კანის ჰიპერპიგმენტაცია – ლაქები და მათი მოშორება ბევრი ჩვენგანის აქტიურ საზრუნავს წარმოადგენს. აკნეს შემდგომი ლაქები, მზის გამოსხივებით თუ სხვა მიზეზებით გამოწვეული და საკმაოდ დიდხანს კანზე შემორჩენილი ჰიპერპიგმენტაცია ხშირად დიდ თავსატეხს გვიჩენს და გვიჭირს მასთან ბოლომდე გამკლავება. სწორედ ამ აქტუალურ თემაზე ვესაუბრეთ თოდუას კლინიკის დერმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელს, დერმატოლოგ ნათია თოდუას, რომელმაც დეტალურად აგვიხსნა, თუ რას ნიშნავს ჰიპერპიგმენტაცია, რა არის მისი გამოწვევი მიზეზები და რაც მთავარია, რა საშუალებებით და რომელი ინგრედიენტების დახმარებით არის შესაძლებელი ლაქების პრევენცია და უკვე არსებული ლაქების ბოლომდე ალაგება.
ნათია, რა არის ჰიპერპიგმენტაცია და რა ტიპის ლაქები არსებობს, რა არის მათი გამომწვევი მიზეზები?
ჰიპერპიგმენტური ლაქები არის კანზე ჭარბად დაგროვილი მელანინის შედეგი. მელანინი კი არის პიგმენტი, რომელიც კანს აძლევს შეფერილობას. პიგმენტური ლაქები შეიძლება იყოს ყავისფერი, ვარდისფერი ან მოწითალო. რაც შეეხება ჰიპერპიგმენტური ლაქების ტიპებს, პირველ რიგში, ვახსენოთ, რომ ზოგადად, არსებობს ლაქების მიმართ ადამიანების გენეტიკური მიდრეკილება. არის ასევე ანთების შემდგომი ჰიპერპიგმენტაციები, რომელიც სხვადასხვა ანთებითი დაავადებების მიერ კანის დაზიანების შედეგია. იშვიათად, მაგრამ მედიკამენტოზური მკურნალობის შემდეგაც შეიძლება გაჩნდეს კანზე ჰიპერპიგმენტაცია ანუ ლაქები. არის მზის ლაქები, ყველაზე გავრცელებული ლაქების ტიპი. მზის ლაქების დროს ულტრაიისფერი სხივები აზიანებენ კანს და ხელს უწყობენ მელანინის ჭარბად გამრავლებას, რაც კანზე მოყავისფრო ლაქების გაჩენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ხშირია ჰორმონული ცვლილებებით გამოწვეული ლაქები, მაგალითად, მელაზმა, ასევე, ორსულობის პერიოდში ლაქების გამოვლენა.
როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ლაქების გაჩენის პროცესი?
აუცილებელია, ყოველდღიურად ვიხმაროთ მზისგან დამცავი საცხი. SPF საცხები ამცირებს ახალი ლაქების გაჩენის რისკს და ხელს უშლის არსებული ლაქების გამუქებას.
კანის ტიპისა და სეზონის მიხედვით, საცხების დამცველობითი ინტენსივობა ვარირებს 30-50 და მეტი SPF მაჩვენებლის ფარგლებში. ზამთრის პერიოდში, როცა მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ძლიერი არ არის, შეგვიძლია ვიხმაროთ 30 SPF შემცველი საცხი, ხოლო ცხელ სეზონებზე აუცილებლად 50 და მეტი მაჩვენებლით. კანის სხვადასხვა პრობლემის დროს, როგორიც არის, მაგალითად, როზაცეა, მთელი წლის განმავლობაში სასურველია 50 SPF დამცავის გამოყენება. არსებობს სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტები, რომელიც ანელებს პიგმენტაციას და ხელს უშლის ლაქების გაჩენას. ამ პრობლემასთან ბრძოლის დროს მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატურად მოხდეს კანის მოვლა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს კანის ტიპის შესაბამის დატენიანებას.
რა ასაკიდან ვლინდება ე.წ. სიბერის, ფოტოდაბერების ლაქები?
არ არსებობს განსაზღვრული ასაკი. შეიძლება დაიწყოს 25 წლიდანაც კი, როგორც ღია შეფერილობა და ნელ-ნელა, არასწორი მოვლის შედეგად, გამუქდეს, თუ საჭირო ღონისძიებებს არ მივმართავთ. ეს მოიცავს სახლის პირობებში სწორ მოვლას და სწორი ესთეტიკური მედიცინის პროცედურების შერჩევას კანისთვის. ყველაზე ხშირად ჰიპერპიგმენტური ლაქები გვხვდება სახეზე, დეკოლტეზე, მხრებსა და ხელის მტევნებზე.
ნათია, რომელ ინგრედიენტებს უნდა შეიცავდეს ლაქების საწინააღმდეგო კანის მოვლის პროდუქტები? რა კომპონენტებს უნდა მივაქციოთ ამ პრობლემის დროს ყურადღება?
პირველ რიგში, ეს არის ნიაცინამიდი, რომელიც ამცირებს მელანინის ჭარბ გამომუშავებას, ამშვიდებს კანს, აუმჯობესებს მის დამცავ ბარიერს და ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი ტიპის, მათ შორის, მგრძნობიარე კანისთვისაც. მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე C ვიტამინი, რომელიც შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, ხელს უწყობს კანის ამონათებას, ამცირებს ჰიპერპიგმენტურ ლაქებს და იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან. გლიკოლის მჟავა ასევე ხელს უშლის კანზე ლაქების გაჩენას და ხელს უწყობს უკვე არსებულის გაღიავებას კანის ზედაპირის აქერცვლის და უჯრედების განახლების, რეგენერაციის გზით. აზელაინის მჟავა ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას, ძალიან ეფექტურია პოსტანთებად ლაქებზე, მათ შორის, აკნეს შემდეგ დატოვებულ ლაქებზე. რეტინოლი და რეტინოიდები ასტიმულირებს კანის განახლებას და ამცირებს ლაქებს. რაც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს – ისინი გამოიყენება ყოველთვის საღამოს საათებში და ნებისმიერი მჟავას გამოყენების შემდეგ აუცილებელია, ყოველდღე, დილის რუტინის ბოლო საფეხური იყოს მზისგან დამცავი საცხი.
აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ ჰიპერპიგმენტური ლაქების მოშორებისას მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა, რაც გულისხმობს სწორად დაგეგმილ დილის და ღამის რუტინას, კანის ტიპის შესაბამისად სწორად შერჩეულ აქტიურ ინგრედიენტებს და კანის რეგულარულ, დისციპლინირებულ მოვლას, რადგან შედეგი მოვლის საშუალებების მხოლოდ სისტემატური და ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ მიიღება.

შესაძლებელია თუ არა აკნეს შემდგომი და სხვა მიზეზებით გამოწვეული ლაქების სრულად მოშორება შესაბამისი მოვლის პროდუქტების დახმარებით?
ეს დამოკიდებულია გამოყარის ტიპზე, რა სიღრმეზე დააზიანა გამონაყარმა კანი. როცა ლაქა ზედაპირული ანუ ეპიდერმალურია, ამ შემთხვევაში სწორი პროდუქტების გამოყენებით და რუტინაში სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტების სისტემატური ჩართვით, სრულად ხდება ჰიპერპიგმენტული ლაქების ალაგება. თუ პიგმენტაცია უფრო ღრმაა, რაც ძლიერი ანთების შედეგია, ამ დროს შეიძლება მცირე კვალი მაინც დატოვოს კანზე. ასეთ დროს სასურველია ესთეტიკური მედიცინის პროცედურების – ლაზერული აბლაცისა და ქიმიური პილინგების ჩატარება, რათა უფრო ღრმა შრიდან მოხდეს კანის განახლება და ლაქების კვალის სრულად ალაგება.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: პირადი არქივი












