ქალები ქალების მხარდასაჭერად…
ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ ალტერნატიულ სივრცეს ქალებისთვის, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს და არამხოლოდ. „ბედნიერების ვექტორი“ 2022 წელს შეიქმნა. ის აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ქალს და მათ საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. თუ ვინ არიან ეს ქალები და რას ნიშნავს მათთვის „ბედნიერების ვექტორი“, ამის შესახებ უფრო ვრცლად ჯგუფის დამფუძნებელი თეა ადუაშვილი და სხვა წევრები გვესაუბრნენ.
თეა ადუაშვილი (საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე, საქართველოს აუდიტორული კომპანია GAC-ის მმართველი პარტნიორი და საკონსულტაციო კომპანიის BCC-ის დამფუძნებელი და დირექტორი):
მე ვარ ოთხი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია, სულ მალე 50 წელი შემისრულდება. 2022 წელს გამიჩნდა იდეა, შემექმნა facebook-ჯგუფი ქალებისთვის, რომლის საშუალებითაც ერთმანეთს გავუზიარებდით ჩვენს გამოცდილებას წონის კლებასთან დაკავშირებით და არამხოლოდ. მინდოდა „ბედნიერების ვექტორი“ ყოფილიყო სივრცე, სადაც ქალებს ბევრ საინტერესო აქტივობას შევთავაზებდი. სწორედ ამ ღირებულებებსა და საჭიროებებზე ავაწყვე ჯგუფის კონტენტი, რაც ბევრი ქალისთვის საინტერესო აღმოჩნდა და სხვადასხვა პროფესიის ქალები აქტიურად ჩავებით სხვადასხვა მარათონში, რომელიც რუტინული ყოველდღიურობისგან თავის დაღწევის ერთგვარი საშუალებაც იყო. გასულ წელს, თითქმის ყოველ შაბათ დღეს ერთად ვიკრიბებოდით, დავდიოდით თბილისის ულამაზეს ქუჩებში და ფინჯან ყავასთან ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე. ეს ჯგუფი აღმოჩნდა არაერთი ნიჭიერი, შემდგარი და პოზიტიური ქალის გაცნობის შესანიშნავი ადგილი. ეს არის სივრცე, რომელიც გვაბედნიერებს, სწორედ ამიტომ დავარქვით ჯგუფს ეს სახელი მე და თეა მაჭარაშვილმა, რომელიც „ბედნიერების ვექტორის“ სოციალურ გვერდს მართავს.
მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ბევრი მხარდამჭერი კომპანია თუ ადამიანი გამოჩნდა, რომელიც გვთავაზობს სხვადასხვა მომსახურებაზე ფასდაკლებას ან დახმარებას სრულიად უსასყიდლოდაც კი, ეს ფაქტი ძალიან მახარებს და მაძლევს მოტივაციას, რომ უფრო მეტი გავაკეთო.
რა არის „ბედნიერების ვექტორი“, მიზანი?
თავდაპირველად, მთავარი მიზანი იყო და არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, თუმცა წელს დავამატეთ სხვადასხვა აქტივობა – #ერთადშემოვიაროთსაქართველო. აღნიშნული პროექტის მიზანია, უფრო უკეთ გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა. წელს უკვე შემოვიარეთ ერთად გურია, სამცხე-ჯავახეთი, გვაქვს დიდი სურვილი, ყოველთვე საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოვინახულოთ.
„ბედნიერების ვექტორის“ მიზანია, ვიცხოვროთ ჯანსაღად და ერთად შევაგროვოთ ბედნიერი წუთები.
რას ეტყოდით ქალებს?
ძალიან მინდა, რომ ქალებმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარ თავს, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და თუნდაც რამდენიმე წუთი აკეთონ ის, რაც მათ აბედნიერებთ!
რამდენიმე თვის წინ, მოულოდნელად დამიდგინდა მძიმე დიაგნოზი, ამ თვეების მანძილზე გადავიტანე რთული ოპერაციები და არაერთი ქიმიოთერაპია, თუმცა ამ განსაცდელს შევხვდი ბრძოლისუნარიანად და დღემდე ვაგრძელებ ბრძოლას ამ დიაგნოზთან. ამასთანავე, პარტნიორებთან ერთად, საქველმოქმედო ფონდი „სიცოცხლის გადასარჩენად“ დავაფუძნე, რომლის მიზანია ონკოპაციენტების მხარდაჭერა.
რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას?
ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ყოველდღე სხვადასხვა პროფესიის ქალბატონი ემატება ჩვენს ჯგუფს, მინდა თითოეული მათგანი მხარდაჭერას ისევ ქალებისგან გრძნობდეს. სწორედ ეს ქალები მაძლევენ მოტივაციას, რომ მათ უფრო მეტი საინტერესო აქტივობა შევთავაზო.
სამომავლო გეგმები
ვაპირებ ჯგუფში დავამატოთ რამდენიმე აქტივობა პროექტის სახით, მაგალითად: #ჩემიამბავი, რომლის საშუალებითაც ჯგუფის მონაწილეები შეძლებენ საზოგადოებას გაუზიარონ საკუთარი ისტორია, გამოცდილება და მათი ცხოვრების ის მნიშვნელოვანი დეტალები, რისი თქმაც სურთ საზოგადოებისთვის.
ასევე, #თბილისურისაღამოები – ჩვენ გვექნება შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან და მოვაწყობთ ლამაზ თბილისურ საღამოებს – მოვისმენთ მათ ისტორიებს.
ნინო სალუქვაძე (ეკონომისტი):
მართალია, პროფესიით ეკონომისტი ვარ, თუმცა ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა საქმით ვიყავი დაკავებული. სწავლა ყოველთვის მიყვარდა და პატარაობიდან მიზიდავდა ხელსაქმე. კითხვა-კითხვით პატარა „შედევრებს“ ვქნიდი, მაშინ ასე მეგონა. დავეუფლე ქარგვას, ქსოვას, მაკრამეს, მინანქარს, გობელენს, მძივებით ქარგვას, ოქრომკედს (ძაფის მოკიდების ტექნიკა), ქვილთს. თუმცა 90-იანების მძიმე წლებმა თავის გადარჩენის საშულების ძიებისკენ მიბიძგა, ასე დავიწყე ცხობა, მათ შორის ვაცხობდი უფქვილო ტორტს და საკმაოდ კარგი შემოსავალი მქონდა.
ასევე, ძალიან მიყვარდა ლიტერატურა, დედაჩემი გამომცემლობაში მუშაობდა. გარკვეული წლების შემდეგ წამოვიწყე ხელნაწერი ლექსების პროექტი. თავდაპირველად ცოტა გაკვირვება გამოიწვია – ხელნაწერ ლექსებს ვაგროვებ მთელი საქართველოს მასშტაბით, ემიგრანტების, გარდაცვლილების, შემოსილების.
ვფიქრობ, ხელნაწერი თვითონ ბევრი ინფორმაციის მატარებელია, მომავალ თაობას კი ექნება დიდი ისტორიის შემცველი მასალა. ასეთი პროექტი ოცი საუკუნის განმავლობაში არ შექმნილა, მომავალი თაობიდან ვინც მოინდომებს, აღნიშნულ პროექტს ის გააგრძელებს. ყველა ეს მასალა კი ხელნაწერთა ინსტიტუტს გადაეცემა.
„ბედნიერების ვექტორი“…
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა სიყვარულით იცხოვროს, „ბედნიერების ვექტორი“ კი ამის ულამაზესი გამოხატულებაა. აღნიშნული ჯგუფის წევრები მოყვასის სიყვარულით ცხოვრობენ, სხვისი ტკივილი თუ სიხარული გულთან ახლოს მიაქვთ და ცდილობენ სხვისი გულების გახარებას.
„ბედნიერების ვექტორში“ სხვადასხვა პროფესიის ადამიანია გაერთიანებული და მეც პირველი დღიდან შევუერთდი პროექტს. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მინდა ჩვენი ქართველი ქალები იყვნენ წარმატებულები, თვითმყოფადები და აუცილებლად კარგად დაფუძნებული, ჩვენი ქართული ტრადიციების შერწყმით. თითოეულმა საკუთარი თავი ყოველდღიურად უნდა გაზარდოს, რუდუნებითა და შრომით ყველაფერი მიიღწევა.
თეა კაპანაძე (ექიმი)
დავიბადე და გავიზარდე ქალაქ თბილისში, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ მომიწია შავბნელმა 90-იანმა წლებმა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სტუდენტური ცხოვრება შედგა. მყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი – 21 წლის ნიკოლოზი და 18 წლის მარიამი. ბედნიერი ვარ , რომ უფალმა მათი დედობა მარგუნა. ნიკა ბიზნესით არის დაინტერესებული, მარიამი კი ტურიზმით.
2002 წელს რადიკალურად შეიცვალა ჩემი საქმიანობის სფერო, სამედიცინო დაწესებულებიდან ბიზნესში აღმოვჩნდი. თავდაპირველად დავინტერესდი პროდუქტის ხარისხითა და უნიკალურობით, შემდგომ უკვე შემოსავლით. ამჟამად ვარ „ორიფლეიმ საქართველოს“ ტოპლიდერი, მყავს უძლიერესი გუნდი. დღეს „ორიფლეიმი“ არის ჩემი ცხოვრების სტილი და მაშინ მიღებული გადაწყვეტილება ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა.
რამდენიმე წლის წინ ფეხით მივსეირნობდი და ჩემს გეგმებზე ვფიქრობდი. გონებაში ვალაგებდი, რა როგორ უნდა გამეკეთებინა და იცით, რა დასკვნამდე მივედი? თურმე ძალიან ბევრი გეგმა მქონია. სახლში მისულმა ყველაფერი ფურცელზე გადმოვიტანე. ალბათ, არ გაგიკვირდებათ და, ამ გეგმის საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე განხორციელებულია. ამჟამად ერთ დიდ ოცნებაზე ვფიქრობ, რომელიც უკვე მიზნად დავისახე და გეგმაც შევადგინე. წინასწარ არ მიყვარს საუბარი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეგხვდებით და ჩემს ახდენილ ოცნებაზე მოგიყვებით.
„ბედნიერების ვექტორი“…
ჯგუფის დამფუძნებელი თეა ჩემი ბავშვობის მეგობარია. იდეა ამ ჯგუფის შექმნის იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, რაც მე ძალიან მიყვარს. არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი ჯგუფში გაწევრებაზე. ზოგადად მომწონს აქტიური და პოზიტიური ადამიანები. „ბედნიერების ვექტორს“ კი მხოლოდ ასეთი ქალბატონები ჰყავს შემოკრებილი.
ლალი მუმლაური (ვიზაჟისტი)
მაქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკური განხრით, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, პროფესია შევიცვალე და ახლა ვიზაჟისტი ვარ. ბავშვობაში ვხატავდი გოგონებს ლამაზი თვალებით, დიდი პაუზის შემდეგ ჩემი სიყვარული ხატვის მიმართ ამ პროფესიაში გადმოვიტანე და ახლა თვალების სილამაზეს დეკორატიული კოსმეტიკით გამოვკვეთ ხოლმე.
ჩემს საქმიანობაში მთავარი მომხმარებლის სურვილის სწორად და ხარისხიანად შესრულებაა. უზომოდ მომწონს გოგონების თავდაჯერებული და ბედნიერი მზერა სარკეში, მაკიაჟის დასრულების შემდეგ. ჩვენ, ვიზაჟისტები, მათი მნიშვნელოვანი დღის თანამონაწილეები ვართ, ეს ერთდროულად ბედნიერებაცაა და დიდი პასუხისმგებლობაც.
სწავლას არ ვწყვეტ, აქტიურად ვესწრები ცნობილი ვიზაჟისტების მასტერკლასებს, ამ სფეროში სიახლეებსა და უახლეს ტენდენციებს ვეცნობი. ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მომწონს და მიყვარს.
„ბედნიერების ვექტორი“…
„ბედნიერების ვექტორში“ დაარსების დღიდან აქტიურად ვარ ჩართული ყველა აქტივობაში, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ყოველდღიურობაში დანერგვა. ჩემთვის ეს ჯგუფი არის ლამაზი დღეების სკივრი, სადაც საუკეთესო მოგონებებს ვაგროვებ, როგორიცაა დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ, ახლად აღქმული, აღმოჩენილი ჩვენი ქალაქის ულამაზესი ადგილები, ფეხით შემოვლილი თბილისი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეთა მონახულება, ბევრი ნიჭიერი და წარმატებული ადამიანის გაცნობა, ერთად გატარებული შეუფასებლად ძვირფასი დრო.
მადლობა ქალბატონ თეას, ასეთი კარგი და მოტივაციის მომცემი პროექტისთვის. მინდა, რომ „ბედნიერების ვექტორი“ ბევრი ქალისთვის იყოს ახალი ენერგიის, სტიმულის, ჯანსაღად ცხოვრების, საუკეთესო შთაბეჭდილებებისა და განტვირთვის ადგილი.
ეკა რუხაძე (აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია G-Roi-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი):
მიმაჩნია, რომ ღირებულებები გვაყალიბებს პიროვნებებად – ისეთებად, როგორებიც ვართ. ცხადია, ეს არ განსაზღვრავს კარგს ან ცუდს, წარმატებულს ან წარუმატებელს, სუსტს თუ ძლიერს. ღირებულებები ჩვენი შეფასებაა და გარკვეულწილად, სამყაროს ჩვენეული აღქმაც. ჩემი მთავარი ღირებულება ადამიანებისა და საკუთარი საქმის უსაზღვრო სიყვარულია. შესაძლოა ზოგიერთი მკითხველისთვის „სიყვარულის,“ როგორც „ღირებულების“ განმარტება ცოტა უჩვეულო იყოს, თუმცა ვფიქრობ, რომ სწორედ ეს გრძნობაა, რომელიც ყოველ დილით ახალი ენერგიით გაღვიძების ძალას გვაძლევს; გვაძლევს მუდმივი განვითარების, წინსვლის, სამართლიანობისა და პატიოსნების სტიმულს, გვმატებს ხალისს და აღგვიძრავს მოქმედების სურვილს – ვისწრაფოდეთ მუდმივად უკეთესისკენ.
სწორედ ამ უპირობო და შეუქცევადი განვითარების სურვილმა გადამაწყვეტინა, სხვადასხვა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში 14-წლიანი ინტენსიური აუდიტორული პრაქტიკის შემდგომ, დამეფუძნებინა ჩემი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია G-Roi. კომპანიის სახელიც სწორედ ზრდასა და განვითარებასთან ასოცირდება. რომ გავშალოთ, ინგლისური აბრევიატურა დაახლოებით ასე გამოიყურება – Grow Your ROI, რაც ნიშნავს დაბანდებულ კაპიტალზე უკუგების ზრდას, და თუ როგორ უნდა მიაღწიოს გაზრდილ უკუგებას მეწარმემ, ამაში ჩვენ ვუწევთ მხარდაჭერას.
დღეს ბაზარზე ბევრი საბუღალტრო და აუდიტორული კომპანია ოპერირებს, თუმცა ჩვენი უნიკალურობა კომპანიის გუნდის საკმაოდ სოლიდურ პროფესიულ გამოცდილებაშია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ მოქნილები მომხმარებელთა მოთხოვნილებების მიმართ და შევთავაზოთ ისეთი სიახლეები პოტენციურ დამკვეთებს, როგორიცაა, მაგალითად, სტრატეგიული კონსულტაციები ფინანსური დაგეგმვისა და მონიტორინგის მიმართულებით, საგადასახადო და ფინანსური დაგეგმვა, ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე მენეჯმენტისთვის გაცემული პრაქტიკული შეფასებები – რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი დაბანდებულ ინვესტიციაზე უკუგების ზრდისთვის.
„ბედნიერების ვექტორი“…
ჯგუფის სულის ჩამდგმელი, არაჩვეულებრივი ქალბატონი – თეა ადუაშვილი, ჩემი მეგობარია. მისი ყველა პროექტი ძალიან ფერადი და საინტერესოა, ამიტომ, როცა ეს იდეა მოვისმინე, დაუფიქრებლად დავთანხმდი და მიხარია, რომ დღეს ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ.
ეს ჯგუფი არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაიცნო სხვადასხვა ინტერესის მქონე წარმატებული ქალი, დაიმეგობრო და შემდგომ გავუზიაროთ ერთმანეთს საერთო შეხედულებები. ასევე, მოისმინო განსხვავებული და ძალიან საინტერესო ახალი იდეები.
ჩემთვის პირადად, ეს ჯგუფი აღმოჩნდა არაერთი ნიჭიერი, შემდგარი და პოზიტიური ქალბატონის გაცნობის შესანიშნავი ადგილი, რისთვისაც კიდევ ერთხელ საჯაროდ ვუხდი მადლობას თეას.
თამარ დვალიშვილი (ყვავილების სალონ „არტიფლორას“ დამფუძნებელი):
პროფესიით ეკონომისტი, საქართველოს სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ ყოფილი მსახიობი-მოცეკვავე. ამჯერად ჯერ კიდევ ჩემი სტარტაპის განვითარებაზე ვარ ორიენტირებული.
6 წლიდან ვარ ხელოვნების სფეროში და დღევანდელი საქმიანობაც იმ ბედნიერი ცხოვრების გაგრძელებაა, რადგან ხელოვნება ჩემთვის ენერგიის წყაროა. 4 წლის წინ დავიწყე ეს საქმიანობა სრულიად მარტომ. თავდაპირველად შეთავსებული მქონდა დაახლოებით 8-10 ადამიანის როლი, პოზიცია და მოვალეობა, რაც ურთულესი იყო. შემდეგ ჩემი მეუღლის ჩართულობითა და თანადგომით ეტაპობრივად განვვითარდით და დღეს „არტიფლორა“ უკვე 2 ფილიალის, 10 თანამშრომლის, საოცარი ნამუშევრებისა და 10000-ობით კმაყოფილი მომხმარებლისგან შედგება, რომელმაც მინდა წლებს გაუძლოს და ამ სფეროში ბაზარზე იყოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, მისი განსაკუთრებული ნამუშევრებით, მომსახურების ხარისხითა და ბევრი ახალი საინტერესო და სასარგებლო პროექტით.
„ბედნიერების ვექტორი“…
ჯგუფის სულისჩამდგმელი, ქალბატონი თეა ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითო ადამიანია. როდესაც მან ეს პროექტი წამოიწყო, დიდი სურვილი მქონდა აქტიურად ჩავრთულიყავი, მაგრამ თავდაპირველად ისე ვიყავი ჩემს საქმიანობაზე გადართული, რომ მინიმალურ დროსაც ვერ ვუთმობდი ჯანსაღი ცხოვრების წესსა და განტვირთვას, რადგან მეგონა, რომ ამით საქმეს ვაკლებდი დროს და ყურადღებას. შემდეგ მივხვდი, რომ აუცილებელია ბალანსი და დროის სწორად განაწილება. საქმე, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა, მეგობრები და საინტერესო აქტივობები, რომელიც საბოლოოდ ისევ პროდუქტიულ საქმიანობასა და საუკეთესო შედეგზე აისახება.
პროექტი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან აქ არის ჯანსაღი გარემო, როგორც ფიზიკური აქტივობების მხრივ, ისე ჯანსაღი ურთიერთობების, ახალი მეგობრების, საინტერესო თემების, საუბრებისა და წარმატებული ადამიანების გამოცდილების გაზიარების მხრივ, რაც ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის და ბევრი ქალბატონისთვის. ბევრ წარმატებას ვუსურვებ ამ პროექტს.
შორენა მანძულაშვილი (კომპანია ADMN Accounting services-ის დამფუძნებელი):
დავიწყებ იმით, რომ ვარ ძალიან ბედნიერი და სიცოცხლეზე შეყვარებული ადამიანი. მიზეზი ჩემი ბედნიერებისა არის ჩემი ოთხი შვილი, სამი შვილიშვილი, რძალი, სიძე და მოლოდინი დიდი ოჯახის კიდევ და კიდევ გაზრდის.
იყო მრავალშვილიანი დედა და გქონდეს საყვარელი საქმე, დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა შეუძლებელი არაფერია, როდესაც გაქვს მიზანი და მოტივაცია. დიდი შრომისა და უამრავი გათენებული ღამის შედეგად მაქვს საკუთარი საბუღალტრო კომპანია ADMN Accounting services, რომელიც 2018 წელს, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე დავაფუძნე. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა: საბუღალტრო-საკონსულტაციო მომსახურება; ფინანსური ანგარიშგების მომზადება; ბუღალტრული ბაზის აწყობა საბუღალტრო პროგრამაში; ბუღალტრული აღრიცხვის შემსწავლელი თეორიული და პრაქტიკული კურსი.
არასოდეს შემიწყვეტია სწავლა-განვითარება, წარმატება მარტივად არ მოდის, მუდმივ განვითარებასა და დიდ შრომას მოითხოვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ზრდაში და წარმატებულ ქალად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს ოჯახს, რომ არა მათი მხარდაჭერა, წარმოუდგენელი იქნებოდა, როგორ შევძლებდი ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი კი მარტივი არ ყოფილა. ჩემს ცხოვრებაში სირთულეც ბევრი ყოფილა, მაგრამ წინსვლის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ იმედი არასოდეს დამიკარგავს და შედეგმაც არ დააყოვნა.
„ბედნიერების ვექტორი“
გარდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა, „ბედნიერების ვექტორი“ ქმნის საოცარ განწყობას და ეს განწყობა სხვებისთვისაც გადამდებია. ყოველი შეხვედრისას ხდება დადებითი ენერგიების გაცვლა და ენით აღუწერელი ემოციებით დატვირთული ვბრუნდებით ოჯახებში. ბედნიერებაა თავისუფალი დროის ისეთ ადამიანებთან გატარება, რომლებიც გჩუქნიან სიყვარულს, სიმშვიდესა და სიცოცხლის ხალისს. „ბედნიერების ვექტორმა“ გაგვაერთიანა სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები, რომლებიც აფრქვევენ სიყვარულს, დაღლილი სამუშაო კვირის ბოლოს „ბედნიერების ვექტორი“ გვავსებს ენერგიით და ცხოვრებას გვიხალისებს.
მაკა სამნიაშვილი (მხატვარ-დიზაინერი, ქალი მეწარმე):
პროფესიით ვარ ეკონომისტი, თუმცა დღეს სულ სხვა სფეროში ვსაქმიანობ. ჩემი ოცნება იყო რეჟისორობა, აქ ვხედავდი საკუთარ შესაძლებლობებს. დღემდე სცენაზე ვცხოვრობ და ვმოგზაურობ სხვადასხვა პერსონაჟით. ცხოვრება ხომ ერთი დიდი სცენაა, რომელ როლსაც მოირგებ, იმ როლში ცხოვრობ. გამოგიტყდებით და, შიში არასოდეს მქონია, ვყოფილიყავი განსხვავებული, პირიქით, ერთ სცენარში ცხოვრება უფრო მაშინებს. ასე მოვირგე მეუღლის როლი, თუმცა არ გამომივიდა და დღეს მაქვს მარტოხელა დედის სტატუსი, ჩვენ ორნი ვართ – მე და მარიამი.
გარდა ამისა, ვარ აქსესუარების დიზაინერი, სადაც ბევრ სცენარს ვწერ. ყველა ნივთი, რასაც ვქმნი, საინტერესო შტრიხს სძენს ქალს, რომელსაც ის ატარებს. შესაძლოა ქალმა არაფერი თქვას, მაგრამ მასზე ერთმა დეტალმა მოგიყვეთ მისი ამბავი…
„ბედნიერების ვექტორამდე“ აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა პროექტში, როგორიცაა „ბედნიერების ელჩი“, სადაც სწორედ ეს სტატუსი მოგვანიჭეს და სულ მახსოვს, თუ რა უნდა ვაკეთო იმისათვის, რათა ვიყო ბედნიერი – საკუთარ თავთან მუშაობას მიჰყავხარ ჰარმონიასთან, რომელიც ბალანსს გინარჩუნებს.
ასევე, ვატარებდი შეხვედრებს ქალთა ორგანიზაციის „მირაბალდები“ (ქალები ძალადობის წინააღმდეგ) ბენეფიციარებთან, ვუზიარებდი მათ ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას, რადგან ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი ინსტრუმენტია ძალადობის წინააღმდეგ. აქაც აღმოვჩნდი ფონდის მეგობარი საპატიო ელჩის წოდებით.
დღეს უკვე შევიცვალე ფორმატი და ხელოვან ადამიანებთან ერთად გამოფენებზე ვმოგზაურობ. ზღვა ემოცია და ბევრი საინტერესო ადამიანი – ჩემი კომუნიკაბელურობა ამ შემთხვევაში დაკმაყოფილებული აღმოჩნდა. განსაკუთრებით გამოვყოფდი კახეთის დღეებს, არასოდეს დამავიწყდება.
„ბედნიერების ვექტორი“…
ცხოვრებაში ზოგი მთავარ როლს თამაშობს, ზოგიც სამახსოვროს… მე პირადად სამახსოვროს ვანიჭებ უპირატესობას, ის ყოველთვის ბედნიერ ვექტორზე გამოგზაურებს. ბედნიერებას კი ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგ: ბედნიერ ადამიანთან ურთიერთობას, ბედნიერ წუთებს, ბედნიერ შეგრძნებებს და საერთოდ, სადაც ეწერება სიტყვა „ბედნიერება“, მე ყოველთვის იქ ვარ, სხვათა შორის, „ბედნიერ ვექტორშიც“ ასე აღმოვჩნდი.
თავდაპირველად ჯგუფის სახელმა მიიქცია ჩემი ყურადღება და შემდეგ ადამიანმა, რომელიც ბავშვობიდან მიყვარს, – მისმა დამფუძნებელმა, თეა ადუაშვილმა. ეს პროექტი როგორც კი ჩამოყალიბდა, მაშინვე გავწევრიანდი. ყოველთვის მზად ვარ ვიმოგზაურო, მით უმეტეს იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ერთ წრეში დგომა და ერთ ვექტორზე მოძრაობა დაუვიწყარ ემოციებში მაცხოვრებს. ეს სწორედ ის პროექტია, სადაც უნდა გინდოდეს ყოფნა.
მაქვს სურვილი, ყველა პროექტში ჩავერთო, სადაც ენერგია ხელოვნებას ეთმობა. მინდა მოვხვდე რაც შეიძლება მეტ გამოფენაზე, რათა ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინო ჩემი დანიშნულება, მივხვდე, თუ რა უნდა ვაკეთო. ასევე, მინდა ჩავერთო არტის სახით პროექტებში, სადაც ყურადღება მოტორიკას ექცევა. ეს შეიძლება იყვნენ ბავშვები, ბენეფიციარები და ან სულაც მოხუცთა თავშესაფარი. აუცილებელი პირობაა, რომ იყოს საქველმოქმედო. რაც შეეხება გეგმებს, არასოდეს არ მაქვს გაწერილი, ზემოთაც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, – სამყაროს სრული ნდობა გამოვუცხადე და დროში ვმოგზაურობ.
შორენა სვიანაძე (ფლორისტი-დიზაინერი):
განათლებით ეკონომიკის მაგისტრი, ხოლო პროფესიით ქორწილების, ივენთებისა და დღესასწაულების ორგანიზატორი, ფლორისტ-დიზაინერი ვარ. მაქვს 28-წლიანი ბედნიერი ქორწინება და მყავს 2 უსაყვარლესი შვილი.
ვეხმარები ახალდაქორწინებულ წყვილებს, რომ მათთვის განსაკუთრებული დღე დღესასწაულად ვაქციო. ასევე, კორპორაციებს – ორგანიზებაში, დიზაინსა და გაფორმებაში, რომ მათი საოცნებო დღესასწაული შევქმნათ. 20 წლის მანძილზე უკვე შევქმენი და გავაფორმე 500-ზე მეტი ქეისი. რამდენი წუთი თუ დღე მემატება სიცოცხლის ათვლაში, ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაზე საოცარი პროფესია მაქვს… მივიღო ადამიანების ბედნიერებაში მონაწილეობა და გავამრავლო ბევრი „ჯადოსნური დღე“.
აგრეთვე ვარ ესთეტიკისა და სილამაზის ცენტრ „აზიატის“ დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. ჩემს ესთეტიკის ცენტრს გამოარჩევს მაღალი ხარისხის მომსახურება, რადგან პროფესიონალი კადრებით მყავს დაკომპლექტებული. წარმატებით მიმდინარეობს უახლესი აპარატურით ეპილაციის, სახის მოდელირების, კოსმეტოლოგიის, მასაჟისა და ასევე სალონური პროცედურები.
„ბედნიერების ვექტორი“…
თავიდანვე საინტერესო იყო, რამდენად შევძლებდით გვეზრუნა ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სწორ კვებაზე. ერთობლივად რა გამომივიდოდა, როდესაც მარტოს 1 წელიწადში მხოლოდ 5 კილოს კლების შედეგი მქონდა? ჩავერთე… გვქონდა ბევრი სხვადასხვა აქტივობა. ფსიქოლოგებიც დაგვახმარა თეამ. 1 წელიწადში ჩემი კლება უკვე 10 კილო იყო. ეს ჯგუფი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. უძვირფასესი, საქართველოს „მარგალიტი ქალბატონები“ გავიცანი და დავუახლოვდი – თეა ადუაშვილიდან დაწყებული, ნებისმიერი წევრით დამთავრებული. მათთან ბევრი სიკეთე და სიყვარული გავცვალე. განსხვავებული პროფესიის ადამიანებისგან ყოველდღიურად ბევრის სწავლა შეიძლება. მე მიყვარს თითოეული მათგანი და წარმატებებს ვუსურვებ ყველას.
რაც შეეხება ჩემს ისტორიას, არასოდეს მომიყოლია საჯაროდ… მაგრამ თუ დედამიწაზე ერთი ადამიანისთვის მაინც ვიქნები სტიმულის მიმცემი, მაშინ მზად ვარ საჯაროდ აღვნიშნო: 6 წლის წინ რამდენიმე ოპერაციის გაკეთებამ მომიწია. აღმომაჩნდა სიმსივნის მეორე სტადია, კეთილთვისებიანი, დამჭირდა ნემსითი ქიმიები. ამ სიტუაციამ სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა ჩემი მომავალი ცხოვრება. ჩემთვის მანამდე მნიშვნელოვანი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანი გახდა. დავაფასე სიცოცხლის ნებისმიერი წამი, უფრო მეტად მომინდა რაღაც ღირებული შემექმნა ამ ცხოვრებაში, სწორედ ამიტომ დავწერე სადოქტორო დისერტაცია ფლორისტიკაში და ონლაინფორმატში ჩემი საავტორო კურსი ჩავწერე. მხოლოდ დაპატენტება დამრჩა, რომ 2024 წლის დასაწყისიდან დაიბადოს და დღის სინათლეზე გამოვიდეს ეს უნიკალური კურსი ჩემი ავტორობით – ყვავილების ბიზნესით დაინტერესებულ პირთათვის, ფლორისტიკის პირველი საფეხური. 23-წლიანი გამოცდილება, მაღალ სტანდარტზე გაკეთებული სამთავრობო შეკვეთები და უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი მჩუქნის იმ სიყვარულსა და ძალას, რომ თავი ამ სფეროს ექსპერტად ვიგრძნო. სწორედ ამიტომ, ყვავილებითა და ყვავილების ბიზნესით დაინტერესებულ პირთათვის შევადგინე სპეციალიზებული რამდენიმესაფეხურიანი პროგრამა, რომელიც გამოზრდის ფლორისტ-დიზაინერებს. ისინი თავიანთ პროფესიონალიზმში დამატებით შემოსავლებს მიიღებენ. და შემდეგ… შემდეგი ნაბიჯია ფლორისტიკის აკადემია. მომავალი, პროფესიონალი თაობის გამოზრდით მე ჩემს მისიას კიდევ ერთხელ შესრულებულად ჩავთვლი ამ ცხოვრებაში.