ქალთა ეკონომიკური და ფსიქოლოგიური გაძლიერება დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. ქალები ხშირად აწყდებიან როგორც გარე სტერეოტიპებს, ისე შიდა ბარიერებს, რაც აფერხებს მათ პროფესიულ წინსვლას, ფინანსურ დამოკიდებულებას და შინაგან სიმშვიდეს. ამ საკითხებზე გვესაუბრება ქეთო ჭარელაშვილი, ფსიქოლოგი, სწავლებისა და განვითარების მენეჯერი და სერტიფიცირებული ქოუჩი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასა და პროფესიულ განვითარებაზე. ინტერვიუში იგი გვიზიარებს, რატომ იწყება ქალის რეალური გაძლიერება ცნობიერებიდან, ფინანსური დამოუკიდებლობისა და შინაგანი უსაფრთხოებიდან, და როგორ ცვლის ეს პროცესი არა მხოლოდ ქალების, არამედ მთელი საზოგადოების ცხოვრებას.
ქეთო, სანამ უშუალოდ ჩვენს სასაუბრო თემაზე გადავალთ, მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ. როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
ჩემი დილა იწყება დილის 8 საათზე, ვემზადები დატვირთული დღის რეჟიმისთვის, მივდივარ კომპანია IDS Borjomi-ში, სადაც სწავლებისა და განვითარების მიმართულებით ტრენერად ვმუშაობ და ვატარებ რბილი კომუნიკაციური უნარების ტრენინგებს. სამუშაო დღის ბოლოს ვბრუნდები ჩემს თერაპიულ სივრცეში, სადაც მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით ვმუშაობ ფსიქოლოგად. პარალელურად ვიღებ ერთჯერად კომუნიკაციური უნარების სერვის პლუსის გაყიდვების ტრენინგ-დაკვეთებს სხვადასხვა კომპანიისგან. ჩემთვის მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტია დროის სწორად გადანაწილება ოჯახს, შვილებს, საკუთარ თავსა და მეგობრებს შორის, განსაკუთრებით იმ რეალობაში, სადაც ქალებს ერთდროულად იდეალურობას გვთხოვენ როგორც სახლში, ისე კარიერაში, რაც რეალურად შეუძლებელია. ჩემთვის მთავარი არა იდეალურობა, არამედ რეალისტური მოლოდინები, პრიორიტეტების განსაზღვრა, საკუთარი რესურსების გაფრთხილება და იმ დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლებაა, თითქოს ქალები ყველგან ერთნაირად სრულყოფილები უნდა ვიყოთ.

რას ნიშნავს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციუმის დონეზე?
ეს ნიშნავს, რომ ქალს აქვს რეალური თავისუფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი ცხოვრების გზა. როცა ქალს აქვს საკუთარი შემოსავალი და რესურსი, იცვლება ძალთა ბალანსი როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში. ურთიერთობები ეფუძნება არა შიშსა და დამოკიდებულებას, არამედ პარტნიორობასა და ურთიერთპატივისცემას. ქალი აღარ იტანს დამამცირებელ დამოკიდებულებას იმის შიშით, რომ „წასასვლელი არსად აქვს“. მას შეუძლია არჩევანი გააკეთოს საკუთარ ღირებულებასა და შიშს შორის. სწორედ ამიტომ, როცა ქალები ეკონომიკურად ძლიერდებიან, სოციუმიც უფრო მშვიდი, დაბალანსებული და ფსიქოლოგიურად მომწიფებული ხდება.
განსაზღვრავს თუ არა ქალის ეკონომიკური სიძლიერე მის მენტალურ ჯანმრთელობას?
ქალის ეკონომიკური სიძლიერე პირდაპირ კავშირშია მის მენტალურ ჯანმრთელობასთან. საკუთარი ფინანსური რესურსი აძლევს შინაგან უსაფრთხოებას და ცხოვრების მართვის განცდას. ქალი უფრო თავისუფლად იღებს გადაწყვეტილებებს, იცავს პირად საზღვრებს და იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ არჩევანზე.
ეს მნიშვნელოვნად ამცირებს შფოთვას, მუდმივ ნერვიულობასა და უსუსურობის განცდას. ეკონომიკურად ძლიერი ქალი კონფლიქტის დროს არ გრძნობს თავს ჩაკეტილად და არ რჩება არასასურველ სიტუაციაში მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს. ეს სიმტკიცე არ ნიშნავს სიხისტეს – ეს არის შინაგანი სტაბილურობა.
რატომ არის ქალთა შრომა ერთსა და იმავე პოზიციაზე ხშირად ნაკლებად დაფასებული და რა სოციალური, კულტურული და ფსიქოლოგიური ფაქტორები უშლის ხელს ქალებს შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნაში?
ამას საფუძვლად უდევს ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური სტერეოტიპები და კულტურული ჩვევები. ქალის შრომა დიდხანს აღიქმებოდა როგორც „დამხმარე“ ან „ბუნებრივი მოვალეობა“ და არა როგორც ეკონომიკური და პროფესიული ღირებულების მქონე საქმიანობა.
გარდა ამისა, ქალებს ხშირად ზრდიან მორგებადობის, მოთმინებისა და კონფლიქტის თავიდან აცილების მოლოდინით ე. წ. კარგი გოგოს სინდრომით, რაც ართულებს საკუთარ შრომაზე ფასის დადგენასა და შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნას. ბავშვობაში მიღებული მესიჯები – „სხვისი საჭიროებები შენზე წინ დააყენე“, „მეტს ნუ ითხოვ“ – ნელ-ნელა იქცევა შიდა წესებად და ზრდასრულ ასაკშიც ავტომატურად მოქმედებს.
კულტურულ-სტრუქტურული ფაქტორებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს: სახლის საქმეები, ბავშვების აღზრდა და დეკრეტული შვებულება ხშირად მხოლოდ ქალის პასუხისმგებლობაა და ამას მამაკაცების უმრავლესობა ან არ ინაწილებს, ან თუ ინაწილებს, ეს რატომღაც დამატებით ხაზგასმას მოითხოვს. არადა, რეალურად, შვილის აღზრდის პასუხისმგებლობა ორივე მშობელს აკისრია.
ასევე, ბევრი ქალი აკნინებს საკუთარ წვლილს, ეჭვი შეაქვს საკუთარ კომპეტენციაში „ჯერ კიდევ არ არის საკმარისი“ წინსვლისთვის ან ეშინია მეტი პასუხისმგებლობის აღების.
ამ ყველაფრის შედეგად ქალი უფრო ფრთხილია ანაზღაურების მოთხოვნისას. ამ ფონზე სისტემური და სოციალური ბარიერები ერთად ქმნიან არათანაბარ გარემოს. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ეს პრობლემები გახდეს განხილვის საგანი, რადგან ცნობიერების ამაღლება, მხარდაჭერა და კულტურული სტერეოტიპების გამორიცხვა პირველ ნაბიჯებად იქცევა იმისთვის, რომ ქალის შრომა ფასდებოდეს მისი რეალური წვლილისა და კომპეტენციის საფუძველზე.

რატომ იწყება ქალთა გაძლიერება ცნობიერების ამაღლებით და როგორ აძლიერებს ეს მთლიან საზოგადოებას?
რეალური ცვლილება ყოველთვის შიგნიდან იწყება, იმ მომენტიდან, როცა ქალი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება არჩევანზე, ხმასა და ღირსეულ ანაზღაურებაზე. სანამ ქალი საკუთარ თავში არ დაინახავს ღირებულებას, ვერცერთი გარე სისტემა ვერ გააძლიერებს მას სრულად. ცნობიერება ნიშნავს გამბედაობას, თქვას: „მე მეტს ვიმსახურებ და ამის თქმის უფლება მაქვს“. ეს უკვე ძალაა.
ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების ყველაზე რეალური გზა არის განათლების, ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და მხარდამჭერი გარემოს ერთობლიობა. განათლება აძლევს ქალს ცოდნას და კრიტიკულ აზროვნებას, ეკონომიკური რესურსი – არჩევანის თავისუფლებას, ხოლო მხარდამჭერი გარემო – უსაფრთხოებას, რომ ეს არჩევანი დანაშაულის გრძნობის გარეშე გააკეთოს.
ქალთა გაძლიერება არ არის ქალების ბრძოლა კაცების წინააღმდეგ. ეს არის ძველი შიშების, დუმილისა და დაუბალანსებლობის გადალახვა. როცა ქალი ძლიერდება, ის არ კარგავს ფემინურობას და სინაზეს; პირიქით, იბრუნებს საკუთარ ადგილს. ძლიერი ქალი არ ანგრევს სოციუმს, ის აძლიერებს ოჯახს, სახელმწიფოსა და მომავალ თაობას.
ფსიქოლოგიურად ქალი მიმღებია, კაცი – გამცემი, მაგრამ რეალური სიმწიფე მაშინ მოდის, როცა ეს ორი ენერგია ერთმანეთში დაბალანსებულია. როცა ქალი გაძლიერებულია, მას აღარ სჭირდება მხოლოდ მიღება გადარჩენისთვის, და როცა კაცი აღარ არის ერთადერთი გამცემი, მას აღარ აწვება გადაჭარბებული პასუხისმგებლობა. ამ ბალანსში თითოეული თავის ბუნებრივ როლს უფრო თავისუფლად და ჯანსაღად ასრულებს. შედეგად იქმნება უფრო ძლიერი პარტნიორობა, უფრო სტაბილური ოჯახები და უფრო მშვიდი გარემო ბავშვებისთვის. ასეთ ოჯახებში ბავშვები იზრდებიან არა შიშზე, არამედ უსაფრთხოებასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სივრცეში და სწორედ ასე ყალიბდებიან შინაგანად ძლიერი, პასუხისმგებლიანი ადამიანები, რომლებიც ქმნიან ძლიერ და პასუხისმგებლობით სავსე მოქალეებსა და სახელმწიფოს.
ქალებო, როცა საკუთარ ღირებულებას ირწმუნებთ, სამყარო იძულებული ხდება, შეგხვდეთ ღირსეულად. გწამდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების, თქვენი ადგილი უკვე არსებობს, დროა, გადადგით ნაბიჯი და დაიკავეთ იგი.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი
ლოკაცია: Vera Hills Boutique Hotel












