ბრიტანელი მენიერების კვლევის თანახმად, თითოეული მოწეული სიგარეტი სიცოცხლის ხანგრძლივობას 20 წუთით ამცირებს, რაც ნიშნავს, რომ უსიგარეტოდ გატარებული ყოველი კვირა სიცოცხლის კიდევ ერთ დღეს გვჩუქნის – BBC-ის ინფორმაცით, ამ დასკვნამდე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მკვლევარები მივიდნენ.
2000 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, თითოეული მოწეული სიგარეტი სიცოცხლის ხანგრძლივობას 11 წუთით ამცირებს, თუმცა მეცნიერებს მწეველებში სიკვდილიანობის შესახებ ახლა მეტი სტატისტიკური მონაცემი აქვთ. ეს მათ საშუალებას აძლევს მწეველების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო ზუსტად იწინასწარმეტყველონ.

კვლევაში განმარტებულია, რომ 20 წუთი განზოგადებებული მაჩვენებელია, რომელიც თითოეული ინდივიდის ჩვევებს ეფუძნება. სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს ყველაფერი, დაწყებული იმით, თუ რამდენად ღრმად შეისუნთქავს მწეველი სიგარეტის ბოლს და დამთავრებული ჯანმრთელობის სხვა პრობლემებით.
„მოწევის ზიანი თანდათან გროვდება, ამიტომ რაც უფრო ადრე გათავისუფლდება მწეველი მავნე ჩვევისგან, მით უფრო დიდხანს იცოცხლებს. მაგალითად, თუ ადამიანმა, რომელიც დღეში 10 სიგარეტს ეწეოდა 1 იანვარს მოწევას თავი დაანება, 8 იანვრისთვის შეიძლება სიცოცხლის ერთი დღის დაკარგვა აიცილოს თავიდან, 20 თებერვლამდე – სიცოცხლის ერთი კვირის და 5 აგვისტომდე – ერთი თვის. წლის ბოლოსთვის ის სიცოცხლის 50 დღის გადარჩენას შეძლებს“ – წერენ მკვლევარები.

დიდ ბრიტანეთში, სადაც კვლევის მონაცემები შეგროვდა, მოწევა მამაკაცებისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 10 წლით და ქალებისთვის 11 წლით ამცირებს.
მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოწეული სიგარეტების რაოდენობის შემცირება საკმარისი არ არის. ჯანმრთელობის დამატებითი რისკების აღმოსაფხვრელად აუცილებელია სიგარეტის მოწევის მთლიანად შეწყვეტა.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! როგორ იზრდებიან და ვითარდებიან სამი ადამიანის დნმ-ით ჩასახული ბავშვები?












