მიიჩნევს, რომ ადამიანის უპირველესი დანიშნულებაა იყო ის, ვინც ხარ სინამდვილეში, რათა შეძლო სამყაროში, რომელიც თავად ხარ, იპოვო საკუთარი თავი და მიჰყვე მიზნებს, რომელიც ხან სწორ დანიშნულებამდე მიგიყვანს, ხან არა, მაგრამ გასწავლის, როგორ იყო უფრო ძლიერი. „OK! ბათუმის“ სტუმარი ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კლინიკა „საგიტარიუსის“ დამფუძნებელი ეკატერინე გვარიშვილია, რომელსაც უსმენ და ხვდები, გარდა პროფესიონალიზმისა, როგორი უნდა იყოს ადამიანი, ექიმი, რომელიც ყოველთვის დაიმსახურებს საზოგადოების ნდობასა და სიყვარულს. მიაჩნია, როცა ადამიანი საკუთარი შრომით იღებს შედეგს, მას ეძლევა შესაძლებლობა, როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებსაც მიანიჭოს ბედნიერება და ასეც ხდება, ცხოვრების გზაზე, სხვა მნიშვნელოვან საქმეებთან ერთად, თავისი მთავარი მოწოდება ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგომაა. „OK! ბათუმის“ ფურცლებიდან უფრო ახლოს გაეცანით ეკატერინე გვარიშვილის ცხოვრებისეულ მიგნებებსა და მისწრაფებებს.
იმიტომ უნდა მოვსულიყავი ამ სამყაროში, რომ…
ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვაა და მხოლოდ მასზე პასუხის გაცემის შემდეგ ხდება ადამიანი ჭეშმარიტად ბედნიერი და შეიმეცნებს საკუთარ ჭეშმარიტ არსს. ეს კითხვა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა დაუსვა შენს თავს. იქნებ, იმისთვის მოვედი, რომ კარგი განათლება მიმეღო? ან იმისთვის, რომ მქონოდა კარგი სამსახური და ათობით წელი მიმეძღვნა მისთვის? მე მაინც ვფიქრობ, რომ არის რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, რისთვისაც ღირდა 50-წლიანი გზის გავლა… საქმისგან, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვაკეთებთ. დიახ, ხანგრძლივი შრომით ჩვენ მოვიპოვებთ ხოლმე ღირსეულად ცხოვრების ძირითად საშუალებებს – საკვებს, ტანსაცმელს, სახლს, სოციალურ მდგომარეობასა და ურთიერთობებს, მაგრამ ყველაფერი ეს ცხოვრების მხოლოდ საშუალებებია და არა მთავარი მიზანი. ამ შეკითხვაზე მარტივად და ერთმნიშვნელოვნად პასუხის გაცემა რთულია, რადგან სამყაროში შენი ადგილისა და მისიის სწორად გააზრებაზე შესაძლოა მთელი ცხოვრება იყოს დამოკიდებული. ეს სწორედ ის პასუხია, რომლის პოვნაზე დრო და ძალისხმევა უნდა დახარჯო. ამ კითხვაზე გაცემულ სწორ პასუხს შეუძლია უამრავი რამ შეცვალოს ჩვენს ცხოვრებაში, დაამსხვრიოს ძველი და ააგოს ახალი, ახლებურად დაგვანახვოს მოვლენები და საგნები და გადაგვაფასებინოს მათი ღირებულება. ვფიქრობ, უამრავი ადამიანი დამდგარა ასეთი კითხვის წინაშე და არც მე წარმოვადგენ გამონაკლისს. როგორც წესი, ამგვარ სულიერ წიაღსვლებს ადამიანი უკვე მოწიფულ ასაკში იწყებს, მაშინ, როცა გრძნობს დაღლას იმის გამო, რომ უკვე მრავალი წელია ირგებს სხვადასხვა იპოსტასს, მაგრამ ვერ ახერხებს იყოს ის, ვინც არის სინამდვილეში. გულახდილად რომ გითხრათ, ჩემი „ახალი პიროვნების“ ჩამოყალიბების პროცესში კარგად ვაცნობიერებდი, ვინ ვარ სინამდვილეში და რისთვის მოვედი ამქვეყნად. ახლა ჩემი ყოველი დილა აზრითაა დატვირთული და ალბათ, ამიტომ, დღეს ჩემთვის უცნობია ისეთი ემოციები, როგორებიცაა უკმაყოფილება ან დაუკმაყოფილებლობა, გაკიცხვა და განსჯა, შიში, წყენა, თვალთმაქცობა… ვცდილობ, გახსნილი ვიყო სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, აღარაფერს ვიგუბებ სულში, არ მეშინია ვიყო „ნამდვილი“ და დავანახვო საკუთარი თავი მთელ სამყაროს, აღარასოდეს ვყოფ ადამიანებს კარგებად და ცუდებად.
იმის გააზრებასთან ერთად, რომ სამყარო ერთი დიდი მთლიანი ორგანიზმია და თითოეული ჩვენგანი – მისი განუყოფელი შემადგენელი ნაწილი, თავისთავად კარგავს აზრს კითხვა, ვისთვის ვცვლით მას უკეთესობისაკენ, რადგან ხვდები, რომ შენ თავად ხარ სამყარო და საკუთარი თავისთვის ცვლი მას. მჯერა, რომ ადამიანის უპირველესი დანიშნულებაა, იყო ის, ვინც ხარ. ვფიქრობ, შევძელი მიმეცა საკუთარი თავისთვის უფლება, ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ, ხოლო სხვებისთვის – მათი ნამდვილი არსის წარმოჩენის შესაძლებლობა. ჩემთვის ცხადი და ერთმნიშვნელოვანია, რომ უნდა ვიყო ისეთი, როგორიც ვარ, რათა ვიყო ბედნიერი. ბედნიერი ადამიანი არავის განსჯის, მას ყველა უყვარს, რადგან ის უსასრულო სამყაროს ჰარმონიულ ნაწილად გრძნობს თავს. საიდუმლო არ არის, ბევრი სამსახურს მხოლოდ იმიტომ ირჩევს, რომ საბოლოო ჯამში, ხელფასმა ან სტატუსმა მოუტანოს ბედნიერება. რეალურად, ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდება ხოლმე. ბედნიერების „გადავადება“ ან დათმობა ყოველთვის ცუდად მთავრდება, რადგან ხვალინდელი „ბედნიერება“ დღევანდელი „უბედურების“ კომპენსაციად არ გამოდგება. ცხადია, პროფესია უნდა ერგებოდეს თითოეულ ადამიანს, რადგან უდიდეს ბედნიერებას ის საკუთარი შრომის შედეგით ტკბობისაგან იღებს. ჩემი პროფესია, ამ მხრივ, ორმაგად მომგებიანია, რადგან მე მაქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ საკუთარი თავი გავაბედნიერო, არამედ სხვა ადამიანებსაც მივანიჭო ბედნიერება.
რას მიიჩნევთ თქვენი წარმატების ერთგვარ ფორმულად?
ჩემი აზრით, იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო, მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იცვლებოდე და იხვეწებოდე. ვფიქრობ, წარმატებისკენ მიმავალი გზა ერთგვარი სისტემაა, რომელსაც მზარდი ეფექტი გააჩნია და რაც მეტ ძალისხმევას დებ მასში, მით მეტი უკუგება გაქვს. ეს გზა რთულია, მაგრამ თუკი საქმეს სიამოვნებით აკეთებ, ის მსუბუქი და მარტივად დასაძლევი ხდება. ამ გზაზე ბევრი პატარა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დაბრკოლებაა, რომელთა გადალახვაც, საბოლოოდ, წარმატების დიდ და მნიშვნელოვან ეპიზოდად იქცევა.
სამწუხაროა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი არ არის მზად დაბრკოლებების გადასალახად და საკუთარ თავზე სამუშაოდ. ბევრი მყისიერ ცვლილებებს ელოდება და მოთმინება არ ჰყოფნის, თანმიმდევრულად იმოქმედოს, მაშინ, როცა, წარმატებისაკენ მიმავალი გზა სწორედ კონკრეტულ მოქმედებებსა და მკაფიო სამოქმედო გეგმის არსებობას მოითხოვს. მე საკუთარი თავისთვის განვსაზღვრე რამდენიმე ძირითადი წესი, რომელიც ჩემი გეგმების წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს და რომელთა გარეშეც ჩემთვის ყოველი მოქმედება ფუჭია: ყოველი ადამიანი თავადაა პასუხისმგებელი საკუთარ საქციელსა და მოქმედებაზე, არასოდეს ღირს საკუთარ წარუმატებლობაში სხვების დადანაშაულება, უპრიანია მეტი ვიმოქმედოთ და მეტად გავრისკოთ, ყოველი წარუმატებლობა უნიკალურ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ. მე ვცდილობ მხოლოდ პოზიტიურად ვიფიქრო და ვილაპარაკო, არასოდეს ვეძებ მიზეზებს ან დამნაშავეს, მაგრამ ვეძებ გზებს, სწრაფად და ეფექტურად მივაღწიო დასახულ მიზანს. წარმატების მიღწევას ნებისმიერ სფეროში ნეგატიური აზროვნება აფერხებს, რადგან ნეგატივი არავის განაწყობს სამოქმედოდ. ამ ტიპის აზროვნების მქონე ადამიანები თავიანთ წარუმატებლობას ხან უიღბლობას მიაწერენ, ხან საჭირო კავშირების არქონას ან სხვა გარე ფაქტორებს. ამ დროს ყოველმა განათლებულმა ადამიანმა კარგად იცის თანამედროვე ფსიქოლოგიის ტექნოლოგიები, რომლებიც წარმატებისთვის საჭირო განწყობის შექმნაში გვეხმარება, მაგრამ ნეგატიური აზროვნების გამო, არ ან ვერ იყენებს მას. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნეგატიური აზროვნება ზღუდავს და ბლოკავს ადამიანის სურვილებსა და მისწრაფებებს, რომლებიც, თავის მხრივ, უდიდეს როლს ასრულებენ ცხოვრებისეული მიზნის განსაზღვრაში. ხშირად ადამიანები თავად იმწყვდევენ თავს შეზღუდვების, აკრძალვებისა და პირობითობის გალიაში. ეს იმიტომ ხდება, რომ ირგვლივ მყოფები – ნათესავები, ახლობლები – თავს გვახვევენ ხოლმე თავიანთ წესებსა და აზრებს და ადგილს არ გვიტოვებენ საკუთარი მოსაზრებებისთვის. ამიტომ ჩემთვის წარმატების ფორმულა ცალსახად გულისხმობს წლობით არსებულ სტერეოტიპულ ქცევებსა და აზრებზე უარის თქმას. წარმატებულ და მიზანდასახულ ადამიანს გააჩნია უნარი, სწრაფად შეცვალოს სტერეოტიპული რეალობა კონსტრუქციული და პრაქტიკული აზროვნებით, რომელიც ინდივიდისთვის სწორად მოქმედების ინსპირაციად იქცევა. საკუთარი თავისთვის გარკვეული სქემა შევიმუშავე: ყოველდღე ვაანალიზებ ჩემს აზრებს, გრძნობებსა და საქციელს. ვაზროვნებ მხოლოდ პოზიტიურად, ვაკორექტირებ წლების მანძილზე შეძენილ ჩვევებსა და აზრებს ოპტიმიზმისა და პოზიტივის მიმართულებით. ვისახავ კონკრეტულ მიზნებს, ვსახავ მათი შესრულების მკაფიო და სწრაფ გეგმებს და განუხრელად ვასრულებ მათ. ყოველთვის ვხედავ მოტივაციას სხვათა წარმატებაში. ასე რომ, რეალურ, ხელშესახებ მიზნებზე ყურადღების კონცენტრაციითა და მათი შესრულებისაკენ მტკიცედ სვლით, ჩვენ გავდივართ გზას წარმატებისკენ. წარმატებას, თავის მხრივ, უნდა მოჰქონდეს არა მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შორის ბალანსისა და საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობის განცდა. მერწმუნეთ, ამგვარ შედეგზე გასვლა თითოეულ ადამიანს საკმაოდ მცირე დროში შეუძლია.
როგორი ხართ შვილებთან…
როცა ბავშვები პატარები იყვნენ, ვცდილობდი მეპოვა ოქროს შუალედი სიმკაცრესა და მხარდაჭერას შორის, ვადგენდი წესებსა და შეზღუდვებს, მაგრამ ვტოვებდი ადგილს შეცდომებისთვის. არ ვიცი, რამდენად კორექტული იყო აღზრდის ჩემეული მეთოდები, მაგრამ ჩემი ბიჭები დამოუკიდებელ და საკუთარ ძალებში დარწმუნებულ მამაკაცებად ჩამოყალიბდნენ. მათ ზრდასთან ერთად, მეც ვიცვლებოდი, ვცვლიდი ქცევის ტაქტიკასაც, რადგან სულ მახსოვს, რომ მათ ცხოვრების საკუთარი პრინციპები გააჩნიათ, რომლებსაც მე უსაზღვროდ ვცემ პატივს. ჩვენ თანაბარუფლებიანი ურთიერთობები გვაქვს და ამიტომ, ვცდილობთ ყოველთვის მივიდეთ საერთო ნიშნულამდე, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს აქვს საშუალება, გამოთქვას აზრი და სათქმელი ოჯახის სხვა წევრებამდე მიიტანოს. ვფიქრობ, სწორედ ეს განაპირობებს შვილებთან ჩემს განსაკუთრებულ ურთიერთობებს. ჩემი შვილების ზრდასთან ერთად, ჩვენი ურთიერთობები სულ უფრო პარიტეტული და მეგობრული ხდებოდა. დღეს ვცდილობ დავიცვა ბალანსი „გაეცი-მიიღე“, ვგულისხმობ ურთიერთდახმარებასა და მხარდაჭერას რთულ მომენტში, ჰიპერზრუნვისა და საკუთარ თავზე „მხსნელის“ როლის აღების გარეშე. რაც მთავარია, ყოველთვის ვცდილობ ჩემს შვილებს ოპტიმიზმი ჩავუნერგო. ისინი უნდა ხვდებოდნენ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მე ყოველთვის მზად ვარ მხარი დავუჭირო მათ, მიუხედავად იმისა, თუ რა გზას დაადგებიან. და კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღებით ვუსმინოთ და გავუგოთ ჩვენს ზრდასრულ შვილებს, ვეცადოთ ჩავწვდეთ მათ ფიქრებსა და გრძნობებს.
თუ გაქვთ ცრურწმენა, რომელსაც ბავშვობიდან თუნდაც ინსტინქტურად აქცევთ ყურადღებას…
არ გამაჩნია არავითარი ცრურწმენა და თუკი ოდესმე გამაჩნდა, ვფიქრობ, ის ქმედითი დატვირთვის არქონის გამო გაქრა. როგორც წესი, ადამიანებს აქვთ ცრურწმენები, თუკი სურთ აკონტროლონ (ან იფიქრონ, რომ აკონტროლებენ) განუსაზღვრელობის მაღალი დონის შემცველი სიტუაციები ან შეიმსუბუქონ უსუსურობისა დ უღონობის განცდა. ამიტომ ხშირად გაცილებით მარტივია გჯეროდეს რწმენა-წარმოდგენების, ვიდრე სიძნელეებს შეეჭიდო. ცრუმორწმუნეობა მეტად გვხვდება იმ პირებში, რომლებსაც ახასიათებთ კონტროლის გარე ლოკუსი, ანუ, იმათთან, ვინც მოვლენათა მიზეზებს ყოველთვის გარეგან ფაქტორებში ეძებენ და უმეტესწილად, სხვა ადამიანებს ან გამოუვალ სიტუაციებს ადანაშაულებენ. ამავდროულად, კონტროლის შიდა ლოკუსის მქონე ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ თავად არიან პასუხისმგებლები მომხდარზე, როგორც წესი, ნაკლებად ცრუმორწმუნეები არიან. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ცრურწმენებისგან გავთავისუფლდეთ, საჭიროა, უბრალოდ, ვაღიაროთ საკუთარი პასუხისმგებლობა ჩვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მე პროაქტიური ადამიანი ვარ და ჩვეულებრივ, ვაკონტროლებ საკუთარ ცხოვრებას, ვიღებ გადაწყვეტილებებს და ჩემს თავზე ინიციატივას. ამიტომ ნაკლებად ცრუმორწმუნე გახლავართ. ვფიქრობ, იღბალს ჩვენს ცხოვრებაში ჩვენივე მოქმედებები იზიდავს და არა რიტუალები ან ამულეტები.
ნდობა…
ცნება „ნდობა“ მოიცავს გულახდილი, ღია ურთიერთობების არსებობას და იმის მტკიცე განცდას, რომ მეორე ადამიანი კეთილგანწყობილია და შენდამი ერთგულებასა და კეთილსინდისიერებას გამოამჟღავნებს.
ბავშვობაში სამყარო ჩემთვის უსაფრთხო ადგილი იყო, რომელშიც კეთილი და გულღია ადამიანები ცხოვრობდნენ. ამ განცდის შენარჩუნებას ახლაც ვცდილობ. რაში გამოიხატება ნდობა? ალბათ, ღია ურთიერთობებში, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ, გამოაჩინო შენი ჭეშმარიტი სახე. თუკი ადამიანი ცდილობს ეს არ გააკეთოს, ირგვლივ მყოფნი იგრძნობენ უხილავ კედელს, რომლის გარღვევასაც, ალბათ, არც შეეცდებიან. ნდობის განცდას მოკლებულ ადამიანს არ გააჩნია გულწრფელი მეგობრობის უნარი, მისთვის რთულია უყვარდეს ან სიყვარულის უფლებას აძლევდეს ვინმეს.
ჩემი აზრით, ნდობა ის გრძნობაა, რომელიც საკუთარ თავთან, საკუთარ შინაგან სამყაროსთან ურთიერთქმედების კონტექსტში უნდა განიხილო. ეს არის უნარი, ენდო საკუთარ ემოციებს, უსმინო ინტუიციას. საკუთარი თავისადმი ნდობა ის ემოციაა, რომელიც ბავშვობაში ყალიბდება და დიდად არის დამოკიდებული მშობლების მოქმედებაზე.
ნდობის გარეშე შეუძლებელია მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობების აგება. ნდობას მოკლებული ადამიანები უამრავ ძალას ხარჯავენ შვილების, პარტნიორების, კოლეგების, ხელქვეითების კონტროლზე („ვერავის დაეყრდნობი! ვერავის ენდობი! ყველა იტყუება!“). საბოლოო ჯამში, ასეთი დამოკიდებულება იწვევს სტრესებს, ემოციურ გადაწვასა და აპათიას, სიცოცხლის ხალისის დაკარგვას. როგორც წესი, მე ვენდობი ადამიანებს და მზად ვარ, ავიღო თავზე პასუხისმგებლობა წარუმატებელი ურთიერთობის შემთხვევაში. სხვებისადმი ნდობის უნარი, ალბათ, მხოლოდ მაშინ გაქვს, როცა გჯერა საკუთარი შესაძლებლობების და ზუსტად იცი, რომ შეგიძლია გადალახო და დაალაგო ამა თუ იმ ადამიანთან ურთიერთობის შედეგად აღმოცენებული ნებისმიერი ნეგატიური ქეისი. მეორე ადამიანისადმი ნდობა ნიშნავს არა მხოლოდ იმის იმედს, რომ ვიღაც შენს მოლოდინებს გაამართლებს, არამედ იმასაც, რომ თავად ხარ მზად, აიღო თავზე რისკები იმ შემთხვევაში, თუკი ის ამას არ გააკეთებს.
მთავარი მოწოდება…
ვფიქრობ, ჩემო მოწოდებაა – დავეხმარო ადამიანებს. ეს გაუცნობიერებლად მიმდინარე პროცესია, რომელიც ჩემი სულის სიღრმიდან მოდის. ჩემი პროფესიაც, ალბათ, ყველა სხვა პროფესიაზე მეტად ეხმიანება ჩემსავე მოწოდებას. ღრმად მჯერა, რომ ადამიანთა მსახურება სულიერი სიუხვის გამოხატულებაა, ცხოვრების განსაკუთრებული საზრისი, უდიდესი მისია – იცხოვრო არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის.
დაბოლოს, რას ეტყოდით იმ პატარა ეკას, ბავშვობიდან…
უსმინე შენს თავს და შენს სურვილებს! თუკი მოინდომებ, შეგიძლია კოსმონავტი გახდე, ან ფიზიკოსი, ან მასწავლებელი… იცოდე, რომ ყველა ოცნება ასრულდება, თუკი მისკენ მტკიცე ნაბიჯებით ივლი!
ფოტო: გიორგი კალანდაძე
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე