ხდები სამყაროს მიმართ.
მოგეხსენებათ, საქართველოში მიუსაფარი ცხოველების ყოფა ძალიან მძიმეა. ჩემი რეკომენდაცია იქნება, შინაური ცხოველები არ იყიდოთ, არა… აიყვანეთ ქუჩიდან, თავშესაფრებიდან. მეტისები არიან საოცარი არსებები, გაგიბედნიერებენ ცხოვრებას, ჩათვალეთ, რომ მათთან გატარებული თითოეული დღე დიდი საჩუქარია.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი