ახალ სიცოცხლესთან შეხვედრის მოლოდინი მართლაც, რომ ყველაზე ემოციეური პერიოდია ნებისმიერი მშობლისთვის. სწორედ ამის ამის შემდეგ იწყება, ყველაზე სასიამოვნო მზადება, თუმცა მანამდე ბევრი დროა – მთელი ცხრა თვე. ალბათ, ყველა დედას აინტერესებს, როგორ გამოიყურება მის წიაღში მზარდი პატარა ადამიანი, რას გრძნობს, როგორ მოძრაობს, რას აკეთებს… ამიტომ გადავწყვიტეთ მოგიყვეთ, როგორ ვითარდება ნაყოფი მუცლად ყოფნის ცხრა თვის განმავლობაში და რა მოგეთხოვებათ თქვენ.
ნორმალური ორსულობის ხანგრძლივობა დაახლოებით 9 თვეა, 280 დღე, 40 კვირა. ათვლა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან იწყება. ამგვარად გამოთვლილ ნაყოფის ასაკს მედიცინაში გესტაციური ასაკი ეწოდება. მუცლად ყოფნის ამა თუ იმ პერიოდში ნაყოფი განვითარებით შესაძლოა ჩამორჩეს ან გაუსწროს გესტაციურ ასაკს, ამიტომ ამ უკანასკნელის ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ეს ნაყოფის მდგომარეობის სწორად შეფასების საშუალებას გვაძლევს.
პირველი თვე
ორსულობის პირველ თვეს იწყება ჩანასახის ზურგის ტვინისა და ნერვების ჩამოყალიბება, ამიტომ ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავას მიღება. ეს ვიტამინი თავიდან გვაცილებს ნერვული მილის განვითარების პათოლოგიებს. სასურველია, ფოლიუმის მჟავას მიღება ქალმა დაორსულებამდე დაიწყოს, უკიდურეს შემთხვევაში – ორსულობის დადგენისთანავე, და მეცამეტე კვირამდე მაინც გააგრძელოს. საჭირო ოდენობა დღეში 400 მკგ-ია.
მეხუთე კვირისთვის ჩანასახი სამი შრისგან შედგება. გარეთა შრისგან წარმოიქმნება ტვინი, ნერვები და კანი, შუისგან – ძვლები, კუნთოვანი ქსოვილი, სისხლძარღვები, გული და სასქესო ორგანოები, შიგნითასგან კი კუჭი, ღვიძლი, ნაწლავები, ფილტვები და საშარდე სისტემა.
მეორე თვე
მეორე თვეში ემბრიონი ძალიან სწრაფად იზრდება. მე-5 კვირიდან მისი გული ფეთქვას იწყებს. მე-6 კვირის ბოლოს ემბრიონს აქვს თავი და ტანი. მე-7 კვირას მისი ზომა 13 მმ-ს აღწევს. მეორე თვის დასასრულს იწყება სხეულის ძირითადი ორგანოებისა და სისტემების განვითარება.
პირველი ორი თვე ჩანასახისთვის კრიტიკულია. ამ პერიოდში გარეგანი ფაქტორების, მედიკამენტებისა და ვირუსების ზემოქმედებამ შესაძლოა თანდაყოლილი დეფექტები გამოიწვიოს, ამიტომ რისკების გამოსავლენად და სამართავად ქალმა დროულად უნდა მიმართოს ექიმს. სასურველია, პირველი კონსულტაცია ორსულობის დადგენისთანავე ჩატარდეს, მერე კი ექიმი, მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად დაგინიშნავთ მორიგ ვიზიტს.
ორსულობა უმეტესად ამ ვადებზე წყდება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მიზეზთა უმეტესობა ექოსკოპიური კვლევის ან ლაბორატორიული ანალიზის საშუალებით გამოვლინდება, ამიტომ პირველ ტრიმესტრში ექიმის მეთვალყურეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მესამე თვე
- ნაყოფის სიგრძე 63-76 მმ-ია, წონა – 28 გრამი.
- პირის ღრუში წარმოიქმნება კბილის ჩანასახები.
- ბავშვის კანზე ამოსვლას იწყებს თხელი თმა.
- ხელისა და ფეხის თითებზე ჩნდება ფრჩხილების ადგილის ჩანასახები.
- ნაყოფის მტევნები უფრო განვითარებულია, ვიდრე ტერფები.
- ნაყოფის გული შედგება ოთხი საკნისგან.
- ნაყოფის გულისცემაა 120-160 დარტყმა წუთში.
ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში ქალი შესაძლოა უჩიოდეს ტოქსიკოზს, საერთო სისუსტეს, ძილიანობას, სუსტ თავის ტკივილს. ეს სიმპტომები პათოლოგიაზე არ მიუთითებს, თუმცა შემაწუხებელია. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მათი მართვა ან შემსუბუქება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა: სწორი, ჯანსაღი კვება (აქცენტი უნდა დაისვას ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულზე, თუმცა ორსულის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს რძის ნაწარმი, თევზი და ხორციც), ზომიერი აქტიურობა. არ მოიკლოთ ძილი, არ გადაიღალოთ, ერიდეთ სტრესულ სიტუაციებს.
მეოთხე თვე (მე-14-17 კვირა)
ამ პერიოდში პატარა უკვე მოძრაობს, შეუძლია ყლაპვა, ცერა თითის პირში ჩადება (რაც ხშირად ექოსკოპიური კვლევის დროსაც ჩანს), აქვს წოვის რეფლექსი, იცვლის მიმიკას. კანი მოვარდისფრო-მოწითალო, თხელი და გამჭირვალეა. ნაყოფის სიგრძე 10-17 სმ-ს აღწევს.
ორსულობის შეგრძნება, ფაქტობრივად, სწორედ მეოთხე თვიდან იწყება. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოიხატება ნაყოფის მოძრაობით – მუცლის ქვედა არეში თრთოლის მსგავსი შეგრძნება მიუთითებს, რომ თქვენი პატარა უკვე მოძრაობს. პირველი ორსულობისას ნაყოფის მოძრაობა შესაძლოა ოდნავ მოგვიანებით შეიგრძნოთ. ამავე პერიოდში მცირდება გულისრევა, ღებინება, მკერდის დაჭიმულობა და პირველი ტრიმესტრისთვის დამახასიათებელი სხვა უსიამოვნო სიმპტომები. შესაძლოა, შეიცვალოს კანის პიგმენტაცია, მოიმატოს მადამ. ამ დროისთვის ორსულის წონის ნამატი შესაძლოა 5-7 კილოგრამიც კი იყოს. მუცელიც უკვე შესამჩნევია – დროა, მომავალმა დედამ გარდერობი განაახლოს.
აქვე გეტყვით, რომ ყველა ორსულობა სხვადასხვანაირია, ზოგს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი აქვს, ზოგს – არცერთი.
მეხუთე თვე (მე-18-21 კვირა)
- ნაყოფის სიგრძე 25 სმ-ია, წონა – 226-450 გრამი.
- უფრო აქტიურია.
- იღვიძებს და იძინებს რეგულარული ინტერვალებით.
- ძალიან სწრაფად იზრდება.
- ხელ-ფეხი უკვე სხეულის პროპორციულია.
- ხდება შინაგანი ორგანოების სრულყოფა.
ორსული ამ პერიოდში შესაძლოა შეაწუხოს საშოდან მოთეთრო გამონადენმა, ღრძილებიდან სისხლდენამ, მუცლის ქვედა ნაწილში დისკომფორტმა. ყაბზობამ, გულძმარვამ, შებერილობამ, ფეხის გაკავებამ, გულისცემის გახშირებამ. ზოგიერთს ამ პერიოდშივე უჩნდება გამონაჟონი სარძევე ჯირკვლიდან (ხსენი), რაც ნორმალურია.
მეექვსე თვე (22-26-ე კვირა)
- ბავშვის სიგრძე 31-35 სმ-ია, წონა – 900 გრამი.
- ნაყოფი თითქმის მთლიანად ჩამოყალიბებულია.
- კანი დანაოჭებულია, მაგრამ იწყება კანქვეშა ცხიმის განვითარება.
- ნაყოფი უფრო და უფრო უკეთესად არჩევს ხმებს.
მეშვიდე თვე (27-30-ე კვირა)
- ბავშვის სიგრძე 38-40 სმ-ია, წონა – 1100-1300 გრამი.
- ამ დროისთვის ქუთუთოები განცალკევდება და პატარას შეუძლია თვალების გახელა.
- ნაყოფი რეაგირებს სინათლესა და ხმაზე. ინტენსიურად ვითარდება თავის ტვინი და ნერვული სისტემა.
მერვე თვე (31-35-ე კვირა)
- ბავშვის სიგრძე 45-48 სმ-ია, წონა – 1800-2200 გრამი.
- გრძელდება ტვინის ქსოვილის სწრაფი ზრდა.
- ნაყოფი უკვე საკმაოდ დიდია და ნაკლებს მოძრაობს.
- ორსულმა მუცელზე შეიძლება იგრძნოს ნაყოფის იდაყვი ან მუხლი.
- ნაყოფის თავის ქალას ძვლები რბილი და მობილურია, რაც სამშობიარო გზებში მის გამოსვლას აადვილებს.
- შესაძლოა, ფილტვები ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყოს ჩამოყალიბებული.
მეცხრე თვე (36-ე-მე-40 კვირა)
- ნაყოფის სიგრძე 48-53 სმ-ია.
- ფილტვები მომწიფებულია.
- ნაყოფის თავი უმეტესად ქვევითაა მიმართული.
37-ე-მე-40 კვირას დაბადებული ბავშვი დროულ ახალშობილად ითვლება.
მუცელი კვლავ იზრდება, ჭიპი ამოიბურცება. ძვალსახსროვან სისტემაში მიმდინარე ცვლილებების გამო შესაძლოა ქალს გაუჭირდეს მოძრაობა. ინტენსიურად მზარდი ნაყოფი აწვება შარდის ბუშტს, რაც ხშირ შარდვას იწვევს. მოსალოდნელია შარდის უნებლიე გამოყოფაც სიცილის, ხველებისა და ცემინების დროს. ჩვეული მოვლენაა ძილის დარღვევა, რისი მიზეზიც ნაყოფის დიდი მასაა. კომფორტული პოზის მიღებაში ქალს ორსულის ბალიში დაეხმარება. ხშირია ყაბზობითა და ჰაერის უკმარისობით გამოწვეული დისკომფორტი, გულძმარვა. ესეც ნაყოფის ზრდით აიხსნება. ამ სიმპტომების შესამსუბუქებლად სასურველია კვება ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით. ერიდეთ საკვებს, რომელიც შეკრულობას ან კუჭის გაღიზიანებას იწვევს.
ორსულობის ბოლო თვეებში ხშირია ცრუ განგაში. როგორ უნდა მიხვდეს ორსული, რომ მშობიარობა ნამდვილად დაეწყო?
თუ ქალმა სანაყოფე წყლები დაღვარა, ექიმს უნდა მიმართოს, განურჩევლად დაღვრილი წყლების ოდენობისა და ტკივილის არსებობა-არარსებობისა.
სამშობიარო მოქმედებას ახასიათებს რეგულარული მოვლითი ტკვილი, რომელიც განსაზღვრული ინტერვალით მეორდება. ასეთი ტკივილის შემთხვევაშიც სამშობიაროს უნდა მიაშუროთ.