პროფესიის არჩევისას ბევრი არ უფიქრია, რადგან ჯერ კიდევ ბავშვობაში გადაწყვიტა, რომ ადვოკატი გახდებოდა და ადამიანთა უფლებებს დაიცავდა. 2009 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა და მას შემდეგ საადვოკატო საქმიანობას წარმატებით ეწევა. როგორც თავად ამბობს, იურისტის პროფესია მრავალმხრივია. მთავარი გამოწვევა ამ პროფესიაში საკუთარი მიმართულებისა და საკეთებელი საქმის არჩევაა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელშიც ჩვენი რესპონდენტის საქმიანობისა და წარმატებამდე მისასვლელი გზების შესახებ უფრო უკეთ შეტყობთ.
არჩილ, ადვოკატურა საკმაოდ ფართო სპექტრია. გვიამბეთ თქვენს მიმართულებზე.
საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი ვარ, რაც მოიცავს წარმომადგენლობას როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე. თუმცა მიმაჩნია, რომ შეუძლებელია ერთი ადამიანი სამართლის ყველა დარგში ერთნაირად კომპეტენტური იყოს. ამიტომ დროთა განმავლობაში ჩამომიყალიბდა ერთგვაროვანი პრაქტიკა იმ საქმეებისა, რაზეც ძირითადად ვმუშაობ. მიმაჩნია, რომ ამგვარი მიდგომით უფრო კეთილსინდისიერად ვემსახურები როგორც ჩემს პროფესიას, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც დასახმარებლად მომმართავენ. არაერთხელ მითქვამს უარი ისეთი საქმის აღებაზე, რომელშიც პერსპექტივა ვერ დამინახავს ან საჩემოდ არ მიმიჩნევია. ამგვარი მიდგომა შეიძლება ვინმესთვის გაუგებარი იყოს, რადგან ადვოკატი პასუხისმგებელია საქმიანობის ხარისხზე და არა შედეგზე. მაგრამ მე მაქვს ჩემი პროფესიული პრინციპები და მორალური კოდექსი, რომელსაც არასდროს ვარღვევ.
რა იყო მოტივაცია იმისა, რომ გაგევლოთ ის გზა, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ?
მთავარი მოტივი, რამაც ბავშვობაში ამ პროფესიის არჩევა შთამაგონა, სამართლიანობის პრინციპი იყო. მოგვიანებით კი უფრო ნათლად გავაცნობიერე, რომ ადვოკატი ხშირად მთელ სახელმწიფო სისტემას უპირისპირდება. ასეთ დროს კი ძალიან რთულია, სასურველ შედეგს მიაღწიო. ზოგჯერ ბრალდებულის ბედი იმდენად არის გადაწყვეტილი სახელმწიფოს ლეგიტიმური ორგანოების მიერ, რომ თითქმის შეუძლებელია რაიმეს შეცვლა. თუმცა ამ პროფესიის მთავარი ხიბლიც სწორედ ამაში მდგომარეობს. იბრძოლო ბოლომდე, იყო უმცირესობაში და საბოლოოდ მაინც შეძლო სასურველი შედეგის დადება. ხოლო თუ ეს შედეგი რეალურად უდანაშაულო ადამიანის გამართლებასთან არის დაკავშირებული, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ყოფილა მომენტები, რა დროსაც უდანაშაულო ადამიანს გამართლების იმედი არ ჰქონია. მაგრამ როდესაც ეს მოხდა, ამ ადამიანებმა ირწმუნეს, რომ სიმართლე არ იკარგება და მათი ცხოვრება გამარჯვების შემდეგ ფუნდამენტურად იცვლება უკეთესობისკენ. მათთან დღემდე ვმეგობრობ და ყალბი თავმდაბლობის გარეშე მიხარია იმ მადლიერი სიტყვების მოსმენა, რასაც დღემდე გამოხატავენ.
რამდენად რთულია ადვოკატისთვის პროფესიული ეთიკის დაცვა ურთულეს საქმეებში?ყოფილა სიტუაცია, როცა თქვენი ეთიკური პრინციპები გამოცდის წინაშე დადგა?
ადვოკატისთვის პროფესიული ეთიკის დაცვა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას მთელი ჩვენი საქმიანობა. ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი არასოდეს დავთმობ ეთიკურ პრინციპებს, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება რეალური სამართლიანობის მოპოვება და პროფესიის კეთილსინდისიერად შესრულება. მახსოვს საქმე, სადაც კლიენტის ინტერესები აშკარად წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემს ეთიკურ ხედვებთან — ეს იყო მომენტი, როცა გადავწყვიტე, რომ საჭირო იყო საქმიდან ჩამოშორება, ვიდრე გადამედგა პასუხისმგებლობის მიღმა ნაბიჯი. ეს გადაწყვეტილება თავიდან რთული იყო, მაგრამ ვთვლი, რომ ასეთი მტკიცე პოზიცია არის ის, რაც ამტკიცებს ადვოკატის პროფესიონალიზმს და რჩება მის ყველაზე დიდ მიღწევად.
რა უნარები მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვანად ადვოკატისთვის და როგორ განავითარეთ ისინი?
ადვოკატის პროფესიისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე უნარის განსაკუთრებული განვითარება. პირველ რიგში, ეს არის კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი – საჭიროების შემთხვევაში დეტალებში ჩაიხედო, იპოვო სამართლებრივი ლოგიკა და ყველაზე ეფექტური არგუმენტი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის უნარი – როგორც წერით, ისე სიტყვით, რათა შეძლო საკუთარი პოზიციის დაცვა და კლიენტის ინტერესების გათვალისწინება. მესამე, რაც ხშირად გადამწყვეტი ხდება, არის მოთმინება და ემპათია, რადგან ხშირად საქმეები ემოციურ კონტექსტში მიმდინარეობს. ამ უნარებს ვუყურებ, როგორც მუდმივ განვითარებას, რომელიც ვიღებ როგორც პრაქტიკიდან, ისე სპეციალური ტრენინგებით,სათანადო ლიტერატურით და კოლეგებთან ურთიერთობით.
ადვოკატის როლი ხშირად საზოგადოების თვალში მკაცრ შეფასებებს იმსახურებს – როგორ უპასუხებდით ამ სტერეოტიპს?
„ადვოკატების მიმართ სტერეოტიპები საკმაოდ გავრცელებულია, და ეს ზოგჯერ მართებული წარმოდგენების ნაკლებობიდან და ზოგჯერ საზოგადოებაში სამართლის სისტემის ზოგადი პრობლემებიდან გამომდინარეობს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატი არ იყოს მხოლოდ მოსამართლის წინაშე საქმის წარმოების ინსტრუმენტი, არამედ სამართლიანობის წინამძღვარი და კლიენტის ნდობის ქურუმი. ყოველმა ადვოკატმა უნდა ატაროს პასუხისმგებლობის გრძნობა და მაღალი პროფესიული ეთიკა. სწორედ ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს დავამსხვრიოთ უარყოფითი სტერეოტიპები და შევქმნათ სანდო და პატივსაცემი პროფესია. ჩემი მიზანია, ჩემი თითოეული საქმე იყოს ამის დასტური – როცა კლიენტები და საზოგადოება ხედავს, რომ ადვოკატი არა მხოლოდ კანონმდებლობის დაცვაა, არამედ ადამიანთა დახმარების და სამართლიანობის დაცვის გარანტი.
როგორ აგვარებთ კომუნიკაციას რთულ კლიენტებთან? როგორ ინარჩუნებთ ემპათიას და ობიექტურობას ერთდროულად?
რთულ კლიენტებთან ურთიერთობა უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ხშირად ემოციები და სტრესი მაღალია ორივე მხარეზე. პირველ რიგში, ვცდილობ მაქსიმალურად გულახდილად და მოსმენის კულტურით მივუდგე მათ, რომ იგრძნონ – მათი პრობლემები ჩემთვის მნიშვნელოვანია. ემპათია ჩემთვის აუცილებელია, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება კლიენტი გენდობოდეს და რეალურად იხელმძღვანელოს საკითხით. თუმცა, თანაბრად მნიშვნელოვანი არის ობიექტურობის შენარჩუნება – ჩემი მოვალეობაა ვიყო რეალისტი და სამართლებრივად სწორი გზა ვაჩვენო. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ მკაფიოდ, თავაზიანად და გამჭვირვალედ გავუზიარო მათ როგორც შესაძლებლობები, ისე შესაძლო რისკები. ამგვარად ვქმნი თანამშრომლობის გარემოს, სადაც ემოციებიც გათვალისწინებულია, მაგრამ გადაწყვეტილებები – პროფესიულად და სამართლებრივად სწორად იქმნება.
რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად? რა თვისებები უნდა ჰქონდეს იურისტს იმისთვის, რომ საკუთარი საქმის პროფესიონალი გახდეს?
წარმატების მისაღწევად მთავარია, არ დანებდე! ეს სიტყვა საგანგებოდ გამოვიყენე. ვინაიდან ეს პროფესია მხოლოდ წარმატებებით სავსე ნამდვილად არ არის. ყოველთვის ვერ შეძლებ სასურველი შედეგის მიღწევას. სამწუხაროდ, ვერც სამართლიანობას აღადგენ ყოველთვის. არაერთი უსამართლო გადაწყვეტილება და იმედგაცრუება იქნება. სწორედ ამ დროს არ უნდა დანებდე. უფრო ბრძოლისუნარიანი უნდა გახდე და უფრო მეტი გამოცდილებით, ცოდნით, შემართებითა და პრინციპულობით იარო მხოლოდ წინ. თუ ეს არ შეგიძლია, მაშინ ამ პროფესიაში შენი ადგილი არ არის.
არჩილ, როგორც ვიცით, საადვოკატო საქმიანობას წლების განმავლობაში თბილისში ეწეოდით. ბოლო პერიოდში კი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდით. რამ მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება?
კარგი კითხვაა. თბილისში ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე, რაც ჩემს სტუდენტობას და შემდეგ ჩემს წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. შესაბამისად, ეს ქალაქი ძალიან მიყვარს.
მოგეხსენებათ, თბილისი სხვა მასშტაბების ქალაქია და ჩემს სფეროში გაცილებით დიდ შესაძლებლობებს იძლევა. ცხადია, დიდ ქალაქში უკეთ რეალიზდები და წარმატებებს აღწევ. თუმცა რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ქუთაისის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. ნებისმიერ დროს, როცა ნოსტალგია მომეძალებოდა, გული ქუთაისისკენ მომიწევდა. ფაქტობრივად, სულ გზაში ვიყავი და ასე გაგრძელება, უბრალოდ, აღარ შეიძლებოდა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება და დავუბრუნდი მშობლიურ ქალაქს, სადაც ძალიან ბედნიერი ვარ.
მე ქუთაისის მიმართ ჩემი დამოკიდებულება მაქვს, მიყვარს ყველა და ყველაფერი, რაც ამ ქალაქს უკავშირდება. თავისი დიადი წარსულით, კულტურით, იუმორით, მხოლოდ ამ ქალაქისთვის დამახასიათებელი ადამიანური ურთიერთობებით. რეზო გაბრიაძის თქმის არ იყოს, ქუთაისი ქალაქი კი არა, ერთი დიდი სიყვარულია!
ბოლოს „OK! ქუთაისის“ მკითხველს თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები გაუზიარეთ.
სამართლიანობის დასაცავად ბრძოლას ვაგრძელებ. თავს ბედნიერად ჩავთვლი, თუ კვლავ შევძლებ ადამიანების დახმარებას. სამეცნიერო აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები მაქვს. დეტალებზე ცოტა მოგვიანებით…
ტექსტი: მარიამ ირემაძე