ოქტომბრის OK!-ს სტუმარი არაჩვეულებრივი, ლამაზი, ნიჭიერი და ძალიან მამაცი ახალგაზრდა ქალია, ივენთმენეჯერი და მომღერალი, უმშვენიერესი ნუცა შამილაძე, ქალი, რომელმაც სიმსივნე ომში გამოიწვია. ნუცამ, რომელიც უდიდეს ცხოვრებისეულ გამოწვევას ებრძვის, ქართულ OK!‑სთან ვრცლად და ღიად ისაუბრა მძიმე ავადმყოფობის მისეულ გამოცდილებაზე. როგორ შეხვდა დიაგნოზს, რა მომენტში გადაწყვიტა, რომ დიდ ომში შევიდოდა და აუცილებლად გაიმარჯვებდა, და რა მეტამორფოზა გამოიწვია მასში ამხელა ცხოვრებისეულმა გარდატეხამ – წაიკითხეთ ნუცასთან ძალიან საინტერესო ინტერვიუში, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანისთვის შთამაგონებელი და ძალის მომცემი იქნება.
ნუცა, როგორ ხართ? როგორია თქვენი განწყობა, თქვენი ცხოვრება მოცემულ მომენტში?
გამარჯობა, მივესალმები თქვენს მკითხველს.ზოგადად განწყობას ძალიან დიდი როლი აქვს ცხოვრებაში.
ეს არის ემოციური ფონი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს აზრებზე, ქცევასა და ფიზიკურ მდგომარეობაზეც კი. შესაბამისად, მას მერე, რაც გავიგე, რომ მკერდის სიმსივნე მაქვს, ჩემი განწყობა არის ძალიან მებრძოლი. რა თქმა უნდა, თავიდან ყველაფერი ძალიან რთული და მძიმე იყო, მაგრამ 6 თვის თავზე შევძელი ის, რომ გავიმარჯვე საკუთარ თავზე და ბევრად ძლიერი და მებრძოლი დავუბრუნდი ცხოვრების რიტმს. სიმსივნემ დამანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ ის ენერგია და განწყობა, რომლითაც თითოეულ დღეს ხვდები. ზოგადად, თუ განწყობა უარყოფითია, ყველაფერი უფრო მძიმედ გვეჩვენება, ამიტომ ვცდილობ, რომ ნეგატიური ემოციებით და ფიქრებით არ დავიმძიმო თავი. ყოველთვის, რა თქმა უნდა, არ გამომდის, მაგრამ არც ვნებდები.
ამ ეტაპზე ჩემს ყოფიერებაში აწმყოში ცხოვრება და მადლიერება მთავარ როლს თამაშობს. მადლიერება ჩემთვის გახდა არა მარტო ემოცია, არამედ ერთგვარი პოზიცია. ვიგრძენი, რომ მადლიერება მეხმარება რეალობის და აწმყოს სხვანაირად დანახვაში. ვისწავლე, რომ ყოველი დღის გათენება და დაღამება მნიშვნელოვანია. ზოგადად, ცხოვრება მხოლოდ დიდი გამარჯვებებით არ უნდა გვაბედნიერებდეს. მინდა ადამიანებმა ისწავლონ და დააფასონ საკუთარი თავი და საკუთარი ყოველდღიურობა. ხშირად რაც ჩვენთვის ჩვეულებრივია, სხვას შეიძლება სანატრელად ეჩვენებოდეს. და როცა ამას გააცნობიერებ, მაშინ ყველაზე უბრალო მომენტებიც ფასეულობას იძენს. რაც უფრო მეტად ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს, მით უფრო ვმშვიდდებით და ბედნიერები ვხდებით. სწორედ ამიტომ მეც დღეს ასმაგად ვაფასებ იმას, რაც გამაჩნია – ჩემს ყველაზე დიდ განძს: ოჯახს და მეგობრებს, რომლებიც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანმრთელები და ცოცხლები არიან. საბოლოოდ მხოლოდ ეს არის ცხოვრებაში მთავარი. როცა ამას რეალურად დაინახავ და შეიგრძნობ, სიცოცხლე სულ დადებითი ემოციებით ივსება.
ამიტომ დააფასეთ ყოველი ახალი დღე თქვენს ცხოვრებაში.
რას საქმიანობთ ამჟამად? მოგვიყევით თქვენს საქმიან ცხოვრებაზე.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა – ვმუშაობდი კრეატიულ კომპანიაში „მოზაიკა“, ივენთების დეპარტამენტში. ეს იყო საინტერესო, დინამიკური და მრავალფეროვანი წლები, სადაც არა მარტო პროფესიული გამოცდილება შევიძინე, არამედ მეგობრები, რომლებმაც ბევრი მასწავლეს და იმედი მაქვს, რომ ჩემგანაც ბევრი ისწავლეს.
„მოზაიკა“ ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული სივრცე იყო და არის, რადგან აქ ადამიანობას ენიჭება ყველაზე დიდი მნიშვნელობა. ეს არ არის მხოლოდ სამსახური, ეს არის გარემო, სადაც სიყვარული და ერთმანეთზე ზრუნვა ყველასთვის პრიორიტეტია. სამწუხაროდ, ჩემი დიაგნოზის შემდეგ მომიწია სამსახურიდან წამოსვლამ, რაც ასევე ემოციურად ძალიან რთული იყო ჩემთვის.
ივნისის ბოლოს სტამბულიდან დავბრუნდი – გავიკეთე ოპერაცია და 21 სხივური თერაპია. ეს გზა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ სწორედ ამან დამანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავისთვის დრო და ყურადღება. მივეცი საკუთარ თავს შესაძლებლობა, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად დამესვენა. ახლა ნელ-ნელა ვგრძნობ, რომ ისევ ვდგები ფეხზე და სულ უფრო მეტად ვიბრუნებ ენერგიას. მჯერა, რომ ძალიან მალე ჩემს გზაზე ახალი, საინტერესო სამსახური და გამოწვევები დამხვდება, სადაც ჩემი გამოცდილება და ენერგია სრულად გამომადგება.
ვგრძნობ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ მაქვს.
ნუცა, თქვენ ხართ სიმსივნესთან მეომარი ქალი, მამაცი ქალი, რომელსაც ამ თემაზე ხმამაღლა საუბრის არ ეშინია. რა გზა გამოიარეთ? როგორია ეს ბრძოლა?
თავიდან მეგონა, რომ ამაზე ხმამაღლა საუბარი გამიჭირდებოდა, მაგრამ როცა ეს ნაბიჯი გადავდგი, მივხვდი, რომ გულწრფელობამ უფრო ძლიერი გამხადა და მომიტანა ის, რაც ყველაზე ძვირფასია: მხარდაჭერა, სიყვარული და ყურადღება. და სწორედ ეს არის ის, რაც ამ გზაზე ყველაზე მეტად მაძლიერებს.
როდესაც სიმსივნე დამიდგინეს, ეს იყო მომენტი, რომელმაც ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო – მანამდე და შემდეგ. თავიდან შიში, დაბნეულობა და მძიმე ფიქრები იყო, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ დროის დაკარგვა ყველაზე დიდი მტერი იქნებოდა. რთული გზა იყო ოპერაცია, სხივური თერაპია, წინ მინიმუმ შვიდწლიანი ჰორმონალური მკურნალობა და უამრავი ემოციური ბრძოლა საკუთარ თავთან. ბრძოლა მრავალფეროვანია – ხან ემოციური, ხან ფიზიკური, ხან კი გონებრივი, როცა საკუთარ შიშებს უნდა გაუმკლავდე; როცა ტირილი გინდა, მაგრამ იმედიც უნდა შეინარჩუნო.
ფიზიკური ბრძოლაა, როცა სხეული დაღლილია ოპერაციებითა და თერაპიებით, მაგრამ მაინც უნდა ადგე და დღე გააგრძელო.
გონებრივი ბრძოლაა, როცა ფიქრები არ გტოვებს, როცა საკუთარ თავს ებრძვი და უნდა აიძულო გონება, პოზიტიურისკენ გადაიხაროს.
ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმ გზას, რომელსაც სიმსივნური პაციენტი გადის და რომელიც ძალიან დიდ ძალას მოითხოვს – ძალას, რომ დაცემის შემდეგ ისევ ადგე და გაიარო.
რა მეტამორფოზა გამოიწვია თქვენში ამ უდიდესმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ? რა შეიცვალა?
როცა ადამიანი გადის ისეთ დიდ გამოცდას, როგორიც სიმსივნეა, იწყება შინაგანი გარდაქმნა. ამ გარდაქმნამ უფრო მეტად შემაყვარა საკუთარი თავი.
მასწავლა, რომ ცხოვრება ძალიან არაპროგნოზირებადია. ზოგადად, ძალიან მიყვარს ადამიანები და ნებსით თუ უნებლიეთ ვინმეს თუ ვაწყენინე, ყველას ბოდიში მინდა მოვუხადო თქვენი ჟურნალის საშუალებით, რადგან არ ვიცი რას მოიტანს ხვალინდელი დღე… ბუნებით მიმტევებელი და მომთმენი ვარ. ძალიან, ძალიან უნდა მაწყენინო, რომ გულში ჩამრჩეს და გავბრაზდე. სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში იყო გარკვეული წყენა და გულისტკივილი, მაგრამ ყველა იმ ადამიანს, ვინც მატკინა ან მაწყენინა, თქვენი ჟურნალის საშუალებით ასევე მინდა ვუთხრა, რომ ვაპატიე.
ავადმყოფობის შემდეგ პატიება ხშირად ხდება ერთგვარი შინაგანი განკურნების ნაწილიც. ავადმყოფობამ მასწავლა, რომ არ ღირს დროის დაკარგვა ბრაზში, წყენასა ან გაუგებრობაში. სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ გულში მძიმე გრძნობები დავიტოვოთ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიყოთ მადლიერი, ვიცხოვროთ სიყვარულით და დავაფასოთ ერთმანეთი. მინდა, რომ ჩემი ცხოვრება იყოს სიყვარულის, პატიების და მადლიერების მაგალითი – ჩემთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ჩემ გვერდით არიან.
თავიდან როგორ შეხვდით დიაგნოზს? რა მომენტში გადაწყვიტეთ, რომ იბრძოლებდით და აუცილებლად დაამარცხებდით?
ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ამ დიაგნოზის გაგება. იმ წამს თითქოს ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ერთდროულად ბევრი ემოცია მქონდა – წყენა, ტკივილი, შიში, უიმედობა. ისეთი განცდა მქონდა, რომ ცხოვრება დამთავრდა და ვეღარასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც აქამდე იყო.
ბევრი მიზეზი იყო, რამაც გადამაწყვეტინა, რომ უნდა მეცოცხლა. პირველ რიგში – საკუთარი თავის მიმართ სიყვარულმა და პატივისცემამ. შვილების სიყვარულმა – მინდა დიდხანს ვყავდე გვერდით და როგორც იტყვიან, მთები გადავატრიალო მათი კეთილდღეობის გამო. მშობლების სიყვარულმა – ზოგადად, ვთვლი, რომ მშობლებს შვილები არ უნდა უკვდებოდნენ. ეს ისეთი სიმწარეა, რომ… უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია ისინი ამხელა ტკივილში.
დათუნას, ჩემი მეუღლის მიმართ სიყვარული – რომელიც იმსახურებს დიდ ბედნიერებას და იმის გაფიქრებაც მიჭირს, მარტო რომ დავტოვო. ჩემი მეგობრების და ახლობლების სიყვარული – რომლებიც ყოველდღე იბრძოდნენ ჩემი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის.
საბოლოოდ, გამოდის, რომ სიყვარულმა ყველა ამ ადამიანის მიმართ, ასევე, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემამ გადამაწყვეტინა, რომ უნდა მებრძოლა.
ბავშვებთან თქვენს ურთიერთობაზე მოგვიყევით. რამხელები არიან თქვენი შვილები და როგორი ურთიერთობა გაქვთ, სად გიყვართ ერთად დროის გატარება?
მყავს ორი შვილი – ნიკუშა, 18 წლის, და მიქა, 15 წლის. ძალიან პატარა ვიყავი, 19 წლის, როცა დედა გავხდი. თუმცა ასაკის მიუხედავად, დედობის პასუხისმგებლობა იმ წამიდან გამიჩნდა, რაწამსაც ნიკუშა დავინახე. თავიდან მკაცრი დედა ვიყავი და ახლაც გარკვეულწილად მკაცრი ვარ, მაგრამ რაღაც მიდგომები შევცვალე. რა შეცდომებიც ნიკუშასთან დავუშვი, იმას მიქასთან აღარ ვიმეორებ. ცოტა მეტ თავისუფლებას და არჩევანის საშუალებას ვაძლევ.
რთულია იყო ერთდროულად მკაცრი და მეგობრული, თან ისე, რომ პატივსაც გცემდნენ. ვფიქრობ, ყველაზე რთული „პროფესია“, რაც კი ღმერთს შეუქმნია, არის დედობა. ვცდილობ, მათი ასაკიდან და პოზიციიდან შევხედო ბევრ რამეს – რადგან მეც ვიყავი პატარა და საკუთარი გამოცდილება მაქვს. ხშირად ველაპარაკები, ვუზიარებ ჩემს ისტორიებსა და შეცდომებს, მაგალითები მომყავს, რომ თავად აღარ გაიმეორონ.
ძალიან მინდა ღირსეული და კარგი ადამიანები გაიზარდონ. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მშობლის და შვილის ზღვარი არის ჩვენ შორის, რაც ძალიან მომწონს და ვაფასებ. ვგრძნობ, რომ უყვართ ჩემთან ერთად ყოფნა, ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა.
ნიკუშა ბარსელონაში გადავიდა სასწავლებლად. ცოტა მიჭირს მის გარეშე ყოფნა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვეგუები, რადგან ვიცი, რომ მისი მომავლისთვის კარგია. მიქა ჯერჯერობით ჩემთან არის, ზოგჯერ, როცა ვუყურებ ორივეს, ვერ ვიჯერებ, რომ ამხელები არიან. ბევრი რამე გავიარეთ ერთად. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მათ იციან, რამე თუ გაუჭირდებათ ოდესმე ცხოვრებაში, მე ვარ ის ადამიანი, ვისი იმედიც სულ შეიძლება ჰქონდეთ ნებისმიერ სიტუაციაში და მართლა მთებს გადავატრიალებ მათთვის.
როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებები წარმართავს ადამიანის ბედნიერ ცხოვრებას?
მე ვფიქრობ, რომ ადამიანის ბედნიერ ცხოვრებას სწორედ ყოველდღიური პატარა დეტალები წარმართავს. ბედნიერება არ არის მხოლოდ დიდი მიზნების მიღწევა ან მატერიალური კეთილდღეობა. ის უფრო იმ უბრალო მომენტებშია, რომლებსაც ხშირად ვერ ვაფასებთ.
ჩემთვის ბედნიერების ნამდვილი საზომი დღეს არის ჯანმრთელობა, საყვარელ ადამიანებთან ყოფნა და შესაძლებლობა, ვიფიქრო, ვისწავლო და შევქმნა. ეს თითქოს ჩვეულებრივი რამეა, მაგრამ სინამდვილეში – უდიდესი საჩუქარია.
ბედნიერებაა, როცა იღვიძებ და ხვდები, რომ ცოცხალი ხარ. ბედნიერებაა მზე, დილის ვარჯიში, სურნელოვანი ყავა, რომელსაც მოღიმარი გამყიდველი გიმზადებს, მეზობელი, რომელიც მთელი გულით გისურვებს კარგ დღეს და ა.შ.
ბედნიერებაა საყვარელი საქმე და ამ საქმეში პატარა მიღწევები. ბედნიერებაა ქუჩაში ბავშვების ჟრიამული, შვილების სიყვარულით სავსე თვალები, მშობლის გახარებული სახე. ბედნიერებაა მეგობრებთან ერთად დროის გატარება და საყვარელ ადამიანთან ჩახუტება. ჩემთვის ჩახუტებას განსაკუთრებული ძალა აქვს – ეს არის ემოცია, რომელიც უდიდეს ბედნიერებას მაძლევს.
ყოველდღიურობაში უამრავი მარტივი, თითქოს ბანალური მიზეზი არსებობს ბედნიერებისთვის. ხშირად კი მათ ვერ ვაფასებთ, სანამ ამ ჩვეულებრივ დეტალებს ახალი თვალით არ დავინახავთ. სწორედ აქ იმალება ნამდვილი ბედნიერება.
მოკლედ რომ ვთქვა, მგონია, რომ ბედნიერება არის ყოველდღიური არჩევანი.
მე ვფიქრობ, რომ არჩევანი უკვე თავისთავად გამარჯვებაა. როდესაც ღმერთი გაძლევს არჩევანის საშუალებას, ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ და გაქვს გზა. ადამიანის არჩევანს – გაბედულს, საბედისწეროს, ჭკვიანურს თუ სულელურს – ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. არჩევანი განსაზღვრავს მიზანს და გზას. ის არის ერთგვარი ბიძგი თუ იმპულსი მოძრაობისა, განვითარებისა, დაცემისა თუ წამოდგომისა.
ყოველდღიურად მეც მიწევს არჩევანის გაკეთება, თუნდაც საკვებთან მიმართებაში, არჩევანი პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის. არ არის ადვილი, რა თქმა უნდა, ზოგჯერ გბეზრდება, ზოგჯერ უმოქმედობა გინდა. მაგრამ როცა უმოქმედოდ იქნები, ხვდები, რომ, უბრალოდ, ასე არ შეგიძლია და ისევ აგრძელებ გზას.
ზოგადად, ბავშვობიდან არ მიყვარდა ცვლილებები… სიახლეების შიში სულ მქონდა. ალბათ კომფორტის ზონიდან გამოსვლის მეშინოდა. ბევრჯერ შემშინებია, მაგრამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ წინასწარ შიში ყოველთვის უფრო დიდია, ვიდრე თავად ცვლილება. ახლა ასაკთან ერთად უფრო გაბედული გავხდი და მარტივად შემიძლია ცვლილებები მივიღო და მოვერგო.
ამ გადასახედიდან რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
უფრო ხშირად ვიტყოდი „არა“-ს და ნუცას და მის სურვილებს დავაყენებდი პირველ ადგილზე. აღარ დავკარგავდი ენერგიას ისეთ რაღაცებზე, რაც რეალურად უმნიშვნელოა.
ჩემს დას, მშობლებს და ჩემს შვილებს უფრო ხშირად ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს. სიტყვები, რომელიც მაშინ თითქოს სათქმელად არ მეჩქარებოდა, დღეს ყველაზე ძვირფასი მგონია. აღარ ვიქნებოდი ისეთი მკაცრი, როგორიც ხშირად ვიყავი და საკუთარ თავს ბევრად მეტად დავაფასებდი და არ ვატკენდი ისე, როგორც ვატკინე .
რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც მძიმე დაავადებას ებრძვიან?
პირველ რიგში, რწმენა და მადლიერება უნდა შეინარჩუნონ ყველაზე მეტად. სანამ ღმერთმა მოგვცა არჩევანის საშუალება, ჩვენ უნდა ავირჩიოთ სიცოცხლე და არა უმოქმედობა ან დეპრესია. ძალიან მნიშვნელოვანია დავაფასოთ ის, რაც უკვე გვაქვს – დრო და თითოეული დღე. წინასწარ ნუ ვიტვირთავთ თავს იმაზე ფიქრით, რაც ჯერ არ მომხდარა და არც ვიცით, მოხდება თუ არა ან როდის მოხდება.
ასევე, ვურჩევდი აუცილებლად წაიკითხონ წიგნი When the Body Says No, სადაც ძალიან სასარგებლო რჩევებია. მაგ: ის, რომ დაავადება უნდა აღვიქვათ არა მხოლოდ როგორც ტვირთი, არამედ როგორც შესაძლებლობა – თავიდან დავაფასოთ ცხოვრება, შევცვალოთ პრიორიტეტები და საკუთარ თავს მეტი სიყვარულით მივუდგეთ.
ავტორი გვირჩევს, რომ აუცილებელია „არა“-ს თქმა, რადგან როცა საკუთარ გრძნობებსა და საჭიროებებს ვთრგუნავთ და მხოლოდ სხვების მოლოდინებს ვემსახურებით, სხეული იწყებს პროტესტს. ამ და ბევრ სხვა ღირებულ რჩევას შეხვდებით ამ წიგნში და დარწმუნებული ვარ, რომ მისი წაკითხვა ბევრისთვის გახდება გარდატეხის მომენტი უკეთესი ცხოვრებისკენ.
ზოგადად, ქალებს მინდა ვურჩიო და შევახსენო, რომ პრევენცია, რეგულარული შემოწმებები და ჯანმრთელობის პრიორიტეტად დაყენება არ არის ეგოიზმი – ეს აუცილებლობაა.
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ფოტო: ნანო თენოშვილი
ვიზაჟი: სოფია საენკო
ტექსტი: თაკო გვაზავა
ლოკაცია: VangalStudio