რა არის პროპაგანდა ?
პროპაგანდა არის გავლენის უმძლავრესი იარაღი. მისი საბოლოო მიზანია ადამიანების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება და მათი ქმედებების კონტროლი. საკმარისია განვიხილოთ გებელსის, აიათოლა ჰომეინისა და პუტინის პროპაგანდისტული ნარატივები, ვნახავთ აბსოლუტურ მსგავსებას იმაში, თუ რა პრინციპებს ეყრდნობიან ისინი მასების ზომბირება-დამორჩილებისას.
მაგალითად, გებელსი ნაცისტურ გერმანიაში ეყრდნობოდა მტრის ხატის იდეას და შიშს, შექმნა მტრის ხატი ებრაელებისგან და ერთიანი, ძლევამოსილი გერმანიის წარმოსაჩენად მტრის დამარცხება და ბრძოლა გამოაცხადა გამოსავლად.
ჰომეინმა, ისლამური რევოლუციის პერიოდში, აქცენტი გააკეთა აშშ-ისა და დასავლური ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ მესიჯებზე (შექმნა მტრის ხატი დასავლეთისგან და აშშ-სგან). გამოიგონა „დიდი სატანის“ იდეა და რევოლუცია წარმოაჩინა როგორც კულტურული და რელიგიური ბრძოლა და ხსნა. ირანელი ხალხი კი, ვინც ამ ბრძოლაში ჩაებმებოდა, გმირებად შერაცხა.
ვლადიმირ პუტინი ხშირად იყენებს წარსულის იდეალიზაციას, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დიდების დაბრუნების იდეას. მასში დიდი აქცენტი კეთდება ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაზე, და ყველა, ვინც ეროვნულ სუვერენიტეტს „უქმნის საფრთხეს“, მტერია.
ძლევამოსილ რუსეთს მტერთან – ამ შემთხვევაში უკრაინასთან ომი აქვს გაჩაღებული, რათა თავისი ღირსება და ერთიანობა დაიცვას და თითოეული ჯარისკაციც გმირია, რომელიც ამ ომში მონაწილეობს.
შესაბამისად, გებელსის, აიათოლასა და პუტინის პროპაგანდის მთავარი მახასიათებლები არის საერთო (გამოგონილი) „მტრის“ წინააღმდეგ საზოგადოების გაერთიანება და ბრძოლა, რეალურად კი ამ საზოგადოების დამორჩილება, თავისი კონტროლის ქვეშ მოქცევა, მართვა და მანიპულირება.
სამივე შეთხვევაში პროპაგანდისტული მესიჯები შემდეგ ძირითად პრინციპებს ეყრდნობა და ძალიან მსგავსია იმისა, რასთანაც საქართველოს შემთხვევაში გვაქვს საქმე:
უფრო რომ განვმარტოთ, რას ნიშნავს მტრის ხატის შექმნა?
ეს არის პროპაგანდისტების მიერ აპრობირებული სტრატეგია, ისინი იყენებენ სტრატეგიას – „ჩვენ და ისინი“, რაც საზოგადოებას ყოფს „გმირებად“ და „მტრებად“, მაგ. „გლობალური ომის პარტია“, „დიფ სთეითი“, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ა.შ.
რა არის ის მთავარი მახასიათებლები, რაც ამძაფრებს პროპაგანდას და ქმნის მას მუშა მექანიზმად მასების სამართავად?
პირველ რიგში, ეს არის ემოციური სიმძაფრე, მესიჯები ხშირად არის ემოციურად დატვირთული, რაც ამარტივებს ხალხის შთაგონებას. გაიხსენეთ „ოცნების“ ბილბორდები – ომი თუ მშვიდობა.
შემდეგ არის განმეორებადობა (repetition) – რეგულარულად განმეორებადი მესიჯები ღრმად იბეჭდება საზოგადოებრივ ცნობიერებაში. ხელისუფლების პირების მიერ გამუდმებით ერთი და იმავე მესიჯის გაჟღერება სწორედ ამისკენაა მიმართული.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პროპაგანდისტული მესიჯები იყოს მარტივი და ადვილად გასაგები. მას არ უნდა სჭირდებოდეს მაღალი ინტელექტი, რომ სათქმელი მივიდეს მსმენელამდე. „ომში გვითრევენ“, „კაცების ქორწინება უნდათ“ და ა.შ. ამის ნათელი მაგალითია.
საინტერესოა თქვენი, როგორც ფსიქოლოგის განმარტება, რატომ იჯერებენ ადამიანები მსგავს პროპაგანდისტულ მესიჯებს? როგორ მუშაობს პროპაგანდა ადამიანის ფსიქოლოგიაზე?
ადამიანები იჯერებენ პროპაგანდას, რადგან ის ხშირად პასუხობს მათ შიშებსა და მოლოდინებს. ეს მესიჯები წარმოაჩენს პრობლემის „მარტივ“ გამოსავალს და აძლევს სოციუმს ერთიანობისა და უსაფრთხოების ილუზიას. კიდევ უფრო ვიწროდ რომ ავხსნა, პროპაგანდა ადამიანის ტვინის ფიზიოლოგიასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რადგან ის მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ადამიანებზე გავლენის მოხდენა, სწორედ ტვინის მუშაობას ეფუძნება. ტვინის სხვადასხვა ზონა და ნეიროქიმიური პროცესები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ადამიანი პროპაგანდაზე.
მაგალითად, ტვინის ამიგდალა არის პასუხისმგებელი ემოციების, განსაკუთრებით შიშისა და სიბრაზის განცდაზე. პროპაგანდა იმისთვის იყენებს მტრის ხატს და შიშის ფენომენს, რათა ამიგდალა გააქტიუროს, რაც ზრდის საზოგადოებაში მობილიზაციას და ქმნის აგრესიას და ავითარებს თავდაცვის რეაქციებს.
ემოციურად დატვირთული ინფორმაციის მიღებისას ტვინში გამოიყოფა დოფამინი, რომელიც სიამოვნების განცდას უკავშირდება. როდესაც ადამიანი იჯერებს პროპაგანდისტულ შეტყობინებას და გრძნობს, რომ „გაიგო ჭეშმარიტება“, დოფამინის გამომუშავება სიამოვნების განცდას უჩენს და ამ გზით აძლიერებს შეტყობინების მყარად დამახსოვრებას.
შუბლის წილები ეს არის ტვინის ზონა, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღებაზე, ანალიზსა და კრიტიკულ აზროვნებაზე. პროპაგანდისტული ტექნიკები ხშირად ცდილობს ამ ზონის გვერდის ავლას და ტვინის უფრო ემოციურ ნაწილებზე ფოკუსირებას, რათა ინფორმაცია ნაკლებად გაანალიზებულად აღიქმებოდეს.
პროპაგანდა ხშირად იყენებს კრიზისებისა და საფრთხის იდეებს, რაც იწვევს სტრესის ჰორმონების (მაგ., კორტიზოლი) გამოთავისუფლებას. სტრესის დროს ტვინი სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს და ეყრდნობა გამარტივებულ, ემოციურ რეაქციებს. ეს ხელს უწყობს იმ პროპაგანდისტული გზავნილების მიღებას, რომლებიც მარტივად აღქმადი და აგრესიულია. მაგ. „გლობალური ომის პარტია ომში გვითრევს“. „ევროკავშირი გვსჯის, რადგან მშვიდობა ვარჩიეთ ომს“ და ა.შ.
როდესაც ადამიანი გრძნობს საფრთხეს, ტვინი ეძებს უსაფრთხოების გზებს. პროპაგანდა ხშირად ნეოკორტექსის მუშაობას აძლიერებს კონტროლის სურვილის გაღვივებით, რისთვისაც იგი ადამიანს მარტივ გამოსავლებს და მკაფიო მტრის ხატს სთავაზობს. ჩვენ კონტექსტს რომ მოვარგოთ – „დარჩი ხელისუფლების ერთგული და დაცული იქნები, სხვაგვარად ან ნაციონალები მოვლენ, ან ომი გაჩაღდება, ან გეები დაგვიპყრობენ“.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, პროპაგანდა ხშირად ეყრდნობა განმეორებას, რაც მეხსიერებაში ინფორმაციას მყარად ინახავს. ჰიპოკამპი, რომელიც მეხსიერების ფორმირებაზეა პასუხისმგებელი, განმეორებადი ინფორმაციის მიღებისას ქმნის მყარ კავშირებს, რაც ადამიანს არწმუნებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეა. რაც მეტად ახსენებენ სრულიად აბსურდულ ტყუილს, მით მეტად იჯერებს ადამიანი. გებელსიც ასე მიიჩნევდა, რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელი იყო ტყუილი, მით მეტად იჯერებდა საზოგადოება, ხოლო იმდენჯერ უნდა გაგემეორებინა ეს ტყუილი, რომ თავადაც დაგეჯერებინა.
განმეორებადი შეტყობინებები ახდენს ტვინის ნეირონული კავშირების რეორგანიზაციას, რაც აისახება რწმენებსა და ქცევებზე. მაგალითად, თუ ადამიანი გამუდმებით მოისმენს ერთი ტიპის პროპაგანდისტულ გზავნილს, ეს მის აზროვნებაში მყარად ჩამოყალიბდება. და ამიტომაცაა შემდეგ ძალიან რთული ის საწინააღმდეგო აზრზე გადმოიყვანო.
პროპაგანდა ხშირად ანიჭებს ადამიანს იდენტობისა და კუთვნილების გრძნობას (მაგ., „ჩვენ“ ჯგუფის წევრად აღიქვამს მას), რაც ააქტიურებს ჯილდოს სისტემას და აძლიერებს სოციუმში ინტეგრაციის განცდას. ეს ტვინის დონეზე იწვევს უფრო დიდ სიმპათიებს პროპაგანდისტული მესიჯების მიმართ. მაგ. სამთავრობო მესიჯბოქსი, რომელიც კონკრეტული ჯგუფების ინტელექტის დაკნინებას ისახავდა მიზნად და, შესაბამისად, მეორე ჯგუფის ინტელექტუალური უნარების დაფასებას.
როგორ ფიქრობთ, სადაა გამოსავალი?
თუკი გვაქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გვყავდეს პროპაგანდის მსხვერპლი, ალტერნატიული ინფორმაცია ზუსტად ისეთივე სიმძლავრით უნდა მიეწოდებოდეს, როგორც პროპაგანდისტული მესიჯი. მაგალითად, ევროკავშირის სარგებელზე, რუსეთის მტრობასა და ა.შ. ამბები ისევე მარტივი, განმეორებადი და ემოციურად დატვირთული უნდა იყოს, რომ ისეთივე გამაღიზიანებელი ეფექტი ჰქონდეს და ისევე ჩაიბეჭდოს ტვინში.
ტვინის ფიზიოლოგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროპაგანდის გავრცელებასა და მიღებაში. ემოციური რეაქციები, განმეორება, ჯგუფური ზეგავლენა და უსაფრთხოების სურვილი ტვინის მექანიზმებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. პროპაგანდისგან დასაცავად საჭიროა კრიტიკული აზროვნების, თვითანალიზის და ალტერნატიული ინფორმაციის მიღების უნარების განვითარება, რაც ტვინს გადაწყვეტილების მიღების პროცესს უფრო ლოგიკურს და ნაკლებად ემოციურს გახდის.
ჩემი აზრით, პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობა ბევრად უფრო ადრე უნდა დაგვეწყო, შესაბამისად, შედეგიც განსხვავებული გვექნებოდა.
ტექსტი: სალომე სიხარულიძე
ფოტო: მაკა მეგრელიძე