მარტივია, გერქვას დიზაინერი, მაგრამ რთულია დაამკვიდრო საკუთარი ნიშა, რომელიც გამოგარჩევს და განსხვავებულს გხდის სხვებისგან. მინდა წარმოგიდგინოთ OK! Fashion Book-ის რესპონდენტი, ქართველი დიზაინერი ბესარიონ რაზმაძე, რომელმაც ნამდვილად მოახერხა და დღეს მისი სახელი ინდივიდუალიზმთან ასოცირდება. როგორ განმარტავს მოდის ცნებას, რამდენად მიჰყვება ტენდენციებს, და სხვა საინტერესო შეკითხვებზე პასუხს ინტერვიუში წაიკითხავთ.
გვესაუბრეთ ზოგადად მოდაზე. როგორ განმარტავთ ამ ცნებას?
მოდა მართლაც განსაკუთრებული ცნებაა და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პლანეტაზე, ზოგადად, კაცობრიობის განვითარებაზე, გემოვნებაზე. თუმცაღა, ძალიან ბევრს ისიც კი ვერ წარმოუდგენია, თუ რამდენად დიდ კავშირშია მოდა და პოლიტიკა ერთმანეთთან, რამხელა გავლენას ახდენს მოდა პოლიტიკაზე და პირიქით − პოლიტიკა მოდაზე.
მოდა ხელოვნების ის დარგია, რომელსაც ადამიანების ძალიან დიდი მანიპულირება შეუძლია. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი: მოდა ჩემთვის არის როგორც რელიგია, რომელსაც მართლაც ეთაყვანება მთელი კაცობრიობა. ტანისამოსი კი ჰგავს ინტელექტს, რომელსაც ჩვენ ვიცვამთ და ეს არის უდიდესი საშუალება იმისთვის, რომ გამოხატო საკუთარი ინდივიდუალიზმი.
რამდენად მიჰყვებით ტენდენციებს?
რა თქმა უნდა, არსებობს საერთო ტენდენციები და ისინი ყოველ სეზონზე ახლდება, რისთვისაც არსებობს სპეციალური ორგანიზაციები, რომლებიც ამაზე მუშაობენ და აქვეყნებენ სხვადასხვა ინტერნეტსაშუალებით, თუნდაც ფერთა გამებს, სილუეტებს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ტენდენცია გამოიყენო შენებურად, მოარგო საკუთარ ესთეტიკას. ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა დიზინერმა უნდა შეძლოს, ყოველ ახალ ტენდენციაში იკითხებოდეს მისი კოდი, რაც გამოარჩევს მას სხვა ბრენდებისგან.
რომელი ეპოქის მოდას/სტილს გამოარჩევდით?
ჩემი ყველაზე საყვარელი ეპოქა, რა თქმა უნდა, გასული საუკუნის 50-იანები, 60-იანები, 70-იანები და 90-იანებია.
ვინ/რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
შთაგონების წყარო ყოველთვის გაურკვეველია. მუდმივად ჩნდება საიდანღაც. ძირითადად, ალბათ არიან ადამიანები, ისტორიები, დანახული ეპიზოდები, რომლებსაც ყოველდღე ვხვდებით ქუჩაში, აეროპორტში, მაღაზიაში… ყველგან. ასევე, დიდ როლს თამაშობს სხვადასხვა ქვეყნისა და ქალაქების არქიტექტურული მხარე. კონკრეტულად რთულია გამორჩევა.
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქართული მოდა?
ჩემი აზრით, ქართულ მოდას გასული წლების განმავლობაში სოფო ჭყონიას დამსახურებით ჰქონდა განვითარებისა და წინსვლის ძალიან დიდი შანსი, მაგრამ ქართველმა დიზაინერებმა 100%-ით ვერ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, ანუ იმ მასშტაბებით, როგორც ეს შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისები სხვადასხვა ბრენდის სახით, რომლებიც შრომობენ და ცდილობენ წინსვლას. შესაბამისად, მაქსიმალურად სწორად გამოიყენეს ეს შანსი და იმედია, ასეც გაგრძელდება.