როგორი მაკიაჟია წლევანდელ ზაფხულს მოდური?
მაკიაჟის რა ტენდენციებს გვთავაზობს სილამაზის ინდუსტრია, რომელი პროდუქტია წლევანდელ ზაფხულს განსაკუთრებით პოპულარული და თავად რა უდევს მუდმივად კოსმეტიკის ჩანთაში – ამ თემებზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ნიჭიერი და თბილისელი გოგონებისთვის ძალიან საყვარელი ვიზაჟისტი, ეკა ჩანჩიბაძე გვესაუბრა.
ეკა, გვესაუბრეთ 2025 წლის ზაფხულის მაკიაჟის მთავარ ტენდენციებზე, როგორი მაკიაჟია მოდური?
ზაფხულის პერიოდში იცვლება მაკიაჟისადმი მიდგომა, რადგან გამორჩეულად ცხელი კლიმატია და ამ პერიოდში კარგ მაკიაჟს კარგი კანი ქმნის. ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კანი კარგ მდგომარეობაში იყოს. რაც შეეხება ტენდენციებს, აქტუალურია სუფთა, პრიალა კანი, ბზინვარებით. მსოფლიო ვარსკვლავებიც ასეთ ტენდენციებს გვაწვდიან – კანის საზაფხულო ბზინვარებას. მაკიაჟის გაკეთებამდე, პირველ რიგში, აუცილებლად ვიყენებთ მზისგან დამცავს. ეს აუცილებელი პირობაა. ხანდახან თხევად „ჰაილაითერს“ და მაკიაჟის ბაზას ერთმანეთში ვურევ და არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა. როცა კანიც ხელს გვიწყობს და გამონაყარი არაა, ეს ეფექტი შეუდარებელია. მაკიაჟის დანიშნულება ხომ ესაა, რომ რაც ლამაზი გვაქვს, იმას ხაზი გაუსვას და რაც არ მოგვწონს, დაგვიფაროს. ფერადი ფანქრები ძალიან აქტუალურია თვალზე, ტუჩზე უფრო მინიმალიზმია მოდაში. ძალიან ლამაზია რუჯი, რომელიც ჯანმრთელ და ლამაზ ფერს ანიჭებს კანს, მაკიაჟს უფრო ცოცხალს ხდის. ვისაც პრობლემური T ზონა აქვს, იქ ცოტა ნაკლებად გამოიყენება „ჰაილაითერი“. ვთქვათ, ცხვირზე მხოლოდ წერტილოვნად გავაკეთებთ ამონათებას, ასევე, ყვრიმალებზე, დანარჩენი არეები კი მსუბუქი პუდრით დაიფარება. აქვე, არ დაგვავიწყდეს ტანზე მსუბუქი მაკიაჟი, სადაც ასევე აუცილებლად მზისგან დამცავით უნდა დავიწყოთ და შემდეგ უკვე ძალიან ლამაზია მსუბუქ ნამზეურზე „ჰაილაითერი“, ტანის ბზინვარე ზეთები, განსაკუთრებით ლავიწებზე, მხრის წვერებზე, როცა მოძრაობის დროს ლამაზად ირეკლება.
ტრენდულ ფერებზე ვისაუბროთ, რომელი ფერებია წლევანდელ ზაფხულს აქტუალური მაკიაჟში?
ვარდისფერის ტონები, ბაციდან მკვეთრ ვარდისფერამდე. შეგვიძლია გამოვიყენოთ ფირუზისფერი – ზღვისფერი, ასევე, იისფერის ტონალობები. თვალის ფერსაც გააჩნია, სხვადასხვა ფერის თვალს განსხვავებული ფერები და ტონალობები უხდება. ბაცი ვარდისფერი და მბზინავი კანი წლევანდელი მაკიაჟის ჰიტია. ტუში ასრულებს მაკიაჟს, ამიტომ ფერადი ტუშებიც ძალიან აქტუალურია. ვისაც ფერადი არ მოსწონს, შავმა ტუშმა რომ არ დაუმძიმოს საზაფხულო მაკიაჟი, ვურჩევ, ყავისფერი ტუში გამოიყენონ. ასევე ლამაზია ქლიავისფერი, იისფერი ტუშები, შესაბამისი ფერის თვალებზე. ზაფხულის მაკიაჟი, როგორც წესი, მსუბუქი და ხალისიანია.
წლევანდელ ზაფხულს რომელი პროდუქტია ყველაზე ტრენდული და ატაცებული?
ბოლო პერიოდი ძალიან აქტუალური იყო გლუვი ტუჩები, მაგრამ ახლა მოდაში შემოვიდა ე.წ. გლოსები, ბრჭყვიალა ტუჩსაცხები ზეთოვანი ეფექტით, რომელიც ამ ზაფხულის მთავარი ტენდენციაა. ასევე, ბევრმა ბრენდმა გააკეთა ტუჩის ზეთი, რომელიც ატენიანებს კანს და თან ლამაზია.
ზაფხულის მაკიაჟის რომელ პროდუქტებს გვირჩევთ?
წყალგამძლე მაკიაჟი საკმაოდ გამოსადეგი და სასარგებლოა ზაფხულის პერიოდში. ამ ტიპის პროდუქტებს პატარძლებთანაც ვიყენებ, რადგან მათ მთელი დღის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნდეთ იდეალური მაკიაჟი. ზაფხულშიც, როცა წყალთან მეტი შეხება გვაქვს, მიზანშეწონილია ისეთი პროდუქტები, რომელიც არ გაიდღაბნება და არ ჩამოირეცხება წყლის შეხებაზე.
გარდა ამისა, არის ტონალურები, რომელიც მზისგან დამცავს შეიცავს და მათი გამოყენება ძალიან მოსახერხებელია, რადგან „ორი ერთში“ პროდუქტია და ნაკლებ დროს და თანხებს მოითხოვს. თუკი კანის დამფარავი, ტონალური არ შეიცავს SPF-ს, მაშინ მის ქვეშ აუცილებლად უნდა წავისვათ მზისგან დამცავი, რადგან სხვანაირად ზაფხულის მზის ძლიერი გამოსხივების ქვეშ კანი შეიძლება დაიწვას ან გაუჩნდეს ლაქები, რომელთან ბრძოლაც საკმაოდ რთულია.
ბევრ გოგოს იმდენად უყვარს მაკიაჟი, რომ ზღვაზე ან აუზზე გასვლის დროსაც აქვთ და ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, მზისგან დამცავი აუცილებლად უნდა იხმარონ მაკიაჟის ქვეშ.
ერთი პერიოდი აქტუალური იყო no make-up მაკიაჟი. ახლა რამდენად მოდურია?
ახლაც არის, ოღონდ მეტი ბზინვარება ემატება. მაგალითად, გუჩის აქვს ასეთი პროდუქტი, რომელიც თვალებთანაც შეიძლება გამოიყენო, სახეზეც და no make-up გარდაისახება უფრო Glow make-up-ში, ერთგვარი გარდამავალი სტილია. თუმცა, კიდევ ერთხელ, გააჩნია სად მივდივართ, რისთვის ვიკეთებთ მაკიაჟს, ასევე, ჩვენ რა მოგვწონს და გვიხდება. შეიძლება ზოგი მოდური ტენდენცია საერთოდ არ გვიხდებოდეს და ჯობს, ისეთი მაკიაჟი გავიკეთოთ, რომელიც კომფორტული იქნება და ჩვენს ინდივიდუალურ ვიზუალს უფრო მოერგება.
თქვენი ხუთი ყველაზე საყვარელი პროდუქტი დაგვისახელეთ, რომელიც სულ გაქვთ ჩანთში.
ეს არის CC კრემი, მზისგან დამცავი ფაქტორით, რომელსაც სიამოვნებით ვხმარობ. სულ მაქვს ასევე კორექტორი, რომლითაც ლოყაზე, ცხვირზე მსუბუქ კორექციას ვიკეთებ და ფოტოშიც ძალიან ლამაზი გამოდის. სხვებსაც რომ ვუკეთებ, მგონია, ყველას უხდება. ტუჩის ფანქარი და ტუჩსაცხი სულ თან მაქვს. საკუთარ თავზე ხორცისფერი, ნეიტრალური ფერის პომადა მიყვარს, თუმცა სხვებზე ძალიან მომწონს ტუჩებზე ფერების თამაში. მიყვარს ტუში, რომელიც სრულყოფილს ხდის მაკიაჟს და ხანდახან შეიძლება თვალის ჩრდილები ან ლაინერი გამოვიყენო. გააჩნია, სად მივდივარ და რისთვის ვიკეთებ მაკიაჟს. ჩრდილებს წარბის შესავსებადაც ხშირად ვიყენებ.
ეკა, დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის.
მადლობა თქვენ.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი