სოფი ლორენი კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზ ქალად არის აღიარებული. იტალიური კინოს ლეგენდა თავის გამორჩეულ იმიჯს ყოველთვის ბრილიანტის სამკაულებით უსვამდა ხაზს, ამიტომ 1960 წელს, როდესაც ინგლისში გადაღებების დროს მისი ძვირფასეულობის უდიდესი ნაწილი მოიპარეს, მსახიობი დაცარიელებულ კარადასთან ჩამოჯდა და ატირდა.
„ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ – უთხრა ლორენმა რეჟისორს, რომელიც მის დამშვიდებას ცდილობდა.

ამ სტატიაში გიამბობთ იტალიელი ლამაზმანის ძვირფასეულობაზე, რომელმაც თავისი ეპოქოს სტილის ხატად აქცია.
ბრილიანტის ტიარა და სკანდალი, რომელიც მის გამოჩენას მოჰყვა
1954 წელს, თვრამეტი წლის სოფი ლორენი, რომელიც უკვე ცნობილი მსახიობი იყო, ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს პირველად შეხვდა. შეხვედრა იტალიური კინოს ფესტივალზე შედგა, რომელიც ლონდონში, ტივოლის თეატრში გაიმართა. ლორენს იტალიელი დიზაინერის, ემილიო შუბერტის მიერ შექმნილი თეთრი, მძივებით მოქარგული კაბა ეცვა. ბრილიანტისა და მარგალიტის საყურეები ეკეთა და თმას ნატიფი ბრილიანტის ტიარა უმშვენებდა.
მეორე დღეს სოფი ლორენის სამკაულებმა პრესაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან ეტიკეტის თანახმად, დედოფლის გარემოცვაში ტიარის ტარების უფლება არავის ჰქონდა. სოფი ლორენი ახალგაზრდა იყო და სავარაუდოდ, ამ წესების შესახებ არაფერი იცოდა, თავად დედოფალს კი მისი საქციელი სულაც არ სწყენია.
ბრილიანტის ყელსაბამი კანის კინოფესტივალზე. 1955 წელი
ოცი წლის სოფი ლორენმა 1955 წლის კანის კინოფესტივალზე თავისი ქარიზმითა და ელეგანტური სტილით წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. სწორედ იმ წელს ის იტალიური კინოს ამომავალ ვარსკვლავად იქცა, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. ეს იყო ლორენის, როგორც მსოფლიო სტილის ხატის აღიარება.
ფესტივალზე ლორენი თავისი საყვარელი დიზაინერის, ემილიო შუბერტის თეთრი მაქმანებიანი კაბით, გრძელი ხელთათმანებით და ორიგინალური ბრილიანტის ყელსაბამით მივიდა და საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.
ბრილიანტის ყელსაბამი ვენეციის კინოფესტივალზე. 1958 წელი
1957 წელს სოფი ლორენი თავის პროდიუსერს, კარლო პონტის ცოლად გაჰყვა. იტალიური კინოს ნათლია და სოფია ლორენის ერთადერთი სიყვარული ულამაზეს ცოლს ძვირფასეულობით ანებივრებდა. მსახიობი სახლიდან იდეალური მაკიაჟის, ვარცხნილობისა და საუკეთესო დიზაინერების სამოსის გარეშე არასოდეს გადიოდა.
1958 წლის ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც ლორენმა ფილმისთვის „შავი ორქიდეა“ საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მიიღო, ის მეუღლის მიერ ნაჩუქარი მდიდრული ბრილიანტის ყელსაბამით წარსდგა.
ყვავილის ფორმის ბრილიანტის გულსაბნევები კანის კინოფესტივალზე. 1966 წელი
1966 წელს სოფი ლორენი უკვე საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავი იყო. ორი წლით ადრე მან ფილმისთვის „ჩოჩარა“ „ოსკარი“ მიიღო, რითიც პირველი მსახიობი ქალი გახდა, რომელმაც უცხოენოვანი როლისთვის ჯილდო დაიმსახურა.
ლორენის გამოჩენამ კანში იტალიური კინოს ტრიუმფი განასახიერა. ფესტივალზე მას მწვანე ფერის კაბა ეცვა, რომელსაც ორი მდიდრული, ყვავილის ფორმის ბრილიანტის ყელსაბამი ამშვენებდა.
სამკაულები ნიუ–იორკის გასაღების გადაცემისას. 1966 წელი

1966 წელს, სოფი ლორენისთვის მიძღვნილი ფოტოგამოფენის პატივსაცემად, ქალაქის მერმა მსახიობს ნიუ-იორკის გასაღები გადასცა. ეს მოვლენა მისი, როგორც მსოფლიო კინოვარსკვლავის, აღიარების სიმბოლოდ იქცა.
ცერემონიის დროს სოფის შავი დრაპირებული კაბა ეცვა, რომელსაც უამრავი ძვირფასი სამკაული ამშვენებდა: ბრილიანტის წვეთისებრი საყურეები, ბრილიანტებით მორთული ლალის ბეჭედი, სამაჯურები და ყელსაბამი მსხლის ფორმის გულსაკიდით.
ბრილიანტის სამკაულები მონტე–კარლოს კაზინოში, ვახშამზე. 1969 წელი
1969 წელს სოფი ლორენი მონაკოს პრინცესა გრეის კელის მოწყობილ კოსტიუმირებულ საღამოს დაესწრო. ის ვახშამზე დრესკოდის შესაბამისად, შავი მაქმანებიანი კაბითა და უცნაური ლურჯი თავსაბურავით გამოცხადდა.
მსახიობმა ეს საოცარი იმიჯი ორიგინალური სამკაულებით შეავსო. ლორენს დიდი ბრილიანტის საყურეები, მსხლის ფორმის ბრილიანტის გიგანტური ბეჭედი და ყელსაბამი მშვენებდა, რომელიც ნასკვს მოგაგონებდათ.
ბრილიანტები 1999 წლის „ოსკარის“ დაჯილდოებაზე

1999 წელს სოფი ლორენი „ოსკარის“ ცერემონიის ერთ-ერთი წამყვანი იყო და გამარჯვებულებს ჯილდოებს გადასცემდა. მსახიობს ტანზე მომდგარი შავი კაბა ეცვა და ოქრომჭედელი ფრედ ლეიტონის ორრიგიანი ბრილიანტის ყელსაბამი და მსხლის ფორმის საყურეები ეკეთა.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! სოფი ლორენის და კარლო პონტის აკრძალული სიყვარულის ისტორია












