მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, დიდი სლემის ტურნირების 23 -გზის გამარჯვებული სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა. მას შემდეგ, რაც 2026 წლის „სუპერ ბოულზე“ წონაში კლების პრეპარატს რეკლამა გაუწია, სპორტსმენს თავზე კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა – ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

შეჯიბრის მიმდინარეობისას სპორტსმენმა მხარი დაუჭირა პრეპარატებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული GLP-1 ჰორმონის ანალოგებს შეიცავენ. პრეპარატების სიაში გავრცელებული „ოზემპიკიც“ შედის. ეს არის სამკურნალო პრეპარატი, რომლის აქტიური ნივთიერება სემაგლუტიდი (semaglutide) ძირითადად, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისთვის გამოიყენება.
NFL-ის ფინალური მატჩის წინ ამერიკული ტელემედიცინის კომპანიის რგოლი აჩვენეს. ვიდეოში უილიამსს ხელში პრეპარატის ინექცია უჭირავს და ამბობს, რომ ასეთი ინექციების დახმარებით 15 კილოგრამის მოშორება, მუხლის სახსარზე დატვირთვის შემცირება, სისხლში შაქრის დონისა და ქოლესტერინის შემცირება შეძლო.

სერენამ მსგავსი საშუალებების გამოყენება ადრეც აღიარა. გასულ წელს People-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ GLP-1-ის ანალოგების წყალობით 14 კილოგრამზე მეტი დაიკლო. ჩოგბურთელის თქმით, ასეთი ნაბიჯი მისთვის აუცილებელი იყო, რადგან მშობიარობის შემდეგ წონის დაკლებას ვარჯიშით და დიეტებით ვერ ახერხებდა.
„არასდროს ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში, როდესაც თავდაუზოგავად ვშრომობდი, სწორად ვიკვებებოდი და მაინც ვერ ვიკლებდი. ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი. ვიცი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საუკეთესო გახდე, ამიტომ ძალიან გულსატკენია, როდესაც ყველაფერს აკეთებ და მაინც არ გაქვს შესაძლებლობა, შენი წონა და გარეგნობა შეცვალო “, — ამბობდა ის.

აღსანიშნავია, რომ სერენა უილიამსმა კომპანიასთან სარეკლამო თანამშრომლობა „სუპერ ბოულამდე“ ბევრად ადრე დაიწყო, თუმცა მის ნაბიჯს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მხოლოდ ახლა მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებები წერენ, რომ „სპორტსმენის მხრიდან გასახდომი პრეპარატების პოპულარიზაცია ამაზრზენია“, „ყველა დროის უდიდესი ჩოგბურთელი „ოზემპიკზე“ ზის“ და ა.შ.
საინტერესოა, რომ სამედიცინო კომპანია, რომლის პროდუქციასაც უილიამსი რეკლამას უწევს, ჩოგბურთელთან პირდაპირ კავშირშია. Daily Mail-ის მონაცემებით, სერენას მეუღლე, სომხური წარმოშობის ამერიკელი მილიონერი ალექსის ოჰანიანი კომპანიის ინვესტორია და დირექტორთა საბჭოში შედის.

შეგახსენებთ, რომ ადრე „ოზემპიკის“ გამოყენების გამო ოპრა უინფრი, ლანა დელ რეი, სერიალ „ეიფორიას“ ვარსკვლავი ბარბი ფერეირა, რეპერი ლიზო და ბევრი სხვა ვარსკვლავი გააკრიტიკეს.
ასევე დაგაინტერესებთ












