OK! ქუთაისი – ინტერვიუ დამფუძნებელ მაკო ყაველაშვილთან, რომელიც თვლის, რომ მოდა თვითგამოხატვის, დაგროვილი ემოციებისა და გამოცდილების გაზიარების საუკეთესო გზაა. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ მაკომ თავისი ცხოვრებისეული საქმიანობა ამ სფეროს დაუკავშირა. დეტალურ ინფორმაციას ინტერვიუში გაეცნობით…
მაკო, რატომ გაგიჩნდათ ბუტიკ Mk sparkle-ის შექმნის სურვილი?
იმ სფეროში ყოფნა, სადაც ახლა ვარ, ჩემი ბავშვობის სურვილი იყო. ჩაცმის მიმართ სიყვარულს ყოველთვის გამოვხატავდი. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად ბებოს დამსახურებაა, რომელსაც თბილისში მაღაზიები ჰქონდა და როცა მასთან ჩავდიოდი, გართობის მიზნით კონსულტანტობანას ვთამაშობდი, ისიც მასაჩუქრებდა და ბედნიერი ვიყავი. ამ გაუცნობიერებელი სიყვარულის მიუხედავად, პროფესიით პედაგოგი გავხდი, თითქმის ყველა სფეროში ვიმუშავე, ბანკში, პოლიციაში, ინვენტარიზაციის სამსახურში, გაყიდვებში,მაგრამ საკუთარი თავი ვერსად ვიპოვე. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა ის სამოსი, რომელსაც ჩემი დიზაინით ვიკერავდი ხოლმე. ამ ყველაფერმა მაფიქრებინა, რომ ქსოვილების მაღაზია გამეხსნა და სადღესასწაულო კაბები გამექირავებინა, მაგრამ ერთ თვეში დაიწყო პანდემია, რის გამოც გავჩერდი და გადავწყვიტე, პროდუქცია ონლაინსივრცით გამეყიდა. მიზერული თანხით დავიწყე. მოთხოვნა თანდათან იზრდებოდა, გამომწერები მემატებოდა, ამიტომ გავრისკე, ავიღე საბანკო ვალდებულება და დავიწყე იმის კეთება, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. სახელი mk sparkle-ის ინსპირაცია ჩემი სახელისა და გვარის ინიციალებიდან მოდის, ხოლო sparkle – ესაა ბრწყინვალე, ნათელი, ბედნიერებასთან ასოცირებული.
რამდენი ხანია, რაც ბაზარზე ოპერირებთ?
როგორც მაღაზია, ბაზარზე ზუსტად ერთი წელია ვარსებობთ, ჩვენი კარი 2022 წლის 27იანვარს გაიხსნა, ხოლო როგორც ონლაინმაღაზია, დაახლოებით სამი წელია.
რა კატეგორიის მომხმარებელს აერთიანებს ეს სივრცე?
ვფიქრობ, ქუთაისი საკმაოდ გემოვნებიანი ქალაქია და შესაბამისად, მომხმარებელიც ასეთი ჰყავს, რადგან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რა გვაცვია, სადაც არ უნდა მივდიოდეთ, იქნება ეს წვეულება, არაფორმალური გარემო თუ, უბრალოდ, სახლი. ჩემი მაღაზია მორგებულია ზუსტად იმ კატეგორიასა და პრინციპებზე, როგორიც ვართ ჩვენ, ქუთაისელები -აუცილებლად ხარისხიანი და მაქსიმალურად გემოვნებიანი. პირადად მე ჩემი ინდივიდუალური სტილი მაქვს, რაც ჩემს მომხმარებელს ძალიან მოსწონს და ამას, რა თქმა უნდა, პროდუქციის შერჩევისას ვითვალისწინებ. თითოეულ ნივთს ვარჩევ ჩემი გემოვნებით, რადგან ამ სივრცეში არაფერი იყიდება ისეთი, რასაც თავად არ ჩავიცვამდი.
რა სირთულეები გადალახეთ საწყის ეტაპზე და რა დაგეხმარათ მათ დაძლევაში?
პირველი 6 თვე ძალიან რთული იყო, არაფერი ვიცოდი ბიზნესის შესახებ, არც სახელმწიფო კანონები, არც მართვა, არც ხარჯების გათვლა და არც ბაზარზე არსებული პრობლემები, თუნდაც ის ფაქტი, რა სახის კონკურენცია მელოდა წინ. ბევრი სირთულე გამოვიარე. მახსოვს, ზუსტად 15 ნივთი მქონდა მაღაზიაში, როცა პირველი ლაივი ჩავრთე. იყო უსიამოვნო გამოცდილებებიც და ხელის შეშლის მცდელობებიც, რომ დავნებებულიყავი, მაგრამ არასდროს გავჩერებულვარ. ხშირად შემქმნია მატერიალური პრობლემა იმიტომ, რომ ამ ბიზნესს ყოველკვირეულად სჭირდება დიდი თანხები იმისთვის, რათა მომხმარებელი არ დაკარგო, ხშირად განაახლო კოლექციები და იყო ყურებადი. ყველაზე დიდი სირთულე, რაც ზუსტად ერთი წლის წინ გავიარე, იყო უბედური შემთხვევა, ხანძარი, რომელმაც აბსოლუტურად გაანადგურა ყველაფერი, რაც შევქმენი. საბედნიეროდ, ონლაინმუშაობის ყველაზე დიდი პლუსი არის აუდიტორია, რომელიც სოციალურ პლატფორმებზე მყავს. ეს ამბავი უსწრაფესად გავრცელდა გარშემო და ყველა, ვინც მიცნობდა და არ მიცნობდა, გვერდით დამიდგა. მაშინ მივხვდი, რომ უნდა მეპოვა ძალა, ყველაფერი ახლიდან დამეწყო, თან მოკლე დროში, რადგან ყოველდღიურად ვიღებდი უდიდეს მხარდაჭერას, როგორც მატერიალურს, ასევე მორალურს. ეს ნამდვილად თავიდან დაბადება გახლდათ, რის შემდეგაც ჩემი ცხოვრება ამოტრიალდა და ყველაფერი იმაზე უკეთესად გავაკეთე, ვიდრე იმ შემთხვევამდე მქონდა.
რა არის თქვენთვის მოდა?
ჩემთვის მოდა არის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება. ის დიდ გადატრიალებას ახდენს, უსიტყვოდ საუბარია. როცა ქუჩაში ადამიანებს ვხედავ, ყოველთვის ვგრძნობ რა უნდათ, როგორ ხასიათზე არიან. ყველა, ვინც მოდას ქმნის, საკუთარ სტილს კოლექციაში გადმოსცემს. ჩემს ვიზუალურ მდგომარეობაზე ყოველთვის აისახება, როგორი განწყობა მაქვს ან როგორ ვგრძნობ თავს.
რამდენად ითვალისწინებთ მომხმარებელთა სურვილებს და როგორია მათი უკუკავშირი?
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი მომხმარებლებია. ისინი რომ არა, თავისთავად, ჩემი ბიზნესიც ვერ განვითარდებოდა, ამიტომ, უპირველესად, მათ სურვილებს ვითვალისწინებ. ეს ზოგჯერ ტანსაცმლის ღირებულებაში გამოიხატება. ვცდილობ პროდუქცია ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, ამიტომ ხშირად მივმართავ სეზონურ ფასდაკლებებს. ხანძრის შემდეგ, რაც კი გადამირჩა, ყველაფერი გავაჩუქე და მომხმარებლები გავახარე. ჩვენს გვერდზე მათ ყველა დეტალს ვუზიარებდი, რადგან მამხნევებდნენ და სიახლეებს ელოდნენ. სრულიად უცხო ადამიანებმა, რომლებსაც მხოლოდ სახელებით ვცნობ, შემიყვარეს და დამიმეგობრეს, ამიტომ ჩემთვის ისინი ძალიან ძვირფასები არიან და ვცდილობ გავუფრთხილდე.
რას თვლით თქვენს მთავარ წარმატებად ამ სფეროში?
ალბათ, ჩემს აუდიტორიას, რომელიც ონლაინ ყოველდღიურად მიყურებს და ჩემგან სიახლეებს ელოდება. 1 წელიწადში მაყურებელთა უმრავლესობის ყურადღების მიპყრობა არ არის ადვილი. ბევრს ეცოდინება, ამას რამხელა აქტიურობა და შრომა სჭირდება ყოველდღიურად. შენს მომხმარებელთან მჭიდრო კავშირი თუ არ გაქვს, ბაზარზე იმხელა კონკურენციაა, რომ ძალიან მალე დაკარგავ მაყურებელს, რომელიც, თავისთავად, ჩემი არსებული და თუნდაც მომავალი პოტენციური მომხმარებელია. წარმატებაა ჩემთვის ის, რომ ფაქტობრივად, ორჯერ დავიწყე ყველაფერი ნულიდან. ახლა ძალიან მყარად ვდგავარ ბაზარზე და არანაირი პრობლემის შიში აღარ მაქვს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ახლა ისეთ ეტაპზე ვარ, ვფიქრობ, დროა სიახლეები შევთავაზო მომხმარებლებს. მინდა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში შევიძინო საკუთარი ფართი და დავამატო მამაკაცის ხაზი; ასევე, მალე ვაპირებ ახალი ფილიალის გახსნას სხვა ქალაქებში. ვიცი, რომ გამომივა, რადგან ჩემი მაღაზია არ არის მხოლოდ ქუთაისისთვის, ჩვენს პროდუქციას მთელ საქართველოში, ევროპაში, ამერიკაში, სხვა ნებისმიერ წერტილში ვგზავნით… რაც შეეხება ჩემს მეორე მთავარ მიზანს, ვაპირებ შევქმნა mk sparkle – როგორც ტანსაცმლის ბრენდი. დეტალებზე მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს, ვწერ პროექტს, ახლა უკვე ძალიან გააზრებულად და დიდი ცოდნით ვიწყებ ამ საქმის კეთებას. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამომივა.
ტექსტი: მაკუნა შავგულიძე
ფოტო: ნინი გორდაძე