დღევანდელი ჩვენი სტუმარია ადამიანი – ჩემპიონი, ლეგენდარული ძიუდოისტი, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი – ვარლამ ლიპარტელიანი. მას მოპოვებული აქვს მსოფლიო თასებზე ხუთი ოქროს მედალი; არის მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის 3-გზის ჩემპიონი ახალგაზრდებში; 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს იმ პრიზების არასრული ჩამონათვალია, რაც ლიპარტელიანმა ამ ხნის განმავლობაში თავის ოჯახს და ქვეყანას მოუტანა. თუმცა ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტული კარიერა დაასრულა. ჩვენი მასპინძელია „სხვა“ გასტროსივრცე – ადგილი, სადაც მცირე დეტალზეც კი ბევრია ნაფიქრი, რათა აქ მოსულმა სტუმარმა თავი კომფორტულად და განსაკუთრებულად იგრძნოს.
რომ არა სპორტსმენი, ვიქნებოდი…
აუცილებლად მაინც სპორტსმენი. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ფეხბურთის თამაში და თხილამურებით სრიალი. აქედან გამომდინარე, ამ ორი სპორტული მიმდინარეობიდან რომელიმეს ავირჩევდი. ჩემს შვილებსაც ვასწავლე თხილამურებზე სრიალი. მიხარია, რომ სამივე კარგად სრიალებს.
რას ნიშნავს, იყო ჩემპიონი?
ეს ნიშნავს, იყო შენი ქვეყნის სახე და ელჩი საზღვრებს გარეთ.
ყველაზე მთავარი, რაც ძიუდომ მოგცათ…
ხალხის სიყვარული. ამაზე დიდი ბედნიერება, განსაკუთრებით სპორტსმენისთვის, არ არსებობს, როდესაც გრძნობ ხალხის უპირობო სიყვარულსა და სითბოს.
თქვენ რამდენიმე წლის წინ აპირებდით დიდი სპორტიდან წასვლას, თუმცა გადაიფიქრეთ, ამის მიზეზი ხალხის სიყვარული იყო?
ნამდვილად. ოჯახის წევრების, მეგობრების, გულშემატკივრების თხოვნა იყო, რომ არ წავსულიყავი დიდი სპორტიდან. #დარჩილიპო ეს ფრაზა ბევრს ნიშნავდა ჩემთვის და ამ ადამიანების დამსახურებით მაშინ დავრჩი.
როგორ მიიღეთ საბოლოოდ სპორტიდან წასვლის გადაწყვეტილება?
უკვე ვეღარ ვიყავი ის ლიპო, რომელსაც ჰქონდა უამრავი წარმატება და ახარებდა უამრავ გულშემატკივარს. უკვე ვგრძნობდი, რომ სიხარულზე მეტად გულისწყვეტა იყო. არ მინდოდა დამარცხებული ლიპო ენახა გულშემატკივარს. ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა დროული.
გამოდის, რომ მაქსიმალისტი ხართ?
დიახ, მაქსიმალურად ვცდილობ დავიხარჯო იმ საქმეში, სადაც ვარ. მაქსიმალურად ამოვწურო ჩემი შესაძლებლობები.
რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებენ სპორტულ კარიერას?
თუ გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო, არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროში იქნება – უპირველესად, უნდა შეიყვარო ის საქმე, რასაც აკეთებ, ამასთანავე, მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა. ყოველდღე უნდა ფიქრობდე საკუთარი თავის განვითარებაზე. მქონია მარცხი, არაერთი, თუმცა ეს არასდროს სხვისთვის არ დამიბრალებია. ყოველთვის ჩემს თავში ვეძებდი მიზეზებს. თუ გინდათ, რომ განვითარდეთ და წინ წახვიდეთ, წარუმატებლობის მიზეზები ეძებეთ საკუთარ თავში.
ყველაზე დიდი მოტივაცია?
სამშობლო, ჩემი ოჯახი. ის წარმატება, რასაც აღწევ, შენი სახელი და გვარია, თუმცა შენ უკან ძალიან ბევრი ადამიანი დგას, რომელთაც ძალიან უხარია შენი წარმატება.
ყველაზე დიდი გულშემატკივარი…
ჩემი ოჯახი, ვერავის ვერ გამოვარჩევ. ეს ადამიანები ჩემი ცხოვრებით ცხოვრობდნენ.
როგორი მეუღლე ხართ?
ეს ალბათ ჩემს მეუღლეს უნდა ჰკითხოთ. ზოგადად ვთვლი, სიტყვებზე მეტად მთავარია საქციელი. ვცდილობ, შევუმსუბუქო ჩემს მეუღლეს ის შრომა, რასაც აქამდე ჩემ გარეშე აკეთებდა. დიდი ხნის განმავლობაში მიწევდა სახლის გარეთ ყოფნა, დიდ დროს ვატარებდი შეკრებებზე და შესაბამისად, ბავშვების აღზრდაში ისეთი ჩართული ვერ ვიყავი, როგორც ჩემი მეუღლე.
თავისუფალ დროს…
მიყვარს მთაში სიარული და მეგობრებთან ყოფნა.
რომელია თქვენი საყვარელი კერძი?
კუბდარი და ხინკალი.
რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვართ?
ქართული და იაპონური.
რაზე ოცნებობდა მოზარდი ლიპო?
კოსმოსში გაფრენაზე.
დღეს რას ეტყოდით მოზარდ მე-ს?
ამაზე არასოდეს მიფიქრია, ალბათ უფრო მეტ შრომას დავავალებდი.
მე არასოდეს…
ვიქნები სპორტის გარეშე. დავრჩები ძიუდოში. სამომავლოდ მინდა აკადემიის შექმნა, რომ ღირსეული თაობა აღვუზარდო ჩემს ქვეყანას.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი
ლოკაცია: სხვა • Skhva
ასევე, დაგაინტერესებთ: