ქართული OK!-ს საახალწლო ნომრის მთავარი გმირი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. პრეზიდენტს სასახლეში ვეწვიეთ. სანამ ქალბატონ სალომეს შევხვდებოდით, პრეზიდენტის საყვარელი ძაღლი, გომბორა გავიცანით, რომელიც მისთვის უკვე შინაურ სასახლის კედლებში დაცუნცულებდა. როგორც აღმოვაჩინეთ, ქალბატონმა სალომემ წინასაარჩევნო კამპანიისას გომბორის უღელტეხილზე შემთხვევით იპოვა უპატრონო მეტისი, შეიფარა და ასე გახდნენ განუყრელი მეგობრები. ძალიან მალე თავად პრეზიდენტიც გამოჩნდა – საოცრად ელეგანტური და მომხიბლავი, როგორც ყოველთვის. გადავწყვიტეთ, ექსკლუზიური ინტერვიუს საშუალებით, ჩვენი ნომრის მთავარი გმირი სულ სხვა კუთხით წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ, როგორი დედა და ბებიაა საქართველოს პრეზიდენტი, როგორია მისი ახალ წელთან შეხვედრის ტრადიციები და როგორ ახერხებს, რომ ყოველვის ასეთ არაჩვეულებრივ ფორმაში იყოს. ამ და სხვა საინტერესო თემებზე პრეზიდენტთან საუბრის შესახებ, მასთან ქართული OK!-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში წარმოგიდგენთ.
წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და არაჩვეულებრივი მოვლენა საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გახდა. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ ევროინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდეს?
ეს ყველას გასაკეთებელია. პირველი ეტაპი არჩევნებია, სადაც უნდა დავადასტუროთ, რომ მართლაც ამ სტატუსის ღირსნი ვიყავით და ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პროდასავლური ნება.
გვითხარით, რას ნიშნავს, იყო ქვეყნის ქალი-პრეზიდენტი? რა გამოწვევები ახლავს ამ სტატუსს?
სხვათა შორის, ამ სტატუსს ჩემთვის ბევრად ნაკლები გამოწვევა ახლავს, ვიდრე ეს მიჩნეულია საქართველოში ან საზღვარგარეთ. რეალურად, არც არჩევნების პერიოდში და არც მერე მიგრძნია ხალხში რამე წინააღმდეგობა იმის მიმართ, რომ ქალი პრეზიდენტი ვარ. ამ მხრივ, არანაირი გამოწვევა არ ყოფილა. გამოწვევები იმავე კატეგორიისაა, რასაც განიცდიან სხვა ქალები პოლიტიკაში – ეს არის სიტყვიერი ძალადობა, სიტყვიერი ჩაგვრა, რაც ბევრი მხრიდან მიმიღია და ეს ისაა, რაც, ვფიქრობ, ყველა ქალისთვის რთული გადასალახია. ეს მოცემულობა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რატომაც არ გვყავს პოლიტიკაში ქალების ის რაოდენობა, რაც უნდა გვყავდეს. თუკი გადავხედავთ ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებს, იქ ქალები საკმაოდ არიან წარმოდგენილნი, შეიძლება მათ არ აქვთ მამაკაცებთან გათანაბრებული ანაზღაურება, რაც მთელ მსოფლიოში პრობლემაა, მაგრამ რატომაც არ არიან ქალები პოლიტიკაში, ამაზე პასუხი ის სიტყვიერი ძალადობა, წნეხი, შეურაცხყოფის, ჩაგვრის და სიძულვილის ენაა, რაც ძალიან ძნელი მისაღებია და როცა დედა ხარ, კიდევ უფრო რთულია.
როგორი დედა და როგორი ბებიაა სალომე ზურაბიშვილი?
ყოველთვის ბევრს ვფიქრობდი, როგორ გამეზარდა შვილები სწორად. სულ მეშინოდა, რომ სხვა ქვეყანაში იყო საფრთხე ქართული ენის ვერშენარჩუნების.
გადარეული ბებია ვარ. შვილიშვილთან მხოლოდ სიამოვნება, სიყვარული და სითბო მაკავშირებს. ყველა მეუბნებოდა ამას, მაგრამ სანამ თავად არ განვიცადე, ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, ეს რამხელა ბედნიერებაა.
რა თვისებებით აფასებთ ადამიანს?
არ უნდა იტყუებოდეს. თუ ადამიანი არ იტყუება, ყველაფერი რიგზეა. გულწრფელობა ის თვისებაა, რომელიც ადამიანზე წარმოდგენას მიქმნის.
შეგიძლიათ გაგვიმხილოთ თქვენი ის თვისებები, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ საკუთარ თავში?
მომწონს ის, რომ არასდროს ვიტყუები.
პრინციპები, რომელსაც არასდროს ღალატობთ…
ცხოვრების წესი და მიმართულება: ოჯახი, მეგობრობა, ერთგულება ყველაფერში. ერთგულება არის ის, რაც ყველანაირ ურთიერთობას განაპირობებს.
დაძაბული და დატვირთული სამუშაოს შემდეგ როგორ და სად ახერხებთ განტვირთვას, და ზოგადად, რა არის თქვენთვის განტვირთვა?
ძირითადად, ვისვენებ სახლში. მიხარია, რომ ვცხოვრობ ჩემს სახლში, სადაც ვიყავი პრეზიდენტობამდე და ვიქნები შემდეგაც. ეს იმას ნიშნავს, რომ სრულიად თავისუფალი ვარ, მივიღო ჩემი მეგობრები და არა აქ, ოფიციალურ გარემოში, რაც ბევრ ქვეყანაში პრეზიდენტების ხვედრია. ბევრგან სასახლე პრეზიდენტების რეზიდენციასაც წარმოადგენს და იქვე ცხოვრობენ. თავიდან ჩვენი სასახლე რომ დავათვალიერე, ჯერ გამიკვირდა, რომ საცხოვრებელი ფლიგელი არ ჰქონდა, შემდეგ კი, ძალიან გამიხარდა, რადგან შემეძლო კვლავ ჩემს სახლში მეცხოვრა. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი განტვირთვა, როცა შემიძლია საღამოს, რომელი საათიც არ უნდა იყოს, დავბრუნდე შინ, ჩემს გარემოში, ჩემს წიგნებთან, ნახატებთან, ჩემს სიმყუდროვეში, სადაც ვიღებ ახლობლებსა და მეგობრებს.
მუსიკა გიყვართ?
მიყვარს და განსაკუთრებით, ცოცხალი მუსიკა. როცა ამის შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ, ხშირად ვიარო კონცერტებზე.
რომ არა დიპლომატია და სახელმწიფო სამსახური, რა საქმიანობით დაკავდებოდით? ალტერნატიულ ცხოვრებაში რა სფეროში დაინახავდით საკუთარ თავს?
სხვათა შორის, მე ვიმუშავე კერძო სექტორში, სულ რაღაც 6 თვის განმავლობაში და არ გამომივიდა. ვმუშაობდი პიარის და გარკვეულწილად, კომერციის მიმართულებით. მე მაინც ყოველთვის მოწადინებული ვიყავი, რომ სახელმწიფო სამსახურში ვყოფილიყავი. ეს არის ჩემი მოწოდება.
ქალბატონო პრეზიდენტო, ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებით. თქვენ გაქვთ განუმეორებელი, ელეგანტური სტილი და მუდმივად ფორმაში ხართ – ეს არაერთხელ გამხდარა საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურების საგანი. შეგიძლიათ გაუმხილოთ ჩვენი ჟურნალის მკითხველ ქალებს თქვენი ფორმაში ყოფნის საიდუმლო?
ფორმაში ყოფნა სრულად გომბორას დამსახურებაა. ყველანაირი მიზეზის გარეშე, ყოველდღე მივდივართ სასეირნოდ და ამისთვის მისი მადლიერი ვარ. ისედაც მიყვარს სიარული და სეირნობა, მაგრამ ეს ის აუცილებლობაა, რომელსაც ვერ გადავდებ გვერდზე. ძალიან მიყვარს ცურვაც, განსაკუთრებით, ზღვაში, მაგრამ ამის შესაძლებლობა ხშირად არ მაქვს და ამიტომ ვცურავ აუზში.
ჩაცმულობას და სტილს რაც შეეხება, დავიბადე და გარკვეული პერიოდი ვიცხოვრე საფრანგეთში, შემდეგ კი, იტალიაში. ალბათ, ორივე ქვეყანამ თავისი გავლენა მოახდინა ჩემზე. როცა ლამაზ გარემოში ცხოვრობ, ვფიქრობ, ეს გავლენას ახდენს ადამიანის სტილზე. მოხდენილ ფორმაში ყოფნა განწყობაზე დადებითად აისახება.
როგორია საქართველოს პრეზიდენტის ერთი ჩვეულებრივი დღე, როგორია თქვენი ცხოვრების წესი?
პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში, საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში, სამუშაოს დაწყების დროდ დილის 09:00 საათი ჩავნიშნე. რამდენიმე თვის შემდეგ, ქართული წესის შესაბამისად, გადავედი 10:00 სთ-ზე და შემდეგ 11-ზე. ასე რომ, ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე დაახლოებით 09:30 -ზე გომბორასთან ერთად სეირნობით იწყება, ხშირად კუს ტბაზე ავდივართ, სეირნობის შემდეგ მე ვცურავ, გომბორა კი მანქანაში მელოდება. შემდეგ ორივე ფეხით მივდივართ სასახლემდე 11:00 საათისთვის. ამის შემდეგ სამუშაო დღე მიდის განრიგის მიხედვით: არის შეხვედრები, შიდა თათბირები, ღონისძიებებისთვის მზადება, უცხოური დელეგაციების დახვედრები… ძირითადად, სასახლეში ვატარებ მთელ დღეს, თუ ვიზიტები არ მაქვს დაგეგმილი. როგორც წესი, ძალიან გვიან სრულდება ჩემი და ჩემი თანამშრომლების სამუშაო დღე.
ბოლოს კი, ახალი წლის შეხვედრის ტრადიციაზე მინდა გკითხოთ. როგორ და რა გარემოში ხვდებით ამ დღესასწაულს? რაიმე ტრადიცია ან რიტუალი თუ გაქვთ?
სამწუხაროდ, ბოლო წლებში ძნელად გვიხერხდება მთელ ოჯახს ერთად შეკრება. საახალწლოდ, ყოველთვის ჯერ მამა ამზადებდა გოზინაყს, შემდეგ მე გადმოვიბარე ეს ტრადიცია. გოზინაყს ყოველ ახალ წელს სახლში თავად ვამზადებ და ახალ წლამდე არავის ვასინჯებ. საცივსაც ვამზადებ. როცა საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, ჩემი უცხოელი მეგობრებისთვის ყოველთვის ვამზადებდი ქართულ კერძებს, განსაკუთრებით, საცივსა და ხაჭაპურს.
დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის.
დიდი მადლობა თქვენ.
ფოტო: ნანო თენოშვილი
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ტექსტი: თაკო გვაზავა