ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრმა სულ ახლახან დიდი სახეცვლილება განიცადა. თეატრი აღმაშენებლის 127 ნომერში მდებარე ახალ, დიდ შენობაში გადავიდა, მრავალფეროვანი მულტიფუნქციური სივრცის მთავარ ღერძად იქცა და ახალი სახელი − „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი“ ეწოდა. „ახალი თეატრის“ თანამედროვე, საინტერესო კონცეფციაზე სასაუბროდ მის სამხატვრო ხელმძღვანელს, უნიჭიერეს ქართველ რეჟისორ დავით დოიაშვილს თეატრის ბიბლიოთეკაში ვესტუმრეთ. რა სახის მიმართულებებსა და ფუნქციურ დატვირთვას მოიცავს „ახალი თეატრის“ მრავალფეროვანი სივრცე და როგორი იქნება პოსტპანდემიური თეატრი − ამაზე დავით დოიაშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.
დათო, მოგვიყევით, როგორია განახლებული მუსკომედიის ახლა უკვე „ახალი თეატრი“?
როგორც კი გადაწყდა, რომ ამ შენობაში უნდა გადმოვსულიყავით, მაშინვე გაგვიჩნდა იდეა, ის მულტიფუნქციურ სივრცედ გადაგვექცია, რადგან დიდი ფართობი ამის საშუალებას გვაძლევდა. ქართული თეატრის ყველაზე დიდი პრობლემა მისი კარჩაკეტილობა, ვიწრო სეგმენტზე ორიენტირებაა, ასე კი თეატრი უფრო ღია, გახსნილი გახდა. გარკვეულწილად, პანდემიამაც დაბადა ეს იდეა. აღმოჩნდა, რომ ადამიანებისთვის ხელოვნება და თეატრი არ ყოფილა ისეთი საჭირო და საარსებოდ მნიშვნელოვანი, როგორც მანამდე მეგონა. პანდემიის დროს დავინახე, რომ ჩემმა მეგობრებმა დაიწყეს სხვა პროფესიების ძებნა, ახალი მიმართულებით − კერამიკაში, დიზაინში, მხატვრობაში აღმოაჩინეს საკუთარი თავი. ასე გადავწყვიტეთ, რომ „ახალი თეატრის“ ერთი სივრცე დაგვეთმო არტისტებისთვის, რომლებიც უჩვეულო, საინტერესო ნამუშევრებს აკეთებენ, და მიგვეცა მათთვის საშუალება, ჩვენს არტ-მაღაზიაში გამოფინონ და გაყიდონ თავიანთი ქმნილებები. ცალკე გავაკეთეთ ორი საგამოფენო დარბაზი, საიდანაც ერთი თამარ კვესიტაძის საინტერესო ინსტალაციებითაა გაფორმებული, ხოლო მეორეში ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრებია გამოფენილი.
გარდა ამისა, სექტემბრიდან გაიხსნება თეატრალური კაფე და პატარა რესტორანი, სადაც მაყურებლებს საშუალება ექნებათ, დარჩნენ სპექტაკლის შემდეგ, შთაბეჭდილებები, იდეები, შეხედულებები გაუზიარონ ერთმანეთს… და კიდევ, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, თეატრის შემოსასვლელშივე გავაკეთეთ ბარი, სადაც ადამიანები დასხდებიან, დაისვენებენ, სპექტაკლამდე განწყობას შეიქმნიან და განიტვირთებიან. აქვეა ბიბლიოთეკა, სადაც უკვე გვაქვს მაყურებლების მიერ მოტანილი წიგნები და მალე ყველა თარო შეივსება. სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება ამ ბიბლიოთეკაში სემინარების, ლექციების, ლიტერატურული შეხვედრების გამართვა. ასევე, ბავშვებისთვის სასარგებლო აქტივობების მოწყობა.
ეს ყველაფერი სექტემბრიდან სრული დატვირთვით ამოქმედდება.
დათო, ახლა კონკრეტულად თეატრზე გვესაუბრეთ. თქვენი აზრით, როგორი იქნება პოსტპანდემიური თეატრი? შეიცვლება?
თეატრი ყველაზე საკრალური რამაა ჩემთვის. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, დანამატია იმ მთავარ ღერძზე, რაც არის თეატრი. დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა მგონია ის, თუ რა ენაზე უნდა ველაპარაკოთ მაყურებელს პანდემიის შემდეგ − რა არის თანამედროვე თეატრის მთავარი ფუნქცია. მე იდეალისტი ვარ და მეგონა, რომ პანდემიური ჩაკეტილობის დროს ადამიანების, ჩვენი მაყურებლის მხრიდან იქნებოდა მოთხოვნა, შესაძლოა გამოსვლებიც, რომ გაეხსნათ თეატრები, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა და ამან დამაფიქრა, რომ, ალბათ, ჩვენ ვერ ვაწვდით მაყურებელს იმას, რაც მათ ძალიან სჭირდებათ და რაღაც გვაქვს შესაცვლელი. დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა არის ის აუცილებლობა, საჭიროება, მნიშვნელოვანი თემა, რაზეც უნდა ვესაუბროთ ჩვენს მაყურებელს. მაშინ მივხვდი, რომ, ალბათ, სწორედ იმაზე უნდა ველაპარაკოთ, რაშიც საკუთარ თავსაც რთულად უტყდებიან, და თუ ამ სათქმელს მივაწვდით, ეს შესანიშნავი იქნება.
ახლა უკვე ვამზადებთ სამ პრემიერას. ეს იქნება ანტონ ჩეხოვის „თოლია“, „ოიდიპოს მეფე“ და ერთი მიუზიკლი. მგონია, რომ ეს სპექტაკლები გარკვეულწილად იქნება ჩვენი პირველი განაცხადი, თუ როგორი უნდა იყოს პოსტპანდემიური თეატრი.
ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ პოსტპანდემიური თეატრის არსი და დანიშნულება შეიცვლება?
აუცილებლად შეიცვლება. გვინდა თუ არა, უნდა შევეგუოთ, რომ რაღაც დიდი დამთავრდა და ახალი დაიწყო. რაკი ყველაფერი იცვლება, თეატრმაც უნდა გამონახოს ახალი ფორმები, ახალი ენა იმისათვის, რომ ამ ახალ რეალობაში არ დაკარგოს მთავარი თვისება − აქტუალურობა.
დადგმებში, თამაშის სპეციფიკაში, სტილშიც იქნება ცვლილება?
ალბათ, თავად უნდა გავითავისოთ მთავარი: მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენად გულწრფელები ვართ, როცა ვიწყებთ მაყურებლის წინაშე თამაშს. რამდენად სწორია თავად სიტყვა „თამაში“, თუ მასში ვგულისხმობთ პროცესს, რომლის ყველა ეტაპსაც არტისტი ყოველგვარი თამაშის გარეშე გადის და ბოლომდე შედის თავისი გმირის მდგომარეობაში. თუ ამას შევძლებთ, უფრო საინტერესო იქნება თანამედროვე თეატრი.
თეატრი ჩემთვის არის არც შენობა, არც პიესა და არტისტების თამაში, არამედ მანძილი მსახიობსა და მაყურებელს შორის. თუ ეს ველი შეიკრა, მაშინ ორმხრივი კომუნიკაცია უკვე საინტერესოა. სწორედ ამას უნდა ვეცადოთ დღეს, თუმცა, ამ ველის შეკვრა ძალიან რთულია, რადგან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ. თავადაც არ ვიცი, რა გამაკვირვებს დღეს. შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ ჩემმა ემოციებმა და განცდებმა უკან, მეორეხარისხოვან ეტაპზე გადაიწია და წინ არის კედელი, რომლითაც ვიღვიძებ და ვუმკლავდები სტრესებს. თითქოს ყველა ამით ვართ შეპყრობილი − გავუძლოთ გამოწვევებს. მგონია, რომ ეს კედელი თეატრში უნდა დაიმსხვრეს, აქ ვილაპარაკოთ იმაზე, რაზეც დიდი ხანია, არ დავფიქრებულვართ და საკუთარ თავსაც არ ვუტყდებით, შევქმნათ ისეთი ატმოსფერო, სადაც ჩვენს პრობლემებზე უფრო ღრმად ვიფიქრებთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თეატრს რაიმე რადიკალური ცვლილების შეტანა შეუძლია ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ მაინც. თუ შევძლებთ, ადამიანი იმ პრობლემაზე დავაფიქროთ, რომელსაც გაურბის, მაშინ ასეთი თეატრი საინტერესო იქნება.
დათო, დასში გექნებათ ცვლილებები?
იქნება ცვლილებები იმ მხრივ, რომ აუცილებლობად მიმაჩნია ახალგაზრდების დამატება. დასში არ გვყავს ახალგაზრდა მსახიობები. მათ, ვინც პანდემიის დროს დაამთავრეს თეატრალური ინსტიტუტი, 1,5 წელი გაუცდათ. შეიძლება ახლა ეს არ გვეტყობა, მაგრამ 5 წელიწადში თაობის წყვეტა შეიძლება დააჩნდეს თეატრს, ამიტომ ვეცდები, ახალგაზრდა მსახიობები აუცილებლად დავიმატოთ.
რამდენ მაყურებელს იღებს „ახალი თეატრი“?
დარბაზი 500 კაცზეა გათვლილი, მაგრამ „კოვიდ“-რეგულაციების გამო, მხოლოდ 50 ბილეთს ვყიდით. უკვე ერთი თვეა, რაც „ახალ თეატრში“ ვატარებთ სპექტაკლებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ მაყურებელს, რადგან ივლისის ბოლომდე ყველა ბილეთი გაყიდულია. გვიხარია, რომ გადმოგვყვნენ ახალ მისამართზე და ასეთი ინტერესია თეატრის მიმართ. ეს ასჯერ აძლიერებს ჩემი და მსახიობების მოტივაციას და ვხვდებით, რომ მხოლოდ ამისთვის ღირს შრომა.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: მაკა მეგრელიძე