OK! წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – “რჩევები დედებს”, რომლის პირველი თემაც მცირეწლოვანი ბავშვების ეკრანდამოკიდებულებაა. დამეთანხმებით ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და შეიძლება ითქვას, პრობლემური საკითხია ნებისმიერი მშობლისთვის, რომლის შვილიც აქტიურად იყენებს მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებს. ამ თემასთან დაკავშირებით OK! სამედიცინო ცენტრის, „საგიტარიუსის“ დამფუძნებელს, ოფთალმოლოგს, მედიცინის დოქტორს, ასოცირებულ პროფესორს, ეკა გვარიშვილს ესაუბრა.
დღეს ბავშვები ხშირად იყენებენ მობილურ ტელეფონებს, პლანშეტებს… რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ეკრანის ხშირმა მოხმარებამ ბავშვებში?
თანამედროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია პლანშეტის, ტელეფონის, კომპიუტერის გარეშე. უფროსების ქცევიდან გამომდინარე, ბავშვები ჩვილობიდან ავლენენ ინტერესს გაჯეტების მიმართ. აქ ბავშვის ლოგიკა მარტივია – თუკი დედა და მამა ამდენ ყურადღებას უთმობენ რაღაცას, ესე იგი, ეს რაღაც ძალიან საინტერესოა.
სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ უდავოა გაჯეტების სარგებელი ბავშვის დროებით გართობის, მისი ყურადღების გადატანის თვალსაზრისით. ასე მაგალითად, ბავშვებს რთულად გადააქვთ რიგებში ხანგრძლივად დგომა, ხანგრძლივი მგზავრობა, საცობები. ასეთ დროს ჩვენ იშვიათად შეგვიძლია შევთავაზოთ მათ სათამაშოები, წიგნები და ფლომასტერები, მაგრამ ტელეფონი, რომელიც მუდმივად ჩვენთან ერთადაა, ძალიან გამოგვადგება.
სმარტფონი ან პლანშეტი მულტფილმებით, თამაშებითა და საინტერესო აპლიკაციებით დაეხმარება ბავშვს, გაერთოს მოსაწყენი პროცედურების დროს. მაგრამ აქვე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მედლის მეორე მხარე: ადრეულ ასაკში ყალიბდება ბავშვის აზროვნების წესი, ყოველი ქმედებით ის ყოველ წუთს შეიმეცნებს ნივთიერ სამყაროს და ძალზე მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩართული იყოს შეგრძნების ყველა ორგანო. იმისათვის, რომ გაიგოს და დაიმახსოვროს, როგორი ფორმისაა ბურთი ან კუბი, საკმარისი არ არის მათი ორგანზომილებიანი გამოსახულების დანახვა – აუცილებელია, ჩვენი პატარა ხელით შეეხოს კუბის წახნაგებს, ბურთის გლუვ ზედაპირს და ყველა განზომილებაში აღიქვას და დაიმახსოვროს ნივთი.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გაჯეტების ზომიერად მოხმარებას აქვს თავისი პოზიტიური შედეგებიც, მაგრამ ნებისმიერ განმავითარებელ ვიდეოს ცალმხრივი და შეზღუდული ეფექტი გააჩნია.
აზიანებს თუ არა ბავშვების მხედველობას ტელეფონი?
მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ ადამიანის თვალის მოწყობა გულისხმობს მხედველობის სისტემატურ გადართვას ახლო მიზნებიდან შორზე. როცა ბავშვი ან მოზრდილი ადამიანი ძალიან დიდხანს უყურებს ტელეფონის ეკრანს, თვალი იძულებულია იმუშაოს მუდმივი ახლოხედვის რეჟიმში, რაც ადრე თუ გვიან, აუცილებლად იწვევს მხედველობითი აპარატის დაძაბვასა და გადაღლას. თუკი ზრდასრული ადამიანისათვის კომპიუტერთან 6-7 საათის მანძილზე, შესვენებებით მუშაობა სრულიად მისაღებია, ბავშვების შემთხვევაში ეს დაუშვებელია.
მშობლებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ბავშვების მხედველობაზე გაჯეტების მკაფიოდ უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება გამოვლინდეს, თუკი ბავშვი დიდ დროს (დღეში 3 საათზე მეტს) ატარებს ეკრანთან ან მონიტორთან, არ იცავს ეკრანთან მიმართებაში მხედველობისათვის უსაფრთხო დისტანციას, აქვს განათების ცუდი პირობები.
გახსოვდეთ, რომ დაბადებიდან ადამიანის თვალი მუდმივად ვითარდება, მისი ზოგიერთი ფუნქცია მხოლოდ 14-15 წლისათვის ყალიბდება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში შევქმნათ ოპტიმალური პირობები შეგრძნების ამ ორგანოს ჯანსაღი განვითარებისათვის.
ბავშვის მხედველობაზე გაჯეტების უარყოფითი გავლენის მთავარი მიზეზია ეკრანსა და თვალს შორის ძალიან მცირე მანძილი, რომლის გამოც ხდება აკომოდაციის აპარატის გადაღლა. რაც უფრო პატარაა ეკრანი, მით მეტად იძაბება მხედველობა. გარდა ამისა, ეკრანის მკვეთრი განათება ამძიმებს პათოლოგიურ პროცესებს.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით მონიტორის გამოყენებასთან დაკავშირებულ პათოლოგიურ მდგომარეობას, ე.წ. კომპიუტერული მხედველობის სინდრომს. კომპიუტერთან მუშაობისას იცვლება ადამიანის თვალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება – დახამხამების სიხშირე. თუ ნორმალურ მდგომარეობაში, დახამხამების სიხშირე წუთში შეადგენს 12-20 მოძრაობას, კომპიუტერთან მუშაობისას ადამიანი თვალს 3-5-ჯერ ნაკლებად ახამხამებს. რის შედეგადაც, ზიანდება თვალის ზედაპირი: ორთქლდება პრეკორნეალური საცრემლე აპკი, შრება რქოვანა და ვითარდება „მშრალი თვალის“ სინდრომი. კომპიუტერული მხედველობის სინდრომი ხასიათდება ჩივილების კომპლექსით, რომლებიც პირობითად შეგვიძლია დავყოთ მხედველობით და თვალის (ფიზიოლოგიურ) პრობლემებად. მხედველობით ჩივილებს განეკუთვნება ასთენოპია (მხედველობის გადაღლა), მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია (გამოსახულების გაორება); ხოლო თვალთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ჩივილებია წვა და „ქვიშიანი თვალის“ განცდა, ტკივილები თვალისა და შუბლის არეში, თვალისა და ქუთუთოს სიწითლე, ტკივილი თვალის მოძრაობისას.
როგორ განვუსაზღვროთ ბავშვებს კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების დროის ხანგრძლივობა?
იმისათვის, რომ არ დავუშვათ ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება და შევამციროთ ნეგატიური ზეგავლენა, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ისინი გონივრულად და დავიცვათ პროფილაქტიკური ზომები – შევზღუდოთ ბავშვის კომპიუტერთან ყოფნის დრო დასაშვებ მინიმუმამდე და გავითვალისწინოთ, რომ მინიმუმი ყოველი ასაკისათვის ცალკე ისაზღვრება. აქვე შეგახსენებთ, რომ სამ წლამდე ბავშვებისათვის კომპიუტერები, სმარტფონები და პლანშეტები საერთოდ აკრძალულია.
მე ვურჩევდი მშობლებს, შეუზღუდონ 4-იდან 6 წლამდე ბავშვებს კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება დღეში 30 წუთამდე; დაწყებითი სკოლის ასაკში, ეს დრო შეიძლება 1 საათამდე გაიზარდოს, ხოლო 10 წლის ასაკში – 2 საათამდე. გააკონტროლეთ, რომ ბავშვმა შეისვენოს ყოველ 40-45 წუთში.
იმისათვის, რომ ბავშვის თვალი რაც შეიძლება ნაკლებად დაიღალოს, მისთვის სამუშაო ადგილის მოწყობისას გაითვალისწინეთ 3 ძირითადი ფაქტორი: განათება, ბავშვის პოზა მუშაობისას და მაგიდისა და მონიტორის განლაგება.
ასევე, კომპიუტერზე მუშაობის დაწყებამდე, აუცილებელია დავაყენოთ ეკრანის ოპტიმალური კონტრასტი და განათება. ამ პარამეტრების შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, ბავშვის მოსაზრებისა და ზოგადი წესების გათვალისწინებით.
რა რჩევებს მისცემდით მშობლებს?
თავს უფლებას მივცემ, გავამახვილო მშობლების ყურადღება კიდევ ერთ მომენტზე: შეეცადეთ, გაართოთ ბავშვი არა გაჯეტით, არამედ საქმით. ნუ გადააქცევთ კომპიუტერულ თამაშს ან ინტერნეტის გამოყენების უფლებას ჯილდოდ კარგი საქციელისთვის; ატარეთ ბავშვები სპორტზე, ცეკვაზე, მუსიკაზე – იქ, სადაც თავად მოინდომებს საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების რეალიზებას; წაახალისეთ მისი ურთიერთობები თანატოლებთან. და, რაც მთავარია, ყოველთვის შეაქეთ ისინი დიდი თუ პატარა მიღწევისათვის და ნურასოდეს დასჯით წარუმატებლობისთვის, რადგან მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს იშვიათად უყალიბდებათ ადიქციები.
ფოტო: გიორგი კალანდაძე