არიან ადამიანები, რომელთა არსებობა განსაკუთრებულ ხიბლს, ფერსა და ემოციას სძენს ქალაქს, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს იწვევს მათი ხილვა, მოსმენა, ამბები მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. „OK! ბათუმის“ სტუმრები თანამედროვე ქართული მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლები, ვახტანგ (ბესო) ბესელია და ნინო ნიჟარაძე არიან, რომელთა შემოქმედება მხატვრობის საოცარ ლაბირინთებში გამოგზაურებს და შენში არსებულ იმ ემოციებსაც აღვიძებს, რომელთა არსებობა შესაძლოა მივიწყებულიც კი გქონდა. ნამდვილი შემოქმედის როგორც სული, ასევე სახლი, თუ მასთან მიახლოებას შეძლებ, გაბედავ, ხან სიჩუმით, ხან კიდევ ძალიან დიდი ხმაურით „შემოგინგრევს კარს“ შთაგონებისას და ხვდები, რაღაც ახალი სისავსე დაიბადა შენში. „მე ბევრს ვერ ვლაპარაკობ, ჩემს სათქმელს ჩემი ნახატები ამბობენ“, მითხრა ბატონმა ვახტანგმა და კითხვებზე პასუხების გაცემაში პირველობა მეუღლეს, ქალბატონ ნინოს დაუთმო. თუმცა, სანამ ინტერვიუზე გადავალთ, მანამდე აუცილებლად მინდა მოგიყვეთ სახლზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. სახლზე, რომელშიც თითოეული ნივთი გვიყვება ამბავს ორი ადამიანის შემოქმედებით გზაზე, სიყვარულზე, წარსულსა და აწმყოზე. რაღაც სხვა, მისტიკური განცდების ტყვეობაში ჰყავხარ, რომლისგანაც თავის დახსნა აღარ გინდა, პირიქით, მიჰყვები დაუსრულებლად… ისინი უხდებიან ბათუმს, ბათუმი უხდება მათ და ეს კავშირი ჰგავს პალიტრას, რომელზეც ხან მკვეთრი, ხან კი მკრთალი კონტურებით ორი მხატვრის სულის ხელწერა იკვეთება.
როგორია თქვენი წილი ბათუმის ექო, რას გეუბნებათ დღეს ის…
ნინო ნიჟარაძე: ჩემი ბავშვობა ბათუმიდან იწყება, ბესოსი არა, რადგან ის სენაკში დაიბადა. თუმცა, ვფიქრობ, ყველაზე ბათუმური ტილოები სწორედ მისი შექმნილია. სტუდენტობისას, დედაქალაქში ყოფნის დროს, სხვადასხვა ეროვნების ბათუმელი მეგობრები, მეზობლები, თანაკურსელები, თანასკოლელები გვყავდა, რომლებსაც ვინმე თუ შეეკითხებოდა სადაურები იყვნენ, სიამაყით პასუხობდნენ, ბათუმელებიო. ბათუმელი, ეს იყო სტატუსი, ღირსება. მესმის, რომ ის ბათუმი, რომელიც ჩემს ბავშვობაში იყო, აღარ განმეორდება, მესმის, რომ ცივილიზაციას ახლავს ცვლილებები, მაგრამ ის, რაც დღეს ბათუმში გვხვდება, საერთოდ არ ჰგავს ჩემი ბავშვობის ბათუმს. აიღეს ერთსართულიანი ბელეტაჟები, ქუჩები გადაასხვაფერეს, მაღალსართულიანი შენობები ჩადგეს, რამაც ბათუმის იერსახე სრულებით შეცვალა. მყუდროება დაკარგა ბათუმმა. სხვათა შორის, ბათუმი ჩემს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში ერთადერთი ყველაზე უფრო ევროპული ქალაქი იყო მთელ საქართველოში. აქ სულ სხვანაირი სითბო და სიყვარული იცოდნენ, ერთმანეთისადმი სხვანაირი პატივისცემა. იმ ქალაქს, რომელსაც მე დავარქვი ჩემი ბათუმი, დღეს როცა გავდივარ მის ქუჩებში, ვხვდები, ის ჩემი ბათუმი აღარ არის, შეიცვალა მისი ფერი და ემოცია…
ვახტანგ ბესელია: ოჯახთან ერთად ბათუმში 1974 წელს გადმოვედი. ყველა ისე მესალმებოდა, როგორც ერთმანეთს ესალმებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ მიცნობდნენ, მათიანად მიმიღეს. შენობა და გარემო ადამიანისთვის იქმნება და ის ცვლის ადამიანს, სწორედ ამან გაანადგურა და დაუკარგა სახე ბათუმს. ერთ ისტორიას მოგიყვებით. ჩვენ მეგობრები გვყავს, ძალიან განათლებული ცოლ-ქმარი, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. ძალიან მოგვენატრა ერთმანეთი და ჩვენთან სტუმრად წამოვიდნენ, ველოდებოდით, იმათ კი დაგვირეკეს, მახინჯაურში შემოვედით და ბათუმს რომ შევხედეთ შორიდან, გვაპატიეთ, მაგრამ უკან ვბრუნდებით, ჩვენ ასეთ ბათუმში არ შემოვალთო და წავიდნენ, მას შემდეგ აღარ ჩამოსულან. იმდენად უყვარდათ ბათუმი, რომ არ მოუნდათ ამ ცივი და მიუკარებელი ნაგებობების ნახვა. ჩვენი სახლი ბათუმურ ეზოში დგას, უნდა ნახოთ აქ რა ჟრიამულია, როგორ უყვართ ბავშვებს აქ მოსვლა და თამაში. მოსწყინდათ მაღალსართულიან „ციხეებში“ ყოფნა. მე და ნინო მთელი დღე ვუყურებთ მათ ბედნიერ სახეებს და მათთან ერთად ვხარობთ. თუმცა ეს ეზოც აღარ იქნება ცოტა ხანში. გული ძალიან მწყდება, რომ ის ბათუმი, რომელიც მე პირველად ვნახე, თანდათან გავაფუჭეთ…
შემოქმედებითი გზავნილი…
ნინო ნიჟარაძე: მიმაჩნია, მხატვარი იმისთვის არ ხატავს, რომ ვიღაცას რაღაცა ასწავლოს, მოუწოდოს. შეიძლება გამოფენაზე ასი ნახატი გამოფინო, მაგრამ აქედან ერთი ან ორი იყოს ისეთი, რომელსაც გინდა ვიღაცამ განსაკუთრებით მიაქციოს ყურადღება, შეჩერდეს და წაიკითხოს… მხატვრობის ზუსტ შეცნობასა და შეფასებას დიდი სიღრმე და განსწავლულობა ესაჭიროება. არიან ადამიანები, მაგალითად, პოეტები, რომლებიც ხანდახან ისეთ რამეს აღმოაჩენენ შენს ტილოზე, რომელზეც ხატვის დროს შესაძლოა არც კი გიფიქრია, და შენც ახლებური თვალით შეხედავ საკუთარ ტილოს. აღქმის განსაკუთრებული უნარი სჭირდება, რომ ამოიკითხოს ის, რაც თქვენ მკითხეთ…
პალიტრა, როგორც მხატვრის სულისა და შინაგანი სამყაროს გამოძახილი…
ვახტანგ ბესელია: მხატვრის სიტყვა არის ტილო. მე არ მეხერხება საუბარი, მაგრამ ერთს გეტყვით, 70 წლის ასაკში მივხვდი, როგორ უნდა მეხატა თურმე, ახლა კი 79 წლის ვარ… ამ ამბავს ყველას ვუყვები, მოგიყვებით თქვენც და გავჩუმდები. იყო ერთი სუფია, უჭკვიანესი ადამიანი, რომლის ჩანაწერები იპოვეს, სადაც წერს, ძალიან ამბიციური ვიყავი, სამყარო არ მომწონდა, დღეში რამდენჯერმე ვლოცულობდი, უფალო, გევედრები, მომეცი ძალა, რომ სამყარო შევცვალოო. გავხდი 50 წლის და მივხვდი, გამორიცხული იყო და გადავწყვიტე ჩემი თხოვნა შემეცვალა და ვთხოვე უფალს, უფალო, მომეცი იმის ძალა მაინც, რომ ჩემი ოჯახი შევცვალოო. გავხდი 70 წლის და მივხვდი, ესეც ტყუილი ოცნება და ლოცვა იყო. შემდეგ კი ვთხოვე, უფალო, მომეცი ძალა, საკუთარი თავი შევცვალოო. უფალმა კი გადმოსძახა, აი, საიდან უნდა დაგეწყო, შენ ამისთვის დრო უკვე აღარ გრჩებაო. ასე მომივიდა მეც…
მუზა…
ნინო ნიჟარაძე: არ არის სავალდებულო, მუზა იყოს ქალი ან კაცი. მუზა ძალიან „ვრედნი“ ვინმეა, არასოდეს არ მოინახულებს იმას, ვისაც არ სჯერა მისი…
ვნანობ…
ვახტანგ ბესელია: სინანული მთელი ცხოვრება გაქვს ადამიანს. თუ ნორმალური ხარ კაცი, სინანულის გარეშე რანაირად იქნები? ჩემს კატალოგს, რომელიც 2022 წელს გამოიცა, ფონად გასდევს კიდევაც სტრიქონი: „მე მელოდება ის სინანული, სინანულების მერე რომ მოდის“, რომელიც ჩემს მეგობარს, პოეტ ვასილ ბესელიას ეკუთვნის…
ნინო ნიჟარაძე: ძალიან ვნანობ, ცხოვრებაში რამდენს ვოცნებობდი, მქონოდა სახელოსნო, მაგრამ არ მომანიჭეს ეს ბედნიერება, რითაც ვფიქრობ, ბათუმმა ბევრი დაკარგა… ახლა გვაქვს სახელოსნო ჩვენს სახლში, იდეებიც მაქვს და სანამ იდეები მაქვს, მიმაჩნია, რომ ვცოცხლობ, მაგრამ ასაკი და ხშირად ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, რომ ვხატო…
მხატვრობის როლი დღეს…
ვახტანგ ბესელია: ძალიან დაწეულია თამასაც და მნიშვნელობაც…ზოგადად, არაპროფესიონალიზმია მთელ სამყაროში. სადაც ფული გაერია, იქ თავისფლება დასრულდა… მხატვრობა არ ისწავლება, ეს ნიჭი ღმერთმა თუ მოგცა, ეგ არის… ფიროსმანს არ უსწავლია, მაგრამ გენიოსია. თუ გულწრფელობა არ არის, იქ დამთავრებულია მხატვრობაზე, ხელოვნებაზე ლაპარაკი. არიან ტალანტები, მაგრამ მათი პიროვნული ამბიციები, სამწუხაროდ, აკარგვინებთ ფასს…
როგორ შეძელით, როგორ იცხოვრეთ ისე, რომ საზოგადოებისთვის როგორც ერთი მთლიანობა, ისე აღიქმებით…
ვახტანგ ბესელია: ეს არ გვიცდია, ეს თავისთავად მოხდა…
ნინო ნიჟარაძე: ჩვენი შვილიშვილი ვატო 10 წლის იქნებოდა, ჩვენთან იყო სტუმრად მოსული და ბესომ რატომღაც ასეთი შეკითხვა დაუსვა, როგორ ფიქრობ, ჩვენ ორიდან პირველი რომელი წავაო… ეგ არ ვიცი, მაგრამ ერთი რომ წავა, მეორეც ძალიან მალე მიჰყვებაო, უპასუხა ვატომ. ისე დავწყნარდი… აბა, რა გამაჩერებს მარტო…
ფოტო: გიორგი კალანდაძე
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე