ტურისტებს შორის, რომლებიც ირანში პირველად მიემგზავრებიან კითხვა – „რა ჩავიცვა?“ ყველაზე პოპულარულია. საქმე ის არის, რომ ირანში ჩაცმის წესები მოქმედებს, რომლებიც როგორც ადგილობრივებზე, ისე ტურისტებზე ვრცელდება.

როდის გაჩნდა ირანში დრეს-კოდი?
ალბათ იცით, რომ ისლამურ რევოლუციამდე ირანელი ქალები ევროპელების მსგავად, ფერად, მოკლე კაბებს იცვამდნენ და მოდურ ვარცხნილობებს იკეთებდნენ.
1979 წელს ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, რომლის შედეგად შაჰმა – მოჰამად რეზა ფეჰლევიმ ქვეყანა დატოვა და მონარქია გაუქმდა. ახალ ხელისუფლებას სათავეში პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი – აიათოლა ხომეინი ჩაუდგა.
ახალ სახელმწიფოში გაჩნდა ახალი კონსტიტუცია, რომელშიც ჩაიწერა, რომ ისლამური სახელმწიფოს მოსახლეობის ცხოვრების ყველა სფეროს სამართლებრივ საფუძველს შარიათი უნდა წარმოადგენდეს.
ჰიჯაბი ირანში
შარიათის კანონები და შესაბამისად, ირანის სახელმწიფო ჰიჯაბის გარკვეულ მოთხოვნებს განსაზღვრავს (ჰიჯაბი მუსლიმი ქალის ტანსაცმლისა და ქცევის წესების საერთო სახელწოდებაა).
ჰიჯაბის მკაცრი მოთხოვნები 1979 წელს, ირანის რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა. რევოლუციის პირველ წლებში დრეს-კოდის მიმართ მოთხოვნები მაქსიმალურად კონსერვატიული იყო. ამ დროს ირანელი ქალების უმეტესობა ჩადრს ატარებდა. ესაა შავი ქსოვილის გრძელი ნაჭერი, რომელიც სხეულს თავიდან ტერფებამდე ფარავს. ირანული ჩადრი არაბული სამოსისა და ავღანური ბურკისგან იმით განსხვავდება, რომ სახეს და ხელებს არ ფარავს. ირანული ჩადრი ყოველდღიურ ტანსაცმელზე საწვიმარივით იცმება და ნიკაპთან იკვრება.

ირანელ ქალებს ნებისმიერი სხვა ქვეყნის ქალების მსგავსად, ბავშვებისა და ჩანთების ტარება უწევდათ და ჩადრის ტარება სულ უფრო მოუხერხებელი ხდებოდა. წლების განმავლობაში ირანის მთავრობა შედარებით ლიბერალური გახდა და ქალებმა ჩადრის ნაცვლად მანტოსა და გრძელი შალის ტარება დაიწყეს.
მანტო – წინ შეხსნილი, მუხლამდე სამოსი.
შალი – გრძელი შარფი, რომლითაც ირანელი ქალები თავს იფარავენ.
ირანული დრეს-კოდი მოითხოვს, რომ ყველა ირანელმა ქალმა კისერი, თმა და ყელი დაფაროს. სასწავლო და სახელმწიფო დაწესებულებებში ეს მოთხოვნა ძალიან მკაცრად სრულდება: ქალებმა ჩადრი უნდა ატარონ, ხოლო სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა -ჰიმარა.
როგორ იცვამენ ირანელი ქალები დღეს
რევოლუციიდან გარკვეული დროის შემდეგ ირანელი ქალები ნელ-ნელა უფრო მოსახერხებელი ტანსაცმლის ტარებაზე გადავიდნენ, თუმცა შავი ჩადრი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამოსად რჩება. ირანის სამხრეთ პროვინციებში შეიძლება ფერად და ყვავილებიან ჩადრებში გამოწყობილი ქალები ნახოთ. თანამედროვე ირანული ჰიჯაბი საშუალებას იძლევა სხეული მთლიანად დაიფაროთ, მაგრამ ირანის ცხელ ზაფხულში თავი კომფორტულად იგრძნოთ.

დღეს ირანელი ქალების ნაწილს ევროპულად ჩაცმა სურს, ნაწილს კი ჰიჯაბის ტარება ურჩევნია, რადგან ეს სამოსი მათ მორალურ და რელიგიურ შეხედულებებს შეესაბამება. თეირანის ქუჩებში შეგიძლიათ შეხვდეთ გოგონას, რომელსაც თავსაბურავიდან ლამაზი კულულები მოუჩანს, ხოლო მის გვერდით შეიძლება იგივე ასაკის გოგონას ჩადრი ეცვას. ირანში ჩაცმის წესი ყველასთვის სავალდებულოა, მაგრამ კონსერვატორი ქალები წესებს მკაცრად იცავენ, თეირანის ჩრდილოეთის რაიონებში მცხოვრები ლამაზმანები კი ზოგჯერ ქუჩაში საერთოდ თავსაბურავის გარეშე გამოდიან.

როგორ იცვამენ ირანელი ქალები სახლში?
ირანში დრეს-კოდის ვალდებულება მხოლოდ საზოგადოებრივ სივრცეებზე ვრცელდება. დახურულ კარს მიღმა, საკუთარ სახლში, ირანელი ქალები ისე იცვამენ, როგორც უნდათ.

დახურული წვეულებები და კერძო შეკრებები ირანში ევროპულისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. ირანული ქორწილის ოფიციალურ ნაწილს დედოფალი თავსაბურავით ესწრება, ხოლო წვეულებაზე შეუძლია ღია, ევროპული სტილის საქორწილო კაბა ჩაიცვას. სტუმრებს შორის შეიძლება იყვნენ როგორც ჩადრებში, ასევე ფერად კაბებში გამოწყობილი ქალბატონები.

თუ ირანელებმა სტუმრად მიგიწვიეს ეწვიეთ, მაგრამ მისვლისთანავე იკითხეთ ხომ არ შეაწუხებს მასპინძელს, თუ თავსაფარს მოიხდით.
როგორ უნდა ჩაიცვას ტურისტმა ირანში
ნათქვამია, სადაც მიხვალ, აქაური ქუდი უნდა დაიხურო – თუ ოდესმე ირანში მოგზაურობას გადაწყვეტთ, მათი წესების დაცვისთვისაც მზად უნდა იყოთ. მით უმეტეს, რომ დრეს-კოდი და თავსაბურავი თხოვნა კი არა, კანონია, რომლის დარღვევას გარკვეული შედეგები მოჰყვება.
ირანში ყოფნის დროს, ტურისტმა ქალებმა, ეროვნების მიუხედავად, თავი აუცილებლად უნდა დაიფარონ. თვითმფრინავიდან ჩასულს უკვე თავსაბურავი უნდა გეხუროთ, რომ ყველა პროცედურა დაუბრკოლებლად გაიაროთ. სასურველია თავისუფალი სამოსი გეცვათ, რომელიც მუხლებს, ყელს და მხრებს დაფარავს.

თეირანის ჩარდილოეთ რაიონებში ხშირად შეხვდებით მოდურად ჩაცმულ ახალგაზრდა ქალებს ძვირადღირებულ მანტოებში, მაღალ ქუსლებზე და მკვეთრი მაკიაჟით, თუმცა თეირანს რომ ცოტა გასცდეთ, მაგალითად, ისპაჰანში ყველაფერი სხვაგვარადაა. მიუხედავად იმისა, რომ ისპაჰანი ქვეყნის ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი და კულტურული დედაქალაქია, აქ მაინც კონსერვატიული მოსახლეობა ჭარბობს და ახალგაზრდა გოგოებიც კი ჩადრით დადიან.

აღსანიშნავია, რომ სხვა მუსლიმი ქალებისგან განსხვავებით, ირანელ ქალებს გრძელი კაბების ჩაცმა არ უყვართ, ამიტომ მშვიდად ჩაიცვით საყვარელი ჯინსი, მსუბუქი შარვლალი და კედები – ამისთვის არავინ გისაყვედურებთ.

როდის არის ჩადრის ჩაცმა აუცილებელი?
როდესაც რელიგიურ და წმინდა ადგილებს სტუმრობთ, ჩადრი სავალდებულოა.
მას შენობის შესასვლელში მოგაწვდიან, რომ ტანსაცმელზე გადაიცვათ. შეიძლება თავიდან მოუხერხებელი გეჩვენოთ, მაგრამ მცირე დისკომფორტი ჯამეს მეჩეთის ან ჰაფეზის საფლავის მონახულებისთვის ნამდვილად ღირს.

ტატუ, მაკიაჟი, მანიკური
ბევრი ირანელი ქალი საზოგადოებაში ზედმეტად მკვეთრი მაკიაჟითაც კი ჩნდება, ამიტომ მაკიაჟზე ნუ იდარდებთ და ისე გაიკეთეთ, როგორც გინდათ.

ირანში მანიკური და პედიკური აკრძალული არ არის და შეგიძლიათ ფრჩხილების შესაღებად ნებისმიერი ფერი გამოიყენოთ.
ტატუს საკითხი ცოტა რთულია. ირანელი ქალები ტატუს ხშირად იკეთებენ, მაგრამ საჯაროდ არ აჩენენ ან უბრალოდ, მათ ჩადრი ფარავს.
არ იდარდოთ, თუ ტატუ გამოგიჩნდათ – ამის გამო არავინ გისაყვედურებთ.
დრეს–კოდის დარღვევის დროს რა ხდება?
როგორც კი თვითმფრინავი ირანის აეროპორტში დაეშვება, ტურისტებისთვის დრეს-კოდის წესები ამოქმედდება. შესაბამისად, ქალებიც და მამაკაცებიც ტრაპზე ადგილობრივი წესების შესაბამის სამოსში გამოწყობილები უნდა დაეშვან.

თუ წესი დაარღვიეთ და ქალი თავსაფრის გარეშე ან მამაკაცი მოკლე შორტებით გამოჩნდა, აეროპორტის თანამშრომელი წესებს თავაზიანად შეგახსენებთ. ამის გამო ქვეყნიდან დეპორტაცია ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ტურისტი განგებ თავსაფრის გარეშე დადის, წესებს შეგნებულად არღვევს და პროვოკაციულად იქცევა, შესაძლებელია, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებელმა რესტორნისა და სასტუმროს თანამშრომელს ან პოლიციას მიმართოს.
პირველი ყოველთვის სიტყვიერი შენიშვნაა. ცდილობენ, რომ დრეს-კოდის დამრღვევ ტურისტს წესები მშვიდად აუხსნან, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი პოლიციაში გადაჰყავთ, თუმცა, საქმე აქამდე არ მიდის. ირანის დრეს-კოდი ტურისტებისთვის ბევრად ლმობიერია, ვიდრე ირანელებისთვის და მისი დაცვა რთული ნამდვილად არაა.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! როგორ შეიცვალა ირანელი ქალების ცხოვრება რევოლუციის შემდეგ












