დღევანდელი ჩვენი სტუმარი ყველასათვის საყვარელი და უნიჭიერესი მომღერალი სალომე ბაკურაძეა. სალომემ ჩვენთან საუბარში ქუთაისში გატარებული ბავშვობის წლები გაიხსენა. ამ ქალაქს უკავშირდება მისი პირველი შეხება მუსიკასთან და პირველი ნაბიჯები სცენაზე. სწორედ ამიტომ სალომესთვის ქუთაისი დღემდე დიდ ემოციებთან ასოცირდება. „იყო ქუთაისელი, ეს ერთდროულად საპასუხისმგებლო და საამაყოა“, – ამბობს სალომე.
სალომე, პირველად როდის დაინტერესდით მუსიკით და როგორ განვითარდა ამ კუთხით თქვენი ცხოვრება?
ჩემი პირველი შეხება მუსიკასთან იმდენად პატარა ასაკში მოხდა, რომ პირადად მე არ მახსოვს. დედა პროფესიონალი ვოკალისტი-მუსიკოსია და როგორც მიყვებიან, მასთან კურსელები საგამოცდოდ იკრიბებოდნენ და მეცადინეობდნენ ვოკალში. რამდენიმე დღეში აღმოჩნდა, რომ 3 წლისამ ყველა საოპერო არია ზეპირად ვიცოდი და ვმღეროდი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩემს ამ ნიჭს ბავშვობიდანვე ყურადღება ექცეოდა და ხელშეწყობაც მქონდა.
ცხოვრების ყველა ეტაპზე მუსიკა, სხვა დანარჩენ საქმესთან ერთად, სულ ჩემთან იყო და ცხოვრებაც ამ კუთხით განვითარდა. დღეს თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ, რადგან ვეწევი იმ საქმიანობას, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
ქუთაისში გატარებული წლებიდან რა დაგამახსოვრდათ ისეთი, რაც დღემდე იწვევს თქვენში ემოციას?
რა თქმა უნდა, ქუთაისში გატარებული წლები ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში და ის ემოცია, რაც ამ ქალაქთან მაკავშირებს, მთელი ცხოვრება მექნება. ეს არის ადგილი, სადაც დავიბადე, გავიზარდე, იქ დავამთავრე სკოლა და ჩემი პირველი ნაბიჯებიც სცენაზე, რა თქმა უნდა, ჩემს მშობლიურ ქალაქს უკავშირდება. სწორედ ამიტომ ყველაზე ტკბილი წლების ნოსტალგიას, ასევე, მძიმე 90-იანების ემოციას ამ ქალაქთან მივყავარ. თუ რაიმეზე პასუხის პოვნას ვცდილობ საკუთარ თავში – ამასაც ქუთაისში მივყავარ. ვფიქრობ, ყველაზე დიდ ემოციასა და მიჯაჭულობას მამაჩემის საფლავი იწვევს, რომელიც ქუთაისშია.
მიხარია ხოლმე, როდესაც ჩემს იუმორს, ხასიათსა და ნებისმიერ კარგ ქმედებას ქუთაისელობასთან აკავშირებენ, ეს საამაყო და ყველაფრისგან განსხვავებული განცდაა.
რა გახდა იმის მიზეზი, რომ პროფესიული საქმიანობა სამუსიკო სფეროს დაუკავშირეთ?
სიმართლე გითხრათ, ამის მიზეზი არ მიძებნია. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, თავისთავად მოხდა და არც არასოდეს წარმომედგინა ჩემი თავი სიმღერის გარეშე.
რა სირთულეებთან ასოცირდება თქვენი პროფესია?
სირთულე ბევრი ახლავს ამ ბრჭყვიალა, ლამაზ და მხიარულ პროფესიას. ეს შეიძლება იყოს ბევრი იმედგაცრუება და ათასი დისკომფორტი, თუმცა არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც შენი შესრულებით ათასობით ადამიანს სიამოვნებას ანიჭებ. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც სიმღერით იღებ სიამოვნებას და ამას სხვაც გრძნობს.
ვფიქრობ, არაფერი შეედრება იმ განცდას, როდესაც სრულიად უცხო ადამიანები როგორც ახლობელს, ისე გხვდებიან და სიყვარულს გამოხატავენ, გგულშემატკივრობენ და შენს ყოველ წარმატებას იზიარებენ.
რომ გაიხსენოთ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი თქვენს კარიერაში…
საბედნიეროდ, ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჩემს კარიერაში ერთი და ორი არ ყოფილა, ასეთი ბევრია და სწორედ ეს ქმნის ცხოვრებას და კარიერას საინტერესოს და ფასეულს. თუმცა განსაკუთრებულად მაინც მახსოვს რამდენიმე, მაგალითად, ჯეოსტარის პირველივე საკონკურსო დღე, როდესაც ქართული სცენის ცოცხალმა ლეგენდამ, ნანი ბრეგვაძემ, რომელიც ჟიურიში იჯდა, მითხრა, „როგორ უნდა შეგაფასო, როდესაც პროფესიონალი მღეროდა და ვუსმენდი სიამოვნებოთო“.
რომელი მელოდია ჰგავს თქვენთვის ქუთაისს?
ერთ-ერთი საუკეთესო და ალბათ ყველაზე საუკეთესოც, ქუთაისზე რევაზ ლაღიძის ჰიმნია, შექმნილი იოსებ ნონეშვილის არაჩვეულებრივ ლექსზე, რომელშიც მთელი მისი სიღრმე და დიდებულებაა ჩაქსოვილი. შეუძლებელია ამ ჰიმნმა ვინმე გულგრილი დატოვოს.
გარდა ამისა, არაჩვეულებრივია იმერული სახასიათო სიმღერები, მთელი რიგი ბანტიან გიტარასთან შესასრულებელი და ტრიო „თბილისის“ „სავარდო და სამაისო“, „სიმღერა და ხალისია“, რომელიც ჩემი ქუთაისია.
როგორ დაახასიათებდით ქუთაისელ მსმენელს?
შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისელი მსმენელი ყველაზე სწორი, სამართლიანი და პირდაპირია, ერთგვარი ინდიკატორია. თუ მათ მოსწონხარ, ე.ი მართლა ღირსი ხარ მოსწონდე. მიუხედავად ქუთაისური სტუმარმასპინძლობისა, როდესაც საქმე სიმღერას ეხება, არავის და არაფრის ხათრის გამო, დაუმსახურებლად არ შეგაქებენ. ყველა მათგანს ისე ესმის მუსიკა, როგორც მუსიკოსს. ქუთაისელი მსმენელი არასოდეს არ ცდება გემოვნებასა და გულწრფელობაში.
რას ნიშნავს სალომე ბაკურაძისთვის ეს ქალაქი?
სალომე ბაკურაძისთვის ეს ქალაქი, გარდა მშობლიურისა, „ხარისხს“ ნიშნავს. იყო ქუთაისელი და ამ სახელს ყველგან ღირსებით დაატარებდე, პასუხისმგებლობა, სიამოვნება და სიამაყეა.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი