6 წლის წინ ინტერიერის დიზაინერმა ანა ჯიქიამ საკუთარი კომპანიის დაარსებით ახალი ეტაპი დაიწყო. გზა, რომელიც სავსეა გამოწვევებით, განსხვავებული იდეებით, ექსპერიმენტებითა და შთამბეჭდავი შედეგებით. Andesign Studio-ს უკვე 240-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული და 400-ზე მეტი კმაყოფილი კლიენტი ჰყავს.
,,საკუთარი კომპანიის (Anstudio Design) დაარსება მაშინ გადავწყვიტე, როდესაც დავინახე, რომ ჩემს ხედვას და მუშაობის სტილს სჭირდებოდა სივრცე, სადაც შემეძლებოდა მთლიანად კონტროლი შემენარჩუნებინა როგორც ესთეტიკაზე, ისე შესრულების ხარისხზე’’
მისი აზრით, ინტერიერის დიზაინერის ჩართულობა სარემონტო პროცესისას აუცილებელია, რადგან ის მხოლოდ ფერებისა და ავეჯის არჩევა არ არის – „ეს არის ტექნიკური და სტრატეგიული პროცესი, სადაც ყოველი დეტალი, განათებიდან საინჟინრო კომუნიკაციებამდე, ზუსტად უნდა იყოს გათვლილი.’’

ყველა პროფესიის ადამიანი საიდანღაც იწყებს კარიერულ ზრდას, გამონაკლისი არც ანაა: ,,ინტერიერის დიზაინი ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა გარკვეული დრო დამჭირდა, სანამ ეს ინტერესი პროფესიად გარდაიქმნებოდა. წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი, როგორ მოქმედებს სივრცე ადამიანზე და როგორ შეუძლია სწორად მოწყობილ ინტერიერს ყოველდღიურობა გაამარტივოს. სწავლა მიზანმიმართულად დავიწყე და პრაქტიკულ პროექტებშიც სწრაფად ჩავერთე. სწორედ ამ პროცესში მივხვდი, რომ ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ესთეტიკა არ არის. ესაა ფუნქციური აზროვნება, ტექნიკური სიზუსტე და ადამიანზე მორგებული სივრცის შექმნა. სწორედ ამ შეხედულებამ განსაზღვრა ჩემი პროფესიული გზა’’.
როგორ ახერხებთ კლიენტის ინტერესებისა და თქვენი ხედვების ერთმანეთთან შერწყმას?
ჩემი მიდგომა ასეთია: დიზაინი არ იწყება რენდერით, ის იწყება მოსმენით. ამიტომ პირველ რიგში ვცდილობ კარგად გავიგო, რა სტილი არის კლიენტისთვის ბუნებრივი, როგორ ცხოვრობს, რა კომფორტი სჭირდება რეალურად და არა მხოლოდ ვიზუალურად. ამ ინფორმაციის საფუძველზე ვქმნი კონცეფციას, სადაც ჩემი პროფესიული ხედვა ერწყმის მათ ცხოვრების წესს.
ხანდახან კლიენტები მოდიან კონკრეტული Pinterest-ის ფოტოებით, მაგრამ ჩემი როლი არ არის მხოლოდ ამის გამეორება. მე ვთავაზობ მათ ალტერნატივებს, ვუხსნი, რატომ იმუშავებს უკეთ ეს ან ის გადაწყვეტა და ამ გზით მივდივართ საერთო, გაცილებით უფრო საინტერესო შედეგამდე.
გამოწვევები ყველა პროფესიაში არსებობს, შესაბამისად ინტერიერის დიზაინშიც არის სირთულეები, მაგრამ ანასთვის რთული პროექტი არ ნიშნავს ,,უარყოფითს’’, მისთვის ეს გამოწვევაა, რომელიც მას საშუალებას აძლევს უკეთ გაიზარდოს და განვითარდეს, როგორც პროფესიონალი.
,,მქონდა შემთხვევა, როდესაც სივრცე ტექნიკურად ძალიან შეზღუდული იყო: არასწორად განთავსებული კომუნიკაციები, მცირე კვადრატულობა და კლიენტის სურვილი, რომ მიეღო მაქსიმალური სივრცისგან, როგორც ეს ყოველთვის ხდება, დასაწყისში ეს თითქმის შეუძლებლად ჩანდა.
მაგრამ სწორედ ასეთ მომენტებში მუშაობს ნამდვილი დიზაინერული აზროვნება, როცა გიწევს არა სტანდარტული გადაწყვეტების გამეორება, არამედ ახალი გზის გამოგონება. ბევრი გადახედილი გეგმის, კონსტრუქტორებთან და ხელოსნებთან მჭიდრო მუშაობის შემდეგ, მივიღეთ შედეგი, რომლის ნახვის შემდეგ, თავად კლიენტმაც აღნიშნა: „ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასეთი სივრცე გამოვიდოდა.
ამ გამოცდილებამ გამიმყარა რწმენა, რომ კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე, რადგან მარტივ პირობებში ყველას შეუძლია ლამაზი პროექტის წარმოდგენა, მაგრამ რეალური პროფესიონალიზმი სწორედ პრობლემების გადალახვაში გამოჩნდება’’.

ანას თქმით, ის ინტერიერის დიზაინის ერთ კონკრეტულ სტილს არ ეკუთვნის, მისი აზრით, ამ პროფესიის ადამიანები უნდა მოერგონ კლიენტის ცხოვრების სტილს, კონტექსტსა და სივრცეს.
,,პირადად მე ის დიზაინი მომწონს, სადაც სიმშვიდე და ჰარმონია იგრძნობა: ნათელი ხაზები, ბუნებრივი მასალები, სწორად დაგეგმილი განათება და დეტალები, რომლებიც არ ხმაურობენ, მაგრამ სივრცეს სრულყოფილს ხდიან’’.
თქვენს სახლში რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ დიზაინს და გაქვთ თუ არა ოთახი, რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ?
საკუთარ სახლში ყველაზე დიდ ყურადღებას სამუშაო ზონას ვუთმობ – ეს სივრცე ჩემთვის უბრალოდ სამუშაო ადგილი არ არის. აქ იბადება ახალი იდეები, აქ ვაწყობ კონცეფციებს და ხშირად სწორედ აქედან იწყება ყოველი პროექტი. ვცდილობ, ეს კუთხე იყოს ნათელი, ჰაეროვანი და მაქსიმალურად კომფორტული, რადგან შემოქმედებითი პროცესისთვის გარემო სწორი ენერგიით უნდა გავსებული იყოს.
მჯერა, რომ როდესაც სამუშაო სივრცე მოწესრიგებულია და სასიამოვნო ატმოსფერო აქვს, აზროვნება უფრო ნათელი ხდება. ამიტომ ჩემს სახლში ყველაზე საყვარელი ადგილი ეს ზონაა ფანჯარასთან, ბუნებრივ სინათლესთან და სიმშვიდესთან ერთად. იქედან მოდის იდეების ის ნაწილი, რომელიც შემდეგ უკვე რეალურ ინტერიერებად იქცევა.

რომელი ცნობილი ადამიანის სახლის ინტერიერის დიზაინზე იმუშავებდით შესაძლებლობა რომ გქონოდათ?
,,არჩევანის შესაძლებლობა რომ მომეცეს, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი იმ ადამიანისთვის, ვინც ცხოვრებას ხედავს როგორც შემოქმედებით პროცესს – იქნება ეს არტისტი, რეჟისორი, მუსიკოსი თუ ინოვატორი, ვისაც არ ეშინია საკუთარი სივრცის ინდივიდუალურად აღქმის. ასეთი ადამიანები არ ეძებენ მხოლოდ „სწორ“ დიზაინს. მათთვის საინტერესოა ექსპერიმენტი, ატმოსფეროს შექმნა, სივრცის იმგვარი განწყობით დატენვა, რომელიც მათ შთაგონებას კვებავს.
როგორც გავიგეთ, ანასთვის და მისი სტუდიისთვის ინტერიერის დიზაინი არ არის მხოლოდ ვიზუალი და სილამაზე, მასში იმალება ელეგანტურობა, ფუნქციონირება და კომფორტი. განხორციელებული პროექტებისა და კლიენტთა რაოდენობა კი დიზაინერისა და კომპანიის წარმატებულობის ნიშანია.












