ისე როგორც სპორტის სხვა სახეობები, ფარიკაობაც თავდაუზოგავ შრომასა და სიყვარულს მოითხოვს. ჩვენი რესპონდენტი აღნიშნულმა სპორტის სახეობამ 10 წლიდან გაიტაცა. როგორც თავად აღნიშნავს, ეს მისი პირველი სიყვარული იყო. 10 წლის არინა, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ წინ ბევრი წარმატება, დაბრკოლება და კარიერული პაუზა ელოდა. ხანგრძლივი დროის შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა ფარიკაობას და დღეს უკვე საქართველოს სახელით მონაწილეობს საერთაშორისო ასპარეზზე. ქართული OK! წარმოგიდგენთ დაშნით მოფარიკავეს, არინა კორნეევას.
არინა, უპირველესად, გაეცანით ჩვენს მკითხველს და გვესაუბრეთ, როგორი იყო თქვენი კარიერული გზა?
მე ვარ საქართველოს ეროვნული ნაკრების მოფარიკავე, რუსეთის სპორტის ოსტატი დაშნით ფარიკაობაში, რუსეთის თასებისა და ჩემპიონატების განმეორებითი გამარჯვებული და პრიზიორი მსოფლიო თასის ეტაპების ახალგაზრდულ დონეზე (2011/2012 წელს ევროპის რეიტინგში შეფასდა #1 „კადეტი“), ასევე, ჩემს მიღწევებს შორისაა 2013 წლის კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი გუნდურ შეჯიბრში.
2011-დან 2016 წლამდე ვიყავი რუსეთის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ამ პერიოდში, ვმონაწილეობდი კადეტთა ევროპის ორ ჩემპიონატზე (2012 – მე-7 ადგილი, 2013 – მე-5 ადგილი) და ორ კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე (2012 წ.), 2013).
მწვრთნელებთან კონფლიქტის გამო, ეროვნული ნაკრები დავტოვე. ეს არ ყოფილა ჩემი არჩევანი, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო ჩემთვის. 5-წლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წელს გამიმართლა, რომ მოწვევა საქართველოს ნაკრებისგან მივიღე, რათა ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე წარმედგინა. იმავე წელს საფრანგეთში გადავედი საცხოვრებლად, ჩემი უნარების გასაუმჯობესებლად და 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად. ასევე მიმიწვიეს Beauvais-ის ფარიკაობის კლუბში და, როგორც მთავარი გუნდის წევრი, გასულ წელს საფრანგეთის გუნდებში ვიცე-ჩემპიონი გავხდი.
როდის და რატომ დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?
პროფესიულ სპორტში 3 წლიდან ვარ, 3-დან 9 წლამდე მხატვრული ტანვარჯიშით ვიყავი დაკავებული. მოგვიანებით, 10 წლის ასაკში ვნახე მადონას მუსიკალური ვიდეო MTV-ზე („Die Another day“) და ერთი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ დამერწმუნებინა ჩემი მშობლები, სპორტის ამ სახეობაში მეცადა ბედი. გადასვლა გულწრფელად მსურდა და ასეც მოვიქეცი. საკმაოდ სწრაფად შემეტყო პროგრესი, რაც დამეხმარა იმაში, რომ ფარიკაობაში დიდხანს დავრჩენილიყავი.
რამდენიმე თვის შემდეგ ტელევიზორში ვუყურებდი ეპეის მსოფლიო თასის ტურნირს, რომელშიც ლაურა ფლესელ-კოლოვიჩი მონაწილეობდა. მაშინ ის პირველად ვნახე და მახსოვს, როგორი შთაგონებული ვიყავი მისი ცნობილი „ფეხის შეხებით“. მიუხედავად იმისა, რომ ლაურამ დაასრულა თავისი კარიერა, ის ჩემთვის დღემდე სპორტული კერპია. დღეს მე ვარ იმ ფარიკაობის კლუბის წევრი, სადაც ლაურა ვარჯიშობდა (Levallois Sporting Club Escrime), ახლა მე შემიძლია მას პირდაპირ ვკითხო რჩევა. ჩემი „ფეხის შეხება“ კი მსოფლიოში საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთ-ერთ საუკეთესოდაა აღიარებული. მე ჯერაც შოკში ვარ იმით, თუ რამდენად შორს შეუძლია მიგვიყვანოს ჩვენმა ოცნებებმა.
ბუნებრივია, შრომა ყველა სპორტის სახეობას სჭირდება, მაგრამ არის რაიმე განსაკუთრებული, რასაც ფარიკაობა აუცილებლად მოითხოვს?
ვფიქრობ, რომ ფარიკაობა, უპირველესად, მოითხოვს უდიდეს თავდადებას, ერთგულებასა და ნამდვილ სიყვარულს. მიუხედავად იმისა, რომ ფარიკაობა ელიტურ სპორტს ჰგავს, ის გაცილებით ნაკლებად ფინანსდება, ვიდრე ცხენოსნობა, ჩოგბურთი, ფეხბურთი. სწორედ ამიტომ საჭიროა ჭეშმარიტად გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ, რათა განაგრძოთ თქვენი დროის, ძალისხმევისა და ფულის ინვესტირება მათი დაბრუნების მცირე შანსით.
ყოველთვის ვამბობდი, რომ ფარიკაობა ჩემი პირველი სიყვარულია და პირველი სიყვარული არასოდეს კვდება.
რატომ გადაწყვიტეთ საქართველოს სახელით ასპარეზობა?
როგორც უკვე აღვნიშნე, კარიერაში პაუზა ჩემი გადაწყვეტილება არ იყო, ამის გადატანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ფარიკაობის საერთაშორისო საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა იცოდა ეს ამბავი, ერთ-ერთი მათგანი იყო ცნობილი მწვრთნელი საფრანგეთიდან. თან ამ დროს საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია გუნდისთვის ახალ წევრებს ეძებდა. ჩვენ დავუკავშირდით პრეზიდენტ მერაბ ბაზაძეს, რომელმაც მოგვიანებით მაღალი დონის ფარიკაობაში ჩემს დაბრუნებას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა.
როგორ მოგწონთ ჩვენი ქვეყანა? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები…
სიმართლე გითხრათ, ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში მაშინ მოხდა, როდესაც დოკუმენტებს ხელი მოვაწერე. ვფიქრობ, ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული. არ გავიმეორებ კლიშეებს საქართველოს ულამაზესი ბუნების, გემრიელი სამზარეულოსა და ღრმა ისტორიის შესახებ. რამაც ნამდვილად დამიპყრო, ეს არის ქართველი ხალხი. არასოდეს შემხვედრია ასეთი დიდი რაოდენობით ნიჭიერი, ელეგანტური და გულღია ადამიანები.
ასევე გამაოცა ხალხის სიამაყის შეგრძნებამ თავისი ქვეყნისა და კულტურის მიმართ, თუ როგორ პატივს სცემენ მას და ასევე, როგორ უყურებენ მომავალს და იბრძვიან უკეთესი ცვლილებებისთვის.
მადლიერი ვარ, რომ საქართველომ მომცა მეორე შანსი, ავისრულო ჩემი ოცნებები, როგორც სპორტსმენმა და ნამდვილად ვამაყობ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ამ ქვეყანას წარმოვადგენ. მე ვგრძნობ სიახლოვეს ქართულ კულტურასთან და შევუერთდი ქართულ საზოგადოებას აქ, პარიზში, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ ენა, ეროვნული ცეკვები და ისტორია. ასე მინდა გამოვხატო პატივისცემა ამ ქვეყნისა და ხალხის მიმართ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს 2024 წლის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნეში ვმონაწილეობ. ისეთი დიდი შესვენების შემდეგ, როგორიც მე მქონდა, ოლიმპიური ტურნე საკმაოდ რთული მისიაა ჩემთვის. თითქოს შავი ცხენივით ვარ, თუმცა მე მზად ვარ ვიბრძოლო და აღნიშნული ლიცენზია მოვიპოვო.
მომდევნო ოლიმპიურ ტურნეზე (ლოს-ანჯელესი 2028) ვგეგმავ მოვხვდე ფავორიტთა სიაში და საბოლოოდ მივაღწიო ჩემს ოცნებას – ოლიმპიურ ოქროს.
ფოტო: ალექსეი სეროვი
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ტექსტი: სოფიო მალანია
ჩაცმულობა: Lasha Devdariani
აქსესუარები: Nino Sepo
ვიზაჟი: სოფიო საენკო
თმა: ირმა იასაღაშვილი
ლოკაცია: IQ Studio