სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი „საკურა“ უკვე წლებია, რაც ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. „საკურას“ პროფესიონალი სპეციალისტები მომხმარებელს სილამაზის ზრუნვასა და გაუმჯობესებაში ეხმარებიან, თავიანთი აღქმისა და მოთხოვნების მიხედვით. მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრში ძალიან ბევრი პროცედურა ერთიანდება და ადგილზე მისულ ადამიანებს ფართო არჩევანი ხვდებათ. სერვისების შესახებ უფრო ვრცლად დამფუძნებლები ქეთი ჩილინგარიშვილი და მელანია მანაგაძე გვესაუბრებიან.
„საკურას“ შექმნის ისტორია
„საკურა“ 8 წელია ქუთაისის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი ადგილია სილამაზის, განტვირთვისა დასვენებისთვის. სილამაზის ცენტრის გახსნის იდეა ამ სფეროსადმი ჩვენმა საერთო ინტერესმა განაპირობა. განსხვავებული სპეციალიზაციის მქონე ადამიანებმა გადავწყვიტეთ შევჭიდებოდით საქმეს, რომელშიც დილეტანტები ვიყავით, თუმცა სფეროს აქტიური და ხშირი მომხმარებლები. ინვესტიციის, ასევე პარტნიორებისა და კონტაქტების მოძიებას დრო დასჭირდა. დიდი ძალისხმევის, ენერგიისა და ენთუზიაზმის ხარჯზე გახსნის დღიდან ბიზნესი წარმატებულია, ვითარდება და ფართოვდება.
მდებარეობა, გუნდი და სერვისები
„საკურა“ ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს, რომელიც როგორც ქალაქელების, ასევე ტურისტების საყვარელი ადგილია. აქტიური და ხმაურიანი ქუჩა, ღია ვიტრინები და საინტერესო დიზაინი გამვლელებისთვისაც მიმზიდველ გარემოს ქმნის. გაგიჭირდებათ იპოვოთ ადამიანი, რომელიც ჩვენი სტუმარი არ ყოფილა. მით უფრო, რომ ერთ სივრცეში მომხმარებლებს ბაზარზე არსებულ აბსოლუტურად ყველა მომსახურებას ვთავაზობთ.
მისაღები სივრცე დიდი და კომფორტულია, განსაკუთრებით დატვირთულია მნიშვნელოვანი დღეების – ქორწილებისა და გამოსაშვები წვეულებების ფოტოსესიების დროს.
„საკურას“ გუნდი 25 თანამშრომელს აერთიანებს. ის წლების გამოცდილების მქონე პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც წარმატების ღერძს წარმოადგენენ. თითოეული თანამშრომელი მუდმივად ვითარდება თავის სფეროში, მონაწილეობენ ტრენინგებსა და სწავლებებში. უნდა აღინიშნოს, რომ წლებია MERCEDES BENZ FASHION WEEK-ისა და TBILISI FASHION WEEK-ის ოფიციალური პარტნიორები ვართ.
სტილისტების განყოფილება შვიდი სტილისტით არის წარმოდგენილი. თითოეულს მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება აქვს. აქედან ოთხი მათგანი ჰოლანდიური ბრენდის Keune-ის Color Expert-ები არიან. „საკურა“ ბრენდის ოფიციალური პარტნიორია. ასევე, თითოეული მათგანი Jungle Fever Georgia-ს გადამზადებული კოლორისტია და კოლორისტიკის ტრენერების სტატუსს ფლობს. ისინი არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები და საერთაშორისო დიპლომების მფლობელები არიან.
მანიკიურის განყოფილებაში ოთხი პროფესიონალი სპეციალისტი გვყავს.
კოსმეტოლოგიას წარმოადგენს ორი გამოცდილი კოსმეტოლოგი. კაბინეტი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, სულ ახლახან იაპონური წარმოების სახის მოვლის ახალი მულტიფუნქციური მანქანა დაემატა.
„საკურას“ ვიზაჟისტები ასევე fashion week-ების მუდმივი პარტნიორები არიან.
„საკურას“ გამორჩეულს ხდის სპა-ცენტრი, რომელიც განტვირთვისთვის სტუმრებს მრავალმხრივ მომსახურებას სთავაზობს: სხვადასხვა სახეობის მასაჟი, ჰიდრო აბაზანა და საუნა საუკეთესო საშუალებაა რელაქსაციისთვის.
აღსანიშნავია აპარატურა, რომელიც „საკურას“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა გამოცდილ კადრებთან ერთად. ყველა მანქანა, რასაც კი ვიყენებთ, არის ევროპისთვის წარმოებული, მაღალი კლასის და საერთაშორისო სერტიფიკატების მფლობელი. დიოდური ეპილაციის კაბინეტი ლაზერის გერმანული და იაპონური მანქანითაა აღჭურვილი.
ცენტრის ერთ-ერთი გამორჩეული და საამაყო მანქანაა ლიდერი, გერმანული წარმოების chromogenex-ის i-lipo-ს სხეულის კორექციის აპარატი, რომელიც მართლაც სასწაულებს ახდენს. ამ მიმართულებით მომხმარებლებს კომპლექსურ პაკეტებს ვთავაზობთ, მასაჟსა და დიეტოლოგის რეკომენდაციებთან ერთად.
სოლარიუმისა და სხეულის დაფერვის კაბინეტი ასევე წარმოდგენილია იტალიური აპარატებით. ჩვენთან მუდამ ახალი ნათურებია და მკაცრად კონტროლდება ჰიგიენური პირობები.
სახელწოდების ინსპირაცია
სახელწოდების ინსპირაციის წყაროა სილამაზე, სიცოცხლე, დადებითი ემოციები და ჟღერადობა. შესაბამისად, შევარჩიეთ ლაკონიური სიტყვა „საკურა“, რომელიც გასაგებია როგორც ქართველი, ასევე სხვა ეროვნების მომხმარებლისთვის და ასოცირდება სასიამოვნო, ლამაზ და არომატულ ემოციებთან.
ცენტრის ნიშა
მაღალი პროფესიონალიზმი, სანდოობა, ხარისხიანი პროდუქცია, უმაღლესი სტანდარტების აპარატურა, ასევე სასიამოვნო დახვედრა, რომელსაც „საკურას“ ღიმილიანი მენეჯერები მომხმარებლებისთვის არ იშურებენ და გარემო, სადაც ყველა თანამშრომელი საერთო ინტერესით ზრუნავს სუფთა, ხარისხიანი და ჯანსაღი სივრცის შექმნაზე.
სიახლეების დანერგვა და ტარიფები
ცენტრი ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე. ეს არის სფერო, რომელსაც ფეხი უნდა აუწყო და არ გაჩერდე. სპეციალისტები მუდმივად ჩართული არიან სხვადასხვა ტრენინგსა და გადამზადებაში. წელიწადში რამდენჯერმე საზღვარგარეთ ესწრებიან სწავლებებს. პარტნიორი კომპანიები ჰოლანდიასა და იტალიაში მასტერკლასებს უზრუნველყოფენ. ცენტრი ხშირად მასპინძლობს კონფერენციებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა სფეროში.
„საკურა“ ასევე წარმოადგენს პროფესიული გადამზადების სკოლას. მომავალი სტილისტები, მანიკიურისა და კოსმეტოლოგიის, ვიზაჟისა და ლაზეროთერაპიის სპეციალისტები ჩვენს სივრცეში სიღრმისეულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას იღებენ. გავცემთ სერტიფიკატს და წარმატებულ კადრებს სხვადასხვა სალონში ვასაქმებთ. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტში გრანტი მოვიპოვეთ, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ქალების პროფესიულ განათლებასა და მათ დასაქმებას უზრუნველვყოფთ.
ქუთაისელი მომხმარებელი
ქუთაისი ცნობილია მაღალი გემოვნების მომხმარებლებით, რომლებიც შესაბამის მომსახურებას ითხოვენ. მათი მრავალწლიანი ერთგულება დასაფასებელია და შესაბამისად, ვცდილობთ მუდმივი სიახლე შევთავაზოთ, ასევე პრომოაქციებითა და შეთავაზებებით გავანებივროთ.
სამომავლო გეგმები
პროფესიული გადამზადების მხრივ კადრების ზრდამ არსებული სასწავლო ცენტრისთვის დამატებითი ფართის მიმატება და სასწავლო აკადემიის დაარსება განაპირობა. მიზნად ვისახავთ საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემას, რომელიც სილამაზისა და ესთეტიკის მიმართულებით პროფესიული კადრების მოზიდვას კიდევ უფრო აქტუალურს და საინტერესოს გახდის.
ტექსტი: მარიამ ირემაძე
ფოტო: ლანა ვახტანგაძე