მეტ გალა საქველმოქმედო საღამოა, რომელიც 1948 წლიდან მოყოლებული, ნიუ-იორკში ყოველწლიურად, მაისის პირველ ორშაბათს ტარდება და წინ უძღვის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გამართულ მასშტაბურ მოდის გამოფენას. ღონისძიებას 1995 წლიდან ანა ვინტური ხელმძღვანელობს.
1948 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს თავისი თემა აქვს და მას „დრესკოდით“ იცავენ მოწვეული სტუმრები

თუ 2025 წლის მეტ გალას თემა „შავკანიანთა სტილი და დენდიზმის ისტორია“ იყო, 2026 წლის მეტ გალას თემა „კოსტუმების ხელოვნებაა“, რომელიც, სავარაუდოდ, გაიმეორებს ან გადააჭარბებს კიდეც „შიშველ წვეულებას“. წვეულების თემა, რომელიც 2026 წლის 4 მაისს გაიმართება, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა გამოაცხადა. გამოფენა 10 მაისს გაიხსნება და 2027 წლის 10 იანვრამდე, ახალ Condé Nast Galleries-ში გაგრძელდება.
მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის მთავარი კურატორის, ენდრიუ ბოლტონის თქმით, გამოფენის მიზანი სხეულსა და ტანსაცმელს შორის კავშირის ხაზგასმაა.

„მოდის ვიზუალური ასპექტის პრიორიტეტულობის ნაცვლად, რაც ხშირად სხეულის ხარჯზე ხდება, გამოფენა ხაზს უსვამს ტანსაცმლის მატერიალურობას და იმას, თუ როგორ ურთიერთქმედებს ჩვენი სხეული მასთან“, – განმარტავს ბოლტონი.
ასეთი მიდგომის მაგალითი იქნება სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების ნიმუშებისა და ტანსაცმლის შეხამება. მაგალითად, ალბრეხტ დიურერის 1504 გრავიურა, რომელზეც ადამი და ევა არიან გამოსახული, 2009 წლის ელასტიური ბოდეების გვერდით გამოიფინება, რომლებიც სწორედ ბიბლიური წყვილის შთაგონებით შეიქმნა. დაველოდოთ ანა ვინტურის გამოჩენას „შიშველ“ კომბინიზონში, ჟან პოლ გოტიეს უახლესი ჩვენებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, წვეულებას აზრი არ ექნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 5000 წლის წინ შექმნილი ნახატები, ქანდაკებები და ხელოვნების ნიმუშები, ასევე ისტორიული და თანამედროვე კოსტიუმები.
ნამუშევრები სხეულის ტიპების მიხედვით გადანაწილდება: „შიშველი სხეული“, „კლასიკური სხეული“, „ორსული სხეული“ „მოკვდავი სხეული“ და ანატომიური ფიგურები, რაც სხეულის გაცილებით ფართო გაგებას გვთავაზობს, ვიდრე მოდის ინდუსტრია თავისი გამხდარი მოდელებითა და შეზღუდული დიაპაზონით.

„იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სხეული ხელოვნებისა და მოდის დებატებში დააბრუნოს, მიიღოს და არა უკუაგდოს“ – განმარტავს ბოლტონი. ასეთი განლაგება რობერტ ვუნის 2024 წლის ჩვენებას მოგვაგონებს, რომელშიც დიზაინერმა ადამიანის სხეულის ოთხი ფენა წარმოაჩინა: კანი, ხორცი, ძვლები და სული.

გამოფენის განსაკუთრებული აქცენტი მხატვარ სამარ ჰეჯაზის მიერ შექმნილ მანეკენურ სარკისებურ თავებზე იქნება გადატანილი.
„თქვენ უყურებთ საკუთარ თავს და ამავდროულად ფიქრობთ თქვენს მიერ დანახულ სხეულებზე და საკუთარ გამოცდილებაზე – ეს იწვევს თანაგრძნობას და ემპათიას“, – განმარტავს კურატორი.
გამოფენის – „კოსტიუმების ხელოვნება“ მთავარ გზავნილია: მოდა იმსახურებს, რომ ხელოვნების დონეზე განვიხილოთ.
მეტ გალა 2026 წლის წვეულების მთავარი დონორები ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი იქნებიან, რომლებმაც წინა წვეულება საკუთარი ქორწილის მზადების გამო გამოტოვეს. ვარაუდობენ, რომ დონორობის იდეის უკან ლორენი დგას, თავად ჯეფი კი ამ ინიციატივით აღფრთოვანებული არაა.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! პირველად “მეტ გალას” ისტორიაში – პერის ჰილტონი მოდის ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე დაპატიჟეს












