18 წლისამ გაიგო, რომ კახა ბენდუქიძის ქალიშვილი იყო. 25 წლის ასაკში, როცა მამაშვილობა შედგა, ჯერ მამა დაკარგა, ხოლო შემდეგ სასამართლო არკვევდა მისი მემკვიდრეობის საკითხს და ბოლოს, არცთუ იოლი საქმის გაძღოლა მოუწია. სჯერა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და რომ ცუდ ამბავსაც შეიძლება კარგი გაგრძელება ჰქონდეს. პირველად ამ ინტერვიუს დროს დაფიქრდა, ეწყინა თუ არა, როცა მამამ დიდი ხნის შემდეგ გაუმხილა ამბავი, რომელმაც მისი ცხოვრება ამოაყირავა. ანასტასია ბენდუქიძის დამტვრეული ქართულით მოყოლილი ამბავი.
ბავშვობა
ძალიან ცელქი ვიყავი − ხან სად ვძვრებოდი, ხან სად. ბევრი ნაიარევიც მაქვს. მუდამ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. საქართველოში ხომ ამბობენ, თეფშს თუ არ მოაპრიალებ, ლამაზი ქმარი არ გეყოლებაო. დედაჩემი მეუბნებოდა, ბოლო ლუკმაში არის მთელი ძალა და აუცილებლად უნდა შეჭამოო. ბოლომდე ვჭამდი, იმიტომ, რომ მინდოდა, ყველაზე ძლიერი ვყოფილიყავი. ძალიან ენერგიული ვიყავი და მომწონდა ხალხთან კომუნიკაცია. მინდოდა ტელეწამყვანი ვყოფილიყავი. ახლა, სატელევიზიო შოუში რომ მოვხვდი, თითქოს ბავშვობის ოცნება ამიხდა.
დედამ მომცა თავისუფლება − ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა. ვერ ვიტყვი, რომ მკაცრი არ იყო, თუმცა ხელს არ მიშლიდა ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. ძალიან პატარა ასაკიდან ვიყავი დამოუკიდებელი. ყოველთვის მქონდა არჩევანის უფლება. შესაძლოა შემდეგ მომხვედროდა არასწორი არჩევანის გამო, მაგრამ ეს იყო თავისუფლება.
მამა
კახა რომ გავიცანი, 10 წლის ვიყავი. არასოდეს გამჩენია შეკითხვა, რატომ ატარებდა ეს ადამიანი ჩემთან ერთად ამდენ დროს. ყველას ეშინოდა და ერიდებოდა კახასი, მე − არა. ხშირად ვკამათობდით და მას ეს მოსწონდა. როგორც მოგვიანებით მივხვდი, უბრალოდ, ხედავდა, როგორ ვგავდით ერთმანეთს. როცა გავიგე, რომ კახა ჩემი ბიოლოგიური მამა იყო, ძალიან შეიცვალა ჩვენი ურთიერთობა. მანამდე მუდამ დედასთან ერთად დავდიოდი, შემდეგ − ყოველთვის კახასთან ერთად. ცნობიერება რით იწყება? − ვინ ვართ ჩვენ? როცა კახამ მითხრა, მე ვარ შენი ბიოლოგიური მამაო, ეს იყო პირველი გამოცდა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ ამოყირავდა ყველაფერი. მანამდე მეგონა, რომ ვარ რუსი და უცებ გაირკვა, რომ ქართველი ვარ. ეს ქვეყანა შორსაა, სხვა ენაზე საუბრობენ, სხვანაირი კულტურა აქვთ. დავიწყე ფიქრი, რა მაქვს გენში ქართული. შემდეგ ჩვენი მეგობრობა მამაშვილობაში გადაიზარდა, მაგრამ მაინც მეგობრებად დავრჩით. ხშირად კახამ უფრო მეტი იცოდა ჩემი პირადი ამბების, ვიდრე დედამ.
ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ OK-ის დეკემბრის ნომერში.
ფოტო: მაკა მეგრელიძე
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ვიზაჟი: ნინო სოფრომაძე
ტექსტის ავტორი: ქეთი ლომსაძე
ჩაცმულობა: Massimo Dutti
ლოკაცია: თბილისის იპოდრომი