17 იანვარს ნიუ იორკში, კარნეგი ჰოლის ცნობილმა დარბაზმა ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს „სუხიშვილები“ უმასპინძლა. კონცერტს, რომელმაც სრული ანშლაგის ფონზე ჩაიარა, ოსკაროსანი მსახიობი, რობერტ დე ნირო მეუღლესთან ერთად დაესწრო და კონცერტის შემდეგ ილიკო და ნინო სუხიშვილებს გაესაუბრა. ცნობილი მსახიობის „სუხიშვილების“ კონცერტზე გამოჩენამ ბევრს შორეული 1987 წელი გაახსენა, როდესაც ჰოლივუდის ლეგენდა გოგონას სახლში აცილებდა და თბილისში აღმოჩნდა..

ყველაფერი მოსკოვის XV საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიწყო, რომელიც ვარსკვლავთცვენით გამოირჩეოდა. სტუმრებს შორის ისეთი ლეგენდები იყვნენ, როგორებიცაა: ფედერიკო ფელინი, მარჩელო მასტროიანი, ჟერარ დეპარდიე, ტონინო გუერა, ჯულიეტა მაზინა, ჯუზეპე დე სანტისი, ემირ კუსტურიცა და სხვები. ფესტივალის დიდ ჟიურის კი რობერტ დე ნირო ხელმძღვანელობდა.

კინოთეატრ „როსიას“ სცენაზე, რობერტ დე ნიროს გვერდით, უამრავი საბჭოთა მსახიობი ქალი შეიკრიბა. ჟიურის თავმჯდომარეს შესთავაზეს, მათ შორის ყველაზე ლამაზი ქალი აერჩია, რომელიც მასთან ერთად წითელ ხალიჩაზე გაივლიდა. დე ნირომ იკითხა, შეიძლებოდა თუ არა არჩევანი სცენაზე კი არა, დარბაზში მყოფი ქალებიდან გაეკეთებინა და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, მესამე რიგში მჯდომ 20 წლის შავგვრემან გოგონაზე მიუთითა, რომელიც მსახიობი ია ფარულავა აღმოჩნდა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ჰოლივუდის ვარსკვლავმა „მის მოსკოვის კინოფესტივალს“ სახლამდე მიცილება შესთავაზა. იამ უპასუხა, რომ შეთავაზებამ ძალიან გაახარა, თუმცა მისი მიღება არ შეეძლო, რადგან მისი სახლი მოსკოვში კი არა, თბილისში იყო. დე ნირო დაფიქრდა და მაშინვე არაფერი უპასუხა, თუმცა, კინოფესტივალის დასრულებისთანავე, ქართველ მსახიობთან ერთად თვითმფრინავში ჩაჯდა და თბილისში გაფრინდა.

საბჭოთა საქართველოში ჰოლივუდის ვარსკვლავის სტუმრობა წარმოუდგენელი მასშტაბის მოვლენა იყო. საქართველოს დედაქალაქს ფილმის „ერთხელ ამერიკაში“ მთავარი გმირის ჩასვლის ამბავი ელვის სისწრაფით მოედო. ოსკაროსან მსახიობს მთელი ქართული კინობომონდი დახვდა. სტუმარს ძველი თბილისი, მცხეთა და ქუთაისი დაათვალიერებინეს. დე ნირომ თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლს უყურა, რის შემდეგაც პირდაპირ სცენაზე მსახიობებისთვის მასტერკლასი ჩაატარა.

ერთ საღამოს რობერტ დე ნირო თავის თბილისურ სახლში ცნობილმა მოქანდაკემ, ზურაბ წერეთელმა მიიპატიჟა. სახლის შესასვლელთან მსახიობს მისი უამრავი თაყვანისმცემელი დახვდა. როდესაც სტუმარმა კარის ზღურბლს გადააბიჯა და გემრიელი კერძებით სავსე გრძელი სუფრა დაინახა, დაინტერესდა რა დღესასწაული იყო ქვეყანაში და რის აღსანიშნავად გაიშალა ასეთი სუფრა. მას აუხსნეს, რომ საქართველოში ძვირფას სტუმრებს ასე ხვდებიან და ეს ეროვნული ტრადიციაა.

სამწუხაროდ, მსახიობმა ქართული სამზარეულოს სრულად დაგემოვნება ვერ მოახერა, რადგან იმ პერიოდში ვეგეტარიანელი იყო. ეს 80-იანი წლების საქართველოში ნამდვილი „კულინარიული კატასტროფა“ აღმოჩნდა – ქართული სუფრა ხომ ძირითადად მწვადსა და ხორცეულზეა აგებული. ჰყვებიან, რომ ზურაბ წერეთლის სახლში გამართულ სუფრაზე მსახიობს ძირითადად მწვანილით, ყველით, ნიგვზიანი ფხალეულითა და ხილით უმასპინძლდებოდნენ. დე ნირო აღფრთოვანებული დარჩენილა იმით, თუ როგორ შეიძლება მხოლოდ მცენარეული საკვებით ასეთი მრავალფეროვანი სუფრის გაშლა.

თბილისში ყოფნისას რობერტ დე ნირო სომხებით დასახლებულ უბანში, ავლაბარში, სასტუმროში ცხოვრობდა. ერთ დღეს, მსახიობი თავისი ოთახიდან გავიდა, ქუჩაში გაისეირნა და ცოტა ხნით სკამზე ჩამოჯდა. მოგვიანებით, ამ გასეირნების შესახებ დე ნირომ რეჟისორ რეზო თაბუკაშვილს უამბო და გაკვირვებით აღნიშნა, რომ ქართველებმა დაინახეს, მაგრამ ვერ იცნეს. დე ნიროს მაშინდელი იმიჯი – მოკლე, ოდნავ ჭაღარა თმა და უბრალო ჩაცმულობა ტიპური თბილისელი გარეგნობას იმდენად ჰგავდა, რომ ხალხს აზრადაც არ მოსვლია, რომ მათ გვერდით სკამზე მსოფლიო კინოს ცოცხალი ლეგენდა იჯდა.
სხვათა შორის, იმავე პერიოდში საქართველოში მარჩელო მასტროიანიც იმყოფებოდა ( ფილმის „შავი თვალების“ გადაღებებზე). თბილისში ხუმრობდნენ კიდეც, რომ ქალაქის ქუჩებში მსოფლიოს ორი ყველაზე სასურველი მამაკაცი ერთდროულად დადიოდა.
1991 წელს რობერტ დე ნირომ თავისი ქართველი მეგობარი ჰოლივუდში მიიწვია, სადაც იამ ორწლიანი სტაჟირება გაიარა და რამდენიმე ეპიზოდურ როლში გადაიღეს. ერთ-ერთი ინტერვიუში იამ გაიხსენა, რომ დე ნირომ მას ძვირადღირებული ფოტოაპარატი აჩუქა, რათა ამერიკული ცხოვრება ფოტოზე აღებეჭდა.1993 წელს ია ფარულავა თბილისში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა ჰოლივუდში დიდი კარიერა ვერ ააწყო, დე ნიროსთან მეგობრობა მისთვის უდიდესი სკოლა აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ია ფარულავა ამ ამბის ბევრ დეტალს წლების განმავლობაში არ ასაჯაროებდა, თუმცა მოგვიანებით დაადასტურა, რომ ცნობილი მსახიობი განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა.
ასევე დაგაინტერესებთ












