საუკეთესო ფოტოკადრი იმ დიალოგის შედეგია, რომელიც ავტორსა და ფოტოაპარატს შორის იმართება. ეს იდუმალი პროცესი ანარეკლებში უსიტყვოდ მოგზაურობას ჰგავს, რომლის დანიშულების ადგილიც ერთი ისტორიის ფირზე დატანაა. სამყარო კი, რომელიც ქალაქიდან შორს და ბუნებასთან ახლოს იშლება, ნათელა გრიგალაშვილის მოგონებების ანარეკლად, წამიერად ჩერდება და ფოტოკადრად ფორმირდება ხოლმე. ნათელას ფოტოგრაფია გვაძლევს შესაძლებლობას, ბუნებასთან ახლოს მყოფი ადამიანები მათი უნიკალური პერსპექტივიდან დავინახოთ. ეს ხედვა და ტექნიკა მოსწონთ და აფასებენ საზღვრებს გარეთაც. ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსერია მაღალმთიანი აჭარიდან სულ ცოტა ხნის წინ, ფოტოკონკურსის, Prix Andree Moser-ის, გამარჯვებული გახდა. ამას მოჰყვა რამდენიმე ექსპოზიცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
ნათელა, მოგვიყევი შენი ფოტოსესიის შესახებ მაღალმთიანი აჭარიდან, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ შვეიცარიული ფოტოფესტივალის გამარჯვებული გაგხადა.
ამ პროექტზე უკვე წლებია ვმუშაობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მემთეურების ცხოვრებას მსოფლიოს ვაცნობ. ეს ფოტოეპროექტი ღამიის ფესტივალის დირექტორმა სხვა შვეიცარიულ ფესტივალზე ნახა და Prix Andree Moser-ში მონაწილეობის მისაღებად მიმიწვია. ფესტივალს ასევე ახლავს კონკურსი, რომელიც მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანდრე მოზერის სახელობისაა. კონკურსის ჟიურიმ წელს პირველი ადგილი ჩემს ფოტოს გადასცა, რაც, რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო.
პირველად როდის და როგორ გაჩნდა ფოტოგრაფია თქვენს ცხოვრებაში?
პირველი ფოტოკამერა ჩემმა მეგობარმა მაჩუქა. მან იცოდა, რომ ძალიან მინდოდა ფოტოგრაფიის შესწავლა. ეს იყო საბჭოთა პერიოდის ყველაზე იაფფასიანი კამერა „სმენა“. ამ კამერით მუშაობა ძალიან მარტივი იყო დამწყებთათვის და მეც ბევრი დეტალის შესწავლაში დამეხმარა.
რას ნიშნავს ფოტოდოკუმენტალისტიკა თქვენთვის? ეს ხომ არ არის მხოლოდ ერთი კადრი. ძირითად შემთხვევაში ამ კადრის უკან მთელი ისტორიაა ხოლმე.
დოკუმენტური ფოტოგრაფია ფოკუსირებულია რეალურ მოვლენებზე. იგი, როგორც კონცეფცია, გაჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი დეპრესიის დროს. ჯერ კიდევ მაშინ ჩამოყალიბდა დოკუმენტური ფოტოგრაფიის ძირითადი კანონები და ისინი დღესაც აქტუალურია. მიმაჩნია, რომ დოკუმენტურ ფოტოგრაფიას დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვს. უმეტეს შემთხვევაში მისი გმირები არიან ადამიანები და ის გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ. დოკუმენტური ფოტოპროექტი, პირველ რიგში, ეს არის თემის სიღრმისეული და გრძელვადიანი კვლევა. ყოველი კადრის მიღმა არის ისტორია, რაც ფოტოგრაფისთვის მნიშვნელოვანია და მასზე ემოციურად მოქმედებს.
თქვენი ცხოვრების მოყოლა რომ შეგეძლოთ ერთი კადრით, ცხოვრების რომელ ნაწილს აღბეჭდავდით?
ჩვენ, ფოტოგრაფები, ვქმნით ჩვენ მიერ გატარებული ცხოვრების მოგონებას კადრებში. ჩვენი ცხოვრების ყოველი წამი ივსება უნიკალური მოვლენებით. დოკუმენტური ფოტოგრაფია კი ინახავს ამ წამებს მხატვრული გაზვიადების გარეშე. ყოველი განვლილი წამი უკვე წარსულია და ის აღარასოდეს განმეორდება. ამიტომ ის რაღაცით უკვე ძვირფასი ხდება ჩვენთვის.
რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო და მისი ბუნება, რომელიც ასე განსაკუთრებულად აღიბეჭდება ხოლმე თქვენს ფოტოებში?
საქართველო ჩემთვის არის ძალიან ფოტოგრაფიული ქვეყანა. უნიკალური, მრავალფეროვანი და ძვირფასი. გული მწყდება, როგორ იცლება სოფლები და ქალაქები, როგორი გაჭირვებაა რეგიონებში და როგორ სწრაფად ვკარგავთ ამ უნიკალურობას. მინდა, რომ რაც შეიძლება ხშირად ვესტუმრო საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და გადავიღო რეგიონების დღვანდელობა.
საუკეთესო კადრი გადის თუ არა გულწრფელობასა და შენს დამოკიდებულებასთან პერსონაჟების მიმართ?
არის თუ არა გულწრფელობა, თანაგრძნობა და როგორია ავტორის დამოკიდებულება ადამიანის ან მოვლენის მიმართ, ამას ყოველთვის ხვდება დაკვირვებული მნახველი.
ახლა თუ მუშაობთ რაიმე ფოტოპროექტზე და რა სიახლეებია თქვენთან?
ამჟამად ვაგრძელებ დაწყებულ ფოტოპროექტებზე მუშაობას. მაქვს ახალი გეგმებიც და იმედი მაქვს, შევძლებ მათ განხორციელებასაც.
ტექსტი: თაკო დარახველიძე
ფოტო: მაკა მეგრელიძე