დღეს მარია მონტესორის მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და სრულიად ადეკვატურია თანამედროვე განათლების მიზნებისთვის. მისი მიზანი განათლების ჰუმანიზაცია და ბავშვის პიროვნების თავისუფალი განვითარებაა. საქართველოში „მონტესორის ბაღი“ 2021 წლის 4 აპრილს გაიხსნა და დაარსებიდან დღიდან არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქართულ პედაგოგიურ აზროვნებაში, ბავშვის აღზრდისა და სწავლების მეთოდებში. ჩვენი სტუმარი – დიპლომირებული მონტესორი პედაგოგი, „მონტესორის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ინგა პატარაია გვესაუბრება მონტესორის მეთოდსა და სამომავლო მიზნებზე.
რატომ გადაწყვიტეთ გესწავლათ მონტესორის პედაგოგიკა?
ინგა პატარაია: როდესაც პირველად შევეხე მონტესორის პედაგოგიკას, არ მეგონა, რომ ეს მეთოდი არა მხოლოდ ჩემი პროფესიული არჩევანი გახდებოდა, არამედ ცხოვრებისეული ფილოსოფიაც. ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა ერთი მნიშვნელოვანი რამ – ტრადიციული სისტემები ხშირად არ უსმენენ ბავშვს. მათ არ აქვთ სივრცე იმისთვის, რომ პატივი სცენ თითოეულის უნიკალურ რიტმს, ინტერესს და შინაგან სამყაროს. სწორედ ამ კითხვებმა მიმიყვანა მონტესორის სამყაროში – სამყაროში, სადაც განათლება იწყება პატივისცემით ბავშვების მიმართ და გრძელდება მათი თავისუფლების მხარდაჭერით.
ჩავაბარე გერმანიაში, ქ. მიუნხენში, მონტესორის უმაღლეს აკადემიაში და წარმატებით დავასრულე. გავხდი პირველი ქართველი დიპლომირებული პედაგოგი.
მონტესორის ორიგინალური ხედვის სიღრმისეული გაგება ჩემთვის გადამწყვეტი იყო. სწორედ ამიტომ ავირჩიე AMI (Association Montessori Internationale) – ორგანიზაცია, რომელიც მეთოდის სიწმინდეს და სისრულეს ინარჩუნებს. ეს არის გზა, სადაც ბავშვი აღიქმება როგორც სრულფასოვანი ადამიანი; სადაც მასწავლებელი მუდმივად თვითონაც იზრდება და ამ გზაზე განათლება ნიშნავს ადამიანის შინაგანი სამყაროს გაღვივებას და მხარდაჭერას.
რა გამოარჩევს მონტესორის საბავშვო ბაღს სხვებისგან?
მონტესორის მიდგომა ეფუძნება რწმენას, რომ ბავშვი დაბადებიდანვე მზად არის იყოს საკუთარი თავის არქიტექტორი. ჩვენი როლია მხოლოდ შევუქმნათ სათანადო გარემო, სადაც მას ექნება თავისუფლება, სტრუქტურა და რეალური გამოცდილება. მონტესორის საბავშვო ბაღი ემყარება არა სისტემას, სადაც მასწავლებელი არის ცენტრალური ფიგურა, არამედ გარემოს, სადაც ბავშვი ხდება დამოუკიდებელი და თავისუფალი შემოქმედი. ჩემთვის აღმოჩენა იყო: ბავშვი არის „ცარიელი ჭურჭელი“, რომელსაც უნდა ვავსებდეთ ცოდნით – ის დამოუკიდებლად სავსეა განვითარების პოტენციალით. მონტესორის ბაღში ბავშვები არ „ისწავლიან“ ისე, როგორც ამას ტრადიციული სისტემა გვაჩვევს – ისინი იზრდებიან, ვითარდებიან და ქმნიან საკუთარ ცოდნას დამოუკიდებლად.
დღეს, როგორც დიპლომირებული მონტესორი სპეციალისტი და ჩემი საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი, თავს ვგრძნობ პასუხისმგებლად არა მხოლოდ იმ ბავშვების მიმართ, ვინც ჩვენს სივრცეში იზრდება, არამედ მთლიანად იმ საზოგადოების წინაშე, რომელსაც ჰყავს მომავალი თაობა გასაზრდელი. მონტესორის სისტემამ მომცა ინსტრუმენტები, მაგრამ უფრო მეტად – მომცა ხედვა. ხედვა იმისა, რომ განათლება არის არა მხოლოდ ცოდნის გაზიარება, არამედ ადამიანობის განვითარება.
მონტესორის განათლების სფეროში რამდენი ორგანიზაციაა და რა განსხვავებაა მათ შორის?
მონტესორის განათლების სფეროში ორი ძირითადი ორგანიზაციაა, რომლებიც მასწავლებელთა მომზადებასა და სკოლის სტანდარტების რეგულირებაზე არიან პასუხისმგებელნი: უმთავრესი AMI (Association Montessori Internationale) და Ams ამერიკული. AMI 1929 წელს თავად მარია მონტესორმა დააფუძნა. მისი მიზანი იყო მონტესორის ორიგინალური ხედვის დაცვა და გავრცელება გლობალურ მასშტაბზე. AMS კი 1960 წელს ნენსი მაკკორმიკ რემბუშიმ ამერიკაში შექმნა. AMS-მა მონტესორის მიდგომის ადაპტირება მოახდინა ამერიკული განათლების სისტემის საჭიროებებთან. ორივე ორგანიზაციის მიდგომები, სტანდარტები და ფილოსოფიური აქცენტები ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც მნიშვნელოვანია როგორც მშობლებისთვის, ასევე მომავალი მონტესორი პედაგოგებისთვის. არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ხედვა გაქვს განათლებაზე: თუ გსურს სისტემური და ფესვებთან დაბრუნებული მიდგომა – AMI არის საუკეთესო გზა.
რატომ AMI?
AMI მკაცრად იცავს მონტესორის მეთოდის სიწმინდეს. აქცენტი კეთდება მასალის ზუსტ პრეზენტაციაზე, ბავშვების ავტონომიასა და სტრუქტურულად გამართულ გარემოზე. მათი ტრენინგი ფოკუსირებულია სისტემურობაზე, მასალის წესის დაცვასა და ფსიქოლოგიური განვითარების ფაზების სიღრმისეულ გააზრებაზე.
AMI-ის ტრენინგი ცნობილია თავისი მაღალი აკადემიური სტანდარტებით და ინტენსივობით (გრძელდება 9 თვიდან წლამდე), მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ ელემენტებს. AMI დიპლომი საერთაშორისო დონეზე აღიარებულია და ითვლება „ოქროს სტანდარტად“.
AMI სკოლები მკაცრად იცავენ სტანდარტებს: ოთახები სტრუქტურირებულია მონტესორის ორიგინალური ხედვის მიხედვით, მასალები სტანდარტიზებულია და თითოეული ელემენტი კონკრეტული განვითარების მიზანს ემსახურება.
თქვენ ასევე მეგობრობთ მონტესორის შვილთაშვილთან…
ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს პირადი და პროფესიული ურთიერთობა მარია მონტესორის შვილთაშვილთან, ალექსანდრე ჰენისთან. ეს ურთიერთობა არა მხოლოდ შთამაგონებელია, არამედ პასუხისმგებლობის მატარებელიც. ის აძლიერებს ჩემს კავშირს მონტესორის ღირებულებებთან – არა როგორც თეორიასთან, არამედ როგორც ცოცხალ, ადამიანურ და ღრმა ჰუმანურ მიდგომასთან, რომელსაც იგი თავად ატარებს.
მონტესორის საგანმანათლებლო მეთოდი ცივილიზაციის მშენებლობის გზაა – და სწორედ ამ ღრმა გაგებით მინდა მეც ვკვეთო ჩემი გზა საქართველოში.
როგორია თქვენი სამომავლო ხედვა და მიზნები?
ჩემი ხედვაა, საქართველოში დავამკვიდრო მონტესორის განათლების ისეთი ეკოსისტემა, რომელიც აღზრდის დამოუკიდებელ, ემოციურად გაწონასწორებულ და ღირებულებებზე დაფუძნებულ თაობას. ჩემი მიზნები მოიცავს: პირველი სრულად AMI-ს ავტორიზებული საბავშვო ბაღის ჩამოყალიბებას საქართველოში, მონტესორი პედაგოგების მომზადების ცენტრის შექმნას, რომელიც საქართველოში გაზრდის კვალიფიციურ კადრებს, მშობელთა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, საჯარო სივრცეებში მონტესორის მიდგომის ინტეგრაციას – პარკებში, ბიბლიოთეკებში, სათამაშო სივრცეებში აკადემიური კვლევისა და ქართული რესურსების შექმნას. მჯერა, რომ ცვლილება იწყება პატარებით, მაგრამ წინსვლა იწყება მოზრდილების მიერ გადადგმული სწორად გააზრებული ნაბიჯებით. ეს გზა არის რთული, მაგრამ საოცრად ღირსეული.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი