“ქართველ ქალებს ფრანგი ქალები ვერ შეედრებიან” – ასე ახასიათებს ევროპელი მოგზაური ოსკარ კოსბი ქართველ ქალებს ესსეში – ამერიკული გეოგრაფიული საზოგადოება (1905წ.)
ევროპულ კულტურაში, კერძოდ კი ფრანგულ მოდაში გამორჩეული ადგილი უკავიათ ქართველ ქალებს. ამ გამორჩეულმა ქალებმა წარუშლელი კვალი დატოვეს კულტურულ ლანდშაფტზე, ხელი შეუწყვეს ევროპის კულტურულ სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას.
ეკატერინე თარხნიშვილი
გასული საუკუნის დასაწყისში, 1905 წელს, პარიზში, ულამაზესი ქართველი ქალი, ეკატერინე გრიგოლის ასული თარხნიშვილი, პირველი ,,მის ევროპა” გახდა.
პირველი მის ევროპა კასპის რაიონში, სოფელ ახალქალაქში გაიზარდა, გრიგოლ თარხან-მოურავის ოჯახში. ოჯახი სააკაძის შთამომავლად ითვლებოდა. თარხან-მოურავებმა პარიზში 1903-07 წლებში იცხოვრეს. ეკატერინე 1903 წელს განათლების მისაღებად პარიზში დედასთან ერთად გაემგზავრა და სილამაზის კონკურსში მონაწილეობაც დედის რჩევით მიიღო.
ევროპის არისტოკრატთა ოჯახების წარმომადგენლებს შორის, გამართულ კონკურსში მონაწილე გოგონები ყვავილებით მორთულ ეტლში უნდა ჩამსხდარიყვნენ და მაყურებლით სავსე ქუჩაზე უნდა გაევლოთ. რჩეულ კონკურსანტს ხალხი ხმას აძლევდა, სწორედ ასე დააგროვა ყველაზე მეტი კონვერტი 15 წლის ქართველმა გოგონამ და “მის ევროპა” გახდა.
საქართველოში ეკატერინეს წარმატების შესახებ საკმაოდ გვიან გაიგეს, 1967 წელს თავად დაუკავშირდა მაშინდელ კასპის მუზეუმის დირექტორს გიორგი ხორგუაშვილს, რომელმაც გაზეთ სოფლის ცხოვრებაში გამოაქვეყნა სტატია სათაურით – ”სილამაზის პრინცესა”.
1908 წელს ეკატერინე ცოლად გაჰყვა ფრანგ სტუდენტს მიშელ სეგალს, თუმცა მამამ მალევე დააშორა და დარჩენილი ცხოვრება თბილისში შვილთან, ნიკოლოზთან ერთად გაატარა. სიცოცხლის ბოლომდე ეკატერინე სამხედრო ჰოსპიტალში მოწყალების დად მუშაობდა.
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე, პატივცემული ჯორჯაძეებისა და ვაჩნაძეების გვარის შთამომავალი, იყო. ქართველი ქალი, რომელიც კრისტიან დიორისთვის ესკიზებს ხატავდა. მისი კავშირი საფრანგეთთან დაიწყო 1930-იან წლებში, სწავლობდა მადლენ ვატიესა და ბერნარ ჰიუგის სახელოსნოში. თამარი იყო ცნობილი სცენოგრაფი, წიგნის ილუსტრატორი და მხატვარი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მე-20 საუკუნის ევროპულ კულტურაში.
თამარი ნოე ჟორდანიას ვაჟთან განქორწინების შემდეგ შვილთან, ზოლთანთან ერთად, ბრაზილიაში გადავიდა საცხოვრებლად. სადაც საკუთარ შემოქმედებით ნიჭს გასაქანი მისცა. მალევე შეამჩნიეს და მთავარი თეატრისთვის კოსტიუმების, ჩანახატების და დეკორაციის ესკიზების შექმნა დაიწყო. სან-პაულოში შექმნა ცნობილი SPARKLING სერია Dior-ისთვის, თუმცა დღეს ამ სერიიდან მხოლოდ ჩანახატები შემორჩა.
სამხრეთ ამერიკაში კომფორტული ცხოვრების მიუხედავად, თამარს სურდა ევროპის კულტურული სივრცე. მისი წერილებიდან ვიგებთ, რომ თავს ბოლომდე ევროპელად თვლიდა:
“მე მივხვდი, რომ ვარ ევროპელი და არასდროს, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მე არასდროს ვიქნები რაიმე სხვა.”
1963 წელს იგი დაბრუნდა ევროპაში კულტურული პროცესების პიკის ფონზე. კინო, ხელოვნება, პოლიტიკა ერთმანეთში იყო გადახლართული და ახალი მიმდინარეობები ჩნდებოდა. თამარმა საკუთარი თავი აქაც მალევე იპოვა ერთდროულად რამდენიმე საინტერესო პროექტი წამოიწყო თავი გამოცადა პორტრეტების ჟანრში. ევროპაში მან საბოლოოდ დაიმკვიდრა თავი, როგორც წარმატებული ხელოვანი და მუდამ აფიქსირებდა, რომ ის იყო ქართველი. თამარი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ქართველად აღიარებულიყო საფრანგეთის ბინადრობის დოკუმენტებში.
მერი შერვაშიძე
მერი შერვაშიძე გენერალ-მაიორ პროკოფი შერვაშიძისა და ნინო მხეიძის ოჯახში დაიბადა. მერიზე მუდმივად საუბრობდნენ, როგორც ლამაზ ქალზე.
მისი მოგზაურობა დაიწყო სანკტ-პეტერბურგში, სადაც იმპერატორი ნიკოლოზ II მოხიბლული იყო მისი სილამაზით და პირველად, რომ უნახავს უთქვამს: “რა სილამაზეა, ასეთი მომხიბვლელი სილამაზე!” მალე მერი იმპერატორის დედის ფრეილინა გახდა. თუმცა, 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მერის ოჯახს მოუწია დაბრუნებულიყო საქართველოში, სადაც მერი იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ადიუტანტზე, გიგუშა ერისთავზე დაქორწინდა.
1921 წელს, როცა ბოლშევიკური ძალები საქართველოს მიუახლოვდნენ, მერი საფრანგეთში გაემგზავრა. გზაში მან გაიმარჯვა სტამბოლში გამართულ მსოფლიო სილამაზის კონკურსში. პარიზში ჩასვლისთანავე, მერის თანდაყოლილმა დახვეწილობამ და უნიკალურმა სტილმა მიიპყრო თავად კოკო შანელის ყურადღება და მალევე ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც შანელის მოდელი.
შეუძლებელია არ ვთქვათ, მერიზე პლატონურად შეყვარებულ გალაქტიონ ტაბიძის შესახებ, ამბობდნენ, რომ პოეტი მასზე იყო შეყვარებული, თუმცა მერი ყოველთვის უარყოფდა ამ ფაქტს,თავად გალაქტიონი კი არ ამხელდა „მერის“ ნამდვილ ვინაობას.
გალას არაერთი ლექსი მერიზე:
“ჩამოიბუროს ზეცა, მისიც აღარა მჯერა – მერის თვალებით იგი ვერ გაბრწყინდება, ვერა! “…
“შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი”…
რიმა ერისთავი
მოდის სახლი – შანელის კიდევ ერთი მშვენება. რიმა სამი წლის იყო მამა რომ გარდაეცვალა. ამის შემდეგ, 1918 წელს დედამისი თამარ ერისთავი საფრანგეთში წავიდა, 14 წლის რიმა კი ბებიასთან დატოვა თბილისში. რიმა მოგვიანებით, ემიგრაციაში წასულ მერი შერვაშიძესთან ერთად ჩავიდა პარიზში.
რიმამ მალე მიიქცია კოკო შანელის ყურადღება. ფრანგულ საზოგადოებაში ქართველ თავადის ასულს Princesse Rimma Eristoff-ად იცნობდნენ. რიმას ოჯახი არ შეუქმნია. გარდაიცვალა 1982 წელს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
ანა ჭავჭავაძე
ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი ანა ჭავჭავაძე იყო პარიზული მოდის ქართველი წარმომადგენელი. ანამ და მისმა მეუღლემ, მიხეილ ვორონცოვის შვილიშვილმა, 1916 წელს მდიდრული ქორწილი გადაიხადეს. რამდენიმე წელში კი საფრანგეთში გადასახლდნენ და ყველაფერი ნულიდან დაიწყეს.
ანა მოდის სამყაროში შემოვიდა და საკუთარი მოდის სახლი “იმედი“ დააარსა. მისმა მოდის სახლმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და მოიზიდა კლიენტები შეძლებული ოჯახებიდან ევროპის მასშტაბით. ჭავჭავაძეების შთამომავალმა, უნებლიედ გამოიწვია ქართული კულტურის ტენდენცია 1920-იანი წლების ევროპაში. ჟურნალებში გაჩნდა ქსოვილ „Tiflis-ის“ რეკლამა, ხოლო მონმარტრზე უამრავი კავკასიური სამზარეულო გაიხსნა.
თავად ანა კი გამოჩნდა კოკო შანელის ჩვენებებში, თუმცა, თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, 1929 წლის ეკონომიკური ვარდნის შემდეგ “იმედს” ფინანსური პრობლემები შეექმნა და ანა 1941 წელს სრულ სიღარიბეში გარდაიცვალა — მეუღლის, გრაფ ალექსანდრეს გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ…
მელიტა ჩოლოყაშვილი
მელიტა 1895 წელს საგარეჯოში დაიბადა. ის იყო ილია ჭავჭავაძის ნათლული და ტიციან ტაბიძის მუზა, ასხივებდა სილამაზესა და ნიჭს, იპყრობდა პოეტებისა და ხელოვანების გულებს. მის სახლში გამართულ სალონურ შეხვედრებზე ნახავდით: გრიგოლ რობაქიძეს, პაოლო იაშვილსა და სხვებს.
18 წლის ასაკში მელიტა ცოლად გაჰყვა სანკტ-პეტერბურგელ იურისტსა და მწერალს კონსტანტინე ზელენსკის. მალევე მელიტა მეუღლეს დაშორდა, რის გამოც 1922 წელს ქალიშვილთან ლილიასთან და დასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა პარიზში. მელიტას შემოსავლის ძირითადი წყარო მოდელობა იყო. შანელის სახლში გაიცნო და დამეგობრდა მერი შერვაშიძესთან. მელიტა ჩოლოყაშვილი 1985 წელს გარდაიცვალა.
ლილია ზელენსკაია
ლილია ზელენსკაია იყო მელიტა ჩოლოყაშვილის შვილი. 1918 წელს დაბადებულმა ლილია ზელენსკაიამ ბავშვობა გადასახლებაში გაატარა და საფრანგეთში წარჩინებით საბალეტო სკოლა დაამთავრა. სხვადასხვა დროს ის იყო შანელის, ლუსიენ ლელონგისა და ელზა სკიაპარელის წარმატებული მოდელი. ლილია 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამბობენ რომ გარეგნული სილამაზე სიცოცხლის ბოლომდე არ დაუკარგავს.
ასე მოიყარეს თავი ერთად პარიზში ულამაზესმა მერი შერვაშიძემ, რიმა ერისთავმა, ანა ჭავჭავაძემ, დედა-შვილმა მელიტა ჩოლოყაშვილმა და ლილია ზელენსკაიამ, რომლებიც რუსულ ოკუპაციას გაექცნენ და უცხოეთს შეაფარეს თავი.