მაღალი ემპათიის გრძნობა, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა ეს ის თვისებებია, რითაც დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი გამოირჩევა. მას ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მოუწია წასვლამ. სასწავლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თურქეთის ერთ-ერთ წარმატებულ კლინიკაში მოხვდა. როგორც თვითონ აღნიშნავს, უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება არ იყო მარტივი, მაგრამ არაერთი გამოწვევის მიუხედავად, არასოდეს დანებებულა. დღეს კი წარმატებული კარიერა და საპასუხისმგებლო საქმე აქვს. OK! Business-ის ყდაზე წარმოგიდგენთ თურქეთის სამედიცინო კლინიკათა ქსელის MLP Care ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის მოადგილეს, ექიმს, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრს, დაკო – დალი ნესუაშვილს.
დაკო ნესუაშვილი: ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. მსიამოვნებს ადამიანებთან კომუნიკაცია, მათი პრობლემების მოგვარება და მათზე ზრუნვა. თითოეული გამარჯვებული პაციენტის ისტორია ჩემი გამარჯვებაცაა, მთელ გუნდთან ერთად, რა თქმა უნდა.
„მედიკალ პარკისა“ და „ლივ ჰოსპიტლის“ კლინიკების ქსელი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისს სთავაზობს ადგილობრივ და უცხოელ პაციენტებს, თურქეთის საუკეთესო ექიმებითაა დაკომპლექტებული და გამოირჩევა უმაღლესი დონის მენეჯმენტით. სწორედ ამ კლინიკასთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სამედიცინო მენეჯმენტი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ექიმობა, ამან განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება, სწავლა ჯანდაცვის მენეჯმენტზე გამეგრძელებინა. დღეს კი ბიზნესის განვითარების მიმართულებით ვმუშაობ, კოორდინირებას ვუწევ საერთაშორისო პაციენტების მიმართულებასაც, მაგრამ ყველაზე ძვირფასი ჩემთვის ჩემი სამშობლოდან ჩამოსული პაციენტია, მათი სიხარული, მათი დადებითი შედეგები საკუთარივით მახარებს და მოტივაციას მაძლევს.
გვესაუბრეთ მიმდინარე პროექტის შესახებ…
ვიდრე კონკრეტულ პროექტზე გიამბობდეთ, მინდა ჩვენი პრიორიტეტების შესახებ გითხრათ. ხშირად მეკითხებიან, რა გამოარჩევს თქვენს კლინიკას სხვა კლინიკებისგან, მე ვამბობ, რომ, პირველ რიგში, მზაობა ორმხრივი თანამშრომლობისთვის. ჩვენი ექიმები მუდამ მზად არიან, ქართველ კოლეგებთან ერთად გაიზიარონ გამოცდილება, ცოდნა, ხშირად გვაქვს გაცვლითი პროგრამები, ჩვენთვის ხაზგასმით მნიშვნელოვანია საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობები, ერთად ვატარებთ კონფერენციებს, ვორქშოფებს, კონსულტაციებს, ოპერაციებს. ქართველი პაციენტი, როდესაც მეორე აზრის მოსასმენად ირჩევს ჩვენს კლინიკას, ეს ნიშნავს, რომ დიაგნოზის გადამოწმების შემდეგ მკურნალობა ორივე მხარის ჩართულობით მოხდება. ესაა უმნიშვნელოვანესი, რადგან პაციენტი ხომ საბოლოოდ სამშობლოში ბრუნდება, სადაც მან ადგილობრივ ექიმთან უნდა გააგრძელოს კომუნიკაცია, ჩვენს ექიმთან კი, საჭიროების შემთხვევაში – კონტროლი. სწორედ ამ თანამშრომლობის ერთგვარი ფორუმია მარტის ღონისძიება, რომელიც ქალის ჯანმრთელობას ეძღვნება. ზოგადად, მარტი განსაკუთრებულ სერვისებს, პირობებსა და ფასებს სთავაზობს ქალ პაციენტებს, მამოლოგიური, გინეკოლოგიური, ენდოკრინული თუ სხვა პრობლემების მოსაგვარებლად. ამ მიმართულებით წარმატებულად ვთანამშრომლობთ ქართულ მხარესთან, რამდენიმე კლინიკასთან გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა, კლინიკა GGRC ჩვენი პარტნიორია და ხშირად ერთად ვატარებთ სემინარებს, კონსულტაციებს, ვორქშოფებს. მარტის ღონისძიება პირველი რგოლის ჯანდაცვის სფეროს ადგილობრივი ექიმებისთვის იმართება, მასში მონაწილეობას ორივე მხარის ექიმები მიიღებენ, საკუთარი გამოცდილების, კონკრეტული „ქართული ქეისების“ განხილვით, სიახლეებისა და ინოვაციების გაზიარებით, დავგეგმავთ სამომავლო პროექტებს ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით და აუცილებლად გვექნება ქართველი საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებები მომავალშიც.
თქვენი საქმე ემოციურად რთულია, როგორ ახერხებთ განწყობის შენარჩუნებას?
ემოციურად ნამდვილად რთულია. სხვა კულტურის, რელიგიისა და ტრადიციების ქვეყანაში პაციენტებთან მუშაობა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, როდესაც შენი თანამემამულეები არიან ეს პაციენტები, რადგან ისინი შენ გენდნენ, თურქეთში, სადაც კლინიკების არჩევანი ძალიან დიდია. შენ კი უნდა გაამართლო ეს ნდობა როგორც მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიწოდებით, ასევე ემოციური, მორალური თანადგომით. ძალიან მიადვილებს შრომას ჩემი გუნდი, ქართველ პაციენტთა მომსახურების ჯგუფი, ისინი ჩართული არიან პაციენტის მომსახურების ნაწილში პირველი ზარიდან შინ გაცილებამდე. მეხმარება ჩემი სამედიცინო განათლებაც – სწორი კომუნიცირება მოვახდინო პაციენტსა და ექიმს შორის, განწყობას კი ერთმნიშვნელოვნად ამაღლებს კმაყოფილი და მადლიერი პაციენტის უკუკავშირი, წარმატებული შედეგი და ადამიანის სიცოცხლე, რომლის გადარჩენაში შენც მიგიძღვის წვლილი.
რა მიგაჩნიათ წარმატების გასაღებად ცხოვრების ამ ეტაპზე?
როგორი უცნაური და დასაფიქრებელი კითხვაა, უფრო სწორად, კითხვის დროით შეზღუდვა. ცხოვრების ყველა ეტაპზე სხვადასხვა მოტივაცია მქონდა და ალბათ წარმატების გასაღებიც სხვადასხვაა. სტუდენტობისას წარმატებას სულ სხვა ფერი ჰქონდა, შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, არ ვფიქრობ, რომ პროგრამა მაქსიმუმი შესრულებული მაქვს და წარმატების ეიფორიაში ვარ, ჯერ კიდევ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი – კონკრეტული გეგმები მაქვს. არასოდეს ვუწესებ საკუთარ თავს ზედა ზღვარს. ნამდვილად ბევრი რამე შევძელი, დამოუკიდებლად ვიკვალავდი გზას და განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ამ გზაზე გხვდებიან სწორი ადამიანები, სწორ დროს, შენ არ ზოგავ ენერგიას, თავს უძღვნი ბოლომდე შენს საქმეს, შრომობ, ღამეებს ათენებ, ნერვიულობ, გაქვს იმედგაცრუება, ტკივილი, მონატრება, მაგრამ პატარ-პატარა წარმატებები გინათებენ გზას და გაძლიერებენ. ასე მოვედი დღემდე და დღეს მიჭირავს გასაღები, რომელსაც კეთილსინდისიერი შრომა ჰქვია, და წარმატების გზაზე ვიცი, რომ დრო ყველაზე ძვირფასია – „სწორი დრო“ შენს ხელშია, და თუ იღბალიც ხელს შეგაშველებს და „სწორ ადგილას“ მიგიყვანს, იქ წარმატებაც დაგხვდება…
თქვენი ახალი ჰობიც გავუზიაროთ მკითხველს…
Medinsider-ზე მეკითხებით… ის ჩემთვის ჰობიზე მეტია, ჩემი სოციალური პასუხისმგებლობა და საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ წლების განმავლობაში დიდი და კვალიფიციური ცოდნა დამიგროვდა პაციენტისა და სამედიცინო სექტორის ურთიერთკავშირზე, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა საზოგადოებაში, მე კი ის „ინსაიდერი“ ვარ, რომელიც შეძლებს ამ კითხვებს უპასუხოს მარტივად და გასაგებად.
Medinsider by Dako არის ბლოგი (ამ ეტაპზე ინსტაგრამ პლატფორმაზე), სადაც გავუზიარებთ მკითხველს საავადმყოფოებისა და კლინიკების „შიდა სამზარეულოს“. ჩვენ ვლაპარაკობთ იმ თემებზე, რომლებიც ჩვეულებრივ ფართო საზოგადოებისთვის დახურულია – როგორ მუშაობს სამედიცინო სისტემა, რა ხდება ექიმებსა და ადმინისტრაციას შორის, როგორია პაციენტის გამოცდილება „კულისებს მიღმა“. ეს პლატფორმა არა მხოლოდ ინფორმაციულია, არამედ ეხმარება ადამიანებს, უკეთ გაიგონ კლინიკების მუშაობის პრინციპები და მიიღონ უფრო გაცნობიერებული გადაწყვეტილებები.
ეს არის უნიკალური ქართული პლატფორმა, რომელიც სამედიცინო სფეროს შიგნიდან მაქსიმალურად გულწრფელად და ობიექტურად გააშუქებს.
რას ეტყოდით ემიგრანტ ქალებს?
მხოლოდ გავამხნევებ, ძალიან რთულია რაიმე ვურჩიო. ემიგრანტობა ღრმად ემოციური და სოციალური საკითხია, ინდივიდუალურიც, გადაწყვეტილებას ემიგრანტობაზე ყველა გარემო პირობების გათვალისწინებით და კონკრეტული მოცემულობის ფონზე იღებს, ხშირად ესაა „ბოლო გამოსავალი“. მე თავს ემიგრანტს ვერც ვუწოდებდი, პირველ რიგში, მოკლე მანძილზე ყოფნის გამო, ხშირად მიწევს საქართველოში, სახლში ჩამოსვლა, მონატრების დროც არ მრჩება და ვარ რეალიზებული, ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს. ემიგრანტი ქალები გაცილებით რთულ გზას გადიან. ვუსურვებდი ყველას მალე შინ დაბრუნებას და ოჯახების გამთლიანებას; ვისურვებდი ჩემი ქვეყანა მალე დადგეს მყარად ფეხზე და ყველას ადგილზე ჰქონდეს ღირსეულად დასაქმების შესაძლებლობა. ყველაზე კარგი ქვეყანა გვაქვს, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და გონიერი ადამიანებით, ჩვენ უნდა შევძლოთ და თავად ვშვათ უკეთესი მომავალი.
სულ სამსახურსა და საქმეზე საუბრობთ, რაც მთავარია, სიყვარულით, დრო თუ გრჩებათ პირადი ცხოვრებისთვის?
მართალი ხართ, ამ ეტაპზე ესაა ჩემი პირადი ცხოვრება, ყველაფერი უკავშირდება ჩემს საქმეს, ბევრი პროექტი მაქვს, მინდა საქართველოსთან მეტი ხიდი მქონდეს გადებული… მყავს მშობლები კახეთში, სადაც სულ მიხარია დაბრუნება და სულ მელოდება ორი ძმა. უფროსი წარმატებული პილოტია, უმცროსიც ავიაციაში მუშაობს, ახლა დგას კარიერული განვითარების გზაზე. ეს ორი ადამიანი განსაკუთრებით მეიმედება. მყავს გულისხმიერი მეგობრები, თავისუფალ დროს (თუ ასეთი როდესმე გამოჩნდება ხოლმე) სიამოვნებით ვატარებ მათთან და ჩემს ნენესთან (ძმისშვილთან). ხშირად მყავს სტუმრები საქართველოდან. დრო კი ძალიან სწრაფად გარბის და არაფერი უფრო მნიშვნელოვანი არ არსებობს, ვიდრე ადამიანების კეთილგანწყობა და მათი ჯანმრთელობა.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი