„OK! ბათუმის“ სტუმარი ხელოვნებათმცოდნე და კინოდოკუმენტალისტი, ოლიკო ჟღენტია, ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით იცავს და უფრთხილდება იმ მოგონებებს, რაც ბათუმის, როგორც ქალაქის, ცოცხალ მეხსიერებას უკავშირდება. მწერლისა და კინოდრამატურგის – სულიკო ჟღენტის შვილი ცდილობს მამის საქმიანობა გააგრძელოს, სანუკვარი იდეები განავითაროს და ფართოდ წარმოაჩინოს, რომ ბათუმის კინემატოგრაფიული რესურსი ამოუწურავია. განსაკუთრებით საუბრობს იმ პერიოდზე, როცა ბათუმი პატარა, მაგრამ დიდი კულტურისა და ტრადიციების ქალაქი იყო, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობდა, ყველა ერთმანეთის დარდსა და სიხარულს იზიარებდა.
მამა…
სულიკო ჟღენტი – მწერალი, კინოდრამატურგი, რომლის შემოქმედების გზა ბათუმიდან დაიწყო; მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული მასწავლებლად მუშაობდა მახინჯაურის სკოლაში, რომლის დირექტორი ბაბუა – ილია ჟღენტი გახლდათ. ჩვენი ოჯახი ჯერ მახინჯაურის ე. წ. მასწავლებლის სახლში ცხოვრობდა (ეს სახელი დღემდე შემორჩა ამ შენობას), შემდეგ ბათუმში. მამა ყმაწვილობიდან ლექსებს წერდა, მოგვიანებით თავის მოთხრობებსა და ნარკვევებს ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა, ისინი წიგნებადაც გამოიცა, თუმცა, მალე მიხვდა, რომ თავის სათქმელს ყველაზე ხატოვნად კინოში უფრო იტყოდა, ვიდრე მწერლობაში და მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსასცენარო ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები. ეს იყო საერთაშორისო დონეზე აღიარებული პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებულები კინოს ოსტატებად ყალიბდებოდნენ, ბევრმა მათგანმა სახელიც მოიხვეჭა.
მამამ თავისი კინოშემოქმედების დიდი ნაწილი ბათუმს დაუკავშირა. ბათუმში შეიქმნა მისი სცენარები ფილმებისთვის: „ჭიაკოკონა“, „ბურთი და მოედანი“, „ჯარისკაცის მამა“, „ღიმილის ბიჭები“, „ნერგები“, „წუთისოფელი“….
1970-იან წლებში ჩვენი ოჯახი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მამას არ გაუწყვეტია ბათუმთან კავშირი. 1990-იან წლებში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინოს ფაკულტეტზე პედაგოგად მიიწვიეს, სადაც ლექციების კურსი მიჰყავდა კინოდრამატურგიაზე. პროფესორის წოდებაც მიენიჭა…
განსაკუთრებით ახარებდა ხანგრძლივი განშორების შემდგომ მშობლიურ ბათუმში დაბრუნება, თანაც იმ რთულ და მძიმე პერიოდში, როცა კინოწარმოება დაქვეითდა, ქართული კინო ღრმა კრიზისს განიცდიდა….
მამა ხშირად ამბობდა: „ბათუმში ჩასვლა ჩემთვის ყოველთვის დღესასწაულია… მართალია, თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ სიზმარშიც კი ბათუმში ვარ! უცნაურია, რატომ ერთხელაც არ დამესიზმრებოდა თბილისი?!“
მამა 2000 წელს გარდაიცვალა. მისი ლექციების კურსის გაგრძელება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა, თეატრის ცნობილმა რეჟისორმა, გიზო ჟორდანიამ შემომთავაზა, იქიდან მოყოლებული, ამავე ინსტიტუტში ჯერ კინოდრამატურგიის, შემდეგ კინოს ისტორიის მიმართულებით ვკითხულობ ლექციებს.
დღეს ბათუმში არსებობს სულიკო ჟღენტის სახელობის ქუჩა (ყოფილი ფიზკულტურის), სადაც ცხოვრობდა ჩვენი ოჯახი. ამ სახლის მოპირდაპირე მხარეს, ბულვარის შესასვლელთან დაიდგა სულიკო ჟღენტის ბიუსტი (ავტორი ირაკლი ოჩიაური, არქიტექტორი ირაკლი მასხარაშვილი). და რაც ყველაზე მეტად მახარებს, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, „აჭარის სამუზეუმო გაერთიანების“ ფარგლებში მალე, ძველი ბათუმის ერთ-ერთ კოლორიტულ უბანში, სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმი გაიხსნება. მუზეუმის კონცეფცია მე და ჩემს დას – ქეთევან ჟღენტს გვეკუთვნის.
მოვლენა, რომელზეც დიდი სიამოვნებით გადაიღებდით დოკუმენტურ ფილმს…
ჩემთვის ყველა მოვლენა უპირველესად ადამიანს, მის სულიერ სამყაროს უკავშირდება. ადამიანი თვითონ მოიცავს ყველა მოვლენას თუ ისტორიას. ასეთ „მოვლენებს“ ყოველდღიურ რეალობაში, ერთი შეხედვით უმნიშვნელო და ყოფით დეტალებში ვხედავთ… მაგალითად, ბათუმის, როგორც ქალაქის, ურბანული მეტამორფოზა თავისთავად მოვლენაა – ოდესღაც პატარა, მყუდრო და ღია კომუნიკაციის ქალაქი, მასშტაბების რღვევის შედეგად გიგანტურ ფორმებს იძენს – ადამიანები მრავალსართულიან კორპუსებსა და ცათამბჯენებში მოექცნენ და გამოიკეტნენ. ეს პარადოქსული შეუსაბამობა იწვევს გაუცხოების, არაკომუნიკაბელურობის განცდას, მაშინ, როცა ბათუმი „ღია ქალაქი“ იყო, ყველა ერთმანეთს ვიცნობდით, ყოველ ნაბიჯზე ადამიანები ერთმანეთს ესალმებოდნენ, მოიკითხავდნენ, ყველამ ერთმანეთის სატკივარი, ჭირ-ვარამი და სიხარული ვიცოდით… პატარა ქალაქის ურბანული ქსოვილის რღვევა სწორედ ის „მოვლენაა“, რომელიც დოკუმენტური კინოს მეთოდით დაკვირვებას და სერიოზულ კვლევა-ანალიზს მოითხოვს.
ამჟამად მუშაობთ ფილმზე, რომელიც კონდრატე მხეიძეს ეხება… გვიამბეთ მის პიროვნებასა და დამსახურებაზე, რომელიც მას ბათუმის წინაშე მიუძღვის…
ეს პიროვნება გახლდათ ბათუმელი ექიმების პირველი პლეადის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მეცნიერი და აქტიური საზოგადო მოღვაწე,
კონდრატე მხეიძე – პირველი ქართველი სანიტარიული ექიმი და დერმატოლოგია, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბათუმში; მეგობრობდა გრიგოლ ვოლსკისთან, გრიგოლ ელიავასთან, ლუკა ასათიანსა და ბათუმში მოღვაწე სხვა გამოჩენილ ადამიანებთან. მათ ნათელი კვალი დაამჩნიეს ამ ქალაქის განვითარებას. კონდრატეს ძალისხმევით გაიხსნა ქალაქის საავადმყოფო და როგორც ქველმოქმედს, გარკვეული წვლილი მიუძღვის ბათუმის პირველი ქართული სკოლის დაარსებაში. მას მჭიდრო კავშირები ჰქონდა ევროპის წამყვან სამედიცინო და სამეცნიერო წრეებთან. ბათუმში ხანგრძლივი ძიების შედეგად აღმოვაჩინე შენობა, რომლის პირველ სართულზე სამედიცინო კაბინეტი ჰქონდა მოწყობილი და პაციენტებს იღებდა, მეორე სართულზე კი თავად ცხოვრობდა. კონდრატეს ძმა – ექიმი ნოე მხეიძე სტომატოლოგიის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელია საქართველოში. სამწუხაროდ, კონდრატეს ცხოვრება ტრაგიკულად და საბედისწეროდ შეტრიალდა საქართველოს გასაბჭოების წლებში. ამ ფილმით უსამართლოდ მივიწყებული ძმები მხეიძეების პიროვნებებს შევახსენებთ საზოგადოებას და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.
ხართ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი. მოგვიყევით სტუდიის შექმნის იდეასა და მიზნებზე…
ბათუმი, როგორც ქალაქი, ყოველთვის იწვევდა კინემატოგრაფისტების ინტერესს, მათ შორის უცხოეთის სტუდიების… იყო დრო, როცა აქ ყოველდღიურ რეჟიმში, დატვირთული გრაფიკით იღებდნენ მხატვრულ, ქრონიკალურ და დოკუმენტურ ფილმებს. ბათუმს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ეროვნული კინოწარმოების განვითარებაში. მამას – სულიკო ჟღენტს ამოძრავებდა სურვილი, ბათუმში შექმნილიყო კინოსტუდია, სახელწოდებით „აჭარა“, ვრცელი წერილიც კი მიუძღვნა ამ თემას. მამას პირველი ნაბიჯები კინოში სწორედ საქართველოს დოკუმენტური და ქრონიკალური ფილმების სტუდიას და ბათუმის საზღვაო ცხოვრებას უკავშირდება. მისი სცენარით გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „სეინერები ზღვაში გადიან“ (1959წ.), რომლის „გმირებად“ ზღვა და ზღვის ადამიანები იქცნენ. ერთი ასეთი გმირია გემის კაპიტანი – გივი უკლება, რომელთანაც პირადი მეგობრობაც აკავშირებდა.
2004 წელს გადავიღე დოკუმენტური ფილმები ნობელიანტ მწერლებზე – „კნუტ ჰამსუნის კავკასიური მისტერიები“, „ჯონ სტაინბეკი და „რუსული დღიური“ – ორივე მწერლის სამოგზაურო მარშრუტში ბათუმიც შევიდა. შემდეგ იყო ფილმები ჯორჯ ბალანჩინზე, ავერელ ჰარიმანზე, ჰენრიკ იბსენზე…. ნორვეგიასა და ამერიკაში კინოექსპედიციებს კვლევითი ხასიათი უფრო ჰქონდა. ამ მხრივ უნიკალური მასალები მოვიპოვე და გადავიღე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის მოპოვების დღიდან – აჭარის ტელევიზიაში ვმუშაობდი საავტორო გადაცემის ციკლზე: „კინოქალაქი“, შემდეგ საავტორო დოკუმენტური კინოს მიმართულებით, რამაც შემოქმედებითი იმპულსი მისცა დოკუმენტური ფილმების სტუდიის დაფუძნებას; გამოიკვეთა მისი განვითარების გზები და პერსპექტივაც.
გარე წარმოების პარალელურად ვცდილობთ ახალგაზრდული დოკუმენტური კინოს სეგმენტის განვითარებას ადგილობრივი წარმოების ბაზაზე. ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეის მთის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმ მთავარი ჯილდო – გრან პრი მიანიჭა ახალგაზრდა რეჟისორის, ანი ჟღენტის ფილმს „გედი“. ფილმი აჭარის ტელევიზიის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ბაზაზე შეიქმნა.
სულ მალე ბათუმს სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმი შეემატება, რომლის კონცეფციაც გეკუთვნით თქვენ. რისი ნახვის შესაძლებლობა მიეცემათ მუზეუმის სტუმრებს?
კინოს მუზეუმის იდეა ჯერ კიდევ მაშინ დაიბადა, როცა წიგნზე „ბათუმი კინოში“ (2013 წ.) ვმუშაობდი, მაშინ უამრავი საარქივო მასალის მოკვლევა, კინოში მოღვაწე ადამიანებთან შეხვედრა-საუბრებმა მომიწია. ბევრმა ქართველმა და უცხოელმა კინემატოგრაფისტმა – რეჟისორმა, მხატვარმა, ოპერატორმა – უბრალოდ, ასისტენტმა თუ რიგითმა კინოს მოყვარულმა, ბათუმის კინოს მუზეუმის ფონდს საინტერესო და ექსკლუზიური მასალები უსახსოვრეს, უამრავ ადამიანს ახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოში პირველი კინოს მუზეუმი სწორედ ზღვისპირა ქალაქ ბათუმში გაიხსნება.
კინოს მუზეუმი განთავსდება ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონაში, ძველი აბანოს შენობაში, რომელიც მე-19 საუკუნის საერო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. შენობა თავისი გუმბათოვანი გადახურვით, თაღოვანი სისტემით, ბუნებრივი განათებით და დეტალებით, სპეციფიკურ კინემატოგრაფიულ აღქმას იწვევს. მუზეუმი აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ითვალისწინებს ვიზუალური ელემენტებით დატვირთული მულტიმედიური გარემოს ფორმირებას, საექსპოზიციო დარბაზების კეთილმოწყობას, ვიდეო-ციფრულ ინსტალაციებს, და, რაც მთავარია, კინოთეატრის ამოქმედებას, რომლის საჭიროება დღეს ნამდვილად დგას ამ ქალაქის წინაშე თავისი საფესტივალო და აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებიდან გამომდინარე; კინომეხსიერება ცოცხლად ინახავს წარსულის მოვლენებს, ქალაქის ისტორიულ, კულტურულ და სოციალურ რეალიებს, ამიტომ კინოს მუზეუმს განსაკუთრებული მისია და აქტუალობა მიენიჭება.
როგორია თქვენი წილი ბათუმი და ამ ქალაქის კინემატოგრაფიული რესურსი..
ჩემი წილი ბათუმი ის მიკროსამყაროა, რომელიც სამწუხაროდ, გაქრობის ზღვარზეა – ეს არის თეთრი ორსართულიანი სახლი ბულვართან, სადაც ერთ დროს ვცხოვრობდით. შენობის ძირითადი ნაწილი 1910-20-იან წლებშია აგებული. ეს შენობა, რომელიც ეგნატე ნინოშვილისა და სულიკო ჟღენტის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს, მხოლოდ ფასადით შეიცვალა, შიდა სივრცე კი უცვლელი დარჩა – თავისი საერთო დერეფნით და შუშაბანდით, სადაც მეზობლების ბინის კარები არასდროს იკეტებოდა და სადაც ისე შედიოდი, როგორც საკუთარ სახლში. ამ კეთილი და მზრუნველი ადამიანების გარემოცვაში გავატარე ბავშვობა. მიკვირს, ამ სახლის შენობის ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა – მასიურ და გრანდიოზულ შენობებად გარდაიქმნა. ამ ცათამბჯენებით გარშემორტყმულ არეალში ეს სახლი ისე დგას, როგორც ძველი ციხესიმაგრე….
ძველი ბათუმი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და არქიტექტურული ლანდშაფტით ფილმის გადასაღებ მოედანს მაგონებს, სადაც სახლებს შენარჩუნებული აქვს დეკორაციის ფუნქცია. წვიმიანი ბათუმიც კინემატოგრაფიულად საინტერესო ატმოსფეროს და განწყობას ქმნის. ზღვა, ბოტანიკური ბაღი, ბულვარი, აჭარის მაღალმთიანი – ალპური ზონები და წარმტაცი პეიზაჟები – საუკეთესო ბუნებრივი რესურსია კინოსთვის.
რომელ ქართულ ფილმში გადახვიდოდით ცოტა ხნით საცხოვრებლად და რატომ…
„შავ-თეთრ“ ფილმში „ზღვის შვილები“ (რეჟ. კ. პიპინაშვილი), რომელშიც იგრძნობა 1960-იანი წლების ბათუმის მაგიური „სურნელი“ და არომატი. სანაპიროზე მოსეირნე „სტილიაგა“ ახალგაზრდები ნაწვიმარ ასფალტზე ტვისტს ცეკვავენ და ხელის რადიოს ანტენით დასავლეთიდან „მონაბერი“ აკრძალული მუსიკის მელოდიებით ერთობიან…
რომელია ბათუმთან დაკავშირებული ყველაზე შთამბეჭდავი ისტორია თქვენთვის…
ძალიან პატარა ვარ, მშობლები საგანგებოდ გამომაწყობენ, ჩვენს სახლში მოდის კაცი ფოტოკამერით და ოჯახურ პორტრეტებს იღებს ინტერიერში. გადის წლები და შავ-თეთრი ფოტოები მხატვრულ ღირებულებას იძენს. ავტორი კი ცნობილი ბათუმელი კინოოპერატორი სოსო შენგელია აღმოჩნდება (ფილმ „მონანიების“ დიდი ნაწილი მან გადაიღო ბათუმში). ამ „ფოტოსესიის“ ისტორია შთამბეჭდავია და სახალისო ჩემთვის…
კადრი, რომელიც არასოდეს წაიშლება თქვენი მეხსიერებიდან…
ზაფხულის არდადეგებია. თბილისიდან ბათუმისკენ ცისფერი ავტომობილით ვმგზავრობთ, საჭესთან მამაა. უნდა გავიაროთ ჩაქვი, ციხისძირი… მოუთმენლად ველოდები იმ წამს, როცა მანქანა ნელ-ნელა აუყვება აღმართს და უღელტეხილის მაღლივი წერტილიდან ქალაქის სილუეტი გაიელვებს – შორ ხედზე ოქროსფერ ნისლში გახვეული ბათუმის ფერწერული „კადრი“ …
გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენი ავტორობით…
მალე დავასრულებ დოკუმენტური ფილმს კახა ჯავახიშვილზე – დიდი ივანე ჯავახიშვილის შვილზე, რომელიც 1940- 1950-იან წლებში მთავარ არქიტექტორად მიიწვიეს ბათუმში. მის სახელს უკავშირდება ორი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი, რომელიც ზღვისპირა ქალაქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს – ბათუმის საზაფხულო თეატრი და ხელოვნების მუზეუმი. ასევე ვმუშაობ ფილმზე, რომელიც ბათუმის „დინამოს“ ასწლოვან ისტორიას ასახავს, პარალელურად კი ქართულ-ესტონურ პროექტზე: „ტარტუს უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები“. ფილმის გადაღებები წარმოებდა ესტონეთში. პროექტი ხორციელდება საქართველოში ესტონეთის საელჩოს და ესტონეთის საგარეო სამინისტროს მხარდაჭერით.