2025 წელი მოდის ინდუსტრიისთვის დიდი დანაკლისისა და რევოლუციური ცვლილებების წელი აღმოჩნდა. მოდის სახლებში ახალი კრეატიული დირექტორების გამოჩენა, ბეწვისადმი დამოკიდებულების ხელახალი გააზრება, უცნაური სათამაშოს – ლაბუბუს ტრენდი და ა.შ. გთავაზობთ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ჩამონათვალს:
- პარიზის მოდის ისტორიული კვირეული

2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის პარიზის მოდის კვირეული (ნაწილობრივ, მილანისა და ნიუ-იორკის კვირეულებიც), მოდის ყველა სახელმძღვანელოში შევა. ამ სეზონით 16 დიზაინერის კარიერაში ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო, რომლებმაც მოდის მსხვილ ბრენდებში კრეატიული დირექტორის თანამდებობები დაიკავეს.
ირლანდიელი დიზაინერი ჯონათან ანდერსონი ფრანგული მოდის სახლის Dior ახალი კრეატიული დირექტორი გახდა, მეთიუ ბლაზი -Chanel-ის, პიერ პაოლო პიჩოლი -Balenciaga-ს, დემნა გვასალია Gucci-ს, მაიკლ რაიდერი Celine-ს, ჯეკ მაკქალა და ლაზარო ჰერნანდესი Loewe-ს, გლენ მარტენსი – Maison Margiela-ს, ლუიზ ტროტერი Bottega Veneta, საიმონ ბელოტი Jil Sander-ის, მიგელ კასტრო ფრეიტასი Mugler-ის და ა.შ.
- დემნა გვასალიას დებიუტი Gucci-ში

დემნა გვასალიას დებიუტი Gucci-ში წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენაა. მილანის მოდის კვირეულზე ქართველი დიზაინერის მიერ, იტალიური მოდის სახლისთვის შექმნილი პირველი კოსტიუმების პრეზენტაცია გაიმართა. მისი პირველი კოლექცია ბრენდისთვის “La Contessa” მოდის სამყაროს მთავარ განხილვის საგნად იქცა. კოლექციის წარდგენაში მონაწილე მოდელებს შორის იყო მატილდა გვარლიანი.
- მეთიუ ბლაზის დებიუტი Chanel-ში

პარიზის მოდის კვირეული დახურა მეთიუ ბლაზის კოლექციამ Chanel-სთვის. Chanel-მა წარმოადგინა უნაკლო შარვალ-კოსტიუმები და პერანგები, ტვიდის გამჭვირვალე ვერსია, უამრავი ქვედაბოლო, ბუმბულის უცნაური თავსაბურავები და დაჭმუჭნული ხელჩანთები. მეთიუ ბლაზის შემოქმედებას ტილდა სვინტონი, ნიკოლ კიდმანი, პედრო ალმოდოვარი, პედრო პასკალი და ათობით ცნობილი ვარსკვლავი აღფრთოვანებული შეხვდა.
- ჯორჯო არმანის გარდაცვალება

2025 წლის 4 სექტემბერს, ბრენდის 50 წლის იუბილემდე რამდენიმე კვირით ადრე, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიელი დიზაინერი და მოდის გლობალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე ჯორჯო არმანი.
გარდაცვალების დროს არმანის მოდის იმპერია 10 მილიარდ დოლარზე მეტად იყო შეფასებული. ტანსაცმელთან ერთად ის მოიცავდა აქსესუარებს, სახლის ავეჯს, სუნამოებს, კოსმეტიკას, წიგნებს, ყვავილებს და შოკოლადებსაც კი.
- ბეწვისადმი დამოკიდებულების ხელახალი გააზრება

მას შემდეგ, რაც მოდის ბრენდებმა ნატურალურ ბეწვზე მასობრივად უარი თქვეს, ფუმფულა მასალა ტრენდების სიიდან დიდი ხნით გაქრა. 2025 წელმა წესები შეცვალა – მოდაში ბეწვით გაწყობილი ქურთუკები, ქუდები, ქვედაბოლოები და ჟაკეტებიც კი დაბრუნდა, თუმცა, ერთი პირობით – ბეწვი აუცილებლად ხელოვნური უნდა იყოს.
- ნოსტალგიის ყოვლისმომცველი ტრენდი

მთელმა წელმა ნოსტალგიის ნიშნით ჩაიარა. ჩვენ მუდმივად წარსულში ვბრუნდებოდით და ეს ხან 2010-იანი წლები იყო, ხან ბავშვობის დროინდელი მოგონებები. მიზეზი ნაცნობ, უსაფრთხო გარემოსთან შეხების სურვილია. ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდება.
- რიანას გამოჩენა შვილებთან ერთად Dior-ის სამოსში

რა თქმა უნდა, 2025 წელს ვარსკვლავური ლუქების გარეშე არ ჩაუვლია. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა იყო ორსული რიანას გამოჩენა შვილებთან ერთად მულტფილმის – „სმურფები კინოში“ პრემიერაზე. აღსანიშნავია, რომ ყურადღება არა მომღერალმა, არამედ მისმა შვილებმა მიიპყრეს – მათ პირველებმა მოირგეს ჯონათან ანდერსონის კოსტუმები მამაკაცის სადებიუტო კოლექციიდან Dior-სთვის.
- დონატელა ვერსაჩემ Versace დატოვა

უამრავ ხმაურიან წასვლას შორის ყველაზე ემოციური დონატელა ვერსაჩეს გადადგომა იყო, რომელიც მოდის სახლს 1977 წლიდან, ძმის გარდაცვალების შემდეგ მართავდა. დონატელას წასვლა Versace-ს Prada Group-ზე მიყიდვის პროცესს დაემთხვა. ეს ამბავი ჯერ არ დასრულებულა – დარიო ვიტალემ, რომელმაც ვერსაჩე შეცვალა, ბრენდი პირველი კოლექციის ჩვენების შემდეგ დატოვა.
- Labubu-ს ტრენდი

ლაბუბუ 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამომხმარებლო ფენომენია. შეიძლება ვიღაცისთვის ის უბრალოდ ბავშვის სათამაშოს ჰგავს, თუმცა, მის გარშემო არსებული აჟიოტაჟი ბავშვურისგან სრულიად განსხვავდება. ხალხი მათ შესაძენად რიგში დგას, მათ შესახებ სოციალური მედიისთვის ათასობით ვიდეო იქმნება, კოლექციონერები მზად არიან იშვიათი მოდელებისთვის უზარმაზარი თანხა გადაიხადონ და ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც კიმ კარდაშიანი და რიანა არიან, ლაბუბუს ჩანთებით ატარებენ.
- Jean Paul Gaultier-ის „შიშველი კომბინეზონები“

2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის დებიუტებს შორის, ზოგიერთმა დიზაინერმა აღფრთოვანებული შეფასებები მიიღო, ზოგმა კი – კრიტიკა. Jean Paul Gaultier-ის ახალ კრეატიულ დირექტორის, დურან ლანტინკის პირველმა კოლექციამ წინააღმდეგობრივი შეფასებები გამოიწვია. მან პოდიუმზე სრულიად შიშველი ეფექტის მქონე ბოდეები წარმოადგინა, რომლებმაც საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. აღფრთოვანებულთა შორის თავად ჟან პოლ გოტიე იყო, რომელმაც ბედნიერებისგან იტირა, აღშფოთებულთა შორის კი კრიტიკოსების მთელი არმია აღმოჩნდა, რომელმაც ბოდეს „სეზონის ყველაზე ვულგარული ნივთი“ უწოდა. ლანტინკის ჟესტი პირდაპირ ჟან პოლ გოტიეს და მისი მოდის სახლის გაგებას შეესაბამება, რომელმაც თავისი ისტორია საყოველთაოდ მიღებული წესების დარღვევასა და გენდერთან თამაშზე ააგო, მაგრამ მას შემდეგ პარიზის წარჩინებული საზოგადოების ნაწილი გახდა.
- კანის კინოფესტივალმა წითელ ხალიჩაზე სიშიშვლე და გამჭვირვალე სამოსის ჩაცმა აკრძალა

2025 წელს კანის კინოფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა დრესკოდში ცვლილებები შეიტანა, რომელიც დამსწრეებს გამჭვირვალე, “შიშველი” კაბებისა და გრძელი შლეიფების მორგებას უკრძალავდა.
„გადაწყვეტილების მიზანი არა ჩაცმულობის რეგულირება, არამედ სიშიშვლის სრული აკრძალვაა ხალიჩაზე, რომელიც ფესტივალის ინსტიტუციური ჩარჩოსა და საფრანგეთის საკანონმდებლო ჩარჩოს შესაბამისი იქნება” – განაცხადა ფესტივალის წარმომადგენელმა
- ამერიკულ VOGUE-ში მთავარი რედაქტორის შეცვლა

თუ მოდის სამყაროში რამე მუდმივი და სტაბილური ჩანდა, ეს American Vogue-ის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე ანა ვინტურის ყოფნა იყო, ამიტომ 37 წლიანი რედაქტორობის შემდეგ, ვინტურის განცხადება წასვლის შესახებ ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. Vogue -ის ახალი მთავარი რედაქტორი ქლოი მალია, ანა ვინტურმა კი Vogue-ის გლობალური რედაქციის დირექტორისა და Condé Nast-ის კონტენტის მთავარი ხელმძღვანელის თანამდებობები შეინარჩუნა.
- Saint Laurent წლის ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა

წლის ბოლოს Lyst-ის რეიტინგმა სიურპრიზი შემოგვთავაზა – ბოლო კვარტლის ყველაზე პოპულარულ ბრენდად Saint Laurent დასახელდა. როგორც ჩანს, გლობალური ტრენდები „იცვლება“ და ინფანტილური სტილის ნაცვლად, მკაცრი და კლასიკური სამოსი უფრო მეტად გვიზიდავს.
- ანოკ იაი 2025 წლის მოდელი გახდა

ანოკ იაის გამარჯვება Fashion Awards 2025 -ზე, „წლის მოდელის“ ნომინაციაში მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ჟიურიმ საბოლოოდ აღიარა ის, რაც ყველამ წლების განმავლობაში იცოდა – ანოკი პოდიუმზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, შრომისმოყვარე და მომხიბვლელი ქალია. 2025 წელს ის პარიზისა და მილანის პოდიუმებზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მოდელად რჩებოდა. როდესაც დამსახურებული ჯილდოს მისაღებად სცენაზე ავიდა, ანოკმა პირდაპირ ფერადკანიან ქალებს მიმართა:
„თქვენი კანის ფერი წყევლა არ არის. თქვენ ტენდენცია არ ხართ. თქვენ პრობლემა არ ხართ. თქვენ იმაზე ღირსეული, ქმედითი და ძლიერი ხართ, ვიდრე გგონიათ“.
ანოკმა გაიხსენა თავისი წარმომავლობა და სამხრეთ სუდანი ახსენა, რითაც გამოთქვა იმედი, რომ მისი ამ ქვეყანაში მშვიდობა და უსაფრთხოება დამყარდება.
- მაილი საირუსი Maison Margiela-ს 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანიაში

თითქმის 40-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად, Maison Margiela-მ პოპულარული ელჩი აირჩია და ის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი მაილი საირუსია. მოდის სახლისთვის, რომელმაც 1988 წელს დაარსების დღიდან ანონიმურობის ესთეტიკა განავითარა და ვარსკვლავების კულტურას პრინციპულად დაშორდა, ეს ნაბიჯი ეპოქის შეცვლას აღნიშნავს. ბრენდის დამფუძნებელი, მარტინ მარჯიელა, ყოველთვის თავს არიდებდა საჯაროობას, უარს ამბობდა პირად ინტერვიუებზე და პრესასთან ფაქსებითა და ტელეფონით საუბრობდა. 2009 წელს მისი წასვლის შემდეგაც კი, სახლი უსახელო სუბიექტად არსებობდა, სადაც დიზაინი პიროვნებაზე მაღლა დგას. აგვისტოში წარმოდგენილი 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანია წარსულის კონცეფციასთან კავშირის გაწყვეტას აღნიშნავს.
- „ეშმაკი პრადას ატარებს“-ს დაბრუნება
ლეგენდარული ფილმის გაგრძელება ეკრანებზე ჯერ არ გამოსულა, მაგრამ მისი სიახლოვე მთელი 2025 წლის განმავლობაში იგრძნობოდა. მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს ფოტოებს ნიუ-იორკის გადასაღები მოედნიდან. ფოტოებზე ენ ჰეთუეის გმირი გულუბრყვილო ასისტენტი აღარაა, ის თავდაჯერებული ქალია. ქუჩის კადრების სიმრავლემ ისეთი შეგრძნება შექმნა, თითქოს ფილმი უკვე ვნახეთ, ამიტომ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გადასაღები მოედნიდან ფოტო და ვიდეომასალის გავრცელების შეწყვეტაც კი ითხოვეს. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია „ეშმაკი პრადას ატარებს 2“-ის მოკლე თიზერმა, რომელმაც Valentino Rockstud-ის ფეხსაცმლის სახით მოდას ნოსტალგიური ნოტები დაუბრუნა.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ჟურნალმა Vogue-მა 2025 წლის ყველაზე ელეგანტურად ჩაცმული ვარსკვლავები დაასახელა












