ზურა ბალანჩივაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. წლების წინ ერთ-ერთი სატელევიზიო პროექტიდან დაგვამახსოვრა თავი და მას შემდეგ წარმატება და პოპულარობა მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ზურა ქუთაისში გაიზარდა, როგორც ამბობს, ეს ქალაქი ძალიან უყვარს და ბევრ საინტერესო შემთხვევას იხსენებს, მათ შორის, თუ როგორ ეზიარა ხელოვნებას.
ზურა, გვიამბეთ თქვენ შესახებ.
დაბადებული ვარ გაგრაში. გასაგები მიზეზების გამო გავიზარდე ქუთაისში, სადაც ცხოვრების ნახევარი მაქვს გატარებული. ქუთაისელი ვარ და რაც დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ ძალიან კარგ და სწორ ადგილას გავიზარდე იმიტომ, რომ თითქმის ყველა ადგილი კარგია ათვლის წერტილად.
34 წლის ვარ. შევერცხლილი თმით, წვერ-ულვაშით, მრგვალი სათვალით და ვინაიდან ადამიანთა შეცნობის ნიჭი არ დამყვა (მიამიტი ვარ), დღენიადაგ ვსწავლობ ადამიანების საქციელის აწონვას სხვადასხვა კონტექსტის მიხედვით, რათა უკეთესად შევიცნო ისინი.
ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?
ვარ ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტურისტული გიდი, კიდევ ტრენერი და პიარკონსულტანტი.
მოგვიყევი, როგორი იყო გზა პოპულარობამდე და როგორია დღეს?
პოპულარულობისთვის გამიზნულად თითქმის არაფერი გამიკეთებია, თორემ, ალბათ, გაცილებით სხვა სიბრტყეში ვიქნებოდი. პოპულარულობა პოპულიზმსაც მოიცავს, რაც მეზიზღება. მე, უბრალოდ, იმას ვაკეთებდი და ვაკეთებ, რაც მიყვარს და რასაც ვთვლი, რომ რაღაც დონეზე გამომდის. რამდენჯერმე საზოგადოების ინტერესი ჩემსას დაემთხვა და ასე მოხდა ეს ამბავი. ჯერ იყო „ნიჭიერი“, რითაც ქვეყანამ გამიცნო და ნახა, რომ სტვენამ ფული იცის და მერე ტელეკომპანია „იმედი“, რომლის მეშვეობითაც, ალბათ, ისიც გაიგეს, რომ ისტორიულ ფაქტებზე დაკვირვება და ანალიტიკა მიყვარს. თუმცა დღეს ცნობილი გახდე, ტექნიკური თვალსაზრისით, სოციალური ქსელის მეშვეობით მარტივია. წლებია, ამ სფეროშიც საკმაოდ კარგად მიცნობენ. ჯერ ვიყავი აქტიური ბლოგერი, მერე ნელ-ნელა გავხდი ინფლუენსერი და ისტორიული ფაქტებით ჩემი გატაცება მოკლე ვიდეოებად ვაქციე.
რამდენად ხშირად ხართ ქუთაისში?
ქუთაისში ხშირად ვერ ვარ. წელიწადში 3-4-ჯერ, მაქსიმუმ. თუმცა ეს უფრო მეხმარება, ამ ქალაქით არ დავიღალო. ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ, ან მონატრებულ ადგილებს დავივლი და იმ ხალხს ვეხმიანები, ვის გამოც ქუთაისი მიყვარს. მართალია, ბევრი არაა, მაგრამ მაინც. ქუთაისი ჩემთვის ჯერ კიდევ შეუსწავლელი, ალტერნატივების ქალაქია. ძალიან ბევრი რამ მხოლოდ ქალაქური ფოლკლორის დონეზე ვიცით და ჩემთვის ეს არაა საკმარისი. მიყვარს იუმორიც, სიმსუბუქეც და ქუთაისის ქუჩებისთვის დამახასიათებელი ვარდ-ლიმონ-იასამნის სურნელიც, მაგრამ კიდევ არის უამრავი ისტორიული ფენა, რაზეც დგას ეს ძალიან ძველი ქალაქი და ის სიღრმეები მაინტერესებს. ამიტომაც დავეხეტები ქუთაისში ფეხით ძალიან ბევრს. თან ახალს ვეძებ და თან მეხსიერებაში ჩარჩენილ ადგილებს ვამოწმებ. მაგალითად, იანვრის ერთ ღამეს გადავწყვიტე, ჩემი სკოლიდან სახლამდე ფეხით წავსულიყავი. ისე, როგორც ამას მოსწავლეობისას ვაკეთებდი. ჩავუარე ჩემი კლასელის კორპუსს, რომელიც მეორე სართულზე ცხოვრობდა. ლამის ხელით მივწვდი, ისეთი დაბალი საცხოვრებელია, არადა, ბავშვობაში კარგა მოზრდილი მეჩვენებოდა. ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, რის გამოც ქუთაისში იშვიათად დავდივარ: იმ განცდით „კაიფი“, რომ ქალაქი მდუღარე წყალში გარეცხილი შალის ტანსაცმელივით დაგიპატარავდა.
მოგონებებიც მრავლად გექნებათ…
კი, მრავლად მაქვს. მე და ჩემი სამეზობლოს ბიჭები საკუთარ სახლებში ვცხოვრობდით და ერთი უბანი ვიყავით. რაღაცებს ერთად ვაკეთებდით. მაგალითად, 90-იან წლებში ძალიან მოდაში იყო სატელეფონო წვრილი ფერადი მავთულებისგან სამკაულების დაწნა. სახლთან ახლოს ნახევრად მიტოვებული სატელეფონო სადგური იყო და იქიდან ვიპარავდით ფერად მავთულებს. მახსოვს, არაერთი ბეჭედი, ყელსაბამი, სამაჯური, ჯვარი და მათრახიც კი მაქვს დაწნული.
ჩემი პირადი ზეიმი იწყებოდა, როცა რომელიმე მეზობელი თავისი სახლის რემონტისთვის მოატანინებდა ყვითელ ქვიშას, რომელსაც ტვირთმზიდს პირდაპირ ქუჩაში, თავის ღობესთან ჩამოაცლევინებდა. გავქანდებოდი ხოლმე და შიშველი ხელებით მასში გვირაბები და გალავნები გამყავდა. დაახლოებით 2-3 საათში ქვიშის გორას „ბეჭდების მბრძანებლის“ მინას ტირითის მსგავს ქალაქად ვაქცევდი. მერე კი სევდიანი ვუყურებდი, როგორ შლიდნენ მას ნიჩბებით, ნაწილ-ნაწილ. სამწუხაროდ, აზრად არ მომსვლია, ფოტოაპარატი გამომეტანა და გადამეღო, სანამ დაშლიდნენ. თან თვითონ ფირიც მაშინ ფუფუნება იყო.
ველოსიპედით მაქვს შემოვლილი ქუთაისის ვაკე ადგილის მეოთხედი. სამეზობლოში ყველას ველოსიპედი გვყავდა, ძველებური, ფეხის მუხრუჭით. მოვახტებოდით და შუა საუკუნეების მომთაბარე მონღოლებივით დავდიოდით, თავგადასავლებს ვეძებდით, თუმცა მათი ნაკლებობაც არ იყო, მაგალითად, ველოსიპედიდან ჩამოვარდნა და ფეხის გადატყავება. უნდა გცოდნოდა, როგორ მოგებანა ჭრილობა და დაგედო მრავალძარღვას გარეცხილი ფოთოლი, რათა სისხლდენა შეჩერებულიყო და სახლში ნაკლებად შეემჩნიათ.
ქუთაისზე შემოქმედებითი კუთხით რას იტყვით?
ქუთაისს რომ დიდი მუსიკალური წარსული აქვს, ეს თბილისში გადმოსვლისას გავიაზრე. იმ დროს არც რობი კუხიანიძის შესახებ ვიცოდი და ხშირად არც ოპერაში დავდიოდით. უფრო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დავყავდით სკოლიდან. ერთხელ მამაჩემმა წამიყვანა კლასიკური მუსიკის კონცერტზე და ახლაც მახსოვს ორკესტრის შესრულებული მოცარტის „ღამის პატარა სერენადა“. მაშინ მივხვდი, რომ მანამდე ასე არცერთი მუსიკა არ მომწონებია.
ერთხელ სკოლიდან ოპერაში წაგვიყვანეს, ოთარ თაქთაქიშვილის „პირველი სიყვარული“ გადიოდა, ანუ „შერეკილების“ საოპერო ვერსია. ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ მალევე, ახალდაწყებულ სპექტაკლზე, თეატრში შუქი ჩაქრა და სცენაზე დარჩენილ მომღერლებთან ერთად, ალბათ, მეც ძალიან გავწითლდი. შემრცხვა, რომ იმ სიბნელეში მათი გაწბილების მომსწრე გავხდი. საერთოდ, ის, რომ ვხატავ, ქუთაისის დამსახურებაა. პირველი ნახატი 1989 წელს დამიხატავს და მამიდაჩემს თუ დავუჯერებთ, მელიაა. ჩემი მღერაც და სტვენაც ამ ადგილებს უკავშირდება. მუსიკოსთა გვარი მაქვს. ძალიან ბევრი დამთხვევაა ჩემი ხელოვნების სფეროსა და ქუთაისთან კავშირის. არავის უთქვამს და ჩემით ვიპოვე სახლი, რომელშიც ზაქარია ფალიაშვილი დაიბადა და გაიზარდა, ჩემით ავედი მწვანეყვავილას პანთეონში (ნათლობის მერე რომ არ ვყოფილვარ) და ვიპოვე მელიტონ ბალანჩივაძის საფლავი. სხვათა შორის, დაბადება-გარდაცვალების წლები შეცდომით წერია და სულ მეღიმება ამაზე. თვითონაც რაიმე ენაკვიმატურს იტყოდა, ალბათ, ქუთაისურად.
ქუთაისს სხვა ქალაქებიდან რით გამოარჩევდით?
ის, რის გამოც ქუთაისი მიყვარს, თბილისში გადმოსვლის მერე გავაანალიზე. როცა ადგილზე ხარ და თავს მოხვეული პატრიოტიზმით გიქებენ საკუთარ ქალაქს, ჩემნაირი ადამიანი ცოტათი იძაბება. თბილისმა ზუსტად ეს მომცა – ქუთაისი აღმომაჩენინა. ყველასგან და ყველა კლიშესგან დამოუკიდებლად.
ქუთაისს რომ უდიდესი ინდივიდუალიზმი აქვს, ყველაზე ნათლად და დასამახსოვრებლად, ალბათ, მაინც რეზო გაბრიაძემ დაგვანახვა: ადამიანმა მსოფლიო დონის შემოქმედება ისე შექმნა, რომ იდეის დონეზე, ქუთაისს არ გასცილებია. რამდენად იცნობს მსოფლიო ასეთ ხელოვანებს, ეს ცალკე საქმეა, მაგრამ პირადად მე, როგორც გიდი, რეზო გაბრიაძის შემოქმედებას, თბილისის ტურს რომ ვატარებ, ვრცლად ვეხები. ასე რომ, ქუთაისურ ან ქუთაისით ნასაზრდოებ ხელოვნებას ძალიან ბევრგან ნახავთ. შეიძლება არ დაიჯეროთ ან არ გახსოვდეთ, რომ თუნდაც პეტრე ოცხელის არტიც ქუთაისიდან იწყება.
და ჰო, ქუთაისში არის დიდი და ბევრი სიმწვანე, რომელიც ჯერჯერობით ხელუხლებელია და ასეთად უნდა დარჩეს!
რას ეტყვით ჟურნალ OK-ის მკითხველს?
ამოძრავეთ ხელიც, ფეხიც, ტვინიც და იფიქრეთ სიყვარულზე.
ტექსტი: ნანა კუკულავა
ფოტო: ალექსეი სეროვი