ნეიროგრაფიკა ეს არის ცნობიერების ტრანსფორმაციის გრაფიკული მეთოდი, რაც იმას გულისხმობს, რომ თერაპია თავიდან ბოლომდე მიმდინარეობს გრაფიკულად, ანუ ხატვის პროცესით. ეს არის მისი ძირითადი განსხვავება ცნობიერების შრეებთან, მუშაობის მეთოდებს შორის. ანუ არსებობს სხვა უამრავი ინსტრუმენტი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა შრეზე, ცნობიერ და არაცნობიერ შრეებზე, მაგალითად: ჰიპნოზი, რეპრესია, სხვადასხვა ტექნიკა, მაგრამ ნეიროგრაფიკა განსხვავდება იმით, რომ აქ არ ხდება თერაპია ვერბალურად, არამედ თავიდან ბოლომდე გრაფიკულად, ანუ ხატვის მეთოდით.
ნეიროგრაფიკა განსხვავდება არტთერაპიისგან იმით, რომ ხატვის პროცესი მიმდინარეობს კონკრეტული ალგორითმების მიხედვით. თუკი არტთერაპიაში ეს პროცესი არის სპონტანური და ქაოსური და ადამიანი ამ ემოციას გამოხატავს ხატვის პროცესში, აქ ხდება ამ ემოციის შეცვლა – ანუ ის ცვლის ჩვენს აღქმას კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. მაგალითად, თუკი მე მაქვს არაადეკვატური, არავალიდური რწმენა ან წარმოდგენა რაიმეს მიმართ, ნეიროგრაფიკა ცვლის ასეთ არაადეკვატურ, სტერეოტიპულ და შაბლონურ აღქმებს. აქ იგულისხმება ყველა ის პროგრამა, რაც ბავშვობიდან მოდის. უფრო კონკრეტულად კი ცხოვრების გარკვეულ პერიოდებში ამ პროგრამებს ვიღებთ როგორც წესებს, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენთვის ავტორიტეტები არიან. ვიღებთ როგორც ქცევის განაწესსა და ულტიმატუმს, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რადგან ბავშვს, განსაკუთრებით 7-8 წლამდე, არ აქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული ტვინის ფრონტალური ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ სწორად და ადეკვატურად შეაფასოს მოვლენები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ბავშვს გარკვეულ ასაკში დაუგროვდეს გამოცდილება, რომლის საფუძველზეც მიიღებს გადაწყვეტილებას, გააკეთებს დასკვნას და ჩამოუყალიბდება სტერეოტიპი, რომელიც შემდეგ მთელი ცხოვრება გაჰყვება.
როგორც წესი, ასეთი პროგრამები ხელს გვიშლის მომავალში მიზნის მიღწევაში. საქმე იმაშია, რომ თუ მის სხეულს ჩაწერილი აქვს რაღაც როგორც საფრთხე და თუ ეს უკავშირდება იმ მიზნის მიღწევას, ქვეცნობიერი არ მისცემს საშუალებას, სათანადო ნაბიჯები გადადგას.
ნეიროგრაფიის სეანსი მიმდინარეობს ალგორითმების მიხედვით, რომლებიც 2014 წელს დოქტორმა, ფსიქოლოგმა შექმნა. როგორც თავად ამბობს, თვითმფრინავში მოუვიდა ეს იდეა და შემდეგ დაიწყო მისი განვითარება. 2015 წლიდან კი უკვე პრაქტიკაში შემოვიდა. თავდაპირველად შექმნილი იყო აუტისტი ბავშვებისთვის, სწორედ ამიტომ არის აქ ერთ-ერთი ფაქტორი ის, რომ საუბარს არ საჭიროებს. საბოლოოდ ეს ტექნიკა შემოვიდა ფართო მოხმარებაში და არა მხოლოდ აუტისტი ბავშვებისთვის.
გვჭირდება გიდი, რათა ამ კონკრეტულ ალგორითმს მივყვეთ. ეს მოიცავს ეტაპების თანამიმდევრობას. პირველად შექმნა 7-საფეხურიანი ალგორითმები და ახლა დაამატა მერვე საფეხური. ეს 7 ეტაპი შეესაბამება ფსიქიკის თითო შრეს. აღსანიშნავია ის, რომ ნეიროგრაფიკა ყოველთვის გარდაქმნის ნეგატიურ ემოციებს პოზიტიურისკენ. ანუ იმას, რაც აქამდე რთულად ეჩვენებოდა ადამიანს, უყურებს სულ სხვა თვალით და უმარტივდება იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც მანამდე რთულად მიაჩნდა.
ადამიანი ცხოვრების განმავლობაში აგროვებს ინფორმაციას აღქმის სისტემის მეშვეობით და ახარისხებს მათ. ანუ ინფორმაცია გადის შეფასების ეტაპს, პოზიტიურია თუ ნეგატიური. როდესაც ვიწყებთ საკითხის დამუშავებას ამ მეთოდით, ადამიანს ეცვლება აღქმა და რაც ნეგატიურად ჰქონდა შეფასებული, შემდეგ პოზიტიურ ფიქრად გარდაიქმნება. შესაბამისად, იცვლება ფიქრის პროცესი და მისი მოქმედება უფრო მარტივად მიდის იმ მიზანთან, რაც მან დაისახა. ამ პროცესში ჩვენ პრაქტიკულად ვქმნით ახალ ნეიროკავშირებს. ანუ ადამიანი ხატვის პროცესში ხელს უწყობს ახალი ნეიროკავშირების ჩამოყალიბებას და პოულობს მისი პრობლემის გადაჭრის გზებს.
ახალი ნეიროკავშირი ფიქსირდება მაშინ, როდესაც ახალ მოქმედებას ვიწყებთ. ამისთვის არსებობს უამრავი სავარჯიშო, რასაც ახალი შედეგი მოჰყვება. ეს მეთოდი ადამიანს ათავისუფლებს სტრესისგან, გვეხმარება ჩვენი სურვილების გამორკვევაში და ამ სურვილების ვიზუალიზაციაში.
ხატვის პროცესში ტვინი რთავს წინააღმდეგობას და ცდილობს გაგაჩეროს, რათა არაფერი შეცვალო და ცნობიერად დარჩე იქ, სადაც ხარ. ეს წინააღმდეგობები გამოიხატება 3 ფორმით: ფიზიკური, ემოციური, მენტალური.
ფიზიკური თუ ჩაირთო, გრძნობს სხვადასხვა სხეულებრივ დისკომფორტს. ემოციურის დროს შეიძლება მთელი ხატვის მანძილზე ტიროდეს, იცინოდეს, ძლიერმა განცდებმა მოიცვას, ხოლო მენტალურია, როდესაც მისი ტვინი, ფაქტობრივად, იწყებს ეჭვის შეტანას ყველაფერში – პროცესის სისწორეში, ხატვის შედეგში, აღიზიანებს ყველა დეტალი – კალამი, ფანქარი, ხმები.
მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ წინააღმდეგობის ნებისმიერი ფორმა ნიშნავს, რომ მარკერი „მოვარტყით“რომელიღაცა პროგრამას და ის ამ წუთას მუშავდება, ამიტომაც იწყებს ტვინი განგაშის ატეხას.
მუშაობას იწყებენ სარკისებრი ნეირონები, სენსორული აპარატი და ამ ყველაფრის ჩართვით ხდება სიმულაციის შექმნა. საბოლოო ჯამში, ჩვენთვის სასურველი რეალობა ტვინში ყალიბდება როგორც მარტივად ხელმისაწვდომი. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ სარკისებრი ნეირონებით აღვიქვამთ იმ ინფორმაციას, რომელსაც ფურცელზე ვხატავთ, ხელების მოძრაობა პრაქტიკულად ხატავს ამ ნეიროკავშირებს და პოზიტიურ ცვლილებებს ახდენს. შედეგად ახალი ნეიროკავშირები წარმოიქმნება.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ქვეცნობიერის ენა, ნეიროგრაფიკის ანბანი არის ძალიან მწირი და მოიცავს ფიგურებს, ხაზებსა და ფერებს. რატომ არის ეს ანბანი ასეთი მინიმალისტური? იმიტომ, რომ ქვეცნობიერი ვერ აღიქვამს ინფორმაციას სიტყვებითა და იმ დასახელებებით, რაც ჩვენ გვაქვს მინიჭებული. აღიქვამს მხოლოდ ფიგურებით, ფერებითა და ხაზებით. შესაბამისად, მისთვის გასაგებ ენაზე ვუკავშირდებით მას იმისათვის, რომ გარკვეული ცვლილება მოვახდინოთ. ხშირად გამოიყენება წრე და ნეიროგრაფიკული ხაზი. თითოეულ ფიგურას აქვს საკუთარი დატვირთვა და მნიშვნელობა. გიდი გვკარნახობს, თუ რა დანიშნულებით გამოვიყენოთ თითოეული მათგანი. ნეიროგრაფიკული ხაზი ფურცელზე მოძრაობს სპონტანურად, არ იმეორებს საკუთარ თავს არცერთ მონაკვეთში. არის საკმაოდ ქაოსური და არასოდეს არ ვიცით, სად აღმოჩნდება შემდეგ მომენტში. ეს არის ის პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს, რათა ხაზი ნეიროგრაფიკულად ჩაითვალოს. შედეგი დამოკიდებულია სწორედ ამაზე და ის დგება ნებისმიერ შემთხვევაში, ოღონდ იმ დოზით, რა დოზითაც ჩავდებთ ჩვენს ენერგიას ამ ხატვაში, რაც უფრო მეტ ხაზს ვავლებთ, უფრო სწრაფად მიდის ცვლილებებიც.
არქეტიპულად თითოეულ ფიგურას აქვს საკუთარი დატვირთვა: წრე გამოხატავს სრულყოფილებას, ჰარმონიულობას, მთლიანობას. სამკუთხედი გამოხატავს ბუნებას, აქვს უფრო დეტალური დატვირთვა, ანუ არსებობს დღე და ღამე, ზამთარი და ზაფხული, დასავლეთი და აღმოსავლეთი. სამკუთხედი აღნიშნავს მოულოდნელობას, არაპროგნოზირებადობას. შემდეგი ფიგურაა მართკუთხედი და აღნიშნავს ყველაფერ იმას, რაც ადამიანმა შექმნა. ეს არის ის კომფორტის ზონა, რაც მატერიალური და ხელშესახებია. ის, რაც გვაძლევს სიმყარეს, სტაბილურობის შეგრძნებას, უსაფრთხოებას.
აუცილებელია, რომ ყველა ფიგურა, რომელიც ერთმანეთს კვეთს, დამუშავდეს. თითოეული გადაკვეთა იმ დიდი კონფლიქტის პატარა ნაწილია იმისთვის, რომ მოხდეს საკითხის ტრანსფორმაცია პოზიტიურისკენ. თითოეული გადაკვეთის ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს მინუსიდან პლუსში. დამუშავების შემდეგ ეს გადაკვეთები გარდაიქმნება ნეირონის მსგავს გამოსახულებად. თვალი ხედავს ნეირონს, აღიქმება მისთვის, როგორც ძალიან ნაცნობი და კონფლიქტს ახალი ნეიროკავშირით ანაცვლებს.
გარდა იმისა, რომ ნეიროგრაფიკა ჩვენი მიზნების მატერიალიზებაში გვეხმარება, როგორც უკვე გითხარით, ის ასევე ხსნის დაძაბულობას. აუცილებელია ამ დაგროვილი ემოციებისგან გამოთავისუფლება, რათა უფრო ღრმა კონფლიქტი არ წავიდეს და დაავადებად არ გარდაიქმნეს.
ხშირად ვატარებ ტესტს, სადაც წერილობით გადმოვაცემინებ ხოლმე იმ საკითხის აღქმას, რომელსაც ვხატავთ და ვამუშავებთ. დამუშავების შემდგომ, როდესაც ვასრულებთ ხატვას, კვლავ ვაწერინებ ამ საკითხის აღქმას იმისათვის, რომ ადამიანმა დაინახოს, რამდენად სხვა კონტექსტის სიტყვები მოდის დასაწყისში და როგორ იცვლება იგი ხატვის დასასრულს. ნეგატივი მცირდება და მინიმუმამდე დადის. გაძლევს უნარებს, რათა გახდე უფრო ძლიერი და მიაღწიო მიზნებს. ადამიანი სწავლობს, რომ არ არსებობს არაფერი, რასაც ის ვერ გაუმკლავდება.