ანემია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰემატოლოგიური დაავადებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ის მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 30%‑ს აწუხებს. „ნიუ ჰოსპიტალსი“ მრავალპროფილური კლინიკაა, სადაც ანემიის მკურნალობის არაერთი შესაძლებლობაა ხელმისაწვდომი – როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარულ რეჟიმში. ანემიის სიმპტომებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ჰემატოლოგი, ონკოჰემატოლოგი, აიდა გოზალოვა გვესაუბრება.
რა არის ანემია და რა იწვევს მას?
ანემია ესაა სისხლის წითელი უჯრედების, იმავე ერითროციტების რაოდენობის ან სისხლში ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება. სხვადასხვა ტიპის ანემიას განსხვავებული გამომწვევი მიზეზი აქვს. არსებობს რკინადეფიციტური და ვიტამინდეფიციტური ანემია; ასევე – მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების ფონზე განვითარებული, ონკოლოგიური დაავადებების დროს განვითარებული და ანემია, რომელიც ძვლის ტვინის დაავადებებთანაა ასოცირებული.
რა სიმპტომები ახასიათებს ანემიას?
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია – დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება. ასევე, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ანემიამ შესაძლოა კანისა და ლორწოვანი გარსების, პირის ღრუსა და თვალის სიფერმკრთალე გამოიწვიოს. გარდა ამისა, თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევა ახასიათებს.ზოგიერთ შემთხვევაში ანემიამ შეიძლება გამოიწვიოს კონცენტრაციისა და ფიზიკური დატვირთვის გაძნელება.
ვინ შეიძლება დაავადდეს ანემიით?
ანემიის განვითარების რისკი უმეტესად აქვთ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ან ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. ანემია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ორსულებში, რაც საფრთხეს უქმნის როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ ორსულობის დაგეგმვამდე რეკომენდებულია სპეციალური კვლევების ჩატარება. რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან ვეგეტარიანელებიც და ისინი, ვინც ხშირად მარხულობენ. მნიშვნელოვანია ხორცის ნაცვლად ამ ადამიანებმა მიიღონ დიდი რაოდენობით რკინის შემცვლელი საკვები.
ანემია შესაძლოა დაემართოთ მათაც, ვისაც აწუხებს ნაწლავური პრობლემები ან კუჭის ოპერაცია აქვთ გაკეთებული. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ოპერაცია სიმსივნის დროს თუ – ბარიატრიული.
როგორ ხდება ანემიის დიაგნოსტირება?
ანემიის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა სხვადასხვა კვლევის ჩატარება. პირველ რიგში, იკრიბება ანამნეზი, კეთდება სისხლის საერთო ანალიზი და ტარდება სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევები.
დიაგნოზის დასმის შემდეგ თუ აღმოჩნდება, რომ პაციენტს ანემია აქვს, დაავადების გამომწვევი მიზეზის დასადგენად ინიშნება დამატებითი კვლევები და ბოლოს განვსაზღვრავთ მკურნალობის მეთოდებს.
რამდენიმე დაავადების შემთხვევაში – ანთებითი ქრონიკული დაავადებების ან ონკოლოგიური დაავადებების დროს განვითარებული ანემიისას ფერიტინის კონტროლი მიზანმიმართული არ არის. ასეთ დროს რკინის დეფიციტის დასადასტურებლად სხვა კვლევები ტარდება. ძალიან იშვიათად საჭიროა ძვლის ტვინის ნიმუშის აღება და მისი გამოკვლევა.
რა გართულებების გამოწვევა შეუძლია ანემიას?
ანემიის შედეგად ორსულობის დროს შესაძლოა განვითარდეს გართულებები, როგორიცაა: ნაადრევი მშობიარობა; ახალშობილის მცირე წონა; მშობიარობის დროს სისხლის გადასხმის საჭიროების მაღალი რისკი; რძის შემცირება; რკინის დეფიციტი ახალშობილში და პოსტსამშობიარო დეპრესია. ასევე გულისცემის სიხშირის გაზრდა და გულის არარეგულარული რიტმი (არითმია); ზოგიერთ თანდაყოლილ ანემიას, მაგალითად – ნამგლისებუჯრედოვან ანემიას სიცოცხლისთვის საშიში გართულებების განვითარება შეუძლია.
როგორ ხდება ანემიის პრევენცია?
რკინადეფიციტური ანემიის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვების რაციონი. აუცილებელია ადამიანებმა იკვებონ სწორად და მიიღონ პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით რკინას, ფოლიუმის მჟავას და ვიტამინ B12-ს შეიცავს. ძალიან მნიშვნელოვანია ხორცის საჭირო რაოდენობით მიღება. ასევე მნიშვნელოვანია კვების რაციონი შეიცავდეს პარკოსნებს, რკინით გამდიდრებულ მარცვლეულს, ბოსტნეულს, ხილს და სხვ. აღსანიშნავია, რომ ანემიის იმ ტიპების პრევენცია, რომელიც სხვადასხვა დაავადებით არის განპირობებული, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
როგორ ვუმკურნალოთ ანემიას?
ანემიის სიმპტომები შესაძლოა სხვა დაავადებასაც ახასიათებდეს, სწორედ ამიტომ უმჯობესია, პაციენტმა ჯერ მიმართოს თერაპევტს (ოჯახის ექიმს). თერაპევტი ანამნეზიდან გამომდინარე ჩაატარებს კვლევებს და გადაამისამართებს პაციენტს შესაბამის სპეციალისტთან. თუ პირველადი ანალიზების შედეგებში რკინის დეფიციტი დადასტურდა, სასურველია, პაციენტმა მიმართოს ჰემატოლოგს დამატებითი გამოკვლევებისა და მკურნალობის კურსის დასაგეგმად.
ანემიის მკურნალობის გზები შესაძლოა განსხვავდებოდეს გამომწვევი მიზეზებისა და მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით. პაციენტებს შესაძლოა დაენიშნოთ მედიკამენტური მკურნალობა ან საჭირო გახდეს მათთვის სისხლის გადასხმა. ქრონიკული ანემიის შემთხვევაში ხშირად აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლაც. „ნიუ ჰოსპიტალსი“ მრავალპროფილური კლინიკაა, სადაც ანემიის მკურნალობის არაერთი შესაძლებლობაა ხელმისაწვდომი – როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარულ რეჟიმში.