ჰირუდოთერაპია, ანუ სამედიცინო წურბელებით მკურნალობა, სხვადასხვა დაავადებებისგან განკურნების ერთ-ერთი უძველესი მეთოდია. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ამ დროს მნიშვნელოვანია ეს პროცედურა პროფესიონალმა ექიმმა ჩაატაროს. სწორედ წარმატებული ექიმი რადიოლოგი და ამავე დროს ექიმი ჰირუდოთერაპევტი, ეკა ლაშხია დღეს OK! ბათუმის სტუმარი. ეკასთვის ექიმობა უბრალოდ პროფესია არ არის, ბავშვობის ოცნებაა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ, შრომით მიყვა და მიზანსაც მიაღწია. საკუთარ საქმეში პროფესიონალია, პირველ რიგში, გვიყვება თავის პროფესიულ გზაზე, ჰირუდოთერაპიის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ექიმი, რომელსაც თითოეული პაციენტი ოჯახის წევრად გთვლის.
ეკა, სანამ უშუალოდ ჩვენ სასაუბრო თემაზე გადავალთ, გვითხარით, როგორია თქვენი თვალით დანახული აჭარა, ბათუმი?
ვთვლი, რომ აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული რეგიონია. ბათუმი კი, შეიძლება ითქვას, ამ რეგიონის გვირგვინია, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება – ჩამოსვლიდან ჩამოსვლამდე აქაურობა სულ უფრო შეცვლილია, თუმცა, ამავდროულად, ქალაქი ძველ ხიბლსაც ინარჩუნებს. განსაკუთრებით მიყვარს ძველი ბათუმის ნაწილი – ისტორიული ადგილები, რომლებთანაც ყველას გვაკავშირებს მოგონებები, და, რაც ყველაზე მთავარია, ამ მხარეში განსაკუთრებულად თბილი და სტუმართმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ, ამიტომ ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა ამ რეგიონში, როგორც საქმიანი ვიზიტი, ისე, უბრალოდ, რამდენიმე დღით განსატვირთად ჩამოსვლა.
რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
ექიმობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, სულ ვიცოდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი პროფესია. ძალიან მიყვარს ბავშვები და არავის გაკვირვებია, როცა პროფესიად პედიატრია ავირჩიე. სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ გავხდი ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი. თუმცა ჩემი უფროსი კოლეგების, გამოცდილი პროფესიონალების და კარგი ადამიანების რჩევით სწავლა რეზიდენტურაში სხვა მიმართულებით გავაგრძელე და, რადიოლოგიის რეზიდენტურის დასრულების შემდეგ, გავხდი სერტიფიცირებული ექიმი რადიოლოგი. დღეს კი ამ ადამიანების ძალიან მადლიერი ვარ, რადგან სწორი არჩევანის გაკეთებაში დამეხმარნენ. უკვე 23 წელია სხვადასხვა კლინიკაში ვმუშაობ ზოგადი პროფილის რადიოლოგად, ულტრაბგერითი კვლევის მიმართულებით და ყოველდღიური გამოცდილება მაძლევს იმის სტიმულს, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითარო საკუთარი თავი.
იყო ექიმი ნიშნავს…
გიყვარდეს ადამიანები, თითოეული პაციენტის მდგომარეობას განიცდიდე როგორც საკუთარს, გესმოდეს მათი განცდები და ყველაფერი გააკეთო მათი გამოჯანმრთელებისთვის. კარგმა ექიმმა იცის, რა მნიშვნელოვანია პაციენტთან სწორი მიდგომა, რაც დიდ დროსა და ძალისხმევას მოიცავს… ზოგჯერ ექიმის ერთმა სიტყვამ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს პაციენტის მდგომარეობაზე. არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა გამოჯანმრთელებულ პაციენტს ხედავ. ეს არის ჯილდო, რომელიც ექიმებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ უფრო განვვითარდეთ და კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ პაციენტებისთვის.

თქვენ სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით საქმიანობთ. გვიამბეთ ამის შესახებ.
დიახ, სრულიად განსხვავებული ორი მიმართულებით ვსაქმიანობ. უპირველესად ვარ ექიმი რადიოლოგი და, ამავდროულად, ჰირუდოთერაპევტი. რადიოლოგია არის დიაგნოსტიკის მიმართულება, ჰირუდოთერაპია კი მკურნალობის მეთოდია, როცა, უკვე ანალიზებზე და კვლევებზე დაყრდნობით, დასმული დიაგნოზის საფუძველზე, თითოეულ პაციენტს, ინდივიდუალური შერჩევით უტარდება პროცედურები. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ორივე მიმართულება ერთმანეთისგან განსხვავდება, ჩემს პრაქტიკაში ისინი ერთმანეთს იდეალურად ავსებენ. ზუსტი დიაგნოზი და კვალიფიციურად ჩატარებული ჰირუდოთერაპიული პროცედურები პაციენტისთვის საუკეთესი შედეგის გარანტიას იძლევა.
როდის გაგიჩნდათ ჰირუდოთერაპიის ცენტრის შექმნის იდეა, რა იყო მთავარი მოტივაცია?
იდეა გაჩნდა მაშინ, როცა საკუთარ თავზე გამოვცადე ჰირუდოთერაპიით მკურნალობის შედეგი. ჩემთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ ეს იყო საუკეთესო საშუალება, რომელიც თანამედროვე მედიცინით მკურნალობის ეფექტს მნიშვნელოვნად აძლიერებდა. გამიჩნდა სურვილი, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონოდა ინფორმაცია მკურნალობის ამ საშუალების შესახებ, რადგან ეს შეიძლებოდა მათი გამოჯანმრთელების გზაზე ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ყოფილიყო. მინდოდა, სხვა ადამიანებსაც ეგრძნოთ ის საოცარი შედეგი, რაც მე მივიღე.
წურბელებით მკურნალობის ისტორია საუკუნეებს ითვლის, მას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყველა დროის მკურნალები მიმართავდნენ. ჩვენი ბებია-ბაბუების თაობაში თითქმის ყველას აქვს ინფორმაცია ჰირუდოთერაპიის შესახებ, თუმცა ისინი მკურნალობის ამ მეთოდს, ძირითადად, ოჯახურ პირობებში მიმართავდნენ.
იმისთვის, რომ ჰირუდოთერაპიის დროს მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, აუცილებელია სწორად ვიცოდეთ ის ბიოლოგიურად აქტიური წერტილები და მერიდიანები, რომლებზეც სამკურნალო წურბელის დასმა უნდა მოხდეს. ეს თემა სკრუპულოზურ შესწავლას, ადამიანის ფიზიოლოგიისა და ანატომიის კარგ ცოდნას ითხოვს. ამიტომაც გადავწყვიტე მკურნალობის ამ მეთოდისთვის მიმეცა უფრო აკადემიური სახე და პროცესი კლინიკურ გარემოში გადმომეტანა. შესაბამისი მოთხოვნებით მივმართე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. მივიღე თანხმობა და გავხსენი ცენტრი.
პარალელურ რეჟიმში გავდიოდი სწავლებას ჰირუდოთერაპიის მიმართულებით და შესაბამისი სერტიფიკატი მივიღე. ამჟამად ვარ სერტიფიცირებული ჰირუდოთერაპევტი. ყოველდღიურ რეჟიმში ვეცნობი ახალ ინფორმაციას, რათა კიდევ უფრო ეფექტური იყოს მკურნალობა.

რა არის თქვენი მოტივატორი?
ჩემი მთავარი მოტივატორი არის პაციენტის მდგომარეობის რეალური გაუმჯობესება, ჰირუდოთერაპიული პროცედურების გზით. მნიშვნელოვანია, დიაგნოსტიკასა და ჰირუდოთერაპიას შორის არსებული ცოდნის ეფექტური გამოყენების გზით პაციენტამდე მივიტანო მაქსიმალური სარგებელი, აი, სწორედ ეს არის ჩემი მთავარი პროფესიული სტიმული და ყოველდღიური განვითარების რუტინა.
მრავალ პაციენტზე დაკვირვებების შედეგად, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ კლასიკური მედიცინა და ხალხური მედიცინის ეს მეთოდი კი არ გამორიცხავენ ერთმანეთს, არამედ ავსებენ. ამის ნათელი მაგალითები ბევრი გვაქვს და განხილვის საგნადაც კი ქცეულა, რიგ შემთხვევებში, ჩემს კოლეგა პროფესიონალ ექიმებთან, განსაკუთრებით ოჯახის ექიმებთან, ანგიოლოგებთან, ნევროლოგებთან, გინეკოლოგებთან და ოფთალმოლოგებთანაც კი.
ჰირუდოთერაპიული პროცედურების შესახებ ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა – როგორ და რანაირად მოქმედებს ამდენ დაავადებაზე?
ორგანიზმმა რომ იარსებოს, მის ყოველ უჯრედს მუდმივად უნდა მიეწოდებოდეს საკვები და ჟანგბადი. უჯრედი კი არის ყველაზე მცირე მორფო ფუნქციური ერთეული, რომლისთვისაც დამახასიათებელია ყველა სასიცოცხლო თვისება, თუკი ორგანიზმი მწყობრშია. სისხლის მიმოქცევის სისტემა არის მთავარი სატრანსპორტო ქსელი, რომლითაც საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი სხეულის ყველა უჯრედამდე აღწევს, ამავე სისტემას მიაქვს უჯრედებში დაშლისას წარმოქმნილი ნივთიერებები გამომყოფ ორგანოებამდე. უჯრედი ქმნის ქსოვილს, ქსოვილები ორგანოებს, ხოლო ორგანოები კი ორგანოთა სისტემებს. ჩვენი ორგანიზმის შინაგან გარემოს, რასაც ჰომეოსტაზი ჰქვია, სისხლი, ქსოვილური სითხე და ლიმფა ქმნის. ჰომეოსტაზის მისაღწევად კი ორგანოები თუ ორგანოთა სისტემები შეთანხმებულად და სწორად უნდა ფუნქციონირებდნენ. შესაბამისად, ჰირუდოთერაპიული პროცედურების გზით ხდება მიკროცირკულაციისა და სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება, რაც ბუნებრივად ხსნის ამ მეთოდის ერთ-ერთ თერაპიულ ეფექტს – სხვადასხვა დაავადებების დროს, განსაკუთრებით სისხლის მიმოქცევის მოშლით განპირობებული დაავადებების დროს. სამედიცინო წურბელის თერაპიული ეფექტი უშუალოდ აისახება უჯრედის, ქსოვილებისა და ორგანოების ფუნქციურ მდგომარეობაზე, შესაბამისად, სახეზე გვყავს გამოჯანმრთელებული პაციენტი.
როგორია თქვენი მიდგომა პაციენტებთან?
რა თქმა უნდა, ინდივიდუალური, მაქსიმალურად ყურადღებიანი და რაც ყველაზე მთავარია, გულწრფელი. პირველადი კონსულტაციის დროს ხდება დეტალური ანამნეზის და ობიექტური, ლაბორატორიული თუ დიაგნოსტიკური კვლევების მონაცემების შეკრება. თუ სრულყოფილი ინფორმაცია არ მაქვს პაციენტის მდგომარეობის შესახებ, მაშინ ვთანამშრომლობ სხვადასხვა პროფილის ექიმთან, თუმცა პაციენტები ჩვენთან, ძირითადად, უკვე დიაგნოზით მოდიან. ამის შემდეგ ვიწყებ ინდივიდუალურად მორგებულ ჰირუდოთერაპიულ პროცედურებს, იმისთვის, რომ პაციენტი სრულ გამოჯანმრთელებამდე მივიყვანო.

კონკრეტულად რა მიმართულებით არის ეფექტური ჰირუდოთერაპია?
წურბელებით მკურნალობა ეფექტურია მრავალი მიმართულებით: ნევროლოგია, ენდოკრინოლოგია, დერმატოლოგია, კარდიოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, ოფთალმოლოგია, ანგიოლოგია, კოსმეტოლოგია, გინეკოლოგია, სტომატოლოგიაც კიი და ა.შ., თუმცა აუცილებელია პროფესიონალ ექიმთან ჰირუდოთერაპევტის კონსულტაცია, რათა სწორად განისაზღვროს მკურნალობის ტაქტიკა, ეს იქნება კომბინირებული მკურნალობა თუ პროფილაქტიკური მიზნით. მაშინ, როდესაც კარდიოვასკულარული დაავადებები მთელს მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად რჩება და მათი რიცხვი, სამწუხაროდ, ყოველწლიურად იზრდება, ჰირუდოთერაპიული პროცედურები შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ პრევენციად – როგორ? ამაზეც პრაქტიკულად ერთი პასუხი მაქვს, მისი ეფექტურობა განპირობებულია 3 მექანიზმით: 1) წურბელის ნერწყვში, ანუ სეკრეტში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. მის ნერწყვში აღმოჩენილია 150-მდე ფერმენტი, მათგან ყველასთვის ცნობილი ჰირუდინი ძლიერი ბუნებრივი ანტიკოაგულანტი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის ნაკადს და რეოლოგიურ თვისებებს, თრომბოზების რიცხვი მინიმუმამდე დაჰყავს. ჰიალურონიდაზა ხელს უწყობს ჰიალურონის მჟავას სინთეზს, შესაბამისად, ეხმარება ორგანიზმს ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის და სილამაზის შენარჩუნებასა და გახანგრძლივებაში. დესტაბილაზა – შლის უკვე წარმოქმნილ თრომბებს, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება. ყველა ცალკეული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დახასიათება შორს წაგვიყვანს. 2) სისხლისა და ლიმფის მიკროცირკულაციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ხდება, რის გამოც განსაკუთრებით ეფექტურია შეშუპების, ტკივილის, თრომბოზის, ტროფიკული წყლულების, განსაკუთრებით დიაბეტიკებში, ანგიოლოგიური პრობლემების, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციური ცვლილებების დროს. 3) აუცილებელია წურბელის დასმა ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე. სწორედ ამიტომ ჰირუდოთერაპიული პროცედურები მოიცავს პროფესიულ მიდგომას, ინდივიდუალურად პაციენტის ანამნეზიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე… ამით კი მიიღება: ტკივილის შემცირება, შინაგანი ორგანოების ფუნქციის გაუმჯობესება და აღდგენა (დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე), ჰორმონალური და ვეგეტატიური ბალანსის გაუმჯობესება.
და ბოლოს, რატომ გვაძლევს შედეგს ეს პროცედურები თითქმის ყველა პაციენტთან?
იმიტომ, რომ სამედიცინო წურბელა არის უნიკალური ფერმენტებით სავსე ერთგვარი შპრიცი. გამომდინარე თავისი მოქმედების მექანიზმით და ბიოლოგიურად აქტიური წერტილების ზედმიწევნით ცოდნით, ის ერთდროულად მოქმედებს 3 სისტემაზე: სისხლძარღვებზე, იმუნურ სისტემაზე და ნერვულ სისტემაზე. ეს კომბინაცია იშვიათია სხვა მეთოდებში და სწორედ ამიტომ აქვს მაღალი ეფექტურობა, განსაკუთრეებით ტინიტუსის, შაკიკის, სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, დიაბეტის, ანგიოლოგიური და სხვა მნიშვნელოვანი ჩივილების დროს.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: გვანცა ზარქუა












