სადაზღვევო კომპანია არდი და ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებენ — პარტნიორობას, რომელიც პროფესიული ტალანტის დაზღვევას გულისხმობს და საქართველოში დღემდე ყველაზე ინოვაციურ დაზღვევის სახეობას განეკუთვნება.
წლების წინ ქართული ნაციონალური ბალეტის ყველა წევრი სადაზღვევო კომპანია არდიმ დააზღვია და დაუშვა ტალანტის დაზღვევის პირველი პრეცენდენტი ჩვენს ქვეყანაში. ეს ურთიერთობა 2026 წელს ახალ საფეხურზე გადავიდა.
თანამშრომლობის განახლება ოფიციალურად გაფორმდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, „სუხიშვილების“ საიუბილეო კონცერტის წინ, სადაც 80 წლის წინ დიდი ისტორია დაიწყო. სწორედ ამ საღამოს გაიმართა ისტორიული მემორანდუმის ხელმოწერაც არდისა და „სუხიშვილებს“ შორის, რომელიც ანსამბლის გენიისა და პროფესიული ტალანტის დაზღვევას ითვალისწინებს.

სუხიშვილების ანსამბლი ქართული ავთენტური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია — დასი, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში საქართველო მსოფლიოს დიდ სცენებზე ღირსეულად წარმოაჩინა. შარშანდელი საიუბილეო წელი, ნიუ იორკის ლეგენდარულ, კარნეგი ჰოლის სცენაზე გამოსვლით აღინიშნა. არდისთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოა იყოს ქართული ნაციონალური ბალეტის ”სუხიშვილების” პარტნიორი და მზღვეველი.
დაზღვევა სრულად მოიცავს ანსამბლის ყველა წევრს – როგორც მოცეკვავეებს, ისე მუსიკოსებს და ვრცელდება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო გასტროლების დროს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
„არდის“ გენერალური დირექტორის, მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით:
„ეს არ არის მორიგი სადაზღვევო თანამშრომლობა ორ ორგანიზაციას შორის — ეს არის სადაზღვევო ბაზრისთვის და ჩვენი კულტურის სფეროსთვის ახალი ხედვის დანერგვა. წლების წინ გვინდოდა შეგვექმნა პრაქტიკული, რეალური ზრუნვის ინსტრუმენტი იმ გამორჩეული პროფესიონალებისთვის, რომელთა საქმიანობაც ზებუნებრივ ნიჭს – ანუ ტალანტს უკავშირდება. ამ იდეის ხორხშესხმა სუხიშვილებით დავიწყეთ და ტრადია გრძელდება. დასის ჯამური სადაზღვევო ლიმიტი 1 მილიონი ლარია, რომლითაც სარგებლობა მის ნებისმიერ წევრს შეეძლება, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი გაუთვალისწინებელი შემთხვევის ან ტრავმის გამო, პროფესიულ საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. მიგვაჩნია, რომ თუ მსოფლიოს უდიდეს ვარსკვლავებს პროფესიული ტალანტი დაზღვეული აქვთ, ჩვენ ქვეყანაშიც უნდა ისარგებლოს სუხიშვილების გენიამ მსგავსი უნიკალური მომსახურებით. ასე, რომ ამჯერად დაზღვეული ცეკვის ჯერია“
ნინო სუხიშვილის თქმით, ანსამბლის წევრებისთვის მსგავსი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
„პროფესიული უსაფრთხოება ნებისმიერი შემოქმედებითი საქმიანობის საფუძველია. ეს თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, მეტი სიმშვიდით გავაგრძელოთ ის საქმე, რასაც წლებია ვემსახურებით და ხშირ შემთხვევაში, რთულ და მძიმე ფიზიკურ შრომას მოითხოვს.“
სადაზღვევო კომპანია არდის განცხადებით, კომპანია გეგმავს ტალანტის დაზღვევა დაუკავშიროს სხვა — როგორც უკვე ცნობილ, ისე ამომავალ ვარსკვლავებს, რომელთათვისაც ნიჭი, მათი ძირითადი პროფესიული საქმიანობა და ყოველდღიური სამუშაო გარემოა.













