OK! ოქტომბრის ნომრის გმირები ძლიერი, წარმატებული, მიზანდასახული და საკუთარი საქმის პროფესიონალი დები, თამარ, ლალი და ნანა გოჩელაშვილები არიან. უკვე 19 წელია, რაც საკუთარ კომპანიას „გოჩელაშვილები და პარტნიორები“ წარმატებულად უდგანან სათავეში და იურიდიულ მომსახურებას უწევენ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. დღევანდელ დღემდე საკმაოდ ვრცელი გზა განვლეს და უამრავი წინაღობისა და დაბრკოლების მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დაყარეს და დღეს ამაყად უძღვებიან წამოწყებულ საქმეს. როგორი იყო გზა წარმატებამდე, როგორია მათი დღევანდელი საქმიანობა და სამომავლო გეგმები, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე თავად გაგვცემენ პასუხს.
უპირველესად, გაგვაცანით საადვოკატო კომპანია. რამდენი ხანია, რაც დააფუძნეთ და საიდან გაჩნდა იდეა?
(ნანა გოჩელაშვილი): ჩვენი იურიდიული კომპანია, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გოჩელაშვილები და პარტნიორები“, უკვე 19 წელია დაფუძნებულია. მის პარტნიორებს წარმოვადგენთ სამი და – მე, თამარ და ლალი გოჩელაშვილები. კომპანიის დაფუძნებამდე სამივეს სხვადასხვა იურიდიული კარიერა გვქონდა. მე 1996 წლიდან ვარ ადვოკატი, ლალი კომპანიის დაფუძნებისას იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი, მოსამართლე, ხოლო თამარი მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში. მას შემდეგ, რაც მე ადვოკატი გავხდი, არ მასვენებდა ფიქრი, დამეფუძნებინა იურიდიული კომპანია მრავალმხრივი სამართლებრივი მომსახურებით. კომპანიის დაფუძნებისათვის კი, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხი სანდო პარტნიორებთან მისი დაფუძნებაა. საბოლოოდ 2005 წლის დეკემბერში მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს დასთან – თამარ გოჩელაშვილთან და ერთდროულად მეგობართან და კოლეგა ირაკლი ხაჩიძესთან ერთად დაგვეფუძნებინა იურიდიული კომპანია, რომელიც საჯარო რეესტრის იურიდიული პირების რეესტრში 2005 წ. 23 დეკემბერს დავარეგისტრირეთ სახელწოდებით – სპს „ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციო ჯგუფი“. 2006 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ლალი გოჩელაშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე აღარ მუშაობდა, ისიც პარტნიორის სახით შემოუერთდა ჩვენს კომპანიას. სპს „ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციო ჯგუფის“ სახელწოდებით ჩვენი კომპანია 18 წელი საქმიანობდა და მას შემდეგ, რაც ირაკლი ხაჩიძე, თავისი გეგმებიდან გამომდინარე, 2023 წ. ივლისში კომპანიის დამფუძნებელთა შემადგენლობიდან გავიდა, ბუნებრივია, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, შევცვალეთ კომპანიის სახელწოდება და მას პარტნიორთა შემადგენლობიდან გამომდინარე სპს „გოჩელაშვილები და პარტნიორები“ ვუწოდეთ.
დაფუძნების დღიდან ჩვენი კომპანია მუდმივად ვითარდება, ვზრუნავთ კომპანიის საქმიან რეპუტაციაზე და ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ვინაიდან ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობით აღსავსე საადვოკატო საქმიანობა კლიენტებისთვის მხოლოდ მაღალკვალფიციური მომსახურების გაწევაზე არის ორიენტირებული. კომპანიის სამივე დამფუძნებელს გაგვაჩნია დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში და თანადროულად ვართ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატები, ახალგაზრდა ადვოკატებს ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ.
გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ, იმ გზაზე, რომელიც დღემდე გაიარეთ.
(თამარ გოჩელაშვილი): საადვოკატო საქმიანობას 2005 წლიდან ვეწევი. იურიდიული განათლება ჩემი მეორე უმაღლესი განათლებაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ორჯერ დავამთავრე წარჩინებით, 1987 წელს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანული ფილოლოგიის სპეციალობით, ხოლო 2004 წელს იურიდიული ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით. ორივე პროფესიაში ქართულმა ALMA MATER-მა მომცა ჩინებული განათლება. პირველი კვალიფიციური განათლებით მთარგმნელობით და თარჯიმნობით საქმიანობას ვეწეოდი, რაც ძალიან მომწონდა თავისი ინტელექტუალური და დინამიკური ბუნებიდან გამომდინარე. ეს საქმიანობა დღესაც მიყვარს და მომწონს და თუ ჩემი საადვოკატო დატვირთულობა ამის შესაძლებლობას მაძლევს, იურიდიული ტექსტების ქართულ და გერმანულენოვან თარგმანებზეც ვმუშაობ. 1999 წ. სექტემბერში იურიდიულ ფაკულტეტზე მას შემდეგ შევუდექი სწავლას, რაც ბონის უნივერსიტეტის მიწვევის მიუხედავად, საელჩომ სასწავლო ვიზის გაცემაზე ორჯერ მითხრა უარი იმ მიზეზით, რომ გერმანული ენა და ლიტერატურა უკვე კარგად მქონდა შესწავლილი და გერმანიაში სწავლას არ ვსაჭიროებდი. ამ უსიამოვნო ფაქტიდან გამომდინარე, განათლების გაგრძელება იურისპრუდენციას დავუკავშირე, ვინაიდან თავი საკუთარი და სხვისი უფლებების კვალიფიციური დაცვის სფეროში დავინახე. დღევანდელი გადასახედიდან რომ არა ეს დღე, არ ვიქნებოდი ადვოკატი, რომელიც იურიდულ პროფესიებს შორის ყველაზე საპასუხისმგებლო და დიდი ძალისხმევის პროფესიად მიმაჩნია, ვინაიდან სწორედ ადვოკატის მიერ კვალიფიციურად მომზადებულ პოზიციაზეა პირდაპირპროპორციულად დამოკიდებული დავის სამართლებრივი ბედის გადაწყვეტა.
(ლალი გოჩელაშვილი): თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ შევუდექი საადვოკატო საქმიანობას. ეს პერიოდი დაემთხვა გასული საუკუნის 90-იან წლებს. იმ მძიმე პერიოდში დიდი პროფესიული გამოცდილება მივიღე, ძირითადად სისხლის სამართალში. შემდეგ, ოთხმოცდაათიანების ბოლოს, ქვეყანაში დაიწყო სასამართლო რეფორმა და ერთ-ერთმა პირველმა ჩავაბარე სამოსამართლო გამოცდა. ამ დროს ჩემი საადვოკატო საქმიანობა რვაწლიან გამოცდილებას ითვლიდა. თავდაპირველად დავინიშნე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლედ, 1999 წლის ივნისში კი საქართველოს პარლამენტმა ამირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, სადაც 2006 წლამდე ვიყავი სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა პალატის მოსამართლე. მახარებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმჟამინდელ თავმჯდომარე, ბ-ნ ლადო ჭანტურიასა და სხვა მოსამართლეებთან ერთად მეც მიმიძღვის წვლილი დამოუკიდებელი საქართველოს ახალი კანონმდებლობის ნორმათა განმარტებასა და სამოსამართლო სამართლის განვითარებაში. 2006 წლიდან კვლავ საადვოკატო საქმიანობას დავუბრუნდი და ჩემს დებთან ერთად, ჩვენი კომპანიით ვუწევთ სამართლებრივ მომსახურებას როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე. გარდა ამისა, ვარ არბიტრი და ვიხილავ საარბიტრაჟო დავებს.
(ნანა გოჩელაშვილი): დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და როგორც აღვნიშნე, 1996 წლიდან ვარ ადვოკატი, ვიყავი ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 2001 წ. სახელმწიფომ მიიღო ახალი კანონი „ადვოკატთა შესახებ“, შესაბამისად, დაიწყო ამ ინსტიტუციის რეფორმა, რომელშიც ვმონაწილეობდი და ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი. ჩაბარებული მაქვს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით, ასევე, მაქვს დამატებითი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში. მე მუდმივად ვვითარდები ჩემს პროფესიაში, მაქვს მაღალი პასუხისმგებლობა, ჩემთვის არ არსებობს დიდი და პატარა საქმეები. ყველა საქმეს ვუდგები ერთნაირი გულმოდგინებითა და პასუხისმგებლობით. უკვე მრავალი წელია ვეწევი მრავალფეროვან იურიდიულ პრაქტიკას და ბუნებრივია, წლების განმავლობაში დავაგროვე დიდი პროფესიული გამოცდილება, რომელსაც სიამოვნებით ვუზიარებ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, როგორც მენტორი ადვოკატი.
რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ საზოგადოებას?
(ნანა გოჩელაშვილი): ჩვენი იურიდული კომპანია იურიდიულ მომსახურებას უწევს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, ვადგენთ ხელშეკრულებებს სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობებზე, ვამზადებთ სამეწარმეო სუბიექტის სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, ასევე, იურიდიულ პირებს ვუმზადებთ შრომითი სამართლებრივი ურთიერთობისათვის საჭირო დოკუმენტაციას. იურიდიული პირებს ასევე ვუწევთ აუთსორსულ მომსახურებას, რაც გულისხმობს სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას, დოკუმენტაციის, მათ შორის, საქმიანი წერილების შედგენას, კლიენტის სურვილის შემთხვევაში – საქმიან შეხვედრებში მონაწილეობას, მიღებულ წერილებსა და საჩივრებზე პასუხების მომზადებას; ნებისმიერი სახის ხელშეკრულების შედგენას, მიწოდებული ხელშეკრულების დამუშავებას, შეფასებას, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას და ა.შ. ჩვენი კომპანიის მიზანია კლიენტმა ჩვენი ოფისის სივრცეში მიიღოს ყველა სახის მომსახურება და იურიდიული დახმარება, შესაბამისად, კომპანია დაკომპლექტებულია მხოლოდ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატებით. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიაში ფუნქციონირებს არბიტრაჟი. არბიტრაჟი არის სასამართლოს კარგი ალტერნატივა, ვინაიდან სასამართლოში დავის განხილვა ხშირ შემთხვევაში დაკავშირებული რამდენიმე წელთან, არბიტრაჟში კი საქმის განხილვა მთავრდება მალე, სულ რამდენიმე თვეში არბიტრაჟის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ცნობისა და აღსრულების ჩათვლით.
21-ე საუკუნე ტექნოლოგიების განვითარების საუკუნეა და ჩვენ გვაქვს ონლაინმომსახურება. პოტენციურ კლიენტებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ჩვენი ვებგვერდიდან – www.lawservices.ge და შეთანხმების შემთხვევაში, ოფისში მოუსვლელად დისტანციურად მიიღონ იურიდიული მომსახურება.
რა არის თქვენს პროფესიაში მთავარი?
(ლალი გოჩელაშვილი): თითოეული ადვოკატი ადვოკატის პროფესიაში დამკვიდრებისთვის საკმაოდ რთულ გზას გადის. იმისთვის, რომ დიპლომირებული იურისტი გახდეს კვალიფიციური ადვოკატი, დამკვიდრდეს ამ პროფესიაში და საადვოკატო მომსახურების სფეროში იყოს კონკურენტუნარიანი, მან ძალიან ბევრი უნდა იშრომოს და იმუშაოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, ვინაიდან ადვოკატის შრომა კლიენტის წინაშე დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. კარგი და წარმატებული ადვოკატისთვის აუცილებელი უნარებია: კვალიფიციურობა, კეთილსინდისიერება, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ყოველი საქმისადმი გულისხმიერი მიდგომა, მუდმივი განვითარება და კლიენტების ინტერესებისადმი ერთგულება.
რა რჩევას მისცემდით ქალებს, ვინც ახლა იწყებს კარიერას?
(ლალი გოჩელაშვილი): ადვოკატის პროფესია არის რთული და საპასუხისმგებლო, რაც ძალიან დიდ ძალისხმევას, დაუღალავ შრომას და ყოველდღიურად განვითარებას საჭიროებს. სამაგიეროდ ადვოკატი დიდ პროფესიულ სიამოვნებას იღებს თითოეული წარმატებით დასრულებული საქმიდან და კმაყოფილი კლიენტიდან. ქალ ადვოკატებს არასდროს უნდა შეეშინდეთ იმ სირთულეების, რაც თან ახლავს ადვოკატის პროფესიაში დამკვიდრებას. მთავარია მათ მოინდომონ და იმუშაონ საკუთარ თავზე, იგრძნონ მაღალი პასუხისმგებლობა, მაღალი პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერად მოემსახურონ კლიენტებს. ადვოკატის პროფესიაში წარმატება მხოლოდ დაუღალავი შრომით, საკუთარ თავზე დიდი მუშაობით, მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით, კლიენტის ინტერესისადმი და ადვოკატის პროფესიის ერთგულებით მოიპოვება. როგორ წესი, წარმატება არ მოდის, წარმატება მოიპოვება.
გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები
(თამარ გოჩელაშვილი): ჩვენი კომპანიის იურიდიული მომსახურება მრავალმხრივია და შესაბამისად, იგი წარმოდგენილია მხოლოდ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატების მიერ. მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი დეტალია, ვინაიდან სამართლის ყველა დარგის ცოდნა-უნარები ადვოკატს ეხმარება კლიენტის საქმის სწორად და სრულად შეფასებაში, მისი საქმისადმი სწორი ტაქტიკისა და პოზიციის შემუშავებაში და კლიენტის სასარგებლო შედეგის ეფექტურად მიღწევისათვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ერთი წლის წინ ჩვენს გუნდს შემოუერთდა ადვოკატი გია ფოლადიშვილი და ახლო მომავალშიც გაიზრდება ჩვენი გუნდი მხოლოდ მაღალკვალიფიციური, კეთილსინდისიერი და კარგი რეპუტაციის მქონე ადვოკატებით, ვინაიდან მოცემული მომენტისათვის აქტიურად ვმუშაობთ ბათუმში ჩვენი კომპანიის ოფისის გახსნაზე. უახლოეს პერიოდში ასევე, ვგეგმავთ საქმიანი ურთიერთობების გაფართოებას საქართველოს ფარგლებს გარეთ და სამართლის სხვადასხვა სფეროში უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას უცხოელ კოლეგებთან. უნდა ითქვას, რომ ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართლის სფეროში აქამდეც არაერთგზის გაგვიწევია ევროპული და ამერიკული იურიდიული კომპანიებისთვის სამართლებრივი დახმარება და მათი მომართვის საფუძველზე ადვოკატების წარმოებაში არსებული საქმეების კონკრეტულ საკითხებზე გაგვიცია კვალიფიციური და კომპეტენტური სამართლებრივი დასკვნები.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი