დიდი ხანია, რაც ჯინსი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს არის სამოსი, რომელიც ქალსაც აცვია, კაცსაც, ბავშვსაც და მოხუცსაც, მაგრამ მის გამომგონებელს არასოდეს ჩაუცვამს. რატომ?

ცნობილია, რომ ჯინსი ებრაელმა მეწარმემ, ლევი სტრაუსმა გამოიგონა, რომლის ოჯახი 1847 წელს, გერმანიიდან ამერიკაში, ემიგრაციაში წავიდა. სტრაუსი 1853 წლის კალიფორნიის „ოქროს ციებ-ცხელების“ დროს სან-ფრანცისკოში გადავიდა, რათა თავისი ოჯახის ბიზნესი განევითარებინა. გამჭრიახი მეწარმე მალე მიხვდა, რომ ოქროს საბადოებზე მომუშავე ადამიანებს გამძლე და მოხერხებული ტანსაცმელი სჭირდებოდათ, რომელიც მძიმე სამუშაო პირობებს გაუძლებდა.

ყველაფერი ბამბის ქსოვილების გაყიდვით დაიწყო, რომლისგანაც მკერავები შარვლებს კერავდნენ, თუმცა, ბამბის შარვლები სწრაფად იხეოდნენ, განსაკუთრებით ჯიბეების გარშემო. 1872 წელს ლევი სტრაუსმა ვინმე ჯეიკობ დევისის წერილი მიიღო, რომელში უცნობი თერძი ღილის უკანა ნაწილისა და ჯიბის კიდეების ლითონის მოქლონით გამაგრების იდეას უზიარებდა.
როგორც აღმოჩნდა, დევისმა უფულობის გამო საკუთარ გამოგონებაზე პატენტის მიღება ვერ შეძლო და ლევი სტრაუსს ფინანსების მოძიების მიზნით მიმართა. სტრაუსმა, დევისის შეთავაზება სიხარულით მიიღო. ასე ჩაეყარა საფუძველი ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტის, „ლურჯი ჯინსის“ მასობრივ წარმოებას. 1873 წელს დაიბადა ჯინსი, რომელმაც მე-19 საუკუნის მუშების წარმოდგენაში კომფორტულ და ფუნქციურ ტანსაცმელზე რევოლუცია მოახდინა. თავად სტრაუსი ჯინსის ჩაცმას ერიდებოდა და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

დავიწყოთ იმით რომ ჯინსი მხოლოდ ფიზიკური შრომით დაკავებული მუშებისთვის იქმნებოდა. იმ დროს გაბატონებული კლასობრივი დაყოფა პატივცემულ ბიზნესმენს, საშუალებას არ აძლევდა, რომ მუშების დონეზე დაშვებულიყო და ჯინსი ჩაეცვა. მისი გარდერობი სავსე იყო კოსტიუმებით, პერანგებითა და ჰალსტუხებით, თუმცა მასში ჯინსისთვის ადგილი არ მოიძებნა. გარდა ამისა, სტრაუსი ძალიან კონსერვატიული ადამიანი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისთვის სოციალური ნორმების დაცვა აუცილებელი იყო.

ლევი სტრაუსი 1902 წელს გარდაიცვალა, მისი გამოგონება კი მოდის მიმდევართა გარდერობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ახალგაზრდებში ჯინსი პოპულარული მხოლოდ 1950-იან წლებში გახდა, როდესაც Levi’s-ის ჯინსები ჯერ ელვის პრესლიმ მოირგო სცენაზე, შემდეგ კი მადონამ. ჯეიმს დინმა და მარლონ ბრანდომ ჯინსები ისეთ საკულტო ფილმებში მოირგეს, როგორებიცაა: “The Wild One” და “Rebel without a Cause”, ახალმა თაობამ კი ჯინსი თავისუფლებისა და თანასწორობის სიმბოლოდ აქცია.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! როგორ უნდა ეცვას ირანში ტურისტს და რა ხდება დრეს-კოდის დარღვევისას?












