ინტერიერის დიზაინი მხოლოდ სივრცის მოწყობა არ არის, ის ერთგვარი დიალოგია ადამიანსა და გარემოს შორის. თითოეული ინტერიერი ცხოვრების სტილის, ღირებულებებისა და იდენტობის მატარებელია. დიზაინერ დავით კავლელაშვილის მიდგომა აერთიანებს მკაფიო კონცეფციას და ემოციურ სიღრმეს. თითოეული სივრცე იქმნება დამკვეთის ხასიათის, ჩვევებისა და ყოველდღიური რიტმის გათვალისწინებით, რათა საბოლოო შედეგი არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ფუნქციურიც იყოს. ამ ინტერვიუში დავითი გვესაუბრება საკუთარ გამოცდილებაზე, სტუდიის შექმნის ისტორიაზე, თანამედროვე დიზაინის ხედვასა და იმ ბალანსზე, რომელიც ფუნქციასა და ესთეტიკას შორის იქმნება.
დავით, როდის დაინტერესდით ამ პროფესიით და რა გზა გაიარეთ დღემდე?
დავით კავლელაშვილი, Art Line Studio-ს დამფუძნებელი: ინტერიერის დიზაინისადმი ინტერესი ბავშვობიდან მოდის. ყოველთვის მომწონდა სივრცის ტრანსფორმაციის შესაძლებლობა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ინტერიერი მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ არის, ეს არის ადამიანის ყოველდღიურობაზე გავლენის მოხდენის ხელოვნება.
ჩემი პროფესიული გზა, რა თქმა უნდა, განათლების მიღებით დაიწყო, თუმცა ამ სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის მხოლოდ განათლება საკმარისი არ არის, აუცილებელია ამავდროულად, იცნობდე საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ტრენდებს და ზომიერების ფარგლებში წლიდან წლამდე ფეხი აუწყო მათ.
იყო ინტერიერის დიზაინერი, ნიშნავს განვითარებული გქონდეს სტრუქტურული და ანალიტიკური ხედვა. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია პრაქტიკა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რეალიზებულმა პროექტებმა ჩამომაყალიბა ინტერიერის დიზაინერად. დღევანდელ ეტაპზე ჩემი გამოცდილება აერთიანებს კრეატიულ კონცეფციას, ტექნიკურ სიზუსტესა და პროექტის მართვის სრულ ციკლს – იდეიდან რეალიზებულ სივრცემდე.

როგორია Art Line Studio-ს შექმნის ისტორია და რას სთავაზობთ საზოგადოებას?
Art Line Studio-ს შექმნის მთავარი მიზანი იყო ინდივიდუალური ხედვის მქონე სივრცეების შექმნა როგორც არქიტექტურული, აგრეთვე ისეთი ინტერიერის, რომელიც გამოხატავს ადამიანის იდენტობას, ღირებულებებსა და ცხოვრების სტილს.
ჩვენი გუნდი მუშაობს საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებზე, დამკვეთებს ვთავაზობთ სრულ მომსახურებას: ეს იქნება კონცეფციის შემუშავება, დაგეგმარება, 3D ვიზუალიზაცია, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება თუ პროექტის რეალიზების პროცესში სამშენებლო-სარემონტო საავტორო ზედამხედველობა. ჩვენი მთავარი პრინციპია დეტალებზე მაქსიმალური კონცენტრაცია და საზოგადოებისთვის მაღალი სტანდარტის პროექტის წარდგენა. Art Line Studio-სთვის თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით.
გვესაუბრეთ თქვენს პროექტებზე, როგორ ფიქრობთ, რა ნიშა უკავია თქვენს ნამუშევრებს?
ჩვენი პროექტები გამოირჩევა მკაფიო კონცეფციით, სუფთა ხაზებითა და მასალების გააზრებული კომბინაციით. ხშირად ვმუშაობთ თანამედროვე და მინიმალისტურ ესთეტიკაში, თუმცა ვამატებთ ინდივიდუალური ხასიათის ელემენტებს, ტექსტურებს და არტობიექტებს.
ჩვენი ნიშა არის სივრცის ინტელექტუალური დიზაინი, როდესაც ვიზუალი ეფუძნება ფუნქციურ ლოგიკას, ხოლო ფუნქცია გადადის ესთეტიკურ გამოცდილებაში. ვქმნით გარემოს, რომელიც არ არის ხმაურიანი და გადატვირთული, მაგრამ ემოციურად მდიდარია. ჩვენი ნამუშევრები მიმართულია იმ ადამიანებზე, ვინც აფასებს ხარისხს, დეტალებსა და სივრცის ღირებულებას. ყველა არქიტექტურული თუ დიზაინ-პროექტი იქმნება დამკვეთისა და მისი ოჯახის ფსიქოტიპის გათვალისწინებით.
ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას – ფუნქციას თუ ესთეტიკას?
ჩემთვის ფუნქცია და ესთეტიკა კონკურენტები არ არიან, ისინი პარტნიორები არიან. მუშაობის პროცესში, პირველ რიგში, ვაანალიზებ სივრცის ლოგიკას: მოძრაობის დინამიკას, ბუნებრივ განათებას, ზონირებას, ეს არის საფუძველი. შემდეგ მოდის ესთეტიკა – ფერები, მასალები, ფორმები, რომლებიც სივრცეს ხასიათს აძლევს.
თუ სივრცეში ფუნქციურობა არ მუშაობს, ესთეტიკა ვერ გადაარჩენს პროექტს. მაგრამ თუ სივრცე მხოლოდ ფუნქციურია და არ აქვს ემოცია, ის ვერ გახდება სრულყოფილი. ამიტომ ჩემი მიდგომა არის ბალანსი – პრაქტიკულობა, რომელიც ესთეტიკას ემსახურება.
რა გაძლევთ ინსპირაციას საყვარელი საქმის კეთების დროს?
ინსპირაციას მაძლევს არქიტექტურა, როგორც გასული საუკუნეების, აგრეთვე თანამედროვე ხელოვნება, მოგზაურობა და სხვადასხვა კულტურის ვიზუალური ენა. ხშირად იდეა ჩნდება სრულიად მოულოდნელად – სინათლის თამაშში, ბუნებრივი მასალის ტექსტურაში, ქალაქის ურბანულ რიტმსა თუ, უბრალოდ, დეკორში.
ჩემთვის ასევე დიდი ინსპირაციაა თავად დამკვეთი – მისი ხასიათი, ჩვევები, ცხოვრების სტილი. როდესაც ვხვდები ადამიანს, ვცდილობ გავიგო არა მხოლოდ რა მოსწონს, არამედ როგორ ცხოვრობს. სწორედ ამ ანალიზიდან იბადება უნიკალური კონცეფცია.
მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე, იმდენი განსხვავებული ხასიათი და აზრი არსებობს, აქედან გამომდინარე, ჩვენი პროექტები ხასიათდება ინდივიდუალიზმით და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია.

რას ურჩევდით საზოგადოებას, სანამ ინტერიერის მოწყობას შეუდგებიან?
პირველ რიგში, გააცნობიერონ, რომ სივრცეზე მორგებული დიზაინ-პროექტი არის გრძელვადიანი ინვესტიცია და არა მხოლოდ ვიზუალური გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია საკუთარი საჭიროებებისა და ცხოვრების სტილის გაანალიზება – რა დროს ატარებენ სახლში, რა არის პრიორიტეტი, რა ფუნქცია აქვს თითოეულ სივრცეს. არ ღირს მხოლოდ ტრენდებზე ორიენტირება – ტრენდული ელემენტი შესაძლოა სწრაფად მოძველდეს, ხოლო სწორად დაგეგმილი სივრცე წლების განმავლობაში დარჩება აქტუალური. და რაც მთავარია, პროფესიონალთან თანამშრომლობა თავიდან აგარიდებთ არასწორ დაგეგმარებას, ზედმეტ ხარჯებს და იმედგაცრუებას. სწორად შექმნილი ინტერიერი ზრდის ცხოვრების ხარისხს – და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი












