OK! წარმოგიდგენთ საქართველოში პირველ ინდურ ხაზს “Ganga Fashion House”, რომლის დიზაინერიც გახლავთ ინდური კულტურის ცენტრი “განგას” სოლისტი და ქორეოგრაფი, მსახიობი – ქრისტინე კაპანაძე.
როგორ გაჩნდა იდეა ტანსაცმლის ხაზის შექმნის შესახებ?
საქართველოში დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ინდური კულტურითა და სამოსით, თუმცა, წლების განმავლობაში არ არსებობდა ადგილი, სადაც ხალხს შეეძლო ინდური ტანსაცმლის შეძენა ისეთი, როგორიც ნამდვილ ინდოეთშია. Ganga Fashion House გახდა პირველი ბრენდი საქართველოში, რომელმაც შექმნა ინდური სამოსის პროფესიონალური ხაზი და ქართველ მომხმარებელს მისცა შესაძლებლობა, შეეგრძნო ინდური სტილის სილამაზე საკუთარ ქვეყანაში. Ganga Fashion House-ის მიზანი იყო ერთი მხრივ ტრადიციულისა და თანამედროვე სტილის შერწყმა, მეორე მხრივ კი ქართველ მომხმარებლამდე ინდური ესთეტიკის და სილამაზის მიტანა. ეს ბრენდი შეიქმნა იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანს მიეცეს საშუალება შეიგრძნოს ის განსაკუთრებული ენერგია, რაც ინდურ ტანსაცმელშია ჩაქსოვილი.
დღეს Ganga Fashion House არ არის მხოლოდ ინდური სამოსის ხაზი – ეს არის კულტურათა ხიდი, რომელიც აერთიანებს კულტურებს, ინდურ ტრადიციებსა და ქართულ გემოვნებას.
რა ტიპის პროგრამებს და ტრენინგებს სთავაზობთ სტუდიაში მოსწავლეებს?
ჩვენი სტუდიის კრეატიული გარემო და პროფესიონალთა გუნდი გთავაზობთ არამარტო ცეკვისა და თერაპიის კურსებს, არამედ უნიკალურ შესაძლებლობებსაც, მონაწილეობა მიიღოთ პროფესიულ ფოტოსესიებში, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ კლიპებში, სატელევიზიო გადაცემებსა და შოუებში.
გარდა ამისა, ჩვენი პარტნიორობა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმასთან გაძლევთ შანსს, წარსდგეთ მსოფლიოს წამყვან ფესტივალებზე და კულტურულ ღონისძიებებზე, რაც თქვენი კარიერული განვითარების მძლავრი ბიძგი შეიძლება გახდეს. დაგხვდებათ ინტენსიური ვორქშოფები, სხვადასხვა თერაპიული პრაქტიკები, ჯგუფური და ინდივიდუალური კურსები. ჩვენთან შეისწავლითთ ენერგიების ბალანსს, რიტმისა და მუსიკის შეგრძნებას, სცენურ თვითგანოხატვას და სხეულის პლასტიკისა თუ მოძრაობის თავისუფლებას.
როგორ უზრუნველყოფთ, რომ თქვენი სამოსი იყოს კომფორტული და მისაღები ყველა ასაკის ადამიანისთვის? რა მასალებს იყენებთ პროდუქციის წარმოებაში?
ჩვენი ბრენდის მთავარი პრიორიტეტი, სილამაზესთან ერთად, კომფორტია. ვიცით, რომ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ტანსაცმელი არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურებოდეს, არამედ მარტივად სატარებელი, მოსახერხებელი და სასიამოვნო შესახები იყოს.
ამისთვის ვირჩევთ ნატურალურ ქსოვილებს. თითოეული დეტალი დამუშავებულია ხელით, რათა არ იყოს უხეში ნაკერები და სხვა. გვაქვს სეზონური კოლექციებიც – ზაფხულისთვის მსუბუქი, გრილი მოდელები, ზამთრისთვის კი თბილი და მეტად დატვირთული ვარიანტები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ჩვენი სამოსის ჩაცმისას იგრძნოს თავი არა მხოლოდ ლამაზად, არამედ თავისუფლად და მშვიდად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამოსის დეტალები ხელნაკეთია, ყველაფერი განსხვავებული, ორიგინალური და ინოვაციური. კოლექცია შექმნილია ყველა ტიპის ადამიანისთვის – ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც, განურჩევლად ასაკისა, ზომისა თუ სტილის.
როგორია მომხმარებელთა გამოხმაურება?
ჩვენთვის უდიდესი სიხარულია, რომ Ganga Fashion House ერთნაირი სიყვარულით მიიღეს, როგორც ქართველმა მომხმარებლებმა, ისე ინდოეთის მკვიდრებმა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ ან სტუმრობენ.
ქართველები აღფრთოვანებულნი არიან ინდური ტრადიციული სამოსის სილამაზით, მასშტაბურობითა და იმ განსაკუთრებული ენერგიით, რომელიც სარიში, ლეჰენგასა თუ კურტაშია ჩაქსოვილი. ინდოელებისთვის კი Ganga Fashion House გახდა ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ თავი იგრძნონ როგორც სახლში – ტრადიციულად, გემოვნებიანად და ხარისხიანად ჩაცმულნი, საქართველოში ყოფნის დროსაც.
გეგმავთ თუ არა ახალი კოლექციების ან პროდუქტის ხაზების დამატებას უახლოეს მომავალში?
დიახ! Ganga Fashion House მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და სიახლეების შემოტანაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ სიახლე – ინსპირირებული, როგორც ინდური ტრადიციებით, ისე თანამედროვე მოდის ტენდენციებით. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სამკაულების ხაზის დამატებას – ტრადიციული ინდური ორნამენტებით შთაგონებული სამკაულები, რომლებიც ხაზს გაუსვამს სამოსის სილამაზეს და მომხმარებლის ინდივიდუალურობას. ამჟამად სიამაყით ვაცხადებთ, რომ ვგეგმავთ მოდის ჩვენებებს ინდოეთში, რათა ჩვენი ქართული ბრენდი სწორედ იმ ქვეყანას გავაცნოთ, რომლის კულტურითაც შთაგონებული შეიქმნა. განვიხილავთ საერთაშორისო დიზაინერებთან და არტისტებთან თანამშრომლობას, რათა შევქმნათ კოლექციები, რომლებიც კულტურების სინთეზს ასახავს.